ხიდი – ბოროტებიდან სიკეთისკენ
იცვლებიან თუ არა ადამიანები? შეიძლება თუ არა რომ ბოროტი კეთილი გახდეს? შეიძლება თუ არა გაყინული გულის მოლბობა?
რა მიზეზები აქვს ბოროტებას? რა იწვევს გულის გაციებასა და სიძულვილს?
ანდერსენის „თოვლის დედოფალში“ ბიჭუნას გული ბოროტებით შექმნილმა სარკის ნამსხვრევმა გაუყინა. სარკე მაგიური ნივთია, განსაკუთრებით ზღაპრებში მას ჯადოსნური დანიშნულება აქვს. სარკე თითქოს სხვა სამყაროების კარია, პორტალია, ანარეკლების სამფლობელოა. ჯადოსნური პერსონაჟები სარკეში გადადიან და უცნაურ სამყაროებში ხვდებიან, ხოლო ბოროტი დედოფლები სარკეს რჩევებს ეკითხებიან – „სარკევ, სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზიო?“. ჯადოქრები კი მასში მომავალს ხედავენ. წიქარა სარკეს აგდებს და უზარმაზარი ზღვა ჩნდება.
ძველად გაბატონებული წესების მიხედვით კი მიცვალებულთან არ შეიძლებოდა სარკეები ღია ყოფილიყო, მათ ფარავდნენ და ზეწრებს აფარებდნენ. ფიქრობდნენ, რომ მიცვალებულის სული შესაძლოა სარკეში გამომწყვდეულიყო.
ჰოდა, თუ ბოროტებით შექმნილი სარკე დაიმსხვრევა და ეს ნამსხვრევები ვინმეს მოხვდება, მისი გულიც ბოროტებით აივსება, რადგან ნამსხვრევები თან უამრავ ბოროტ სულსაც მოიყოლებს. კეთილი, სათნო ბიჭუნა გადაიქცევა გულქვა ბავშვად, რომელიც გაციებულია, სიძულვილითაა მოცული.
რა ამარცხებს ბოროტებას? რა თქმა უნდა, სიკეთე. რა ანათებს ღამეს? რა თქმა უნდა, მზე.
ჰოდა, კაისაც გერტას ერთი ჩახუტება გაულღობს გაყინულ გულს. გოგონას თავგანწირვა და მეგობრობა ყველაზე გაციებულ გულსაც კი გააკეთილშობილებს.
როგორ ფიქრობთ – შესაძლოა ადამიანი ბოროტად დაიბადოს? თუ გარემო და ცხოვრების დინება აბოროტებს? ძალიან საინტერესო სამსჯელო თემაა ბავშვებისთვის.
ძალიან კარგი იქნება ამ თემაზე ფიქრის გვირაბის მოწყობა. ბავშვები დგანან ორ მხარეს, ერთ მხარეს სჯერა რომ შესაძლოა ადამიანი ბოროტად დაიბადოს; მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ ადამიანს ცხოვრება აბოროტებს. შუაში მასწავლებელი გადის და ორივე მხრიდან ისმენს არგუმენტებს, კონტრარგუმენტებს.
ამ თემის მშვენიერი გაგრძელებაა ოსკარ უაილდის „თავკერძა გოლიათი“. სადაც ბოროტი, ბავშვთმოძულე გოლიათი ძალიან კეთილი ხდება და მზადაა მთელი თავისი ბაღი ბავშვებს დაუთმოს სათამაშოდ.
გასაოცარი რამ ხდება – გოლიათი, რომელიც კაციჭამიებს ემეგობრება და თავადაც არანაკლებ საშიშია, უცებ კეთილ მოხუცად იქცევა.
რა მოხდა? რამ აუხილა თვალები გოლიათს? აქ ძალიან სათუთად და ძალიან ფაქიზად იესო ქრისტე შემოდის, ოღონდ არა სტერეოტიპულად, ოღონდ არა მძიმედ, არა სახელის ხსენებით – ბავშვი, რომელსაც ხელებზე და ფეხებზე ლურსმნებისგან იარები ჰქონდა, ვინ არის თუ არა იესო.
ერთი ჩახუტება, ერთი კოცნა – ალღობს გოლიათის გულსაც, და იფანტება წლობით დაგროვილი ბოროტება. ეს შესანიშნავი ნოველა პირდაპირ პასუხობს ქრისტიანულ მორალს, და ქრისტიანობის მთავარ საყრდენს, მიტევებას. უფალი მიმტევებელია. მერე რა, რომ გოლიათი ბოროტი იყო მრავალი წლის მანძილზე; მერე რა, რომ მისი გული მხოლოდ მოხუცებულობაში იხსნება სიკეთისთვის. გოლიათი სამოთხეში ხვდება, ის მიიღეს, მიიღეს განსაკუთრებულად – ბავშვებისთვის ნაჩუქარი ბაღის სანაცვლოდ სიკვდილის შემდეგ თავის სამოთხეს პოულობს.
ძალიან ღრმა ტექსტია, სიმბოლოებით დატვირთული. ღობე როგორც – ჩაკეტილობა, როგორც ზღუდე, ეგოიზმი; თოვლი და ყინვა – ცივ გულს გამოხატავს; ყვავილები, აყვავებული ხეები – სიკეთისა და მშვენიერების სიმბოლოა.
ამიტომ მნიშვნელოვანია, სანამ ბავშვები ამ ტექსტს წაიკითხავენ, წინასწარ დავაფიქროთ ამ საკითხებზე. წარვუდგინოთ ასეთი სიმბოლოები: ❄️ და ვკითხოთ თითოეული მათგანი რის ასოციაციას იწვევს მათში? რა ახსენდებათ? რას ფიქრობენ ამ სიმბოლოებზე.
კითხვის პროცესი ინტერაქციული უნდა იყოს. გოლიათის დაბრუნებისა და ბაღში ბავშვების შესვლის აკრძალვის მომენტის შემდეგ, კითხვას ვწყვეტთ და ვთხოვთ – ბავშვებმა დახატონ ნაცრისფერი ბალახი, მიაწერონ – რას იგრძნობდნენ ისინი აქ? რა ემოციები გაუჩნდებოდათ?
მუდმივი ზამთრის ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ ბავშვებს ვთხოვთ რამდენიმე წინადადებით დაწერონ: „მე, ზამთარი, გოლიათს ვეუბნები რომ….“. ეს იქნება ზამთრის ხმა.
გოლიათის შეცვლის შემდეგ ბავშვები ავსებენ წინასწარ მომზადებულ დიაგრამას: გოლიათი მოთხრობის დასაწყისში და გოლიათი მოთხრობის ბოლოს, რა შეიცვალა? რა თვისებები იქცა საპირისპირო თვისებებად? ამ საკითხებზე მსჯელობა ძალიან საინტერესო და საჭიროა.
ფინალს ვკითხულობთ ნელა, ემოციურად, ვაკეთებთ პაუზებს. ბოლოს ვსვამთ კითხვას: რას მიხვდა გოლიათი ბოლოს?
ამის შემდეგ ვგეგმავთ რამდენიმე შემოქმედებით აქტივობას.
პოსტერი
ბავშვები იყოფიან ჯგუფებად, თითოეული მათგანი ერთ რომელიმე პოსტერზე მუშაობს:
- თავკერძა გოლიათის ბაღი;
- ბავშვების დაბრუნება;
- გოლიათის ცვლილება;
- შეცვლილი ბაღი.
ბავშვები ხატავენ, წერენ ფრაზებს, ამატებენ სიმბოლოებს. შემდეგ კი თითოეული ჯგუფი წარმოადგენს და აცოცხლებს თავის პოსტერს,
„დახურული კარის ექსპერიმენტი“
კლასში ერთ კუთხეს „გოლიათის ბაღად“ მოვნიშნავთ და სიმბოლურად „კარს“ ვხურავთ (სკამი, ლენტი, ხაზი იატაკზე).
ინსტრუქცია ბავშვებს:
- ბავშვების ნაწილი გარეთ არიან;
- ნაწილი კი ბაღის შიგნით.
გარეთ მყოფები წერენ/ამბობენ: რას გრძნობენ, როცა შიგნით არ უშვებენ.
შიგნით მყოფები წერენ/ამბობენ: რატომ არ უშვებენ.
შემდეგ როლებს ცვლიან. ბავშვები საკუთარ თავზე გამოცდიან გარიყულებისა და ძალაუფლების მქონეთა ემოციებს.
ბაღის ხმები
ბავშვებს ვთხოვთ:
- დახუჭონ თვალები;
- წარმოიდგინონ ბაღი მანამდე და შემდეგ.
ჩვენ ვკითხულობთ ტექსტს და ბავშვები ხმებით აცოცხლებენ, გამოსცემენ ხმებს:
- ქარი;
- ბავშვების სიცილი;
- გაყინული ტოტის ჩამოტეხა.
- ნაბიჯები თოვლში.
გოლიათის შინაგანი მონოლოგი
ბავშვებს ვაძლევთ ერთ წინადადებას დასაწყისად:
„მე დიდი ვარ, მაგრამ მაინც მეშინია…“
„მე პატარა ვარ, მაგრამ არ მეშინია…“
ბავშვები წინადადებებს აგრძელებენ და აყალიბებენ, რომ სიდიდე არ ნიშნავს სიძლიერეს და სიპატარავე სისუსტეს.
ემოციების თერმომეტრი
დაფაზე ან ფურცელზე დავხატავთ დიდ თერმომეტრს.
მოვნიშნავთ ეტაპებს:
- მარტოობა
- ბრაზი
- შიში
- სინანული
- სიხარული
ბავშვებმა ტექსტიდან ეპიზოდები უნდა მიამაგრონ შესაბამის „ტემპერატურაზე“.
საგნის თვალთახედვა
აირჩიეთ ერთი ობიექტი/ საგანი ბაღიდან:
- ხე
- კედელი
- თოვლი
- ყვავილი
ბავშვებმა უნდა დაწერონ ისტორია ამ საგნის თვალით:
„მე კედელი ვარ და მგონია, რომ…“
თავკერძა გოლიათის მუზეუმი
კლასში ვქმნით „მუზეუმს“.
ყოველ ექსპონატს აქვს სახელი:
- „დაკეტილი კარი“
- „მუდმივი ზამთარი“
- „დაგვიანებული ბოდიში“
თითოეული „ექსპონატი“ ბავშვების ფანტაზიას მივანდოთ და თავად როგორც წარმოუდგენიათ ვიზუალურად ისე გამოსახონ: შეუძლიათ დახატონ, დაწერონ დიდ ფორმატზე.
თითოეული ბავშვი გიდის როლს მოირგებს და შეეცდება სხვა ბავშვებს მუზეუმი დაათვალიერებინოს, ექსპონატების ისტორია მოუყვეს და აუხსნას.
ერთი წინადადება, რომელმაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს
ბავშვებმა უნდა დაწერონ ერთი წინადადება, რომელიც: გოლიათს ადრე რომ გაეგონა, ბაღი არ გაიყინებოდა.
წერილი მომავალ გოლიათს
ბავშვები წერენ წერილს:
„თუ ოდესმე ისევ მოგინდება კედლის აშენება, გახსოვდეს…“
ეს წერილები შეგვიძლია „კლასის დროის კაფსულში“ შევინახოთ.


