პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ლეგენდა კაცობრიობაზე – პერ ლაგერკვისტი

გულითად მადლობას ვუძღვნი შვედეთის აკადემიას ლიტერატურის დარგში ჩემთვის ნობელის პრემიის მონიჭებისათვის. ეს იმდენად დიდი პატივია, რომ ძალაუნებურად იბადება კითხვა, დაიმსახურე თუ არა იგი. თუმცა ვერ ვბედავ ჩემს თავს ეს კითხვა დავუსვა, მონაწილეობა არ მიმიღია ამ გადაწყვეტილებაში, და არ შემიძლია მასზე პასუხისმგებლობა ავიღო. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ჩემს პატივცემულ კოლეგებს, რისთვისაც მათ მადლობას ვწირავ.

აქ დღეს უკვე მოვისმინეთ ბევრი შესანიშნავი გამოსვლა, ამდენად, აღარ გამოვალ სიტყვით და წავიკითხავ ნაწყვეტს ჩემი გამოუქვეყნებელი წიგნიდან. მოხდა ისე, რომ, როდესაც ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა ამ სადღესასწაულო შემთხვევასთან დაკავშირებით, უჩვეულო რამ დამემართა. ვიპოვე ჯერ კიდევ 1922 წელს, ოცდაცხრა წლის წინათ, დაწერილი ჩემი ერთი ძველი ხელნაწერი. როდესაც მას ვკითხულობდი, წავაწყდი ნაწყვეტს, რომელიც სრულად გამოხატავდა იმას, რისი თქმაც მსურდა. იგი დაწერილია, როგორც მოთხრობა და უეჭველია, რომ ყოველგვარ სიტყვაზე უკეთესი იქნება. მასში ლაპარაკია ჩვენი ცხოვრების გამოცანაზე, რომელიც კაცობრიობის ბედს ასეთ დიადსა და მძიმეს ხდის. წიგნი დაწერილია თითქმის ოცდაათი წლის წინათ პირენეებში, პატარა სოფელში ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში, ახლა წაგიკითხავთ – შევეცდები, რაც შეიძლება უკეთესად მის დასაწყისს.

ერთ მშვენიერ დილას უცხო ქვეყანაში გამოჩნდა ორი ადამიანი – მამაკაცი და ქალი, ისინი დიდი ხნით არ იყვნენ მოსულნი, არ აპირებდნენ იქ დიდხანს დარჩენას. მათ უკვე მრავალი ქვეყანა ენახათ და ეს ქვეყანა მათთან შედარებით ბევრად უღიმღამოდ და უბადრუკად ეჩვენებოდათ. მართალია, აქ იყო მშვენიერი ხეები, მთები, ტყეები და კორომები, ღრუბლებიც ათასგვარად იცვლიდა მოხაზულობას ცაზე, ქარი შეუმჩნევლად ამოვარდებოდა ხოლმე დაბინდებისას და უცნაური იდუმალებით ეხებოდა ყოველივეს, მაგრამ ეს მოსატანიც არ იყო იმ შორეულ ქვეყანასთან შედარებით, საიდანაც ისინი მოვიდნენ. ამიტომაც გადაწყვიტეს არ დაყოვნებულიყვნენ აქ, მაგრამ ცოტა ხანს მაინც ყოფილიყვნენ, რადგან უყვარდათ ერთმანეთი და აღმოჩნდა, რომ არც ერთ სხვა ქვეყანაში მათი სიყვარული არ იყო ასეთი გასაოცარი. სიყვარული ამ ქვეყანაში არ იყო ჩვეულებრივი, ისეთი, რაც თავისთავად იგულისხმება. არა, ის მოგაგონებდათ შორეულ სტუმარს, რომელსაც თითოეული ელოდება, როგორც მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ მოვლენას. ის, რაც ასე ნათელი და გასაგები იყო მათ ცხოვრებაში, გამოუცნობია. ბუნდოვანი, ასე ვთქვათ, ფარული გახდა. აქ ისინი იყვნენ ერთადერთი უცხოელები, თითქოსდა გადმოგდებული იდუმალი ძალების მიერ. მათ აერთიანებდა სიყვარული, რომელიც სასწაულს ჰგავდა, რომელიც შეიძლება დაღუპულიყო, დამჭკნარიყო, მომკვდარიყო, ამგვარად, მათ გადაწყვიტეს აქ დაყოვნება.

ამ ქვეყანაში ყოველთვის არ იყო დღე. საღამო ხანს სინათლე ქრებოდა, ბინდბუნდი ჩამოწვებოდა და ყველაფერი მასში იძირებოდა, თითქოსდა წყვეტდა არსებობას. ქალი და მამაკაცი სიბნელეში იწვნენ და ყურს უგდებდნენ ქარის ხმაურს ხეებში. ისინი მჭიდროდ ეკვროდნენ ერთმანეთს და მხოლოდ ერთი კითხვა აწუხებდათ – რატომ იყვნენ აქ?

მამაკაცმა ქვებისა და ხავსისაგან სახლი ააგო – ისინი ხომ დიდხანს არ აპირებდნენ დარჩენას. ქალი იატაკზე სურნელოვან ბალახს ფენდა და დაბინდებისას მოუთმენლად ელოდებოდა მამაკაცის დაბრუნებას. მათ ერთმანეთი უფრო მეტად შეუყვარდათ, ვიდრე წინათ, და ყველაფერს აკეთებდნენ, რასაც მათგან ეს ცხოვრება მოითხოვდა.

ერთხელ მამაკაცი მდელოში დაბორიალობდა. მას მოულოდნელად მოენატრა თავისი რჩეული, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა. იგი დაიხარა და დაუწყო კოცნა მიწას, რომელზეც ის ოდესღაც იწვა. ქალი კი სიყვარულით უმზერდა ღრუბლებსა და ხეებს, რომელთა ქვეშ მამაკაცს უნდა გაევლო შინ დაბრუნებისას და სიყვარულით ელოდა დაბინდებას, რადგან მამაკაცი ამ დროს ბრუნდებოდა შინ. ეს გასაოცარი ქვეყანა იყო და არაფრით ჰგავდა მათ საკუთარ შორეულ სამშობლოს.

და აი, ქალს ვაჟი ეყოლა. დიდი მუხის ხე, რომელიც სახლთან იზრდებოდა, ნანას უმღერდა პატარას, ბავშვი უსმენდა, გაკვირვებული იყურებოდა გარშემო და ფოთლების შრიალში იძინებდა. საღამოობით მამაკაცი შინ ნადავლით ბრუნდებოდა და დაღლილი ეშვებოდა მიწაზე. მამაკაცი და ქალი იწვნენ სიბნელეში და ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მალე დატოვებდნენ აქაურობას.

უცნაური იყო ეს ქვეყანა: ზაფხულის შემდეგ დგებოდა შემოდგომა, შემდეგ ცივი ზამთარი, ზამთარს მოსდევდა გაზაფხული თითქოსდა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთ შეეგრძნოთ, რა სწრაფად მიდიოდა დრო. დრო კი მართლაც სწრაფად მიქროდა, მალე ქალს მეორე ვაჟი ეყოლა, რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ ერთი, ბავშვები იზრდებოდნენ, ისინი მთელ დროს ერთად ატარებდნენ და ყოველდღიურად რაღაც ახალს პოულობდნენ, ეთამაშებოდნენ ამ გასაოცარ ქვეყანას და მასთან ერთად ყველაფერს, რასაც აქ აღმოაჩენდნენ. მამაკაცს ტყესა და მინდორში მუშაობისაგან ხელები გაუუხეშდა, ქალს სახის ნაკვთები გაუმკაცრდა, მოძრაობა შენელებული გაუხდა, მაგრამ ხმა ისევ ისე რბილი და ჟღერადი ჰქონდა, როგორც წინათ. ერთხელაც, საღამო ხანს, გრძელი დღის დასასრულს, ის დაღლილი, ბავშვებით გარშემორტყმული იჯდა სახლში და უცებ წარმოთქვა: “ჩვენ მალე წავალთ აქედან, მალე დავბრუნდებით სხვა ქვეყანაში, იქ, სადაც ჩვენი სახლია”. ბავშვებმა მას გაკვირვებით შეხედეს. “რას ამბობ, დედა? ნუთუ კიდევ არსებობს სხვა ქვეყანა, ამის გარდა?” და მაშინ ქალის თვალები შეხვდა მამაკაცისას და ტკივილმა გული შეუკუმშა ორივეს, ქალმა წყნარად თქვა: “დიახ, არის სხვა ქვეყანაც”. და დაიწყო მოყოლა. ის ჰყვებოდა ქვეყანაზე, რომელიც სრულიად არ ჰგავდა ამას, ვრცელსა და გასაოცარზე, სადაც არასოდეს ღამდებოდა, სადაც არ იყო ხეები, რომლებიც ისე შრიალებდნენ, როგორც ამ ქვეყანაში, სადაც არ იყო საჭირო ბრძოლა არსებობისათვის. ბავშვები გაირინდნენ, ყურს უგდებდნენ დედას და ხანდახან გაოცებულ მზერას მამას მიაპყრობდნენ. ის კი, საკუთარ ფიქრებში ჩაძირული, დასტურის ნიშნად თავს უქნევდა მათ. უმცროსი ვაჟი დედის ფეხებთან მოკალათებულიყო, სახე გაფერმკრთალებოდა, თვალები უცნაურად უბრწყინავდა. უფროსი კი, რომელიც თორმეტი წლის იყო, განზე იჯდა და სადღაც შორს იყურებოდა. შემდეგ მოულოდნელად ადგა და სიბნელეში გაუჩინარდა.

დედა ყვებოდა, ბავშვები კი ხარბად უსმენდნენ. გეგონებოდათ, რომ დედა ხედავდა იმ შორეულ ქვეყანას, ხანდახან ჩუმდებოდა, თითქოს კარგავდა მას, რაღაცა ავიწყდებოდა, შემდეგ კი განაგრძობდა თხრობას. მისი ხმა სულ უფრო ჩუმად ისმოდა. კერიაში ცეცხლი ენთო დ მისი ანარეკლი სახეებსა და კედლებზე ისახებოდა. მამაკაცმა ხელები სახეზე აიფარა ასე, გაუნძრევლად ისხდნენ ისინი შუაღამემდე. მოულოდნელად კარი გაიღო, სახლში სიცივე შემოიჭრა და მასთან ერთად უფროსი ვაჟიც გამოჩნდა. ხელში გასისხლიანებული, დიდი შავი ფრინველი ეჭირა. მან იგი სიცოცხლეში პირველად მოკლა და ფრინველი კერიის მახლობლად, მიწაზე დააგდო. სადგომში თბილი სისხლის სუნი დატრიალდა. უფროსი ხმაამოუღებლად გაემართა ოთახის ბნელი კუთხისკენ, დაწვა და მაშინვე ჩაეძინა. სიჩუმე ჩამოწვა. დედა გაჩუმდა. ისინი შეცბუნებული შეჰყურებდნენ ერთმანეთს, გეგონებოდათ, თვლემენო, გაკვირვებული გადაჰქონდათ მზერა მოკლულ ფრინველზე, სისხლის წვეთებზე მის მკერდსა და მიწაზე. შემდეგ ჩუმად ადგნენ და დასაძინებლად წავიდნენ.

ამ ღამის შემდეგ ისინი იშვიათად იკრიბებოდნენ ერთად. თითოეულმა თავისთვის დაიწყო ცხოვრება. დადგა ზაფხული, აბზუილდნენ ფუტკრები, მინდვრები ბალახით დაიფარა, გაზაფხულის წვიმების შემდეგ ხეები მწვანედ შეიმოსა, ჰაერი გამჭვირვალე გახდა. ერთხელაც, შუადღისას, უმცროსი ვაჟი მივიდა დედასთან, რომელიც სახლის გვერდით ჩამომჯდარიყო. ის ფერმკრთალი და ჩაფიქრებული ჩანდა და სთხოვა დედას მოეყოლა იმ შორეულ ქვეყანაზე. დედა სადღაც შორს იყურებოდა “ახლა მოყოლის დრო არ არის, უპასუხა მან, – წადი, ითამაშე ძმებთან, სანამ მზე მაღლაა”. ბიჭი უსიტყვოდ მოსცილდა მას და ჩუმად, რომ არავის დაენახა, ატირდა.
ამის შემდეგ უმცროს ვაჟს აღარასოდეს გაუმეორებია თავისი თხოვნა. ის სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდებოდა, თვალები უცნაურად უბრწყინავდა და ერთ დილასაც ვეღარ ადგა საწოლიდან. ამის შემდეგ იგი მთელი დღეები გაუნძრევლად იწვა, არაფერს ამბობდა და თავისი უცნაური მზერით სადღაც შორს იყურებდა, მას ეკითხებოდნენ, სტკიოდა თუ არა რამე, არწმუნებდნენ, რომ მალე გამოჯანმრთელდებოდა და წავიდოდა მდელოზე, სადაც ახალი ყვავილები გაშლილიყო. ბიჭი პასუხს არ იძლეოდა, თითქოს არაფერი ესმოდა. დედა ცრემლმორეული უყურებდა ვაჟს და ეკითხებოდა, ხომ არ სურდა მოეყოლა მისთვის რაიმე სხვა ქვეყანაზე. ამაზე იგი უსიტყვოდ იღიმებოდა.

ერთ საღამოს უმცროსმა ვაჟმა თვალები დახუჭა და გარდაიცვალა. ყველა მის გარშემო შეიკრიბა – დედამ მკერდზე დაუწყო პატარა ხელები. ჩამობნელდა. ისინი ბნელ სახლში ისხდნენ და ჩურჩულით ლაპარაკობდნენ: “აი, მან დატოვა ეს ქვეყანა ის უკვე აღარ არის აქ, ის წავიდა სხვა ქვეყანაში, რომელიც ამაზე უფრო ბედნიერი და უკეთესია”, მაგრამ ამას ისინი სევდით ამბობდნენ და მძიმედ ოხრავდნენ. მათ შეეშინდათ მიცვალებულის გვერდით დაწოლისა და მარტო დატოვეს.

დილით ბიჭი დამარხეს. მდელო კეთილსურნელებას აფრქვევდა, მზე ნაზად ასხივებდა ირგვლივ ყველაფერს. “ის უკვე აღარ არის აქ”, – თქვა დედამ. საფლავზე ვარდის აყვავებული ბუჩქი იდგა.

გადიოდა წლები. საღამოობით დედა ხშირად იჯდა საფლავთან და შორეულ მთებს გაჰყურებდა. იშვიათად მამაც ჩერდებოდა მის გვერდით, მაგრამ ძმები იქ არასოდეს მიდიოდნენ: იქ ისე არ იყო, როგორც ყველგან.
ბიჭები გაიზარდნენ. ისინი მაღლები და ღონიერები გახდნენ. მამაკაცი და ქალი კი დაბერდნენ, გაჭაღარავდნენ, მოიხარნენ. მამა ჯერ კიდევ დადიოდა ვაჟებთან ერთად სანადიროდ, მაგრამ, თუ ძლიერ და ავ მხეცს გადაეყრებოდნენ, მას უკვე ვაჟიშვილები უმკლავდებოდნენ. მოხუცებული დედა მთელი დღეები სახლთან იჯდა. თვალები ისე დაუსუსტდა, რომ მხოლოდ შუადღისას ხედავდა, როცა მზე ზენიტში იყო; სხვა დროს სინათლე არ ჰყოფნიდა და ხელების ცეცებით დადიოდა. “რატომაა ირგვლივ ასეთი სიბნელე?”– კითხულობდა იგი. ერთ შემოდგომაზე ქალი შინ შევიდა და დაწვა. იგი ყურს უგდებდა შორეული დროიდან ნაცნობ ქარის ხმაურს. მამაკაცი გვერდით ეჯდა, ხელში მისი ხელი ეჭირა, ისინი ისე ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, თითქოს ამქვეყნად კვლავ მარტონი დარჩნენო, ქალი თანდათან სუსტდებოდა, მაგრამ შინაგანი სინათლით გასხივოსნებული მისი სახე სულ უფრო ნათელი ხდებოდა. ერთ საღამოს მან ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმით თქვა: “აი, მეც მივდივარ ამ ქვეყნიდან, სადაც ცხოვრება გავატარე, შინ მივდივარ” და გარდაიცვალა. ის დამარხეს. ამიერიდან აქ უნდა წოლილიყო.

კვლავ დადგა ზამთარი და მასთან ერთად სიცივე. მოხუცი შინგაუ­სვლელად იჯდა კერიასთან. ძმები ერთად ბრუნდებოდნენ ნადირობიდან და ერთად ჭრიდნენ ახალ ხორცს. მოხუცი აკანკალებული ხელით აბ­რუ­ნებდა შამფურს და უყურებდა, თუ როგორ იწვებოდა ხორცი ცეცხლზე. გაზაფხულზე იგი კვლავ გავიდა ჰაერზე. თითქოსდა დიდი ხნის განშორების შემდეგ უყურებდა და თავს უქნევდა ხეებს, მდელოებს. მისთვის ყველაფერი ნაცნობი იყო ის შეჰყურებდა ყვავილებს – იმ ყვავილებს, ასე რომ მოსწონდა. მან ისინი ქალს მიუძღვნა აქ მოსვლის პირველ დღეს. უყურებდა თავის სანადირო იარაღს, რომელსაც ახალი სისხლის კვალი აჩნდა, რადგან მისი შვილები სანადიროდ დადიოდნენ. შემდეგ შინ შევიდა, დაწვა, სასიკვდილო სარეცელთან მდგარ შვილებს უთხრა: – “აი, მეც მივდივარ იმ ქვეყნიდან, სადაც ჩემი ცხოვრება გავატარე, მეც ვტოვებ მას. ჩვენი სახლი აქ არ არის”. მან ხელი ჩაჰკიდა შვილებს და, მანამ არ გაუშვა, სანამ არ მიიცვალა. ის დამარხეს იმ ადგილას, რომელზედაც თვითონვე მიუთითა, სადაც უნდოდა, რომ წოლილიყო.

მოხუცები გარდაიცვალნენ. ძმებმა უეცრად მოულოდნელი სიმსუბუქე იგრძნეს, თითქოს გათავისუფლდნენ იმისგან, რაც იჭერდა, აკავებდა იმასთან, რაც მათ არ ეკუთვნოდათ. მეორე დღეს ისინი ადრიანად ადგნენ. დილა ნედლი ფოთლებისა და ღამით მოსული წვიმის სურნელს აფრქვევდა. ძმები გამოვიდნენ ერთმანეთის მხარდამხარ, მაღლები, დავაჟკაცებულები. თითქოს მიწასაც უხაროდა მათი ტარება. მათთვის ცხოვრება მხოლოდ ახლა იწყებოდა. ისინი გამოვიდნენ, რათა დაპატრონებოდნენ ამ ქვეყანას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი