შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

საზაფხულო საკითხავი

ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავუბრუნდეთ ბავშვობას, გავხდეთ ისევ პატარები და კიდევ ერთხელ შევიგრძნოთ ის ბედნიერება, რომელიც მაშინ გვქონდა. ასე მაშინ ვფიქრობ, როცა დავიწყებულ მეგობრებს გადავეყრები წიგნის თაროზე და ნელ-ნელა ვაცლი მტვრის სქელ ფენას. წიგნები ზოგან ერთმანეთზეა დალაგებული და გარეკანი არ ჩანს, ზოგან გვერდი-გვერდ მჭიდროდ მიჯრილი. სულმოუთქმელად ვეძებ ნაცნობ გამოცემებს, რომ ისევ განმიახლდეს ძველი განცდები, ისევ სიხარულით ამევსოს გული და ცოტა ხნით მოვწყდე რეალობას. ნელ-ნელა ისინიც გამოჩნდებიან: ჰარპერ ლი – „ნუ მოკლავ ჯაფარას”, ძველი, მწვანე, თხელყდიანი გამოცემა, ორტომეული, ისევ მივყვები და ისევ ვაცლი მტვერს, რომელიც წლიდან წლამდე ედება ჩემს საყვარელ წიგნების თაროს. აჰა, გამოჩნდა მარკ ტვენი, წიგნი ყავისფერი გარეკანით. წიგნის ფურცლები უკვე გაყვითლებულია და სიძველის სუნი ასდის.
 
-ტომ!    
პასუხი არ არის.
-ტომ!
პასუხი არ არის.
-რა დაემართა იმ ბიჭს? ტომ!
მოხუცმა ცხვირზე სათვალე ჩამოიწია და მოათვალიერა მთელი ოთახი.
გახსოვთ ალბათ. არც ის დაგავიწყდებოდათ, როგორი ცელქი და ონავარი ბიჭი იყო ტომი და როგორ აბრაზებდა დეიდა პოლის. დეიდა პოლი კი სულგრძელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ საღმრთო სჯული პირდაპირ მოუწოდებდა – “ვინც წკეპლას არ ხმარობს, ყმაწვილს რყვნისო” და საბრალო მოხუცი ისევ თავის თავს ამუნათებდა , მე ცოდვილი კი როგორ ვანებივრებო და თავის სიბერეზეც წაიწუწუნებდა ხოლმე : “ბებერი სულელი ყველა სულელზე ტუტუცია” და ”ბებერ ძაღლს ახალს ვეღარაფერს შეასწავლი”-ო. ტომი კი ისევ განაგრძობდა მავნებლობას, საკუჭნაოდან იპარავდა მურაბას, ვაშლს, ხანდახან სკოლასაც აცდენდა და მდინარეზე დადიოდა. მოკლედ მაგრად ყალთაბანდობდა. ჰოდა, დაისაჯა კიდეც. შაბათს, უქმე დღეს, როცა ყველა ბიჭი ისვენებდა და თამაშობდა, დეიდა პოლიმ აღმზრდელობითი გადაწყვეტილება მიიღო – მთლად რომ არ დაღუპულიყო ეს ბიჭი, ცოტა უნდა ემუშავა. ტომს მესერი უნდა შეეღება. ამაზე ალბათ ისიც გაგახსენდებათ, როგორი მოხერხებული აღმოჩნდა ტომი და როგორ შეაღებინა მეგობრებს მესერი გარკვეული ჯილდოს საფასურად . ამის შემდეგ ის უკვე აღარ ფიქრობდა, რომ სიცოცხლე უაზრობა, არსებობა კი მძიმე ტვირთი იყო.
არც ისე საყვარელი წიგნები მტვრის მოცილების შემდგომ ისევ თაროს უბრუნდება. ძებნა კი ისევ გრძელდება, ახლა უკვე სელმა ლაგერლოფი გამოჩნდა -“ნილსი და გარეული ბატების მოგზაურობა”, გამძლე ყდით, ფურცლები აქაც გაყვითლებულია, ალბათ არასდროს დაგავიწყდებათ ნილს ჰოლგერსონის საოცარი მოგზაურობა ბატ მარტინთან ერთად, თეთრი, უზარმაზარი გარეული ბატის ზურგზე შემომჯდარი ბიჭი, რომელიც შვედეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს, საოცარ თავგადასავალში ერთვება გარეულ ბატებთან ერთად.
ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობებს მარტივად ვპოულობ, უამრავჯერ გადაკითხული ლინდგრენის წიგნის ყდა უკვე გაქუცულია, ცოტა არ იყოს კიდეც შელანძღული აქვს, მას ხომ ხან ვაშლის ხის ტოტზე მჯდომი ვკითხულობდი, ხან მდინარის პირას წამოწოლილი და საერთოდაც, ასტრიდ ლინდგრენი, როგორც კი ცხოვრებისეული სევდა შემოგაწვებათ მაშინვე უნდა აიღოთ ხელში და გადაშალოთ. ასე ძალიან არაფერი დაგაბრუნებთ ბავშვობაში, მზით განათებულ და სიცხიან მხარეში, სადაც ზაფხულობით გამუდმებით ჩაგესმით ჭრიჭინების მონოტონური და გულის წამღები ჭრიჭინი, კოღოების წუილი, სადაც კითხვის პროცესისთვის მომზადებულ, დამტვრეული თხილით სავსე თეფშს მოიდგამ გვერდით და გულდასმით განაგრძობ ლინდგრენის ჯადოსნური სიტყვების კითხვასა და თხილის კნატუნს. ეს ის დროა, როდესაც არაფერი გედარდება და გაწუხებს. ლინდგრენი ჩემთვის ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტია, რომელიც ყველანაირ სევდას, გულდამძიმებულობას და თავის ტკივილს კურნავს. ეს ისეთი დროა, როდესაც ყველაზე ერთგული და საყვარელი მეგობრები, წიგნის პერსონაჟებია, ონავარი ემილი, რომელიც თავისი პატარა დაიკო იდასთან, მშობლებთან, მოსამსახურე ალფრედთან და ლინასთან ერთად ცხოვრობს ხუტორ კატხულტში, ლიონბერგის ოლქში. რა ჩამოთვლიდა ემილის საოცარ თავგადასავლებს ან რა დაიმახსოვრებდა მათ, მისი ძვირფასი დედიკო ჩანაწერებს რომ არ აკეთებდეს მასზე. არასდროს დაგვავიწყდება მისი თოფუკა და კეპუკა, როგორ ჩაეძინა ფარდულში, ან კიდევ როგორ ჩამოიმხო თავზე საწვნე და ამის გამო როგორ წაიყვანეს მშობლებმა მარიანელუნდში ექიმთან, მანამდე თავად მოახერხა საწვნეს გატეხვა, რითაც თუ კარგად მახსოვს ნახევარი კრონი დაზოგა, ხუტორში გამომგზავრებისას კი მიირთვა ფუნთუშები. ან კიდევ როგორ ასწია ფლაგშტოკზე პატარა დაიკო – იდა.
ემილისთან ერთად გაგვახსენდება პეპი გრძელიწინდა ვილა “ყიყლიყოდან”, არცთუ ისე დახვეწილი მანერების მქონე ბანოვანი, მაგრამ ყველაზე დამოუკიდებელი და სამართლიანი გოგო ნაცნობ ლიტერატურულ გმირებს შორის. ანიკა და ტომი, სახურავის ბინადარი, ზომიერად ფერხორციანი კარლსონი და ბიჭუნა, არცთუ ისე სანდომიანი ფრეკენბოკი, კუნძული სალტკროკა, სალტკროკელები და კუპატივით გემრიელი ჩორვენი, ბიულერბიული ბავშვები : ლასე, ბოსე, ლიზი, ულე, ანადაბრიტა. 
და “ლოტა აურზაურის ქვეყნიდან” და კიდევ ბევრი უსაყვარლესი გმირი ასტრიდ ლინდგრენის საოცარი სამყაროდან.
ისევ მივყვები წიგნის თაროს. ახლა უკვე ანე-კატრინე ვესტლის “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” გამოჩნდა . “იყო და არა იყო რა, იყო დიდი, ძალიან დიდი ოჯახი : დედა, მამა და მათი რვა შვილი. ბავშვებს ერქვათ მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა და წრიპა მორტენი. მათთან ერთად ცხოვრობდა დიდი საბარგო მანქანა, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა, ან როგორ არ ეყვარებოდათ, საბარგო მანქანა ხომ მთელ ოჯახს არჩენდა ” – ასე იწყება ეს კეთილი ზღაპარი და წარმოსახვაში უკვე ცოცხლდება ყველაზე მხიარული მრავალშვილიანი ოჯახი, მათი პატარა სამოვრის მილი, სახლი ტყეში, სადაც ზამთარში კედლებიდან ორპირი ქარი უბერავს.
 
ეს ის ანე-კატრინე ვესტლია, რომელმაც დაწერა “გოგონა ავრორა “ც” კორპუსიდან” და მოგვიყვა ამბავი პატარა გოგოზე, მის ისტორიკოს მამაზე, პატარა ძამიკო სოკრატზე, დედაზე და ბებიაზე. ეს მშვენიერი წიგნია ბავშვებისთვის, რომლებსაც გვინდა ვასწავლოთ, რომ არასწორია დიფერენცირებული მიდგომა სამუშაოსთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს კაცის და ქალის საქმე, რომ შვილის გაზრდა და მისი მოვლა უპირობოდ მხოლოდ დედის მოვალეობა არ  არის და სტერეოტიპური მოსაზრებები,  რომ მამა არ უნდა ჩაერიოს ოჯახურ საქმეებში, რადგან ის კაცია და სხვა საქმეებით უნდა იყოს დაკავებული, უბრალოდ არასწორია. ეს წიგნი ამსხვრევს სტერეოპტიპებს და გვაჩვენებს, რომ მამასაც შეუძლია იყოს კარგი მშობელი, მასაც შეუძლია მოუაროს პატარა ბიჭუნას, აღზარდოს გოგონა ავრორა, იმუშაოს დისერტაციაზე, დარეცხოს ჭურჭელი, იაროს მაღაზიაში და, გარდა ამისა, გემრიელი ნამცხვარიც გამოაცხოს შობისთვის.
წინ, სულ ახალი გამოცემა, ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ წაკითხული “ლოტა აურზაურის ქუჩიდან” მიდევს. იუნასი, მია-მარია და ლოტა ყვითელ სახლში ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობენ, რომელსაც მექოთნეების ქუჩა ჰქვია. პატარა ლოტა ცოტა არ იყოს ბრაზიანია და ერთ დღესაც მშობლებზე განაწყენებული დეიდა ბერგის სხვენს იქირავებს, იქ დახვავებულ ხარახურას მოაწესრიგებს და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს მოიწყობს მისთვის და პატარა დრუნჩასთვის.
 
ახლა უკვე ვიცი, რატომ ვუბრუნდები ყოველ ზაფხულს ბავშვობის წიგნებს, რატომ ვკითხულობ მათ ხელახლა და რატომ მინდა, მეც შევქმნა ჩემი შვილისთვის, ყველაზე საყვარელი წიგნების თარო, რომელიც მისთვის ყველა სხვა ნივთზე, დისტანციურ მანქანაზე, “მაქვინებზე” და სხვა ათას გასართობზე ძვირფასი იქნება. ეს ხომ ის წიგნებია, რომელიც არ გვასწავლიდა, რომ აუცილებლად უნდა გამოვსწორებულიყავით, არასდროს გვახვევდა თავს სხვა წესრიგს, რომელიც ჩვენთვის არაბუნებრივი იქნებოდა, პირიქით, უსაზღვრო თავისუფლებას გვანიჭებდა და ჩვენი წარმოსახვის და ოცნებების მასშტაბებს ზრდიდა, ძალას გვაძლევდა, რომ წიგნის გმირებივით უშიშრები, დამოუკიდებლები და ძლიერები გავმხდარიყავით.
 
 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი