ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სტილი და შემოქმედებითი მუშაობა ისტორიის გაკვეთილზე

თანამედროვე სასკოლო განათლებაში აქტიურად გამოიყენება ჯგუფური მუშაობის ფორმები. მოსწავლეები ერთად განიხილავენ პრობლემებს, პოულობენ პრაქტიკული გადაჭრის გზებს და ყოველივე ამას ხალისითა და ინტერესით აკეთებენ. კარგად ორგანიზებული ჯგუფები არა მარტო თანამშრომლობითი, არამედ ინდივიდუალური თვისებების გამომჟღავნებასაც უწყობს ხელს. განსაკუთრებით აქტიურები არიან ჯგუფები შემოქმედებითი დავალებების შესრულებისას, მეტადრე – თუ პრობლემა ისეთ აქტუალურ საზოგადო საკითხს ეხება, როგორიცაა სტილი და მოდა. მსოფლიო ისტორიის შესწავლისთვის ამ ტიპის საკითხებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ვიზუალური მასალის ფართო გამოყენება, რადგან ის ეხმარება მოსწავლეს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის მახასიათებლების (ხელოვნების, არქიტექტურული სტილის, სამოსის და ა.შ.) კომბინირებაში და დავალების შესასრულებლად საჭირო ტრანსფერული ცოდნის, კვლევითი საქმიანობისა თუ სხვა კოგნიტური უნარების აქტივაცია–განვითარებაში.

დაინტერესებული ჯგუფებისთვის ტანსაცმელთან, სტილსა და მოდასთან დაკავშირებული საკითხები ზოგადად ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:

„წარმოდგენილი ვიზუალური მასალისა და საინფორმაციო ფურცლების გამოყენებით უპასუხეთ კითხვას: დამოკიდებულია თუ არა ტანსაცმლისა და არქიტექტურის სტილი ისტორიულ ეპოქაზე და თუ ასეა, მაშინ როგორ?” (იხ. ცნობა 1, 2, 3, 4 და სურ. 1, 2, 3,4, 5).

ცნობა I: ძველბერძნული და რომაული კოსტიუმებისთვის (ქიტონი, ტოგა, ტუნიკა, სტოლა…) დამახასიათებელია პლასტიკური ხაზები, ერთგვარი საკინძი (ფიბულა), ხოლო სხეულის ფორმები მიმალულია სამოსის ნაკეცებში (სურ. 1.):
  
ცნობა II: გოთური სტილი (XII-XIII ს.ს.) ვერტიკალური ხაზებით, გრძელი და ვიწრო სახელოებით, ფართო ქვედაბოლოებით და გრძელი შლეიფებით გამოირჩეოდა. ამ ყველაფერს ამშვენებდა კონუსური ფორმის თავსაბურავი (დაახლ. 70 სმ-მდე სიმაღლისაც კი), რომელიც ერთი შეხედვით გოთურ ტაძარს მოგვაგონებდა, და ცხვირწამახული ფეხსაცმელი. რენესანსის ეპოქისთვის უფრო მონოლითური ფორმებისკენ მიდრეკილებაა დამახასიათებელი. ამ ეპოქაში ქალის ტანსაცმელი ფართო და მოხერხებულია, შესამჩნევია კისრისა და ხელების რბილი ხაზები (სურ. 2):
 
ცნობა III: ბაროკო (XVII-XVIII ს.ს.) რთული და ხვეულებიანი სტილია. ქალების სამოსი გამოირჩევა კონტრასტული ფორმებით: თხელი ფიგურით, წვრილი წელით და გუმბათისებური ქვედაბოლოთი (სურ. 3): 
 
ცნობა IV: იმპერიულმა სტილმა (XIX ს.) უარი თქვა კორსეტზე, სამოსი გახდა უფრო მსუბუქი, ჰაეროვანი, გამოიკვეთა სხეულის ბუნებრივი ფორმები. რომანტიზმის ეპოქაში (XIX ს–ის შუა ხანებამდე) ბოლოკაბები კიდევ უფრო გაფართოვდა და ფიგურა მთლიანად მიიმალა სამოსში. მოდერნის ეპოქაში (XIX–XX ს.ს.) სრულიად შეიცვალა კაბის ფორმა – მსუბუქი, თავისუფალი სამოსის მაგივრად მოდური გახდა მჭიდრო, მძიმედ სატარებელი ტანსაცმელი, რომელმაც შესამჩნევად გაზარდა ტორსის ქვედა ნაწილი (სურ. 4):
 

დასკვნა (სავარაუდო პასუხი ჯგუფური მუშაობისას): ტანსაცმელი ყოველთვის ასახავდა დროისა და ხალხის ცხოვრების შინაარსს.
ამ ტიპის დავალების შესრულების შემდეგ, არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით, მასწავლებელს შეუძლია, კიდევ უფრო აქტიური გახადოს ჯგუფური მუშაობა კონკრეტულ გაკვეთილზე (ხელოვნება, ისტორია, ტექნოლოგია).
განვიხილოთ პრაქტიკული გაკვეთილი ისტორიის სწავლების მაგალითზე.
საგაკვეთილო თემა: „ისტორიული ეპოქის კავშირი მხატვრულ სტილთან, ტანსაცმელთან, არქიტექტურასა და ინტერიერთან”
გაკვეთილის მიზანი:
● ტანსაცმლის, არქიტექტურის, ინტერიერის და ა.შ. სტილებრივი ურთიერთკავშირი (ეპოქისგან დამოუკიდებლად); რა გავლენას ახდენს ისტორიული მოვლენები საყოფაცხოვრებო კულტურაზე?
● მოსწავლეთა დაინტერესება კვლევითი საქმიანობით;
● ტრანსფერული ცოდნა. 
ტექნიკური საშუალებები: სურათების რეპროდუქცია, ენციკლოპედია, კოსტიუმების ნახატები, ინტერნეტრესურსები
ძირითადი სასწავლო მიზნები: მზაობა თემის შესასწავლად; მოსწავლის გადაყვანა საქმიანობის პასიურიდან აქტიურ ფაზაში; თემის აქტუალიზაცია, კულტურის დონის ამაღლება, მიზნების გამოკვეთა; კომუნიკაციის უნარის განვითარება; გააზრება; ინდივიდისა და ჯგუფის მტკიცებათა შეერთება; თანამშრომლობა; რეფლექსია
 
კოგნიტური უნარ-ჩვევები: ცოდნის ინტეგრაცია; ცოდნა და გამოყენება: არსებული ცოდნის გამოყენება კონკრეტულ სიტუაციაში; ანალოგიების მოძიება; შედარება; განზოგადება; ანალიზი: ობიექტის დაყოფა შემადგენელ ნაწილებად, ურთიერთკავშირის გამოვლენა; სინთეზი: კომბინირების უნარი; შედეგების, შეჯამების, დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა; ანალიზი და სინთეზი: არსებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება პრობლემის გადაჭრისას; ამა თუ იმ მასალის შეფასება; კრიტერიუმების შემუშავება; ახლის შექმნა; თვითშეფასება
გაკვეთილის მიმდინარეობა:
1. კლასის ორგანიზება;
2. ცოდნის გააქტიურება;

ა) მინილექცია – არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ ტანსაცმლის პრიმიტიული ფორმები ჯერ კიდევ გვიანი პალეოლითის ეპოქაში გაჩნდა. ამ დროს მხოლოდ ბუნებრივ მასალას იყენებდნენ, რომელსაც გადამუშავება არ სჭირდებოდა. ასეთი სამოსი არც სოციალური კუთხით გამოირჩეოდა. ტანსაცმელს მხოლოდ გარეგანი ზემოქმედებისგან უნდა დაეცვა ადამიანი. ნეოლითის ხანაში ყალიბდება სამოსის ძირითადი ტიპები, რომლებიც დღესაც აქტუალურია. ამ ისტორიულ ეპოქაში ტანსაცმელი დიფერენცირდება სოციალური, ქონებრივი თუ სქესობრივი ნიშნებით. ამრიგად, შესამოსელის განვითარების ადრეულ სტადიაზე მასში აისახა ყველა ის ცვლილება, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარეობდა და დღემდე გრძელდება (სურ. 5): 
    

ბ) შეასრულეთ დავალება: 

● აღწერეთ თანამედროვე სამოსის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები (სურ. 5);
● დააკვირდით ვიზუალურ მასალას – სად არის გამოსახული თანამედროვე ტანსცმელი?
● როგორ მიხვდით?
● შეიძლება თუ არა, დანარჩენი კოსტიუმები ერთი და იმავე პერიოდისა იყოს? (არა)
● რატომ ფიქრობთ ასე? (ისინი განსხვავდებიან ფორმებით, ხასიათით, სტილით…)
● როგორ გესმით სიტყვა „სტილი”? (სტილი – ესაა ეპოქის კონკრეტული ნიშან-თვისება, სილამაზის გაგება, კულტურის გამოხატვის ენა, გარე სამყაროსადმი დამოკიდებულება…) 
3. პრობლემის დასმა და გაკვეთილის ამოცანა:
● რატომ იცვლება ტანსაცმლის სტილი?
● დამოკიდებულია თუ არა ტანსაცმლის სტილი ისტორიულ ეპოქაზე?
● მოიყვანეთ არგუმენტები.
გაკვეთილის ბოლოს უნდა გადაიჭრას საკითხი: „დამოკიდებულია თუ არა ტანსაცმლისა და არქიტექტურის სტილი ისტორიულ ეპოქაზე და თუ ასეა, მაშინ როგორ?”

4. ახალი ცოდნის აღმოჩენა:

● ჯგუფებად ორგანიზება და დავალების მიღება; პასუხების ჩაწერა
I ჯგუფი – განსაზღვრეთ ცნებები „სტილი”, „მოდა”. ახსენით, რა დანიშნულება აქვს მოდას ეკონომიკაში, კულტურასა და საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში.
II ჯგუფი – დაახასიათეთ შუა საუკუნეები; ისაუბრეთ გოთური სტილის თავისებურებებზე; დაუკავშირეთ ერთმანეთს შუა საუკუნეების ტანსცმლისა და არქიტექტურის სტილი.
III ჯგუფი – რა ახალი სტილი წარმოიშვა XVII ს-ში? ისაუბრეთ ბაროკოზე. როგორ აისახა იგი ტანსაცმელსა და არქიტექტურაზე? დაახასიათეთ როკოკოს თავისებურებები.

5. ინფორმაციის გაცვლა (პასუხების გაცვლა):

I ჯგუფის პასუხების ვარიანტი: კოსტიუმი (ფრ. costume) – ესაა განსაზღვრული ფორმის ტანსაცმელი, რომელიც ეთნიკური, სოციალური თუ ეპოქალური ნიშნებით გამოირჩევა. ის ეპოქის ესთეტიკური იდეალის გამოხატულებაა. სხვადასხვა ეპოქაში სტილი სხვადასხვა იყო, თუმცა XX ს-ში ერთდროულად გვხვდება რამდენიმე სტილი: კლასიკური (ელეგანტური, „საქმიანი” იერსახისა), რომლის ძირითადი ხაზები საუკუნეების განმავლობაში უცვლელია; სპორტული (არამხოლოდ სპორტსმენებისთვის) – მოხერხებული, აქტიურ საქმიანობაზე გათვლილი; ეროვნული/ნაციონალური (სხვადასხვა ხალხისა და ეპოქისა); რომანტიკული (ისტორიული, დეკორატიული ხაზებით), თანამედროვე (ზოგადად, შერეული, ეკლექტიკური სტილი).

II ჯგუფის პასუხების ვარიანტი: შუა საუკუნეებში, ფეოდალიზმის ხანაში, საქალაქო ცხოვრების, ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარების კვალობაზე, ვითარდება სამშენებლო საქმე, არქიტექტურა, ქსოვილებისა და ლითონის დამუშავებაც. ამ დროს ევროპაში გვხვდება უმთავრესად გოთური სტილი მაღალი და ამაყი შენობებით, ორნამენტებიანი ფანჯრებით და ბევრი სინათლით. ტანსაცმელს გაუჩნდა მიკერებული სახელოები, ქურთუკი დამოკლდა, თუმცა საერთო სილუეტი დაგრძელდა, თავსაბურავმა გოთური ტაძრის ფორმა მიიღო – კონუსური და მაღალი.

III ჯგუფის პასუხების ვარიანტი: XVII საუკუნე რთული და დაძაბული ეპოქაა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (საფრანგეთი, ესპანეთი) კლასიკური აბსოლუტური მონარქიაა, ზოგან საფუძველი ეყრება ახალ ფენას – ბურჟუაზიას, იწყება რევოლუციები, იქმნება მანუფაქტურები. ხელოვნებაში მკვიდრდება ბაროკოს სტილი (საზეიმო, დეკორატიული ფორმები, ხალისიანი ფერები, სარკეებიანი დარბაზები, ბროლის ნაკეთობები… ტანსაცმელიც გადატვირთულია მოსართავებით, ხვეული ხაზებით… მისი მსგავსი იქნება შემდეგში როკოკოს სტილიც) და კლასიციზმი (მკაცრად რეგლამენტირებული ფორმებით).

6. მასალის განმტკიცება: გამოიყენეთ რეპროდუქციები (სურ. 1, 2, 3, 4, 5) და განსაზღვრეთ ტანსცმლის, არქიტექტურის, ისტორიული ეპოქის სტილი.

7. ცოდნის შეჯამება: რომელ სტილს გაეცანით? რა გავლენას ახდენს ისტორიული მოვლენები ადამიანის ყოფა-ცხოვრებაზე?
ამ ტიპის სამუშაოს შესრულება ისტორიის გაკვეთილს უფრო იოლად დასამახსოვრებელსა და მრავალფეროვანს ხდის, იზრდება მოსწავლეთა ყურადღება, მაღლდება ცოდნის დონე, უფრო ადვილად მიიღწევა სასწავლო მიზნები, ამიტომ სასწავლო პროცესში მათი გამოყენება წარმატების საწინდარია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი