პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჯადოსნური ტყვიები

არენის შუაგულში ვდგავარ. მოპირდაპირე მხარეს ახლა სივრცეა, წინათ იქ დიდი ჭიშკარი ყოფილა, რომლის იქით ექსკალატორის მსგავსი მოწყობილობით მტაცებლები ამოჰყავდათ, კარს უღებდნენ და არენისკენ გზას უთავისუფლებდნენ. იქ მათ გლადიატორი ხვდებოდა და კაცი და მხეცი ერთმანეთს ერკინებოდნენ. ეს ორთაბრძოლა მათი არჩევანი სულაც არ იყო, უბრალოდ სადღაც ვიღაცამ ასე გადაწყვიტა, ჩვენ კი, ადამიანები, ამ გადაწყვეტილებას ბედისწერას ვუწოდებთ.
ეს შერკინება ძველად ხდებოდა. ახლა აქ მე ვდგავარ და კოლეგას ვთხოვ, სურათი გადამიღოს… აი, აქ… არა, იქით, იქით მზე უფრო უკეთესად ანათებს… მოიცა, აი, აქაც, აქედან მაყურებელთა ადგილები და, აი, ის მთები ჩანს კარგად…
ხვალ ჩემს ადგილას სხვა იდგება, ზეგ – კიდევ სხვა, ოდესმე კი თქვენც, ჩვენო მკითხველო.
ამ არენის იქით ძველი ქალაქი ფილიპი იწყება. ქალაქი ალექსანდრე მაკედონელის მამას დაუარსებია და თავისივე სახელი დაურქმევია. ახლა მისგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი და ჩვენი ექსკურსიამძღოლიც მოყოლისას მხოლოდ “Would be” წყობას იყენებს – ალბათ, ასე იქნებოდაო, მაგრამ შესაძლოა, ისეც ყოფილიყოო.
სიღრმისკენ მივიწევთ და გიდი გვამცნობს, საყოველთაო თავშეყრის ადგილს ვუახლოვდებით, სადაც ცხოვრებისეულ საკითხებზე ბჭობდნენო და არ დაიჯერებთ – ასეთი ადგილი ძველ ქალაქ ფილიპიში, არც მეტი, არც ნაკლები, გვერდიგვერდ ჩამწკრივებული საპირფარეშოები ყოფილა… გვეღიმება, მაგრამ სერიოზული სახით ვკითხულობთ: გამოდის, საკანალიზაციო სისტემაც ჰქონიათ, არა? პასუხი არ აყოვნებს: “Would be”…
ახლა უკვე მე ვინტერესდები: 
– გამოდის, აქედან ინფექციური დაავადებებიც გავრცელდებოდა…
– Would be…
– Would be კი არა, უეჭველად გავრცელდებოდა… 
რა ვრცელდებოდა, ეს არის საკითხავი… “Would be”… რა ვიცი, რა აღარ…
სახელდობრ აქ რა ხდებოდა, არ ვიცი, მაგრამ შავმა ჭირმა ევროპის ნახევარზე მეტი გაწყვიტა. ტუბერკულოზი ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად კლავდა… განგრენაც არ აკლებდა… თუმცა მაშინ ექიმებს სწამდათ, რომ ყოველგვარი ავადმყოფობის მიზეზი ორგანიზმის სითხეების დისბალანსი იყო.
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ორმა ევროპელმა მეცნიერმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა და ინფექციების მთავარი გამომწვევი, თვალით უხილავი მიკროორგანიზმები დღის სინათლეზე გამოიყვანა. ფრანგმა ქიმიკოსმა ლუი პასტერმა მიკროსკოპით თვალიერებისას დაძმარებულ ღვინოში მიკრობთა კოლონია აღმოაჩინა. მეცხრამეტე საუკუნის სამოცდაათიანებში კი გერმანელმა ექიმმა კოხმა გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ ბაქტერიები ცოცხალი არსებების დაავადებასა და სიკვდილს იწვევდნენ. ციმბირის წყლულით მკვდარი ცხოველის შიგნეულობაც მოიპოვა, ნიმუში ნაცხის მინაზე მოათავსა და მიკროსკოპით თვალიერებას შეუდგა. რა თქმა უნდა, იქ ბაქტერიები დაინახა, მაგრამ უნდა დაემტკიცებინა, რომ სწორედ მათ იმსხვერპლეს ცხოველი, ამიტომ ადგა, ბაქტერიებით საბრალო თაგუნა დაასნებოვნა და ლოდინი დაიწყო. თაგუნა მოკვდა და მასთან ერთად გარდაიცვალა „მიაზმების თეორიაც” – თეორია, რომ ავადმყოფობას ცუდი ჰაერი და სითხეთა დისბალანსი იწვევდა. როცა რაღაც კვდება, იქვე რაღაც იბადება კიდეც, ჰოდა ახალი – მიკრობული თეორია მოევლინა სამყაროს.
ფრანკფურტში პაულ ერლიხი მუშაობდა. დღედაღამ ლაბორატორიაში იჯდა და სინთეზურ საღებავებს უკირკიტებდა. პირველი ასეთი საღებავი 1856 წელს იქნა მიღებული. ერლიხის საყვარელი ფერი მეთილენის ლურჯი იყო. ჰოდა, საღებავის მეშვეობით კიდეც გამოაჩინა უჩინარი. დიახ, მან საღებავები მიკრობთა შესაღებავად გამოიყენა. აღმოჩნდა, რომ სწორად შერჩეული საღებავი ნაცხში მხოლოდ მიკრობებს ღებავდა და მათ დანახვას აიოლებდა, დანახვა კი შესწავლას. ერლიხმა გადაწყვიტა, შეექმნა შხამი, რომელსაც შერჩევითი მოქმედება ექნებოდა ანუ ბაქტერიებს გაანადგურებდა და არა ავადმყოფს. თავის იდეაზე საუბრისას გერმანულ ზღაპარს იშველიებდა ჯადოსნურ ტყვიებზე და ამბობდა, სწორედ ასეთ ტყვიებს ვეძებო. ბუნებრივია, უმეტესობას მიაჩნდა, რომ მეცნიერი ამაოდ კარგავდა დროს, მაგრამ ერლიხს ჯადოსნური ტყვიების არსებობისა სწამდა.
იმხანად ერთი ინფექცია იყო გავრცელებული, რომელსაც ვერცხლისწყლით მკურნალობდნენ. მკურნალობის შედეგი იოლი მისახვედრია, არა? ჰოდა, ერლიხმა გადაწყვიტა, ვერცხლისწყალი დარიშხანის ნაერთებით შეეცვალა, ასისტენტს ბაჭიების დასნებოვნება და ამ ნაერთების გამოცდა დაავალა. მეცნიერების რთულ გზას მრავალი ბაჭია შეეწირა, სანამ ასისტენტი პრეპარატ N606-ს არ მიადგა. ამ პრეპარატმა ბაქტერიები მოსპო, ბაჭია კი ცოცხალი დატოვა. 
ეს ჯადოსნური ტყვია, სახელად სალვარსან-606, მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ინფექციას სპობდა. სხვა მხრივ 1928 წლამდე ბევრი არაფერი შეცვლილა, ხალხი სხვა ინფექციებით ძველებურად იხოცებოდა. იმ წელს კი ბაქტერიების მტერი ობი გამოჩნდა, რომელსაც დღეს პენიცილინის სახელით ვიცნობთ. ის ფლემინგმა აღმოაჩინა, თუმცა… თავისი აღმოჩენის პოტენციალი ვერ გამოიყენა. მედიცინა ისევ თვლემას მიეცა, სანამ 1938 წელს ოქსფორდში პენიცილინი ხელახლა არ იქნა აღმოჩენილი. 1940 წლის გაზაფხულზე კი რვა თაგუნას სტრეპტოკოკის სასიკვდილო დოზა შეუყვანეს და მხოლოდ ოთხ მათგანს გაუკეთეს პენიცილინი. თაგუნები გადარჩნენ…
იმავე წლის შემოდგომაზე კიდევ ერთმა უიღბლო კაცმა თავისივე ბაღში სახე ვარდის ეკლით გაიკაწრა. დიდი ამბავიო, იტყვით, სახე ან ხელი ვის არ გაგვიკაწრავსო. მართალიც იქნებით, მაგრამ ამ კაცს ინფექცია შეეჭრა, სახე დაუჩირქდა და ცალი თვალიც დაკარგა – მხოლოდ იმიტომ, რომ ჩირქის გამოსაღებად დრენაჟი ჩაუდგეს ცუდად. ანუ ისე, როგორც იცოდნენ. ამ უიღბლო კაცს პენიცილინი შეუყვანეს და აშკარად სააქაოსკენ ქნა პირი მაგრამ… უიღბლო რომ დაიბადები, ვეღარაფერი გიშველის – პენიცილინი გათავდა და სანამ ახალი დოზა მიიღეს, საბრალო გარდაიცვალა. ოღონდ აქ მთავარი სხვა რამ იყო – გაირკვა, რომ პენიცილინი ადამიანებზეც მოქმედებდა.
თუმცა ინგლისში მისი ფართომასშტაბიანი წარმოებისთვის არ ეცალათ. თარიღს შეამჩნევდით – გაქანებული ომის წლები იყო… ამიტომ მეცნიერები ამერიკაში წავიდნენ. იქ მაშინვე დაინტერესდნენ პენიცილინის სპორებით და მათი ზრდისთვის შესანიშნავ გარემოსაც მიაგნეს – სიმინდის სიროფს… თუმცა პენიცილინის უფრო ჭარბად მწარმოებელი სოკო იყო საჭირო… აქ ამერიკელებს მისი უდიდებულესობა შემთხვევა და ვინმე მერი ჰანტი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დაეხმარა. მერი, ჩვეულებისამებრ, ბაზრის დახლებს შორის მიმოდიოდა და ხილს ათვალიერებდა, ამოწმებდა, ვინმეს მოძველებული ხომ არ ჰქონდა გასაყიდად გამოტანილი. ჰოდა, ობმოკიდებულ ნესვს გადააწყდა, ანალიზისთვის წაიღო და აღმოაჩინა, რომ ეს სოკო პენიცილინის კარგი მწარმოებელი გახლდათ. ნელ-ნელა ისიც გაარკვიეს, რომ დიდი რაოდენობის პენიცილინის საწარმოებლად სიმინდის სიროფი და დაობებული ნესვი არ კმაროდა – ჟანგბადიც იყო საჭირო. დიახ, აერობულ პირობებში პენიცილის წარმოება იზრდებოდა. ვარდის ეკლის ნაკაწრი ამიერიდან სასიკვდილო აღარ იყო…
პენიცილინი ანტიბიოტიკების ეპოქის მაცნე აღმოჩნდა. მის კვალდაკვალ მრავალი სხვაც აღმოაჩინეს და გამოსცადეს. თუმცა… ბაქტერიებთან ერთად ვირუსებიც წარმოადგენდნენ საფრთხეს. ანტიბიოტიკები მათ ვერ უმკლავდებოდნენ. ვირუსების კვლევა მეოცე საუკუნის ოცდაათიანებში დაიწყო, ელექტრონული მიკროსკოპის გამოგონების შემდეგ. ისინი ბაქტერიებზე თითქმის ასჯერ პატარები იყვნენ და უფრო მარტივი აგებულება ჰქონდათ.
ერთმა ვირუსმა არავინ დაინდო – არც იაპონელი იმპერატორი და არც ევროპელი მონარქი… აცტეკების 90% გაანადგურა და მათი იმპერიაც დაამხო… ყვავილი ერქვა. როგორ მოესპოთ? ხსნა სოფლიდან მოვიდა. ინგლისელმა ექიმმა ედვარდ ჯენერმა ერთი სოფლელი ქალის ტრაბახს მოჰკრა ყური. ქალი ამბობდა, ყვავილი არ შემეყრება, რადგან ძროხის ყვავილი უკვე მოვიხადეო. ჯენერმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა – იმავე სოფლის მკვიდრი რვა წლის ბიჭი ძროხის ყვავილით დააავადა, მერე მკლავი რამდენიმე ადგილას გაუჭრა და ჭრილობებში ნამდვილი ყვავილით დაავადებული ადამიანის კანის გამონაყოფი შეაზილა. ექიმმა ალბათ იცოდა, რა რისკსაც ეწეოდა, ისიც არავინ იცის, ბავშვის მშობლები როგორ დაითანხმა ამაზე, მაგრამ ფაქტია, ბიჭი გადარჩა და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდა. შედეგად კი ვაქცინაცია აღმოაჩინეს.
ესეც – კიდევ ერთი ჯადოსნური ტყვია.
აი, სულის ტკივილის ჯადოსნური ტყვიები ჯერაც არ გამოუგონებიათ.
დამავიწყდა მეთქვა – ფილიპი საბერძნეთშია. საბერძნეთში სტამბოლიდან უნდა გადავფრინდე. თბილისიდან სტამბოლისკენ ფრენისას გვერდით ერთი ახალგაზრდა ქალი მიჯდება. მესამე ადგილი ცარიელია.
ბოლო წუთამდე შვილს ესაუბრება ტელეფონით, ეხვეწება, რომ ბებოს დაუჯეროს, კარგად ისწავლოს, კარგად მოიქცეს, კარგად ჭამოს, ჰპირდება, რომ მალე დაბრუნდება და ისევ ერთად იქნებიან, მართალია, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც. მერე დედას ეხვეწება, შვილს მიმიხედეო. მერე კი ორ საათ-ნახევარი ჩუმად იწმენდს ცრემლეს. ყველაზე უარესი ის არის, რომ წლების შემდეგ შვილმა შეიძლება უსაყვედუროს, შენ როგორი დედა ხარ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი, გვერდით არ მყავდიო…
როგორც კი დავეშვით, პირველი გაიქცა – ჩქარობდა, ეტყობა, მკაცრი უფროსი ჰყავდა, დაგვიანებას არ აპატიებდა. 
ჩუმად გავუყრებდი და ვფიქრობდი:
– ვიცხოვრებთ ოდესმე ქვეყანაში, სადაც პურის ფულის გამო დედებს შვილების მიტოვება არ დასჭირდებათ?..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი