შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ილიას „განდეგილის“ მწყემსი ქალის სახის გარშემო

ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ მწყემსი ქალის მხატვრული სახე მრავალფეროვანი ინტერპრეტაციების ობიექტი ყოფილა. მასში ზოგი სრულქმნილ არსებას ხედავს, ზოგი – მაცდურს, სატანისეულს. პოემის ფინალში, როცა ღვთის სასწაულისა და მადლისგან განძარცული მეუდაბნოე სულს განუტევებს, მწყემსი ქალი აღარ ჩანს. ავტორმა მასზე ფიქრი ჩვენ მოგვანდო. მსურს, გაგიზიაროთ ჩემს ფიქრებში გაცოცხლებული მწყემსი ქალის სახე. მსგავსი დავალება შეგვიძლია, მოსწავლეებს მივცეთ კომპლექსური დავალების სახით. მოსწავლეებს შეუძლიათ, სხვადასხვანაირი განვითარება მოუძებნონ პოემის ფინალიდან გამქრალი პერსონაჟის თავგადასავლებს.

მწყემსი ქალის ფიქრები განდეგილზე:

ყველას ჰგონია, რომ ჩვენს საუკუნეში გლეხები წერა-კითხვის უცოდინრები ვართ, მაგრამ ასე არაა. ეს მაშინ იყო, 1861 წლამდე, სანამ ილია სამშობლოში დაბრუნდებოდა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შექმნიდა. ახალი საუკუნე ახლოვდება, ქალაქური ცხოვრება მალე დაიპყრობს ყველაფერს. რკინიგზები გაჰყავთ და ფაბრიკა-ქარხნებს აშენებენ. სამყარო მალე შეიცვლება. მე და მამა ჯერ ისევ ცხვრებს ვმწყემსავთ ყაზბეგის მთიანეთში, მაგრამ ორივე ვხვდებით, რომ გვიახლოვდება რაღაც ახალი. წერა-კითხვა მამას პაპამ ასწავლა. პაპა მღვდელი იყო, მაგრამ ბეთლემის გამოქვაბულის განდეგილივით არ ჩაკეტილა, ხევის სოფლებში დადიოდა, ქადაგებდა, წერა-კითხვას ასწავლიდა ყმაწვილებს. მამასაც შეაყვარა წიგნები. ბიბლია და „ვეფხისტყაოსანი“ მამამ ზედმიწევნით კარგად ისწავლა და ცხვარშიც თავისი ბიბლიოთეკა მიაქვს. წიგნები არ იშოვება, სამწუხაროდ, თორემ წაუკითხავს არაფერს დავტოვებდით მე და მამა. ილიას „ივერია“ ჩამოაქვს ხოლმე მამას თბილისიდან და კი არ ვკითხულობთ, ვნთქავთ ორივე. ან რა ლექსები და პოემები იბეჭდება, ან რა წერილებს წერს ჩვენი ილია?! მარტო მისი „შინაური მიმოხილვა“ რომ წაიკითხო, ყველაფერს გაიგებ, მთელი საქართველოს სატკივარს, სად ვის რა აწუხებს. საიდან მისდის ამ საოცარ კაცს ეს ამბები? თუმცა რა? როცა რაღაც გწყურია, სამყარო იმას გიგზავნის, ახალ მზერას გიხელს.

კითხვის მოყვარული ადამიანი ხარბია სამყაროს შემეცნებაში. იმ ღამესაც, ბეთლემის გამოქვაბულში რომ აღმოვჩნდი ჩემდა უნებურად, ზეციური სასწაულით ვერ დავიოკე სული და ამან მიმიყვანა იმ უბედური ბერის სავანემდე. ნეტავ ასე არ ყოფილიყო და იმ ქვაბში არ შევსულიყავი. არ გამეცნო ის ბედკრული კაცი.

მამამ თქვა, აქ ადრე ერთი ასკეტი ბერი იყო, რომელთანაც მწყემსი ქალი შევიდა და ბერი აცდუნაო. ბერმა ეს თავს ვერ აპატია და გული გაუსკდაო. ახლა ახალი მეუდაბნოე ბერი დადგა იქ და ლოცვაში ათენ-აღამებსო. ღვთის ძალას და ხევის მიწის მადლს ვფიცავ, გულში არაფერი გამივლია, იმ მწყემსი ქალის ვნებების მსგავსი. ან რანაირად შეიძლებოდა? მე მხოლოდ თავი უნდა გადამერჩინა იმ საღამოს. ცხვარი კი დავღუპე.

ეს იყო სასწაული… დაისის მეტი რა მინახავს მთაში? მზის ჩასვლას თან მიჰყვება ხოლმე ჩემი სული. მზე ხომ სულეთში ჩადის ჩვენს მიცვალებულებთან! დედასთან ვატან ჩემს სურვილებს მკვდართა მზეს, მაგრამ იმ საღამოს ეს ენით აღუწერელი სანახაობა იყო… მზე ჩადიოდა მთელი მედიდურობით, მისი ოქროსფერი შლეიფი ნელ-ნელა მეწამული გახდა, მაგრამ იმდენ ფერს ირეკლავდა, გავშტერდი. რამდენნაირი წითელი კრთოდა ცაზე, ნელ-ნელა ლურჯდებოდა, შავდებოდა. ისე მომნუსხა ნანახმა, ყველაფერი დამავიწყდა, გონება გაითიშა და სული ჩამავალ მზესთან ერთად სულეთში მიფრინავდა თითქოს. ვიღას ახსოვდა ცხვარი ან თავი? და უცებ… ასე წამებში ის ოქროსფერ-მეწამული სიდიადე როგორ იქცა კუპრივით შავ ჯოჯოხეთად, ვერ ამიხსნია! ცხვარი წამებში გაფრთხა. ფარის განწირული ბღავილი იმ ჯოჯოხეთურ გრუხუნში დანაწევრებულ ბგერებად აღწევდა ჩემამდე. ისე დაბნელდა, ვერაფერს ვხედავდი. საით წავსულიყავი? იელვა და გზას დავადექი. ტყვეობიდან გაპარული დავით გურამიშვილის სასოწარკვეთილი ფრაზები მიტრიალებდა თავში: „ადექ, იელვებს, იპოვნი გამოქობილსა“… „მივადეგ კარს მთა-ხვრელს ლოდგაძრობილსა“… „ვმადლობდი მხოლოდშობილსა“… აბა, სხვას ვის უნდა ვუმადლოდე, რომ იმ წყვდიადში ელვის კლაკნილებს მივუყვებოდი, გზა ამერია, მონასტრის ზღუდეს მივადექი და ჩემი ხსნის მაცნე, ჯაჭვი მომხვდა ხელთ… მამა ხშირად მიამბობდა ბეთლემის გამოქვაბულის მკვიდრ განდეგილზე და სულ მიკვირდა: ღმერთო, ამ ცის თაღამდე ასროლილი ყინულეთში რა უნდა ადამის ნაშიერს? ნუთუ უფალს რომ ლოცვა გავაგონოთ, საამისოდ ცაში ფიზიკურად ასვლაა საჭირო? მაგრამ ამ ცხოვრებისას ჩვენ რას გავიგებთ? ყველას თავისი გზა აქვს. იმ უბედური განდეგილის სათნოებებში ჩემი ხსნა ალბათ ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი იქნება. განწირული ხმით ვკიოდი. მწირი თავიდან არ მიშვებდა, ალბათ ეშმაკის მოციქული ვეგონე. რამდენჯერმე მკითხა, „ვინა ხარ, კაცი თუ მავნე, აქ მოგზავნილი ეშმაკისაგან?“. არ ვიცი, იმ სენაკში წლობით ყოფნაზე საშიში რა უნდა იყოს, მაგრამ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ განდეგილი უცნაურად შეცბა, როცა ცეცხლის შუქმა სენაკი გაანათა და ჩემი სახე დაინახა. ვიფიქრე, ალბათ კაზლოვის „შეშლილის“ მთავარი პერსონაჟივით გამოვიყურები-მეთქი, ილიამ რომ ასე გაათახსირა, რევაზ ერისთავის თარგმანზე როცა წერდა. მარტო სველი კი არა, ერთიანად დამზრალი ვიყავი. ცეცხლი უკვე მინავლული იყო. ალბათ დაძინებას აპირებდა. შეშა ვთხოვე. თან წარმოვიდგინე, როგორ წვალობდა, რომ ამ ჯაჭვის კიბით შეშა აეზიდა. დავპირდი, ოღონდ ახლა გავშრე და გავთბე და ხვალ შეშას მე ამოგიტან-მეთქი. ესეც ეუცნაურა. არ სურდა ადამიანებთან არანაირი კავშირი. მიკვირდა ეს ამბავი, ისე მიკვირდა, რომ კითხვები დავაყარე. ჩემთვის ყველაზე უცნაური აი, რა იყო: ის ამბობდა, რომ სული წუთისოფლის ტყვეა და სამყარო თავისი მშვენიერებით, საყვარელი ადამიანები, მშობლიური გარემო მისთვის მხოლოდ ბორკილებია. გაოგნებულს ეს კითხვა აღმომხდა: „მაშ, ვინც ქვეყნად ვართ, ყველა წავწყდებით, ვეღარ დავიხსნით ვერაფრით სულსა?“ მისი პასუხი კი მოულოდნელი იყო: „ხსნა ყველგან არის, ხოლო გზა ხსნისა ესეთი მერგო მე… უბედურსა“… ეს უკანასკნელი სიტყვა კენჭივით დავარდა ქვის იატაკზე. მწირმა მიმოიხედა და მის მზერაში ისეთი უმწეობა, ისეთი სასოწარკვეთილება ვიგრძენი, გული დამეთუთქა. ეს ადამიანი მეცოდებოდა და მიყვარდა. არა, არა, არ იფიქროთ, რომ მასში კაცს ვხედავდი, ჩემს ტოლსა და სწორს… უბრალოდ, ადამიანურად, ეს სათნო სახე, ეს ჩამქრალი თვალები, ეს გაძვალტყავებული სხეული მებრალებოდა ისე, რომ მეგონა ცეცხლის ალი შემინთეს გულში… სულო ცოდვილო, ისიც კი გავიფიქრე: ასე მყინვარივით რომ არ იყო, წაგიყვანდი ჩემთან და გაბრიელ სალოსივით სამზეოზე დაიწყებდი ღვთისმსახურებას, სასწაულმოქმედებას. მე აგიყვანდი მთაზე სამწყემსურში და ერთად დავტკბებოდით დაისის სასწაულით, ჩიტების ჭიკჭიკით, ხეების შრიალით, ხოლო როცა სოფელში ვინმეს განსაცდელი დაატყდებოდა, მე და შენ მივიდოდით იმედის მზის სხივად… როგორ უთხრა ადრე ჩაფერფლილმა ტატო ბარათაშვილმა თავის სატრფოს? „მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსა მოვავლო, საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო. მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,
რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი, მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი, რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი”…

ღმერთო, რამდენი მიოცნებია, ჩემი საწყალი ხალხისთვის მესია-გმირი ვყოფილიყავი, შემძლებოდა სასწაულმოქმედება, კურნება, გაჭირვებულთათვის ხელის გაწოდება. როცა ილია პეტერბურგიდან სამშობლოში ბრუნდებოდა, განა ამაზე არ ოცნებობდა: „მე შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო“…

ეს ყველაფერი კი გავიფიქრე, მაგრამ, იცის ღმერთმა, განდეგილისადმი ვნება გულში არ გამივლია. მე რომ ამ ფიქრებში ვიყავი, ის ღვთისმშობლის ხატის წინ იყო დამხობილი და გულმხურვალედ ლოცულობდა, მაგრამ თან მეჩვენებოდა, რომ ენა ებმებოდა.

მამაჩემსა და დაღუპულ ცხვარზე დარდმა, გადატანილმა შიშმა, დაღლილობამ თავისი ქნა. სველი კაბა და თმები გამიშრა. ცეცხლის პირას მკვდარივით ჩამეძინა.

მეზმანა: გამოქვაბულის ზღუდესთან ვიდექით მე და განდეგილი. ღია კარებში ვიყურებოდით, დაბლა ჩასვლა გვსურდა, მაგრამ ჯაჭვის კიბე სადღაც გამქრალიყო. გარეთ მზე ჩახჩახებდა და ტყიდან ყვავილების გამაბრუებელი სურნელი მოჰქონდა ნიავს. გუგულის ხმა საამურად ისმოდა ტყის შრიალში. უცებ გამოქვაბულს ქუნქულა ღრუბელი მოადგა, მოადგა კი არა, ნავივით მოცურდა. განდეგილმა უცებ ხელში ამიტაცა და ღრუბლის ნავში ერთად გადავეშვით. ეს ისეთი საამური განცდა იყო. ღრუბელს მუშკისა და დარიჩინის გამაბრუებელი სურნელი ასდიოდა. ღრუბლის ნავი ჯერ ცაში აიჭრა. განდეგილმა ხელი მომხვია და თვალებში ჩამხედა. სადღა იყო მისი მცხრალი თვალები? ახლა მის მზერაში ვარსკვლავები კიაფობდნენ. გაოცებული შევყურებდი და ვფიქრობდი: ნუთუ ეს ის კაცია, ცოცხლად მკვდარი ლეშივით რომ დამხვდა წარღვნას გადარჩენილს. ის ჩემკენ გადმოიხარა და გაშმაგებული მკოცნიდა. თავიდან გავუძალიანდი, მაგრამ ეს კოცნა ისეთი ტკბილი იყო, ისეთი უცოდველი, ისეთი მათრობელა…

მაშინ გამოვფხიზლდით, როცა დაბლიდან ადამიანთა ხმები მოგვესმა. ღრუბლის ნავიდან გადავიხედეთ. ჩემი სოფლის გზაზე ვიყავით. მამაჩემი ჩემკენ მოემართებოდა. საოცარი შვება ვიგრძენი. გამომეღვიძა. გათენებულიყო. სენაკში მზის სხივი უღონოდ იპარებოდა. სასწრაფოდ წამოვდექი. მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ განდეგილი არსად ჩანდა. მასზე ფიქრის დრო არ მქონდა. ვიფიქრე, რომ ტყეში წავიდოდა კენკრის მოსაგროვებლად. ის ხომ ჩიტივით მხოლოდ ტყის კენკრითა და ველური ხილით იკვებებოდა? სიზმრით დამფრთხალმა ჯაჭვის კიბე რომ ვიხილე, გამიხარდა, სასწრაფოდ დავეშვი და გიჟივით გავრბოდი სოფლისკენ, რომ ჩემი საწყალი მამა გამეხარებინა! მე ხომ უვნებელი გადავურჩი წარღვნას!

მამაჩემის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ცხვარზე არ დარდობდა საერთოდ. ბიძაჩემმა დაამშვიდა: ნუ დარდობ, დათა, მთავარია ბალღი გადაგირჩა. ოც სულ თოხლს მე გაჩუქებ ჩემი ფარიდან. შენ და შენი თეკო ისეთი ყოჩაღები ხართ, ოც სულს სულ მალე ორასად აქცევთო.

მამა მადლიერი იყო განდეგილის.

  • წამო, შვილო, ხორბალი და საზედაშე ღვინო ავუტანოთ. სხვა მაინც არაფერი უნდა იმ დალოცვილს, თანაც შეშას ბლომად ავუტან, შემოდგომა ძალაში შედის და ზამთარში როგორ აიტანს ქვაბში შეშას ის უბედური?!

ნეტა არ ავსულიყავით მე და მამა ბეთლემის მღვიმეში. ზღუდის ძირას ბევრი ვეძახეთ, მაგრამ ვერაფერი გავაგონეთ. კარი ღია იყო და მამა დაეჭვდა. ავად ხომ არ გახდა, ხომ არ დაუძლურებულაო? ჯერ მე ავედი და მამაც გამომყვა. გულგახეთქილი შევვარდი სენაკში. მწირი სარკმლის მხარეს ეგდო ქვის იატაკზე. მარცხენა ხელი თავთან ედო, თითქოს თავში უნდა წაიშინოსო, ხოლო მარჯვენაში ლოცვანი ეპყრა. სული ვერ მოვითქვი. ცრემლებმა დამახრჩო. არ მეგონა, თუ მიცვალებულთან ერთად იმ უკაცრიელ ქვაბში გაჩერება შემეძლო, მაგრამ მასთან სიახლოვის არ მეშინოდა, მინდოდა გაყინულს ჩავხუტებოდი, გამეთბო და გამეცოცხლებინა.

მამა სოფლისკენ დაეშვა და მეზობლები ამოიყვანა. მწირის ოჯახი მალე მოძებნეს მამამ და ბიძაჩემმა. ღვთისმშობლობა დღეს გაასვენეს მამა ათანასე. ალბათ იესოს მოწყალე დედამ გულში ჩაიკრა თავისი წამებული შვილობილი. ამ წუთისოფელში, ღვთისმშობლის ხატის გარდა, არც არავის ახსოვდა ის უბედური. დამარხეს მამა ათანასე სოფლის სასაფლაოზე, ხის სამლოცველოს სიახლოვეს, სადაც ყველას შეეძლო ცოცხლადვე დამარხული ასკეტის სახელის ამოკითხვა. ხშირად ავდივარ მის საფლავზე. კანკეშებს ან გულყვითელებს დავუკრეფ ხოლმე, სანთელს დავუნთებ, ჩამოვუჯდები საფლავზე და ვესაუბრები. ალბათ ახლა უფრო ცოცხალია მამა ათანასე სოფლისთვის. სიცოცხლეში ის მკვდარი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი