პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მე უნდა ვიყო შემოქმედებითი

უსამართლობა იქნებოდა იმის მტკიცება,რომ ბავშვის შემოქმედებითი წარმატებისა თუ მარცხის განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი მასწავლებელია.თუმცა დაფიქრება იმ კითხვებზე,თუ რა გავლენას ახდენს მასწავლებლის კოგნიტური,ინდივიდუალური და მოტივაციური ფაქტორები მოსწავლეებში შემოქმედებითობის განვითარების კუთხით,ან როგორ უნდა იყოს მოწყობილი გარემო,რომ ხელი შეუწყოს შემოქმედებითი უნარების განვითარებას,უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია სასწავლო პროცესის შემოქმედებითად წარმართვისაკენ.ხოლო პასუხი კითხვაზე,თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს შემოქმედებით მასწავლებლად,მარტივია -ის,ვინც ზრუნავს მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე.

სამყარო დღეს ყველაზე მეტი სისწრაფით იცვლება, ვიდრე ოდესმე. და ამიტომ ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა უნარები, რომლებიც ახლებური ტიპის პრობლემებსა და სიტუაციებთან თავის გართმევაში გვეხმარება. დღეს, როგორც არასდროს კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანმა, თუ უნდა, რომ ფეხი აუწყოს თანამედროვე დინამიკას, სიცოცხლის ბოლომდე მოსწავლედ უნდა ჩათვალოს თავი. სწორედ ეს თანამედროვე დინამიკა ოჯახსა თუ სამსახურში, სახლში თუ გარეთ მუდმივად ახალ-ახალ გამოწვევებსა და პრობლემებს გვთავაზობს და მათ გადასაჭრელად სწორედ მოქნილი, შემოქმედებითი, განათლებასა და ცოდნაზე დამყარებული ბუნება გვჭირდება. ამ კუთხით, უპირველესად, სკოლას ენიჭება გადამწყვეტი როლი, რომ საზოგადოებას თანამედროვე ადამიანი შესთავაზოს.

ხშირად გაიგონებთ, რომ თანამედროვე საკლასო ოთახში სასწავლო პროცესი უფრო და უფრო რუტინული და ცოდნის გადაცემაზე ორიენტირებული გახდა. რომ მასწავლებელი ზღვა ინფორმაციის მიმწოდებელია და დრო აღარ რჩება მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის. იმისათვის, რომ მათ შემოქმედებითობისკენ ვუბიძგოთ, შემოქმედებითი პროცესის მონაწილეები უნდა გავხადოთ; საკლასო ოთახში უნდა მივაღებინოთ გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება მათი შესაძლებლობების რეალობაში განხორციელება. ვინაიდან სწორედ შემოქ­მე­დებითობა შეიძლება იქცეს საუკეთესო პლატფორმად, მოსწავლეთა როგორც ცოდნის, ასევე ღირებულებების განვითარე­ბისთვის; საყრდენად, რომ ისინი ღირსეულ მოქალა­ქე­ებად, ხალისიან ადამიანებად და კომპეტენტურ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

დღევანდელ, ცოდნაზე დამყარებულ, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ერაში მნიშვნელოვნად გართულდა მასწავლებლების გამოწვევა _ გადმოსცენ თავიანთი ცოდნა და ღირებულებები ფორმალურ თუ არაფორ­მა­ლურ, პირად თუ საზოგადო, უშუალო თუ ელექტრონულ გარემოში. საზოგადოება მასწავლებლისგან მოითხოვს, რომ მან ისეთი მიიღოს ბავშვი, როგორიც არის, თავისი ინდივიდუალური მახასიათებლებით და განავითაროს მისი ნიჭი და პოტენციური შესაძლებლობები ფსიქოლოგიურად უსაფრთხო და სოციო-კულტურულად ჯანსაღ გარემოში. ამ ურთულეს მისიას ვერც ერთი ქვეყნის მასწავლებელი თავს ვერ გაართმევს, თუ სასწავლო პროცესს შემოქმედებითად არ მიუდგა.

როდესაც სასწავლო პროცესის შემოქმე­დე­ბი­თობაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია განვსაზღვროთ, რა არის მასწავლებლის მიზანი ამ კუთხით: შემოქმედებითი აზროვ­ნების განვითარება მოსწავლეებში, რაც შემოქმედებითად სწავლების შემთხვევაში მიიღწევა. ამას კი უფრო მრავალფეროვანი და ღირებული შედეგები მოსდევს. შემოქ­მე­დებითი მიდგომების მორგებას გაკვეთილის გეგმაზე და მოსწავლეების დაინტერესებას მრავალფეროვანი, მიმზიდველი მასალით, ნამდვილად შეუძლია არამარტო მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, არამედ, ზოგადად, სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება.

განათლებაში შემოქმედებითობა ზოგჯერ მარგინალიზებულია. ვინაიდან ხშირად განსაკუთრებული ყურადღებითა და უპირატესობით სწორედ ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებიც მასწავლებლის იდეებს ავითარებენ, და არა ისინი, ვინც საკუთარ, ახალ, თუნდაც ჯერ ჩამოუყალიბებელ იდეებს გვთავაზობენ. აქვე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ სასწავლო პროცესში შემოქმედებითობაზე აქცენტირება სულაც არ ნიშნავს სწავლებაში ნაკლებ სიმკაცრესა და აკადემიური მოთხოვნების შესუსტებას. პირიქით, მრავალი კვლევა სწორედ საპირისპიროს ადასტურებს, რომ გაუმჯობესებული აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შემოქმედებითობაზე. სწავლა-სწავლების ის მეთოდები, რომელიც შემოქმედებითობაზეა დამყარებული, დადებითად მოქმედებს მოსწავლის სწავლის მოტივაციაზე და მის დამოკიდებულებაზე, ზოგადად, სკოლასთან.

როდესაც შემოქმედებით ბუნებაზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად შემოქმედებითობას ეს ე.წ. “ბუნება” ანუ თავისი სუბსტანციური არსებობა არ აქვს. ეს ერთგვარი თვისებაა, რომელიც აღწერს ან ხსნის გარკვეულ ადამიანურ შესაძლებლობებსა და უნარებს. და დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის აზროვნებისა თუ ქცევის მანერაზე. ზოგჯერ მკვლევარები შემოქმედებითობას განიხილავენ როგორც სხვადასხვა კომპონენტის კომბინაციას. აზროვნების სტილსა და სხვა ინდივიდუალურ მახასიათებლებთან ერთად, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტებია ცოდნა,მოტივაცია და გარემო.

ყველა თეორეტიკოსი თანხმდება იმაში, რომ მენტალურ ვაკუუმში ვერანაირი შემოქმედებითი იდეა ვერ განვითარდება. ცოდნა განიხილება,როგორც შემოქმედებითობის მთავარი ინგრედიენტი, ვინაიდან ძნელად თუ ვინმეს მიუღწევია შემოქმედებითი წარმატებისთვის გარკვეული ცოდნის გარეშე. თუმცა ცოდნა აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობაა შემოქმედებითობისათვის. ხშირად სკოლა ცოდნის გადაცემით ამთავრებს საკუთარ პასუხისმგებლობას. ეს შეიძლება გადასაცემი ინფორმაციის სიუხვით იყოს გამოწვეული, შეიძლება პედაგოგების არაკომპეტენტურობით, შეიძლება იმით, რომ სკოლას ბოლომდე არ ჰქონდეს გააზრებული განათლების მნიშვნელობა. მასწავლებლისთვის სწორედ დაგროვილი ცოდნა უნდა იყოს შემოქმედებითობის ბაზისი. უბრალოდ, მას საინტერესო და მრავალფეროვანი გზების ძიება სჭირდება, რათა კონკრეტული ინფორმაცია ადვილად გასაგებად და საინტერესოდ გადასცეს კლასს. ანუ სწავლება უნდა განიხილებოდეს, როგორც შემოქმედებითი პროცესი, სადაც სათანადო ცოდნით აღჭურვილი მასწავლებელი თავის საკლასო ოთახში ერთგვარ შემოქმედებით ავტონომიას ქმნის. შემოქმედებითი მასწავლებლები ყველაზე სწორად განსაზ­ღ­ვრავენ მიზნებსა და შედეგებს, ავითარებენ მოსწავლეებში საბაზისო უნარებს, წაახალისებენ მოსწავლეებს ამა თუ იმ სფეროსთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცოდნის დაგროვებისკენ, სტიმულს აძლევენ, რომ განუვითარდეთ ცნობისმოყვარეობა და ძიების უნარი, ზრუნავენ მათ მოტივაციაზე, თავდაჯერებულობაზე, რისკების გათვლაზე; დამხმარედ სთავაზობენ მაღალ მოლოდინებს, აძლევენ მათ არჩევანის გაკეთებისა და აღმოჩენის შესაძლებლობებს, უვითარებენ საკუთარი ქცევის მართვისა და მეტაკოგ­ნი­ტურ უნარებს, მუდმივად სთავაზობენ აქტივობებსა და მეთოდებს, რომლებიც ქმნის შემოქმედებით და საგნისთვის ადეკვატურ, კონსტრუქციულ გარემოს, სადაც ადვილად ვითარდება და მდიდრდება მოსწავლეთა წარმოსახვა და ფანტაზიაც.

რაც შეეხება მოტივაციას, როგორც დამხმარე ფაქტორს. შეუძლებელია ღირებული შემოქ­მედებითი პროდუქტის შექმნა, თუ არ გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ. ამ ძლიერი შინაგანი მოტივაციისა თუ სწრაფვის გარეშე, რთული იქნებოდა ჭეშმარიტად შემოქმედებითი დამოკიდებულებების გაჩენა. ბავშვისთვის მიმზიდველი ფორმებით მიწვდილმა საკითხებმა კი შეიძლება განაპირობონ კიდევაც საგნის სიყვარული.

შემოქმედებითი აზროვნების განვითარება ადვილად შეიძლება შეაფერხოს არახელსაყრელმა სასწავლო გარემომ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც “კლავს” შემოქმედე­ბი­თო­ბას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ ზრუნავს მასწავლებელი გარემოს შემოქმედებითად ორგანიზებაზე.

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

ყურადღება მიაქციეთ და წაახალისეთ მოსწავლეთა განსაკუთრებული იდეები თუ პასუხები;

წარუმატებლობა თუ შეცდომა გამოიყენეთ როგორც დადებითი საშუალება იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გააანა­ლი­ზონ წარუმატებლობის მიზეზები, დასახონ გზები, თუ როგორ უნდა მიაღწიონ განსაზღვრულ შედეგებს დამხმარე და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში;

რამდენადაც შესაძლებელია, გაითვა­ლის­წინეთ მოსწავლეთა ინტერესები და იდეები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;

შექმენით კლასში ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული შეთანხმებული გარემო მოსწავლეებსა და მოსწავლე-მასწავ­ლე­ბელს შორის, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ თავიანთი აზრების გაზიარება და ერთმანეთისგან სწავლა, როგორც მასწავლებლის მეთვალყურეობით, ისე – დამოუკიდებლად;

მიმართეთ მრავალფეროვან სასწავლო აქტივობებს;

მიმართეთ აქტიური მოსმენის ტექნიკას. თბილი, კეთილგანწყობილი ატმოსფერო მოსწავლეს თავისუფლად და დაცულად აგრძნობინებს თავს, რაც საუკეთესო პირობებია აზროვნების განვითარებისთვის;

მიეცით მოსწავლეებს არჩევანის გაკეთების საშუალება, ასევე, გახადეთ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესის თანამონაწილეები; გაუნაწილეთ, აგრძნობინეთ მათ პასუხისმგებლობა, რომ თავადაც არიან თავიანთი საგანმანათლებლო და სასწავლო პროცესის მაკონტროლებლები;

მოსწავლეთა პროექტებისა თუ იდეების განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ხელი შეუწყვეთ სასწავლო პროცესში სხვა დაინტერესებული პირების ჯანსაღ ჩართულობას.

როდესაც სასწავლო გარემოს მოწყობასა და ორგანიზებაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, არ ვგულისხმობთ მხოლოდ სასწავლო ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. უპირველესად, ეს ნიშნავს გარემოს გაშინაარსებას სასწავლო მიზნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად. იმისათვის, რომ უკეთ ავხსნა, თუ რას ვგულისხმობ სასწავლო მიზნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად გარემოს გაშინაარსებაში, გავიხსენებდი სინგაპურის ერთ-ერთი დაწებითი სკოლის სამკითხველო-ბიბლიოთეკას, ზღაპრის პერსონაჟებით მოხატულსა და ბავშვის თვალისთვის სახალისო დეკორაციებით მორთულს. ამ გარემოში ფეხისშედგმისთანავე მივხვდი, რატომ უკავია, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევების მიხედვით, სინგაპურს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი წიგნიერებაში.

ჩვენს, და არა მარტო ჩვენს საგანმანათ­ლებ­ლო სივრცეში ხშირად მსჯელობენ, რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნების განვითარება მოსწავლეებში. სასკოლო განათლებისთვის თანაბრად საპატიო მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება (რომელიც განაპირობებს იდეების განვითარებას) და შემოქმედებითი აზროვნება (რომელიც განაპირობებს იდეების გენერირებას). ერთმანეთისგან ხშირად მიჯნავენ კრიტიკულსა და შემოქმედებით აზროვნებას. კრიტიკულად მოაზროვნეს სერიოზულ, ობიექტურ და ანალიტიკურ ადამიანად, ხოლო შემოქმედე­ბითად მოაზროვნეს კი გაუწონასწორებელ, ზოგჯერ ექსცენტრულ ადამიანად მიიჩნევენ. თუმცა ყველაზე სრულყოფილი საგანმანათლებლო შედეგები ამ ორივეს ბალანსითა და სინთეზით მიიღება. მომეტებული ფოკუსირება მხოლოდ ერთ-ერთზე ამ ორიდან, შედეგად გვაძლევს გაუწონასწორებელ პიროვნებას.

განათლების, სწავლებისა და პედაგოგიკის მიზანი, უპირველესად, პიროვნების სრული განვითარებაა. სწავლება ინტერაქტიული, ემპირიული და შემოქმედებითი პროფესიაა და სამომავლოდ პიროვნების სოციალურ და ეკონომიკურ მდგრადობასაც განსაზღვრავს. სწორედ შემოქმედებითი მასწავლებლის დახმარებით ხდება მოსწავლეებში იმ უნარების ფორმირება, რაც საზოგადოების სრულყოფილად ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი