შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მუსიკა ომის არომატით: შევიწროებული კულტურული სივრცე

გერმანიასა და ავსტრიაში ნაცისტური რეჟიმის გაძლიერებამ მრავალი ებრაელი კომპოზიტორი არჩევანის წინაშე დააყენა: დარჩენილიყო მტრულად განწყობილ ქვეყანაში, სადაც გაურკვეველი მომავალი ელოდა თუ მიეტოვებინა სამშობლო და თავისი კულტურული გარემო? პირველ ხანებში არჩევანი არცთუ ნათელი იყო. ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ ცნობილი კომპოზიტორი კურტ ვაილი წერდა: „ყველაფერი, რაც ახლა ხდება, იმდენად საზიზღარი მეჩვენება, რომ ვერც კი წარმომიდგენია, ერთ-ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდეს”. მაგრამ როცა ნაცისტურმა მთავრობამ გერმანიის კულტურული ცხოვრების „წმენდის” კანონები შეიმუშავა, ბევრი ებრაელი კომპოზიტორი, საკუთარი გრძნობებისა და მისწრაფებების საწინააღმდეგოდ, იძულებული გახდა, თავის გადასარჩენად ემიგრაციაში წასულიყო.

ვინაიდან ნაცისტების ერთ-ერთი მიზანი ებრაელ კომპოზიტორთა განადგურება იყო, პაულ ჰინდემიტმა და ნაცისტების მიერ ებრაელად შერაცხულმა წმინდა სისხლის არიელმა (ავსტრიელმა) ერნსტ კშენეკმა ევროპა დატოვეს (დიახ, დევნილობა მხოლოდ ებრაელ კომპოზიტორებს არ შეხებია). XX საუკუნის დასაწყისის გამოჩენილი კომპოზიტორები არნოლდ შონბერგი, კურტ ვაილი და ერიხ კორნგოლდი პოლიტიკური ორომტრიალის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. უნდა ითქვას, რომ მიმდინარე პროცესებმა მათ შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

1937 წლიდან ჰიტლერმა დაუფარავად დაიწყო „დეგენერაციული ხელოვანების” დევნა. გერმანელი ხალხის ბელადი მოდერნისტულ ხელოვნებაში თავისი ერის დეგრადირებას ხედავდა. „ამიერიდან ჩვენ კულტურული გახრწნის ელემენტების წინააღმდეგ დაუნდობელ გამწმენდ ომს ვიწყებთ!” – ამბობდა ის.

იმავე წელს გებელსის თაოსნობით შეიქმნა ექვსკაციანი კომისია, რომელსაც ევალებოდა გერმანიის მუზეუმებიდან და კერძო კოლექციებიდან სახელმწიფოს „ძირგამომთხრელი ხელოვნების” ამოძირკვა და ხალხისთვის „ნამდვილი მტრების ნამოქმედარის” საჯაროდ ჩვენება, დასასრულს კი „არაარიელ ხელოვანთა” ნამუშევრების განადგურება.
ჰიტლერის პროპაგანდისტულმა მანქანამ მოწინავე მხატვრები, მოქანდაკეები, მწერლები და კომპოზიტორები მარგინალებად აქცია. გებელსის კანცელარიამ 108 აკრძალული კომპოზიტორის „შავი სია” შეადგინა. ერთი სიტყვით, გერმანიის კულტურულ სივრცეს შავი დღეები დაუდგა. გერმანელი საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი მიიჩნევდა, რომ თუ ამგვარი „კვლევა-გაცხრილვა” კიდევ დიდხანს გასტანდა, გერმანული ხელოვნებისგან აღარაფერი დარჩებოდა.
 

ქალაქ დიუსელდორფში „დეგენერაციული მუსიკის” ანუ „კულტურული საწამლავის” გამოფენაზე საჯარო გაკიცხვა დემონსტრაციულად მიმდინარეობდა. გამოფენის მნახველთა რაოდენობა გამაოგნებელ რიცხვს – 2 მილიონს აჭარბებდა. საბედნიეროდ, გამოფენაზე გაკიცხული კომპოზიტორების უმეტესობა – არნოლდ შონბერგი, პაულ ჰინდემიტი, ერნსტ კშენეკი, კურტ ვაილი და სხვები – გერმანიის საზღვრებიდან უკვე შორს იყო.

მელოდია, რომელიც დიდი ხანია ჯაზის სტანდარტადაა ქცეული, უთუოდ ყველას გაგვიგონია: 

ეს ძალზე პოპულარული სიმღერა დევნილი გერმანელი კომპოზიტორის კურტ ვაილის „სამგროშიანი ოპერიდანაა” (ბ. ბრეხტის პიესის მიხედვით). ვაილი დიდხანს იყო ნაცისტების განსაკუთრებული ყურადღებისა და დაკვირვების ობიექტი. ბოლოს და ბოლოს, როდესაც ბერლინის რაიხსტაგში ხანძარი გაჩნდა და ამას დაპატიმრებათა მასშტაბური ტალღა მოჰყვა, კომპოზიტორი იძულებული გახდა, ემიგრაციაზე ეფიქრა. 1933 წელს ვაილი გერმანიიდან პარიზში გაემგზავრა, ორი წლის შემდეგ კი – აშშ.-ში. 

უნდა ითქვას, რომ კურტ ვაილმა ნამდვილი ხიდი გადო „სერიოზულ” და „მსუბუქ” მუსიკას შორის. გავლენა მოახდინა აკადემიური მიმართულების კომპოზიტორებზე კ. ორფსა და ბ. ბრიტენზე და მათთან ერთად – მთელ ევროპულ და ამერიკულ სასიმღერო კულტურაზე. მიუხედავად ყველა სირთულისა, მისი ცხოვრება შემოქმედებითად ძალზე აქტიური და წარმატებული აღმოჩნდა.

კურტ ვაილის ხანმოკლე ცხოვრებაში (50 წ.) ჩაეტია ორი მსოფლიო ომი, ფაშიზმი, ანტისემიტიზმი, ჰოლოკოსტი, ემიგრაცია.
***
მაშინ, როცა გერმანიაში ადოლფ ჰიტლერი ვაგნერის მუსიკის თანხლებით მიტინგებს მართავდა, ბლოკირებულ ლენინგრადში იოსებ სტალინი შოსტაკოვიჩის სიმფონიის შესრულების ორგანიზებას ხელმძღვანელობდა. ეს ავბედითი ბლოკადა ლენინგრადელებისთვის უმძიმესი გამოცდა იყო. დაღუპულთა რიცხვმა რვაასი ათასს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსების ნაწილი შიმშილისგან დაიღუპა, ლენინგრადის რადიოკომიტეტის ორკესტრმა შოსტაკოვიჩის სიმფონიის შესრულება გადაწყვიტა. სტალინის ორგანიზებით, ალყაშემორტყმულ ქალაქს პარტიტურა თვითმფრინავით გადასცეს. მონუმენტური სიმფონიის შესასრულებლად სამხედრო ნაწილებიდან მუსიკოსების გამოძახება გახდა საჭირო. გარდაცვლილ მუსიკოსთა ხსოვნის პატივსაცემად ცარიელ სკამებზე მათივე საკრავები მოათავსეს. პრემიერა 1942 წლის 9 აგვისტოს გაიმართა. დარბაზი სავსე იყო შიმშილისგან გამოფიტული და დაფლეთილ სამოსში გახვეული მსმენელებით. ზოგი იარაღით მისულიყო, ზოგიც – აირწინაღით. მთელ ქალაქში მიმოფანტული ხმის გამაძლიერებლები კონცერტს ლენინგრადის ყოველ კუთხე–კუნჭულში გადასცემდნენ.

ამგვარ პირობებში ჩატარებული კონცერტი მსოფლიო საზოგადოებამ უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღიარა. 1942 წლის ივლისში მე-7 სიმფონია ტოსკანინის დირიჟორობით ნიუ-იორკში შესრულდა და დაიწყო მისი ტრიუმფალური სვლა მსოფლიოს გარშემო. მუსიკოსები იხსენებდნენ: „მუსიკამ სიცოცხლისკენ შემოგვაბრუნაო”. 
***
„მე ვუმღეროდი ჯარისკაცებს, რომლებიც, ვიცოდი, ვეღარ დაბრუნდებოდნენ შინ”. 

მარლენ დიტრიხი
ლეგენდარულ მსახიობსა და ესტრადის მომღერალ მარლენ დიტრიხს ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრი გებელსი მშობლიურ ფილმებში გადასაღებად ბერლინში დაბრუნებას სთავაზობს… პრუსიელი ოფიცრის ქალიშვილი, 100%-იანი არიელი და მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავი ძალიან სჭირდებოდა ახალ გერმანიას. მარლენი, რომელიც იმხანად ოჯახითურთ პარიზში ცხოვრობდა, არათუ დაბრუნდა, სახლი გერმანელი და ებრაელი ლტოლვილების თავშესაფრად აქცია. „ჰოლივუდელი გერმანელი” ყოველ ღონეს ხმარობდა მეგობრებისა და ნაცნობების დასახმარებლად: კვებავდა, ფულით ამარაგებდა და ამერიკული ვიზების მიღებაში ეხმარებოდა. 
გერმანიაზე მთელი გულით შეყვარებულმა მარლენმა ომი პირად ტრაგედიად აღიქვა. იგი სამშობლოს გამო საშინელ სირცხვილს განიცდიდა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა მიატოვა მშვიდი და მაძღარი ამერიკა და სისხლით გაჟღენთილ ევროპასა და აფრიკაში გაემგზავრა. ომის სირთულეებს ჯარისკაცებთან ერთად იზიარებდა, გამუდმებით საფრთხეში იგდებდა თავს. ბრძოლის ეპიცენტრში, ტანკებსა და სატვირთო მანქანებზე შემდგარი, მღეროდა ჯარისკაცების გასამხნევებლად აფრიკიდან ნაცისტურ გერმანიამდე. მიუხედავად ყველაფრისა, ნაცისტები მის ფირფიტებს არ ანადგურებდნენ: „ლილი მარლენი” ფრონტის ორივე მხარეს ჟღერდა.

გარკვეული ხნის შემდეგ გებელსმა ფიურერის კერპს კვლავ შესთავაზა სამშობლოში დაბრუნება, გერმანული კინოს დედოფლობა და უზარმაზარი ჰონორარი. მიუხედავად იმდროინდელი რთული ეკონომიკური მდგომარეობისა, დიტრიხმა უარი თქვა. ამ წლების განმავლობაში ის დარწმუნდა, რომ, როგორც თავად ამბობდა, „გერმანული ნაციზმი აბსოლუტური ბოროტება იყო” და არ მოისურვა ფაშისტური პროპაგანდის გვირგვინის მარგალიტობა. მეტიც – ცდილობდა, მთელი სამყაროსთვის ეჩვენებინა თავისი ხალხისა და საკუთარი ტრაგედია.
 

გერმანელებისთვის მარლენი თავდაპირველად „ცისფერი ანგელოზი” იყო (მისი პირველი ფილმის სათაური). მოგვიანებით კი ზნედაცემულ ანგელოზად, უარყოფილ კერპად გადაიქცა.  

ომის შემდეგ მარლენს წელიწადზე მეტი დასჭირდა მშვიდობიანი ცხოვრების რიტმში დასაბრუნებლად, თუმცა გადატანილი უსასტიკესი წლების ნაკვალევი სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. მოგვიანებით, როდესაც მსახიობს შეუძლოდ ყოფნის გამო გამოსვლის გადადება შესთავაზეს, უთქვამს: „ორი მსოფლიო ომი გამოვიარე და უბრალო ავადმყოფობა ვერ შემაჩერებსო”.

გერმანიაში მსახიობი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა… ეს იყო სასახლეში ჩასვენებული მარლენ დიტრიხის უკანასკნელი „გასეირნება” მშობლიურ ქუჩებში. 

დასასრულ, მსურს გითხრათ, რომ მარლენ დიტრიხისა და ედიტ პიაფის შემოქმედებამ პიკს ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდში მიაღწია. მარლენისთვის ეს გერმანიასთან უკანასკნელი ძაფის გაწყვეტა იყო, ხოლო ედიტისთვის – საყვარელი მამაკაცის, მარსელ სერდანის, ტრაგიკული აღსასრული. XX საუკუნის მსოფლიო ესტრადის ამ ვარსკვლავებმა კაბარეს კამერული ხელოვნება ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადეს.
***
აქვე გავიხსენოთ რომანსების საუკეთესო შემსრულებელი, ქართველი მომღერალი ქეთო ჯაფარიძე, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობით დიდი დამსახურება მიუძღვის სამშობლოს წინაშე. ქეთო მღეროდა ყველგან, სადაც კი მისი ოპტიმისტური განწყობის შთამაგონებელი სიმღერები ჯარისკაცებს სჭირდებოდათ – ჰოსპიტლებში, სამხედრო ნაწილებში დაჭრილ მებრძოლებთან…  
P.S. მეორე მსოფლიო ომის თემა ამოუწურავია. იმ წლებში დატრიალებულ ტრაგედიას ნორმალური ადამიანის აზროვნება ვერასდროს შეეგუება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი