პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რატომ სჭირდებათ ჩვენს მოსწავლეებს ქართულში მომზადება

ახლოვდება ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტებში დაძაბულობა მატულობს. მათი უმრავლესობა ახლა რეპეტიტორიდან რეპეტიტორთან დარბის. ზოგიერთი ცდილობს წლების განმავლობაში მიღებულ ცოდნას რაღაც მიუმატოს, დახვეწოს და თავი მოუყაროს. ზოგიერთს, რაც 12 წლის განმავლობაში არ უსწავლია, ახლა უნდა ისწავლოს, რომ როგორმე მისაღებ გამოცდებზე ზღვარი მაინც გადალახოს. ზღვრის გადალახვა კი უმრავლეს შემთხვევაში, იმის საწინდარია, რომ სტუდენტი გახდები. იმ ვრცელი ჩამონათვალიდან, რომლის საშუალებასაც საგამოცდო სისტემა იძლევა, სადმე მაინც გეყოფა ქულები.

ასეა თუ ისე ყველა კერძო მასწავლებელთან დაიარება და ის შედეგი, რომელსაც მისაღებ გამოცდებზე ვიღებთ, დიდ წილად სწორედ მშობლების ფინანსური შესაძლებლობებითაა განსაზღვრული, რადგან ძალიან ძნელია იყო წარმატებული რეპეტიტორის გარეშე.

თავისთავად ცხადია, თუ ცუდი მოსწავლე იყავი, თუ ბოლო წელიწადს გაგახსენდა, რომ უმაღლესი განათლება გინდა, ან არც გაგახსენდა, მაგრამ საზოგადოებამ და ოჯახმა გიკარნახა, რომ ჩაბარება აუცილებელია, რეპეტიტორი აუცილებლად დაგჭირდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ კერძო მასწავლებელი იმათაც სჭირდებათ, ვისაც სკოლის პერიოდში შრომა არ დაუკლიათ, კარგი პედაგოგებიც ჰყავდათ და თვითონაც მშვენიერი მონაცემებიც აქვთ.

სხვა საგნებისას ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომლის სპეციალისტიც ვარ, კერძოდ მომზადება თითქმის გარდაუვალია.

ამის მიზეზები მრავლადაა. შევეცდები ზოგიერთ მათგანს შევეხო.

ვთქვათ, მეათეკლასელმა „ხარისხიანად” ისწავლა „ვეფხისტყაოსანი”.  „ხარისხიანად” რაღა თქმა უნდა, ძალზედ პირობითი სიტყვაა და გულისხმობს ასაკთან შასაბამისობას. მეთორმეტე კლასის საატესტატო გამოცდებსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც მას მოეთხოვება „ვეფხისტყაოსნის” ცოდნა და თუკი მაღალი ქულები უნდა, მოეთხოვება როგორც მეთორმეტე კლასელს. სამი წელია გასული და მოსწავლის შესაძლებლობებიც და მოთხოვნებიც მის მიმართ, რაღა თქმა უნდა, გაზრდილია. მეთორმეტე კლასელს გაცილებით მეტის გაგება და გააზრება შეუძლია. ჩემთვის იცვლება ამ ტექსტში ყოველწლიურად რაღაც და მით უფრო – მათთვის, მაგრამ მარტო, დამხმარეს გარეშე „ვეფხისტყაოსანთან „ მუშაობა მათ ასაკში მაინც ძნელია. შეიძლება მომედავოთ, რომ  ეროვნული გამოცდა ტექსტების ცოდნას არ ამოწმებს, მაგრამ აბიტურიენტების ნაწერებში მშვენივრად ჩანს (და უნდა ჩანდეს კიდევ), როგორ იციან ქართული ლიტერატურა. ამ ცოდნის საფუძველი კი ძველ ქართულ მწერლობაშია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ  მეათე კლასში ნასწავლი, როგორც არ უნდა ისწავლებოდეს, საკმარისია მეთორმეტე კლასელისთვის, ძალიან ცდება.

ვთქვათ, ლიტერატურას როგორმე გაართვა თავი. ინტერნეტ სივრცეში ბევრი საინტერესო რესურსია და თუკი აბიტურიენტი ძალიან მონდომებულია, რაღაცას შეძლებს. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ლიტერატურის თეორიასა და ენაში. დავიწყებ ლიტერატურის თეორიით.

მხატვრული ტექსტის ანალიზისთვის აბიტურიენტს მოეთხოვება იცნობდეს ლიტ. მცოდნეობის ტერმინებს: 

დრამა, ეპოსი, ლირიკა; პოეზია, პროზა; ანდაზა, აფორიზმი, ბიოგრაფია, ელეგია, თქმულება, იგავ-არაკი, კომედია, ლეგენდა, ლექსი, მემუარი, მითი, მოთხრობა, მუხამბაზი, ნოველა, პოემა, პუბლიცისტიკა, რომანი, სონეტი, ტრაგედია; ტრიოლეტი, შაირი; აბზაცი, ეპიგრაფი, ეპილოგი, თემა, იდეა, კომპოზიცია, პროლოგი, რითმა, რიტმი, სიუჟეტი, სტროფი, ტაეპი, ფაბულა, ფინალი; დიალოგი, მონოლოგი, პერიფრაზი, ციტატა; ლირიკული გმირი, პეიზაჟი, პერსონაჟი, პორტრეტი; ალეგორია, გაპიროვნება, გროტესკი, ეპითეტი, ირონია, იუმორი, მეტაფორა, მოტივი, სარკაზმი, სატირა,  ტროპი, შედარება, ხატოვანი თქმა, ჰიპერბოლა; მხატვრული ენა, მხატვრული სახე.

ლიტერატურული პროცესის ძირითად ეტაპებს: სასულიერო მწერლობა, კლასიკური ხანის მწერლობა, აღორძინების ხანის მწერლობა, რომანტიზმი, რეალიზმი, მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი.

ამ ტერმინთა და მიმდინარეობათა შესახებ ცნობები, თეორიული და პრაქტიკული მასალა მეოთხე-მეხუთე კლასის წიგნებიდან მეთორმეტეს ჩათვლითაა მიმობნეული. ეს ასეც უნდა იყოს. სირთულის მიხედვით ნელ-ნელა ეუფლება ბავშვი, მაგრამ როცა ბოლოს ერთად თავმოყრა უნდა, ან ლექსიკონი უნდა შეიძინოს, რომელშიც განმარტებები ხშირად უფრო რთულადაა, ვიდრე მას მოეთხოვება, ან 7 კლასის სახელმძღვანელოებში ეძებოს, რაც წარმოუდგენელია. გაცილებით მოსახერხებელია, კერძო მასწავლებელი, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა მაინც ენაშია. თუ გინდა ეროვნული გამოცდები წარმატებულად დაძლიო, ენა კარგად უნდა იცოდე და წერის მაღალი კულტურა გქონდეს.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ენაზე ქულათა საკმაო რაოდენობა მოდის. მხატვრული ტექსტის ანალიზისას, რომელიც 25 ქულით ფასდება, 6 ქულა ენობრივ უნარებსა აქვს დათმობილი. 

ლექსიკა და სტილი 2 ქულა

სინტაქსი 2 ქულა

მორფოლოგია, ორთოგრაფია, პუნქტუაცია 2 ქულა.

რაც შეეხება არგუმენტირებულ ესეს, აქ ქულათა მეტი რაოდენობაა განსაზღვრული:

მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი 4 ქულა

ლექსიკა და სტილი 3 ქულა

პუნქტუაცია 2 ქულა.

საერთო ჯამში ნაწერებისთვის განკუთვნილი 45 ქულიდან 14 ქულა ენის ცოდნაზე მოდის.

ენას კი, ყოველ შემთხვევაში მის თეორიულ ნაწილს, ბოლო სამი წელი პრაქტიკულად არ ვასწავლით.

თავისთავად ცხადია, სწორად და კულტურულად წერა ადამიანმა გრამატიკის ცოდნის გარეშეც შეიძლება ისწავლოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მას დასჭირდება უწყვეტი პრაქტიკა და გამუდმებული უკუკავშირი პედაგოგთან, რომელიც მის ნაწერებს გაასწორებს. ასევე საჭიროა გარკვეული ინტელექტი, რომელიც, სამწუხაროდ, ან აქვს თანამედროვე მოსწავლეს და ან არა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, თეორიული ცოდნის გარეშე გამუდმებული ვარჯიშით წერის კულტურის გამომუშავება როგორღაც კიდევ შესაძლებელია. სამაგიეროდ, თითქმის წარმოუდგენელია ტექსტის რედაქტირება, რომელშიც ჩვენი აბიტურიენტები საერთო 80 ქულიდან 20-ს იღებენ.

მაგალითად, როგორ უნდა შეამჩნიოს სპეციალური მომზადების გარეშე აბიტურიენტმა ამ წინადადებებში დაშვებული შეცდომები.

ჯვაროსნები კედლებისაგან მარმარილოს ფილებს გლიჯავდნენ ქანდაკებებს ამსხვრევდნენ.
ან: ბოლოს ის იყიდა ერთმა მდიდარმა ვაჭარმა რომელმაც დაშლილი ქანდაკების გატანა მოახდინა 900 აქლემით.
ამ შეცდომების გასწორებისთვის მას სჭირდება:

იცოდეს „დან” და „გან” თანდებულების სწორი ხმარება. მორფოლოგიიდან ახსოვდეს, რომ ერთი მასალას გამოხატავს, მეორე – ადგილს.

იცოდეს სინტაქსი, რთული წინადადების სტრუქტურა და მასთან დაკავშირებული პუნქტუაციის წესები.
მორფოლოგიიდან ახსოვდეს, რომ არსებობს ე. წ. ფუძედრეკადი ზმნები, რომლებთანაც „ავ” თემის ნიშნის ხმარება დაუშვებელია. ამ უკანასკნელი შეცდომის გასწორება მთლიანად თეორიულ ცოდნაზეა დაფუძნებული, რადგან საინფორმაციო სივრცესა და ზეპირ მეტყველებაში  ძირითადად არასწორი ფორმები ისმის.

ასევე მიჩვეულია მათი ყური ისეთი ტიპის სტილისტურ ხარვეზებს,  როგორიც მეორე წინადადებაშია მოცემული.
სამწუხაროდ, სკოლა, ეროვნული სასწავლო გეგმა, სახელმძღვანელოები – ვერ ახერხებს დაეხმაროს აბიტურიენტს წლების განმავლობაში მიღებული ცოდნის თავმოყრასა და გაღრმავებაში. ამიტომ ჩვენი მეთორმეტეკლასელები სკოლებში სანახევროდ დადიან, მათ სხვა საქმე აქვთ, რეპეტიტორებთან ემზადებიან. 

ვფიქრობ, ამ საკითხზე რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ და როგორმე მოვძებნოთ  გამოსავალი.
 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი