სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

სიტყვის ბგერებად დაშლა და ბგერების სიტყვად გამთლიანება (სინთეზი და ანალიზი)

 წინასაანბანო პერიოდში მნიშვნელოვანია ფონოლოგიური უნარჩვევების გამომუშავება.

ვარჯიშს ვიწყებთ სიტყვის მარცვლებით; მოსწავლეებს ვავარჯიშებთ სიტყვის დამარცვლაში, ასევე, მარცვლების სიტყვად გამთლიანებაში.

წარმოსათქმელად სიტყვის მარცვლებად დაყოფა ბუნებრივია ამ ასაკის ბავშვებისათვის, ამდენად, ის ბგერებზე ვარჯიშის წინმსწრები აქტივობაა. სამეტყველო ბგერის (იგივე, ფონემის) შესახებ ცოდნის შეძენა, სამომავლოდ, ხელს შეუწყობს, როგორც კითხვის სწრაფად დაუფლებას, ისე მართლწერას.

გთავაზობთ წინასაანბანო პერიოდისთვის შექმნილი სახალისო დავალების შესრულების სარეკომენდაციო სცენარს,  საჭირო რესურსებით და აქტივობებით.

სახელმძღვანელო – ,,მშობლიური ენის კვალზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ავტორები ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თანაავტორი ლელა მანგოშვილი, მხატვარი – ნინო ჩაკვეტაძე).

სახელმძღვანელო ეფუძნება სწავლების იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდიკას, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად დებულებებს და კონსტრუქტივისტული მიდგომის პრინციპებს.

I თემა –  ,,ჩვენ და ბუნება,’’ ქვეთემა – ,,ერთად სახლში’’ შინაური ცხოველები ადამიანებთან ერთად.

გრძელვადიანი მიზანი    წარმოთქმული და დაწერილი სიტყვა  

ქვესაკითხები:   ბგერა, მარცვალი, სიტყვა, სიტყვის ბგერებად დაშლა და გამთლიანება.

დავალება   სიტყვის ბგერებად დაშლა და ბგერების სიტყვად გამთლიანება

( სინთეზი და ანალიზი).

გამოიცანი ნახატით სიტყვა, დააკვირდი  ნიმუშს და ნახატი დააკავშირე   სიტყვის ბგერების რაოდენობის შესაბამის უჯრებთან ( ხე,  თხა, ბუდე, ძროხა) შეარჩიე ერთ-ერთი სიტყვა, ბგერებად დაშალე  და ვნახოთ, შენი თანაკლასელები გამოიცნობენ თუ არა შენ მიერ ჩაფიქრებულ სიტყვას.

შეფასების კრიტერიუმები

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე:

  • რატომ ფიქრობ, რომ სწორად დააკავშირე ნახატები უჯრებთან (წ.1, 2).
  • როგორ დაშალე სიტყვები ბგერებად (წ. 1);
  • რამდენი ბგერისგან შედგება თითოეული სიტყვა (წ.2) ;
  • როგორ გამთლიანდება ბგერები სიტყვად(წ.1).

 

შენიშვნა 1. დავალების შეფასების კრიტერიუმებთან, ფრჩხილებში, შემოკლებითაა მითითებული სამიზნე ცნება: ,,წარმოთქმული და დაწერილი სიტყვა’’ ანუ ,,წ’’ და მისი მკვიდრი წარმოდგენები.

შენიშვნა 2. რესურსები და აქტივობები შერჩეულია სამიზნე ცნების წარმოთქმული და დაწერილი სიტყვის დასამუშავებლად. ასევე, წარმოდგენილია ქვეთემის ფარგლებში  ,,ერთად სახლში“ შინაური ცხოველები ადამიანებთან ერთად შესასრულებელი ფონემური და მოტორიკის სავარჯიშოები, საკითხავი ტექსტები.

 

დავალების შესრულებისთვის საჭირო რესურსები და აქტივობები

რესურსი 1. მასწავლებლის ხელთ არსებული შინაური ცხოველების სურათები.

 

აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება. დავალების პირობის გაცნობა, დავალების  მოთხოვნების გაცნობიერება. 

 

მასწავლებელი რამდენიმე სურათის დახმარებით სიტყვებს დაშლის ბგერებად და შემდეგ გაამთლიანებს,  უჩვენებს ნიმუშს მოსწავლეებს, როგორ შეიძლება სიტყვების ბგერებად დაშლა.

 

  • როგორ უნდა დავშალოთ სიტყვები ბგერებად და მივხვდეთ, რამდენი ბგერაა სიტყვაში? (ნახატის დახმარებით)
  • რა უნდა გაიხსენოთ? როგორ უნდა დაშალოთ სიტყვა ბგერებად? (ცალ ცალკე წარმოვთქვამთ)
  • ვის შეუძლია საკუთარი სიტყვებით ამიხსნას,  რას მოითხოვს დავალება?

 

რესურსი 2აღსაწერი სურათი  სახელმძღვანელოდან.

სიტყვა – ძაღლი, კატა.

წინადადება – ძაღლი დედასთან დგას/ფისო მოკალათებულა სავარძელში.

აღწერა – ოჯახი და შინაური ცხოველები (კატა, ძაღლი).

შეკითხვები ცოდნის კონსტრუირებისთვის:

რას  ვხედავთ    პირველ სურათზე?  მეორეზე? (ძაღლს, კატას)

  • სად ხედავთ მათ კიდევ? ისინი დიდ სურათზეც ჩანან?
  • სად არის ოჯახი, შინ თუ გარეთ?  ახსენი, რატომ ფიქრობ ასე?
  • რას აკეთებს ქალი? მამაკაცი? გოგონა? ბიჭუნა?
  • სად მოკალათებულა ფისო?
  • ვისთან დგას ძაღლი?
  • თქვენ გყავთ სახლში ცხოველები?
  • როგორ უვლით მათ? (მოსწავლეები გაიხსენებენ პატარა ამბებს)

რესურსი 3. ლექსიკა ნახატებით. მოსწავლის რვეული (გვ.9).

აქტივობა 2. მოსწავლეები რვეულში გააფერადებენ ძაღლს და კატას.

რესურსი 4. მოსწავლის რვეული – გვ. 9 – მოტორიკის სავარჯიშო N 1 – მოკლე ვერტიკალური ხაზები (ხაზებს შორის ერთი უჯრაა გამოტოვებული).

აქტივობა 3. მოკლე ვერტიკალური ხაზების გავლება (ხაზებს შორის ერთი უჯრაა გამოტოვებული).

რესურსი 5. მოსწავლის რვეული – გვ.10 – ნახატები. მარცვლების სავარჯიშო.

აქტივობა 4. გაიხსენეთ ბავშვებთან ერთად პატარა, მოკლე, ადვილად სათქმელი სიტყვები ქართულ ენაში: (მისახვედრად დაიხმარეთ წიგნისა და რვეულის ნახატები): ხე, ბუ, კუ. ახლა კი სთხოვეთ ბავშვებს, მოიფიქრონ სიტყვა, რომლის პირველი ნაწილი იქნება ხე. მინიშნებით ამოაცნობინეთ – ხელი, ხე-ლი. შემდეგ მოიფიქრონ სიტყვაზე კუ – კუდი, კუ-დი. ბოლოს – სიტყვაზე ბუ – ბუდე, ბუ-დე. აღნიშნეთ, რომ სიტყვები: ზე-ცა, ბუ-დე, კუ-დი, ხე-ლი ორი ნაწილისგან შედგება. ჩვენ შეგვიძლია, ამ ორ ნაწილს სიტყვის ორი მარცვალიც ვუწოდოთ, ისე, როგორც ბლის კუნწულაზეა ერთად ორი მარცვალი! (აჩვენეთ ნახატი). სიტყვაშიც ბა-ლი ორი მარცვალია! ბოლოს კი გაიმეორეთ ბავშვებთან ერთად დამარცვლით:

ბა-ლი, ხე-ლი, კუ-დი, ბუ-დე, ზე-ცა. პირველი თქვენ წარმოთქვით, მეორე მარცვალი ბავშვებმა.

ამის შემდეგ მოსწავლეები რვეულში მოცემული ნახატების მიხედვით (გვ.10) გამოიცნობენ, რომელ სიტყვაშია ერთი მარცვალი, რომელია განსხვავებული და შემოხაზავენ.

რესურსი 6. დაფაზე განთავსებული, მასწავლებლის ხელთარსებული, ცხოველებისა და ფრინველების სურათები.

აქტივობა 5. ბგერებით თამაში. მოსწავლეები აირჩევენ დაფაზე განთავსებულ ნახატს და ჩუმად ეუბნებიან მასწავლებელს. შემდეგ დაშლიან ბგერებად, ხმამაღლა წარმოთქვამენ რამდენი ბგერაც არის სიტყვაში. თანაკლასელებმა უნდა გამოიცნონ, რომელი სიტყვაა.

 

რესურსი 7. მოსწავლის რვეული – გვ.10 – მოტორიკის სავარჯიშო N 2– მოკლე ვერტიკალური ხაზები (ხაზებს შორის ორი უჯრაა გამოტოვებული).

აქტივობა 6. მოკლე ვერტიკალური ხაზების გავლება (ხაზებს შორის ორი უჯრაა გამოტოვებული)

რესურსი  8. საკითხავი – მარიამ წიკლაურის „ჩვენი ძაღლი“.

აქტივობა 7. მასწავლებელი გამომეტყველებით კითხულობს ლექსს.

ჰამ-ჰამ!

– რა ყეფს?

– ძაღლი,

დარაჯია სახლის!

აფრთხობს ეზოს კატებს,

ღამეს ფხიზლად ათევს.

დაბადების დღე აქვს ხვალ.

-რას აჩუქებ? – ბურთს და ძვალს!

ბუდრუგანას მოვრთავ,

სტუმრად შენც ხომ მოხვალ?

 

აქტივობა 8. კითხვებზე პასუხები:

 

  1. რა შეკითხვით იწყება ლექსი? (რა ყეფს?)
  2. რომელი სიტყვა გამოხატავს ხმას? (ჰამ, ჰამ). რის ხმაა? (ძაღლის!)
  3. რატომ უწოდეს ძაღლს დარაჯი?
  4. რა მიგვანიშნებს იმას, რომ პატრონს უყვარს თავისი ძაღლი? (დაბადების დღეს უხდის, საჩუქარს უმზადებს)
  5. რას მორთავენ მომდევნო დღეს? რატომ?
  6. მოძებნეთ წიგნში ნახატი, რომელზეც ძაღლის სახლია.
  7. იცით, რა ჰქვია მას? ეს ბუდრუგანაა.
  8. გაიხსენე სიტყვა, რომელსაც პაწია ძაღლზე ვამბობთ. (ლეკვი). (ლეკვი ძაღლის ნაშიერია, შვილია).
  9. თქვენც გიყვართ ძაღლი და მისი ლეკვი?

 

რესურსი 9. მოსწავლის რვეული – გვ.11 მოტორიკის სავარჯიშოები.

გრძელი ვერტიკალური ხაზები (ხაზებს შორის ერთი უჯრაა გამოტოვებული).

აქტივობა 9. შეიყვანე ძაღლი ბუდრუგანაში; მიიყვანე ბიჭი კარავთან: გირჩი ჩააგდე კალათაში.

შეკითხვები ცოდნის კონსტრუირებისთვის:

  • რა დავარქვით ძაღლის სახლს?
  • რომელი ხე ისხამს გირჩებს?
  • რისთვის იყენებს ადამიანი კარავს?
  • თქვენ გაგისეირნებიათ ბუნებაში კარვით?
  • შეგიგროვებიათ გირჩები?

აქტივობა 10. გრძელი ვერტიკალური ხაზების გავლება ერთი უჯრის გამოტოვებით.

რესურსი 10. ბგერების სავარჯიშო. მოსწავლის რვეული – გვ.12.

 აქტივობა 11. გააფერადე იმდენი უჯრა, რამდენი ბგერაც არის სიტყვაში.

დაწყების წინ ავუხსნათ ბავშვებს, რომ იმ ხმებს, რომლებსაც ადამიანები მეტყველების დროს წარმოვთქვამთ, სიტყვაში გამოვთქვამთ, ბგერები ჰქვია! მოვუყვანოთ სამეტყველო ბგერების მაგალითიც  (მოკლე სიტყვების დახმარებით): ,,ია” – ამ სიტყვაში ორი ბგერა გვესმის – ი და ა. ახლა თქვენ გამოიცანით, რამდენი ბგერაა სიტყვაში ,,და”? რამდენი ბგერა გვესმის, როდესაც წარმოვთქვამთ სიტყვას ,,ძმა”?

ურჩიეთ, რომ შეუძლიათ, თითების დახმარებით დაითვალონ. ძ / მ / ა.

აიღეთ წინასწარ გამზადებული ბარათები, ზედ დახაზული 4 უჯრით. წარმოთქვით სიტყვა ,,და” და მათ თვალწინ გააფერადეთ მხოლოდ ორი უჯრა. შემდეგ წარმოთქვით ,,ძმა” და ახლა სამი უჯრა გააფერადეთ. გაამხნევეთ ბავშვები, რომ მალე ბგერების რაოდენობის ზუსტად გამოცნობას თვითონაც დამოუკიდებლად შეძლებენ…

განაგრძეთ ვარჯიში მოკლე, 2-3 ბგერიან სიტყვებზე. მაგალითად:  ხე, ბუ, კუ, ცა…მზე, დღე, ტყე…

აქტივობა 12. სიტყვაში პირველი ბგერის ამოცნობა – მასწავლებელი ასახელებს სამოდელო ბგერას. მოსწავლეებმა ტაში უნდა დაუკრან სამოდელო ბგერაზე დაწყებული სიტყვების მოსმენისას.

აქტივობა 13. სახალისო აქტივობა. სიტყვებში ერთი და იგივე ბგერის გამეორება: მასწავლებლის მინიშნებით მოსწავლეები ამოიცნობენ სიტყვებს და ასახელებენ. 1. გემრიელია, დილით მიირთმევენ ბავშვები, პირველი ბგერა არის ფ (ფაფა); 2. პატარა საყვარელი ცხოველია, თითქოს თაგუნიას ჰგავს, პირველი ბგერა არის  – ზ (ზაზუნა); 3. დაბადების დღისთვის აცხობენ, ძალიან ლამაზია, პირველი ბგერა არის – ტ (ტორტი) და ა.შ.

რესურსი 11. გიორგი შატბერაშვილი „მაიას ყვავილები“

აქტივობა 14. მასწავლებლის მიერ მოთხრობის წაკითხვა.

პატარა მაია ბოლო დროს ძალიან გაცელქდა. გვიან იძინებდა, ამიტომ დილით ადრე ადგომა ეზარებოდა.

  • შვილო, – უთხრა ერთხელ დიდედა მართამ მაიას, – ძილის დრო რომ დადგება, ჩიტმაც კი თავისი ბუდე იცის.

მაია უხალისოდ ისმენდა დიდედის დარიგებას.

  • მზის ჩასვლისას ჩვენი ლამაზი ყვავილებიც კი იძინებენ, რომ დილით მზის ამოსვლისას გაახილონ თვალი, – თქვა დიდედამ ღიმილით.
  • ყვავილების ძილი ვის გაუგონია! – გაკვირვებით წამოიძახა მაიამ.
  • კარგი! მაშ, დღეს მზის ჩასვლისას ვნახოთ, – მიუგო დიდედამ.

შეკითხვები ცოდნის კონსტრუირებისთვის

  • რა ჰქვია ამ მოთხრობაში გოგონას?
  • რა უჭირდა, რა ეზარებოდა პატარა მაიას? (დილით ადგომა). რატომ? (ცელქობდა და გვიან იძინებდა).
  • კიდევ ვის სახელს ვხვდებით მოთხრობაში? (დიდედა მართას).
  • როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს სიტყვა – დარიგება? ვინ ვის დაარიგებს ამ მოთხრობაში?
  • რას ამბობს დიდედა ლამაზი ყვავილების შესახებ?

 

 II ნაწილი

მზე ჩავიდა. ყვავილებმა სიფრიფანა ფურცლების შეკუმშვა დაიწყეს, თითქოს თვალებს ხუჭავდნენ. ფურცლები მწვანე პარკუჭებში (პარკუჭი – პატარა პარკი) დაიმალნენ. გაოცებულმა მაიამ მიირბინა დიდედასთან და ახარა:

  • დიდედა, ყვავილებმა მართლა დაიძინეს! როდის გაიღვიძებენ?
  • ხვალ დილით, მზის ამოსვლისას, – მიუგო დიდედამ.

დილით ადრე მაიას დიდედის ხმა მოესმა. მაია მარდად წამოხტა და კიბეზე ჩაირბინა. მზე ის იყო ამოდიოდა, მწვანე პარკუჭანები შეუმჩნევლად ხსნიდნენ პირს. ბუნება ხარობდა, ტოროლა ცაში გალობდა, ფუტკრები ზუზუნით გამოდიოდნენ სკებიდან და ყვავილებისკენ მიფრინავდნენ.

მაია სიხარულით შეჰყურებდა ბუნებას.

  • რა კარგია დილა! არა, დღეიდან გვიან აღარ ავდგები! – თქვა გოგონამ და სუფთა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა.

შეკითხვები ცოდნის კონსტრუირებისთვის:

  • როდის დაიჯერა მაიამ დიდედის ნათქვამი?
  • რას მიხვდით, რა ყოფილა პარკუჭი?
  • რას ელოდებოდა მოუთმენლად მაია, რა უნდა ენახა დილით?
  • როგორი იყო ბუნება დილით? (ბუნება ხარობდა, ტოროლა (ჩიტი) ცაში გალობდა, ფუტკრები ზუზუნით გამიდიოდნენ სკიდან და ყვავილებისკენ მიფრინავდნენ.).
  • რა გადაწყვიტა მაიამ?
  • ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ამ მოთხრობაში ბავშვს ორი ,,მასწავლებელი” ჰყავს – დიდედა და ბუნება?

რესურსი 12. მოსწავლის რვეული – გვ.12 – მოტორიკის სავარჯიშო N 4 გრძელი ვერტიკალური  ხაზები (ხაზებს შორის ორი უჯრაა გამოტოვებული).

აქტივობა 15. გრძელი ვერტიკალური ხაზების გავლება ორი უჯრის გამოტოვებით.

რესურსი 13. მოსწავლის რვეული – გვ.12  ნახატები.

აქტივობა 16. სახალისო აქტივობა – სიტყვის ბგერებად დაშლა-გამთლიანება.

ნახატებზე დაკვირვებით მასწავლებელი სიტყვებს დაშლის ბგერებად და მოსწავლეები

ამოიცნობენ.

შემდეგ სხვადასხვა სურათებზე დაკვირვებით გაგრძელდება აქტივობა. ჯერ მასწავლებელი

წარმოთქვამს სანიმუშოდ და შემდეგ მოსწავლეები გააგრძელებენ თამაშს.

დააკვირდი ნახატს, ჩაიფიქრე სიტყვა, დაშალე ბგერებად, წარმოთქვი და ვნახოთ, გამოიცნობენ თუ არა შენი თანაკლასელები!

ნიმუშები:

თ ა. თ. ი,

გ. ი. რ. ჩ. ა,

ვ. ა. რ. დ. ი,

კ. ნ. უ. ტ. ი,

წ. ვ. ი. მ. ა,

გ. უ. ბ. ე.

ქ. ო. ლ. გ. ა…

რესურსი 14. მოსწავლის რვეული – გვ. 13 – მოტორიკის სავარჯიშო N5 – მოკლე ჰორიზონტალური ხაზები – (ხაზებს შორის ერთი უჯრაა გამოტოვებული).

აქტივობა 17. მოკლე ჰორიზონტალური ხაზების გავლება ერთი უჯრის გამოტოვებით.

რესურსი 15. მოსწავლის რვეული. გვერდი 13.

 

 

აქტივობა 18. დავალების შესრულება და წარდგენა.

მოსწავლეები  ნახატებით ამოიცნობენ სიტყვებს, დააკვირდებიან  ნიმუშს და ნახატს დააკავშირებენ   სიტყვის ბგერების რაოდენობის შესაბამის უჯრებთან (ხე, თხა, ბუდე, ძროხა). შეარჩევენ ერთ-ერთ სიტყვას, ბგერებად დაშლიან და თანაკლასელებმა უნდა გამოიცნონ მოსწავლის მიერ ჩაფიქრებული სიტყვა.

დავალების შესრულებისა და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი მოსწავლეთა  რეფლექსიის უნარის განსავითარებლად და წინსვლის  ხელშესაწყობად:

ახსენირა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე  დავალების საშუალებით:

  • როგორ მიხვდი, რამდენი ბგერისგან შედგება სიტყვა?
  • რატომ ფიქრობ, რომ სწორად დააკავშირე ნახატები უჯრებთან?
  • როგორ დაშალე სიტყვები ბგერებად? როგორ გაამთლიანე ბგერები სიტყვად?

 

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე

  • რა გააკეთე, რა თანამიმდევრობით?
  • ხომ არ გაგიძნელდა ნახატების უჯრებთან დაკავშირება?

 

აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი და  რა დაგეხმარა დავალებაზე მუშაობის პროცესში;

  • რა გამოგივიდა კარგად დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?

 

შენიშვნა: სტატიაში გამოყენებულია ნინო გორდელაძის მიერ მოწოდებული ბგერებისა და მარცვლების სავარჯიშოები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი