პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საქართველოს მტრებს…

წეღან, აი, იმ, სულ ზედა თაროს დალაგება გადავწყვიტე. დალაგება კი არა, გადათვალიერება უფრო. ჯერ სავარძელზე შევდექი, იქიდან კი კარადის თავზე ავძვერი. ასე მოკალათებული, უფრო კომფორტულად გავიხსენებ თაროს შემადგენლობას.

კარადის თავზე კი ვზივარ, მაგრამ მახსოვს, რომ ერთი არაზუსტი მოძრაობა და ქვემოთ ვარ. მერე სად გინდა თქვა, კარადიდან გადმოვვარდიო?!

იმ კახელების ხუმრობა მახსენდება, ჩემი სოფლის სახლში ჭერზე რაღაც მოხატულ ქაღალდს რომ აკრავდნენ. ერთი მათგანი სახელდახელოდ მოწყობილ ხარაჩოზე იდგა და მუშაობდა, დანარჩენები ქვემოდან ელაზღანდარებოდნენ, თუმცა, მგონი, გულწრფელად სჯეროდათ, რომ თავადაც შრომობდნენ. როდესაც შენიშვნა მივეცი, ნუ ელაპარაკებით, ყურადღება გაეფანტება და გადმოვარდება-მეთქი, არხეინად მიპასუხეს, დიდი საქმე, იატაკს ხომ არ ასცდებაო.

მეც, თუ ჩავვარდი, იატაკს არ ავცდები, მაგრამ მაინც მარჯვედ უნდა ვიყო.

ეს რა არის? აღარც კი მახსოვდა – შოტლანდიური პოეზია. ვშლი და პირველსავე ლექსსზე გულიანად ვიცინი. რობერტ ბერნსი კბილის ტკივილზე წერს:

„წყეულიმც იყავ, ოხერ-ტიალო,
ღრძილებს მიშანთავ, ტვინში ტრიალობ,
ყურებს მიბურღავ, – ვკვნესი, ვღრიალობ…”

არ ვიცი, კბილის ტკივილით შეწუხებულმა პოეტმა ექიმთან წასვლის ნაცვლად თავისი განცდების ქაღალდზე გადმოტანას რატომ მიჰყო ხელი. იქნებ სულაც ღამით ასტკივდა და გათენებას ელოდა, რომ სამკურნალოდ წასულიყო, ღამე კი ლექსის თხზვაში უფრო მალე გაივლიდა? ასე იყო თუ ისე, ბერნსი კიდევ ბევრ ცუდ რამეს ეუბნება კბილს და ბოლოს მაღლა ღმერთს მიმართავს, შოტლანდიის ყველა მოძულე ისე დატანჯე, როგორც ახლა მე ვიტანჯებიო:

„შოტლანდიის მტრებს, სულო ძლიერო,
გვედრებ კივილით,
გადაუხადე სამაგიერო
კბილის ტკივილით!”

კბილი მეც მტკივებია და რამდენჯერმე ნერვის ამოღებაც დამჭირვებია. გაუტკივარების მიზნით ნემსის გაკეთებაზე ჯიუტად მითქვამს უარი და დარიშხანი ჩამიდვია კბილში. შეგახსენებთ, რომ სუფთა დარიშხანი მცირე დოზით სტომატოლოგიური მიზნებისთვის გამოიყენება, მომწამლავი მისი მარილებია. ჰოდა, ათიოდე დღე მივლია დარიშხნიანად, ნერვის ამოღების დროსაც ყველაფერი მიგრძნია – გაბურღვაც, რაღაცნაირი ხრახნიანი ნემსით არხში შესვლაც, ამ ნემსის ხრახნებზე ნერვის დახვევაც და გარეთ გამოთრევაც… უჰ… მაგრამ ხმას ხომ არ ამოვიღებდი – დარიშხნის პრესტიჟს ვერაფერით დავცემდი ძირს.
…მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში სიცოცხლის დაზღვევა სარფიან ბიზნესად გადაიქცა და ამას მკვლელობათა შთამბეჭდავი რაოდენობაც მოჰყვა. არაფერი პირადი – ფულის გამო კლავდნენ და ამას დარიშხანის მარილებით აკეთებდნენ – ისინი ხომ კვალს არ ტოვებდა. მსხვერპლი ნელ-ნელა უნდა მოგეწამლა, მცირე დოზებით. დარიშხანის ნაერთი ორგანიზმიდან ვერ გამოდიოდა, ახალ-ახალი დოზა ემატებოდა და აი, მსხვერპლიც თითქოსდა ბუნებრივი სიკვდილით ტოვებდა ამ ქვეყანას. მაგრამ არა არის რა დაფარულიო და ეს ამბავიც გასკდა. 1851 წლის 5 ივნისს ბრიტანეთის პარლამენტმა დარიშხანის გაყიდვის თაობაზე კანონი მიიღო. კანონი მის ყიდვას საოცრად ართულებდა. თუმცა უზუსტობაც გაეპარათ. კანონში მკაფიოდ ეწერა, ვის ჰქონდა მისი ყიდვის უფლება, მაგრამ არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, ვის შეეძლო გაყიდვა… ამიტომ მკვლელობები გრძელდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ კანონში შესწორება შევიდა და ბოლოს და ბოლოს არა მხოლოდ დარიშხანის, არამედ სხვა მომწამლავი ნივთიერებების ყიდვა-გაყიდვაც დარეგულირდა.

მანამდე კი…

მანამდე ერთ ინგლისურ გაზეთში ნეკროლოგი გამოქვეყნდა. წერდნენ, მედიცინის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და მადლიერები ვართო. ჩვეულებრივი ნეკროლოგი იქნებოდა, ერთი ფაქტი რომ არა – გამოსათხოვარი წერილი ვირს ეძღვნებოდა.

დიახ, აი, იმ ვირუკას, გაზონზე რომ მობაკუნობს ყელზე წითელბაფთაშებმული. გვერდით ფეხშიშველა მოხუცი მოჰყვება. ვინმე ბოგანო არ გეგონოთ – ჩარლზ უოთერთონია, უზარმაზარი ქონების მფლობელი. უცნაური კაცია – ფეხშიშველა სიარული უყვარს, დიდ წვეულებებს მართავს, შუა ჭამა-სმის დროს კი მაგიდის ქვეშ შეძვრება და სტუმრებს ფეხზე კბენს. მაგრამ სტუმრები არ იმჩნევენ. ჯერ ერთი, მსუბუქად იკბინება, მეორე – კბენია ისეთი მდიდარი და ხელგაშლილია, ამ ახირებას სიამოვნებით პატიობენ. ეს ახლა იქცევა ასე, თორემ ახალგაზრდობის ოცი წელი ამაზონის ტროპიკულ ტყეებში გაატარა, სადაც ადგილობრივ ტომს – მაკუშის დაუმეგობრდა. ეტყობა, კარგი მეგობრები გახდნენ, რადგან ტომის ბელადმა სასწაულმოქმედი შხამის საიდუმლო გაანდო. მის შემადგენლობაში რომელიღაც ადგილობრივი გველის ეშვები და რამდენიმე შავი ჭიანჭველა შედიოდა, მაგრამ მთავარი ინგრედიენტი ლიანა ვოურალე იყო. მოგვიანებით ამ ლიანას Strychnos bresiliensis ეწოდა, შხამს კი კურარე. უოთერთონმა კურარე ინგლისში ჩაიტანა. სწორედ იქ მიაკითხეს ექიმებმა და უჩვეულო ექსპერიმენტზე თანხმობა სთხოვეს – კურარეთი დამუშავებული ისრები მის საყვარელ ვირუკას ესროლეს და დაკვირვება დაიწყეს. საბრალომ გონება დაკარგა და სუნთქვა შეწყვიტა. პასუხად ტრაქეოტომია გაუკეთეს, ანუ ტრაქეა ჩაუჭრეს და შიგნით ჰაერის ჩაბერვა დაუწყეს. ორსაათიანი სულის ბერვის შემდეგ ვირუკამ თვალები გაახილა, მაგრამ ფეხზე რომ წამომდგარიყო და ბალახიც ეჭამა, ოთხი საათი აღმოჩნდა საჭირო. ექსპერიმენტატორებმა დაასკვნეს, რომ კურარე ორი ტიპის კუნთებზე მოქმედებდა – მამოძრავებელსა და სასუნთქზე, მაშინ როცა სხვა კუნთები, მაგალითად, გულისა, მუშაობას განაგრძობდა. ასე რომ, თუ კურარეთი მოწამლულს ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანდნენ, ის გადარჩებოდა. კურარე უძლური იყო მიწოდებული ჟანგბადის წინააღმდეგ. მაშინ, მეცხრამეტე საუკუნეში, ამ აღმოჩენამ გამოყენება ვერ პოვა, მაგრამ ასი წლის შემდეგ… ქირურგებმა დაადგინეს, რომ მძიმე ოპერაციების დროს კურარეს ან მისი ანალოგების გამოყენება ანესთეზიისთვის თავისუფლად შეიძლებოდა. მთავარი დოზირება იყო. ხომ გახსოვთ, ჯერ კიდევ პარაცელსმა თქვა, რომ ყველაზე სასარგებლო წამალიც კი ჭარბად შხამია, ხოლო სათანადო დოზით შერჩეული შხამი – წამალი.

მაგალითად, წყალი ხომ აუცილებელია? მაგრამ თუ თავს გადავდებ და ასე, ორ საათში შვიდ ლიტრს დავლევ, აუცილებლად მოვკვდები. სამაგიეროდ, თუ ამავე შვიდ ლიტრს სამ-ოთხ დღეზე გავანაწილებ, ორგანიზმი უზარმაზარ მადლობას მეტყვის.

ჰო, მართლა – ვირუკამ კიდევ ოცდახუთი წელი იცოცხლა და მშვიდად გადაბარგდა იმქვეყნად.

მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში შხამებს სილამაზისთვისაც იყენებდნენ. მცენარე ბელადონას („bella donna” ლამაზ ქალს ნიშნავს) ექსტრაქტს ქალები თვალებში იწვეთებდნენ – გუგები უფართოვდებოდათ და სჯეროდათ, რომ შეუდარებლად გამოიყურებოდნენ. მოგვიანებით მცენარისგან აქტიური ნივთიერება – ალკალოიდი ატროპინი გამოყვეს და დღეს მას ოფთალმოლოგიაში გუგების გასაფართოებლად იყენებენ. იმისთვის კი არა, რომ პაციენტი უფრო მიმზიდველი გამოჩნდეს – გუგის გაფართოება სხვადასხვა ტიპის გამოკვლევისთვისაა საჭირო. ატროპინი შხამია (თუმცა მედიცინა მას მართებული დოზით იყენებს) და მეცხრამეტე საუკუნის ქალბატონებიც მისი თვალში ჩაწვეთებით ცეცხლს ეთამაშებოდნენ. თუმცა პარაცელსმა ისიც თქვა, მსგავსი მსგავსით იკურნებაო…

1864 წელს პრაღის ციხეში ექიმი დასჭირდათ: ოთხი პატიმარი ლაზარეთში შეიპარა და დიდი რაოდენობით ატროპინი დალია – სპირტი ეგონათ. როცა ექიმი მივიდა, საქმე უკვე გუგების გაფართოების იქით იყო წასული, ექიმს კი წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ემკურნალა. ბედად, პარაცელსის ზემომოყვანილი გამონათქვამი გაახსენდა და გადაწვიტა, მსგავსი აღნაგობის, მაგრამ გასხვავებული მოქმედების ალკალოიდით ემკურნალა – დასაკარგავი მაინც არაფერი ჰქონდა, პატიმრები ისედაც იხოცებოდნენ. ამ მეორე ტიპის ალკალოიდი კი იზოსტიგმინს შეიცავდა, რომელიც, პირიქით, ავიწროებს გუგას. პატიმრები გადარჩნენ, ექიმმა კი აღმოაჩინა, რომ ეს ორი ალკალოიდი ანტაგონისტებია და ერთმანეთის განეიტრალება შეუძლია. ორივე მათგანმა ექიმების კაბინეტში დაიმკვიდრა ადგილი. ატროპინს დღეს გუგის გაფართოებასთან ერთად გულის ზოგიერთი დაავადების დროსაც იყენებენ.
საწამლავებზე გიყვებით და ამ სერიოზულ თემაზე საუბრის დროსაც კი მეღიმება – რობერტ ბერნსის ლექსის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მოდი, აქვე მისი ხუმრობის პერიფრაზს გავაკეთებ:

„საქართველოს მტრებს, სულო ძლიერო,
გვედრებ კივილით,
გადაუხადე სამაგიერო,
კბილის ტკივილით!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი