ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წერტილი, წერტილი,მძიმე…

 ეროვნული გამოცდების წლევანდელი შედეგების ანალიზი წესისამებრ  ჩატარდება, დასკვნა  გაკეთდება და საგამოცდო პროგრამაში შესაბამის ცვლილებებსაც შეიტანენ. ამჯერად  გვაინტერესებს  გამოცდის  ერთ-ერთი კრიტერიუმის შესახებ მსჯელობა.

 პუნქტუაცია!ის მორფოლოგიასა და ორთოგრაფიასთან ერთად ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდის შეფასების მერვე  კრიტერიუმია.

კრიტერიუმი ითვალისწინებს იმის განსაზღვრას, თუ რამდენად შეძლო აბიტურიენტმა სალიტერატურო ენის შესაბამისი ნორმების დაცვა. მიზანი სერიოზულია, რადგან  „სალიტერატურო ენის ნორმები”  სახუმარო საქმე არ არის – ის თანამედროვე ენის კანონია. კანონი კი მისი აღსრულებითაა  ძლიერი.  საგამოცდო ნაშრომი სწორედ ამგვარი აღსრულებაა.

არ ვისაუბრებთ იმის შესახებ,ჩვენი აზრით, რატომ უნდა ფასდებოდეს პუნქტუაცია ცალკე ქულით  ან რატომ არ შეიძლება მორფოლოგია-ორთოგრაფიასთან პუნქტუაციის გაერთიანებით საერთო კრიტერიუმის არსებობა, მაგრამ,ამჯერად ვიმსჯელოთ მხოლოდ  ზოგადად. ენა პუნქტუაციას,როგორც ორთოგრაფიის ჰარმონიულ ნაწილს ისე უყურებს.

სპეციალურად არასდროს მისწავლია,  სასვენ ნიშნებს ვგრძნობ და ისე ვსვამო, ერთმა ადამიანმა მითხრა, დავამატებ, რომ კარგად „სვამს”. ვეთანხმები იმაშიც,რომ სასვენ ნიშანს უნდა გრძნობდეს მწერალი ადამიანი, რომელიც აზრს წინადადებად ფურცელზე აყალიბებს. თუმცა, თავიდან თუ არ ისწავლა, თუნდაც,უნებურად ის არ  შემოესწავლა, რომ შესვენებას „მძიმე” აგრძნობინებს,”კითხვის ნიშანი” კი – შეკითხვას , ვერაფერსაც ვერ  იგრძნობს.

სწორი პუნქტუაციის საჭიროებაზე როცა  ვმსჯელობთ, მისი მნიშვნელობის არგუმენტად ანეკდოტური კლასიკაც  გვახსენდება , თუმცა, იქვე იმასაც აღნიშნავენ,რომ  წერტილ-მძიმისთვის ნიშნის დაკლება საცოდაობააო ან ვინმეს მკაცრად აფასებენ, უწიგნურია, წერტილ-მძიმე არ იცისო. პირადად არც ერთი რადიკალურობის მომხრე არ ვარ, მაგრამ ვთვლი რომ სასვენი ნიშნების დასმის წესების თუ -არა, პუნქტუაციის  საჭიროების ცოდნა მაინც აუცილებელია.

პუნქტუაცია ნებისმიერი ენის განუყოფელი ნაწილია, პატარა მძიმეს „დიდის”  შეცვლა შეუძლია.

პუნქტუაციის დანიშნულებაა დაწერილი ტექსტის გამოყოფა და დაყოფა,  გრაფიკული ორგანიზაცია. პუნქტუაცია  წერილობითი ტექსტის გაფორმების წესების ისტორიულად დამკვიდრებული სისტემაა, ენათმეცნიერების ის დარგია, რომელიც ამ სისტემასა და სასვენი ნიშნების გამოყენების ნორმებს სწავლობს.

დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ ნებისმიერ წერილობით ენაში ორთოგრაფიის შემდეგ სწორედ პუნქტუაციაშია ბევრი შეცდომის  ალბათობა. ამაში იოლად დავარწმუნებთ მოსწავლეს, თუ მივცემთ მხატვრულ ტექსტს სასვენი ნიშნების გარეშე და მოვთხოვთ გაიგოს შინაარსი და შემდეგ დასვას სასვენი ნიშნები ისე, რომ გაგვაგებინოს შინაარსი.

შემიმჩნევია, რომ სოციალურ ქსელში სასვენი ნიშნების დასმა-არდასმა ხშირად კამათის საგანიც გამხდარა: რა საჭიროა სასვენი ნიშნები ან რისი მაჩვენებელია პუნქტუაციის ცოდნა-არცოდნა ?!  უეჭველი პასუხია, რომ ცოდნა-არცოდნა ადამიანის მორალური შეფასების კრიტერიუმი არ არის, ამის მიხედვით ვერ იტყვი, რომ ის ვინც სწორად სვამს სასვენ ნიშნებს, კარგია და ვინც ვერ სვამს, ის ცუდია.

სასვენი ნიშნების დასმის „ხელოვნება” ანბანივით  ერთჯერადად რომ არ ისწავლება,ესეც  ფაქტია. პუნქტუაციის მოთხოვნილება თანდათან ყალიბდება ცოდნად და გრძნობად.   თუ სიტყვების სწორად წერის შესწავლაა შესაძლებელი,თუ ვსწავლობთ და ვასწავლით,  რომ უნდა ვწეროთ  „შეურაცხყოფა” და არა-შეურაწყოფა , მაშინ წერტილ-მძიმე-ტირე-ბრჭყალების სწორად ხმარების წესის ცოდნაც შესაძლებელია და ზედმეტად, უსარგებლოდ არ უნდა ჩაითვალოს.

ჩემი აზრით ,პუნქტუაციის სწავლება პირველივე კლასიდან უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს მეთორმეტე კლასის ჩათვლით,რადგან პრაქტიკაში მეორეკლასელიც შემხვედრია, წინადადებებს კი არა, სიტყვებს რომ არ გამოყოფდა ერთმანეთისგან და -მეთორმეტეკლასელიც, რომელიც სიტყვებს კი გამოყოფდა ინტერვალით, მაგრამ წერტილის დასასმელადაც კი შეხსენება სჭირდებოდა.

დაწყებით საფეხურზე პუნქტუაცია უნდა ისწავლებოდეს პრაქტიკულად და „ მხატვრულად”. თეორიულ სწავლება უშედეგოა. შესაბამისად,  პუნქტუაციის არცოდნა არ უნდა „ისჯებოდეს”,მაგრამ ცოდნა უნდა  „ჯილდოვდებოდეს”.  სწავლების საბაზო საფეხურზე  ინფორმაცია პუნქტუაციაზე იზრდება და სრულდება, ხოლო მოთხოვნა და შეფასება ცოდნის  აუცილებელ კრიტერიუმად უნდა იქცეს.

 რაც შეეხება საშუალო საფეხურს, სწორედ ამ ეტაპზე შეიძლება გადაიქცეს  პუნქტუაცია შეგრძნებად და  რამაც ათქმევინა ჩემს ნაცნობს, არ მისწავლია, ვგრძნობო.

გიყვარდეთ სასვენი ნიშნები და შეაყვარეთ ისინი მოსწავლეებს, მიეცით თავისუფლებაო, წავიკითხე ერთგან.

 რვა წლის სოფო ნერგაძის  თხზულებას” სასვენი ნიშნების თავგადასავალს„ შემოგთავაზებთ, რომელსაც „ფეისბუქში” წავაწყდი.

„რა თქმა უნდავიცით, რომ წინადადება წერტილით მთავრდება. მაგრამ, არა მარტო წერტილით. არა! შეიძლება კითხვის, ან ძახილის ნიშნით დამთავრდეს.ახლა კიდროა, ამბავი დავიწყოთ!!!

ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც, ძახიის, კითხვის ნიშნები ერთად დასეირნობდნენ ზეციდან წერილი ჩამოვარდა და მათ თავზე დაეცათ, იმ წერილში ეწერა: გამარჯობა, მე ასოთა ქვეყნიდან გწერთ, გთხოვთ ჩამოხვიდეთ,პრობლემას მერე აგიხსნით. ბავშვებს გაუკვირდათ რადგან მძიმეს გარდა არცერთი სასვენი ნიშანი იყო. ბავშვები ოდნავ შესამჩნევი მოწყენილი იერით შევიდნენ წერტილის სახლში.დედა წერტილმა ჰკითხათ: რა მოხდა? ბავშვებმა წერილი მისცეს და გაიქცნენ. დედამ ყურადღებით წაიკითხა და მიხვდა რაშიც იყო საქმე!ბავშვები გარეთ რომ გავიდნენ წინ ასოთა ქვეყანა გადაეშალათ !!! უცებ პატარა ჯუჯა გადაუხტათ და უთხრათ : აქ ფანქარს რომელიც ძახილის, კითხვის ნიშნებს წერდა წვერი მოსტყდა, არადა მხოლოდ კითხვის,ძახილის ნიშნები და წერტილი აკლდა. ბავშვები მიხვდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, ძახილის ნიშანმა ბრძანებითი წინადადება მონახა,კითხვის ნიშანმა კითხვითი, წერტილმა თხრობითი. მაგრამ კიდევ ერთი წერტილი აკლდათ, დედა წერტილს დაუძახეს,მანაც მონახა თხრობითი და ერთად და ბედნიერად ცხოვრობდნენ. აი რა მნიშვნელოვანია სასვენი ნიშნები”. ძნელი მისახვედრი არაა, რომ სოფოს  უკვე უყვარს სასვენი ნიშნები და მალე  პუნქტუაციას იგრძნობს კიდეც.

ბევრი სასვენი ნიშანი სუნთქვას უკრავს კაცს, მაგრამ ძალიან ცოტაც გაუგებრობას იწვევს, აზრს ცვლის. დანიშნულებით საგზაო ნიშნებს წააგავს, ჩვენს პაუზას, ემოციას, თხოვნას აჩვენებს და მკითხველი სწორად მიყავს.

 სასვენ ნიშნებს მოფრთხილება სჭირდება,ისინი  წერილობით აზრს მისაწვდომს ხდის.  მოსწავლე, რომელიც დროულად და გასაგებად არ  ისწავლის სასვენი ნიშნების დასმას, მთელი ცხოვრება იფიქრებს, რომ ეს მხოლოდ ფილოლოგების საქმეა .

ნუ შევაშინებთ მოსწავლეებს პუნქტუაციით, არ ავჩქარდეთ და ვაგრძნობინოთ, რომ პუნქტუაცია მოქნილია, არ არის საჭირო იმის დაზეპირება, რომ  ყველა „რომს” წინ მძიმე იწერება. ვასწავლოთ თვითშემოწმება წაიკითხონ საკუთარი ნაწერი და დაასკვნან, ამ ნაწერს სხვაც გაიგებს თუ -არა.

რაც შეიძლება თვალშისაცემი გახადეთ სასვენი ნიშნების სიმბოლოები. როგორ მოახერხებთ ამას: მაისურებზე და  ჭიქებზე მიხატვით,ძახილის ნიშნის დღის დათქმით, ძერწვით, კედლებზე  სტიკერებით,  მნიშვნელობა არ აქვს. ერთხელ მივაგენი მშვენიერ თამაშს, იპოვეთ არასწორად დასმული სასვენი ნიშანი-მეთქი და აღმოჩენით კმაყოფილი დავრჩი. სახალისო სამუშაოა  სასვენი ნიშნების ხასიათების დამოუკიდებლად შექმნაც, ასევე- ხმამაღალი კითხვა და ყურადღების გამახვილება შესაბამის ინტონაციასა თუ პაუზაზე.
 …

რა თქმა უნდა, ვასწავლოთ,  მაგრამ „ნუ გადავყვებით”,  ნუ ვაქცევთ პუნქტუაციას ხელოვნურ დაბრკოლებად და ნუ ვაიძულებთ, რომ სასვენი ნიშნებით ნაწერი „გაამშვენიერონ” ხოლმე, ვასწავლოთ და ვაგრძნობინოთ სასვენი ნიშნის ფუნქცია და პუნქტუაციის დანიშნულება.

რამდენიმე ქვეყანაში პუნქტუაციის დღეც არსებობს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 მაისს აღნიშნავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი