პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სიტყვა, როგორც წამალი…

სანამ ხმალი მივიდა, ენამ თავი მოჭრაო… შეიძლება არც მოჭრა და გული გაუხეთქა… ან სულაც არ გაუხეთქა და აწყენინა უბრალოდ. ერთი ბეწოა ეს ენა და რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია. ჯადოსანიც არის, ბუზს უპრობლემოდ სპილოდ აქცევს და  ვეებერთელა სპილოს პაწაწა ჭიამაიად. თუ გინდა ფრთებს გამოგასხამს და თუ არა, ორ უზარმაზარ რქას და ეშვებსაც გიფეშქაშებს საჩუქრად. 

ერთი ბეწოა ენა და… შეუძლია შენივე  თავის რწმენა დაგაკარგვინოს. განსაკუთრებით, თუ საქმე ბავშვის  სათუთ ფსიქიკას ეხება.  თუ მუდმივად გავუმეორებთ, რომ მაგ. ქიმია არ იცის, არ ესმის და სავარაუდოდ ვერც გაიგებს, რადგან მისი გონებრივი შესაძლებლობები ამას ვერ გასწვდება, დაიჯერებს მართლაც, ყურებს ჩამოყრის და დაღონდება. იმიტომ კი არ დაღონდება, რომ ქიმიას ვერ სწავლობს (ჩვენ უკვე მოვახერხეთ, რომ შეგვეძულებინა), არა, უბრალოდ გამოდის, რომ მას სწავლა არ შეუძლია. არადა, მართლაც მასე რომ იყოს, იგივე ენით თუ დაუყვავებთ, შევაქებთ, წავახალისებთ, შეიძლება იმავე ქიმიაში ისე გაიწაფოს, რომ პროფესიადაც აირჩიოს.

ახლა ექიმი ავიღოთ, რამდენია, სიტყვით მოგარჩენს. მავანს კი თავი ისედაც სენით დაბრიყვებული ადამიანის უფროსად წარმოუდგენია და ისეთი თავგამოდებით უტურტურებს, ჯანმრთელიც რომ იყოს, რაღაც დაემართება. 
მოკლედ, ეს დალოცვილი სიტყვა წამალიცაა და შხამიც. მარცხი ყველა კუთხეშია ჩასაფრებული და წამალი როდის დაგჭირდება არავინ იცის. კარგია, თუ გარშემო ისეთი ადამიანები გახვევია, ვისი სიტყვაც წამალივით დაგედება გულზე. თუ არადა… წამალიც გამოგონილია. გამოგონების გზა რთული ყოფილა.  წინაპრები ჩვენზე  ჯანმრთელები და გამძლენი იყვნენო, წერენ… იქნებოდნენ… მაშინ ჰაერიც უფრო გამჭირვალე და წყალი კიდევ კამკამა იყო. არც კომპიუტერი უღლიდათ თვალებს და არც საინფორმაციო გადაცემების სახელდახელოდ დაყენებული ხმებით მოკივლება, იქ ხანძარი მოხდა, აქ მიწისძვრა და ჩვენთან თუ ჯერ არაფერი მომხდარა, ეგ უბრალოდ დროის ამბავია და სხვა არაფერიო. ლარი გამოგონილი არ იყო და რაც იყო, იყო მყარად და იმედიანად. არც ამდენი შური და გაუტანლობა იქნებოდა, თუმცა არა… სიტყვით გულის მოკვლას მაშინაც მოახერხებდნენ ვიღაცები. ცხოვრება კი მიედინებოდა. თუმცა, აი ეს გამძლე და ჯანმრთელი ხალხიც ზოგჯერ ავად ხდებოდა და უფრო მეტიც, ეპიდემიებიც კი მძვინვარებდა.

შუასაუკუნეების ექიმები დაავადებათა უმეტესობას ვერცხლისწყლით კურნავდნენ. სიტყვა „კურნავდნენ” აქ გადამეტებულია, რადგან ჩვენ ხომ ვიცით, რა მომწამვლელია ვერცხლისწყალი და იმ საბრალო ავადმყოფის ბედსაც იოლად წარმოიდგენთ. ზოგი ექიმი უპირატესობას მცენარეებს ანიჭებდა და ყველაფრის პანაცეად სწორედ ისინი მიაჩნდა. მრავალძარღვა – სისხლდენის შესაჩერებლად, გვირილის ნაყენი ანთებითი პროცესებისთვის, ტირიფის ქერქის ნაყენი სიცხის წინააღმდეგ. 1828 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ბიუხნერმა ტირიფის ქერქისგან გამოყო ნივთიერება და სალიცინი უწოდა (ტირიფის ლათინური სახელიდან Salix). ეს ნივთიერება გლუკოზის და სალიცილის სპირტის ნაერთს წარმოადგენდა. მოგვიანებით სალიცინიდან სუფთა სახით იქნა მიღებული სალიცილის მჟავა. გამოჩნდა თუ არა, მაშინვე პანაცეად გამოაცხადეს. ექიმები თითქმის ყველა დაავადების დროს ნიშნავდნენ. თუმცა შველოდა მხოლოდ რევმატიზმით დაავადებულებს და კიდევ მათ, ვისაც მაღალი სიცხე ჰქონდა. თუმცა, ამ პანაცეად გამოცხადებულ წამალს უკუჩვენებაც აღმოაჩნდა. კუჭის ლორწოვანს აღიზიანებდა. სალიცილის მჟავას ფორმულას თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ შეიცავს ჰიდროქსილის ჯგუფს, ბენზოლის ექვსნახშირბად ატომიან ბირთვს და კარბოქსილის ჯგუფს. კარბოქსილის ჯგუფს წყალბადი იოლად ჩამოცილდება და ამიტომაც ავლენს მჟავა თვისებებს. ჰოდა, როდესაც მჟავა კუჭში მოხვდება, ლორწოვან გარსს აღიზიანებს და ადამიანი  წვას გრძნობს. რა თქმა უნდა, კარბოქსილის ჯგუფში შემავალი წყალბადის განეიტრალება შეიძლებოდა, თუ მას, მაგალითად, ნატრიუმით შეცვლიდნენ და მაშინ მიიღებდნენ  მარილს – ნატრიუმის სალიცილატი. 
 
მარილი კუჭის ლორწოვანს გაცილებით ნაკლებად გააღიზიანებდა. ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზა თითქმის ერთდროულად შემოგვთავაზეს გერმანელმა ქიმიკოსმა გერხარდმა და ფრანგმა ქიმიკოსმა შარლ ჟერარმა. მათ ჰიდროქსილის ჯგუფში არსებული წყალბადი ჩაანაცვლეს აცეტილის ჯგუფით და მიიღეს აცეტილ სალიცილის მჟავა. ამ ფაქტობრივად პირველი წამლით დღესაც სარგებლობენ და მას ასპირინი ეწოდება. ასპირინი საიდანღა უწოდეს? სალიცილის მჟავას შეიცავს მცენარე, რომლის ლათინური სახელი არის „სპირეა”, აცეტილ-სპირეა-ასპირინი. ასპირინი სჯობს მაცივარში შევინახოთ, რადგან უკვე 25 გრადუსზე აცეტილსალიცილის მჟავა იშლება და წარმოქმნის სალიცილისა და ძმარმჟავას. მჟავა კიდევ როგორც მოქმედებს კუჭის ლორწოვანზე, ეგ უკვე ვიცით. იმავე მიზეზით, ამ წამლის (და სხვა ამგვარი წამლების) მიღება არ შეიძლება მშიერ კუჭზე. სჯობს დალიოთ ჭამის შემდეგ და დიდი რაოდენობით წყალი მიაყოლოთ. შუშხუნა აბების გამოყენება კიდევ უკეთესია. რადგან კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებაზე, ანუ მომატებულ მჟავიანობაზე  ვისაუბრეთ, ისიც ვთქვათ, რომ ანტოციდური ტიპის პრეპარატები, ე.წ. კუჭის წვის პროცესს აქრობს. ასეთი პრეპარატები ალუმინის (III) ჰიდრქსიდს შეიცავს. კუჭის წვენში კი მარილმჟავაა.  მიხვდით ალბათ, რომ კუჭში ნეიტრალიზაციის რეაქცია წარიმართება. 

Al(OH)3+HCl=AlCl3+H2O

ეს ოხერი ტკივილი ყველასთვის ნაცნობია. ახლა წარმოიდგინეთ შუა საუკუნეებში და თუნდაც მანამდე ადამიანს კბილს რომ უღებდნენ, რა ტკივილის გადატანა უწევდა. ჰოდა, ფარმაცევტების ერთ-ერთ პირველ ამოცანად ტკივილგამაყუჩებლების მიგნება გახდა. პირველი ამგვარი ტიპის ნივთიერებები მცენარეებისგან გამოყვეს და მათ ალკალოიდები უწოდეს. ამავე დროს, დაასკვნეს, რომ თითოეული მათგანის დაბოლოება „ინ”-ით უნდა დასრულებულიყო. ერთ-ერთი ასეთი მალარიის საწინააღმდეგო ქინინი იყო, რომელიც ამერიკელმა უილიამ დერინგმა სინთეზურად მიიღო. თუმცა მაშინდელი ექიმები ტკივილგამაყუჩებლებს ქირურგიული ოპერაციის დროს არ იყენებდნენ. უფრო მეტიც, ტკივილი ოპერაციის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტიც კი იყო. სანამ ქირურგები პაციენტებს აკივლებდნენ, ქიმიკოსები გაზებით დაინტერესდნენ. ერთ-ერთი გაზი ამონიუმის ნიტრატის გაცხელებით გამოიყოფოდა. ფიქრობდნენ, რომ ეს გაზი მომწამლავი იყო. თუმცა ახალგაზრდა ქიმიკოსმა ჰამფრი დევიმ მისი მიღება და ჩასუნთქვაც კი გადაწყვიტა. შემდეგ, დღიურში ჩაწერა, რომ მოითენთა და ძილი მოუნდა, მაგრამ კი არ დაიძინა, გაზის ჩასუნთქვა განაგრძო და კინაღამ ცეკვა მომინდაო, დაწერა შემდეგ დღიურში. დიახ, მან მამხიარულებელი გაზი ჩაისუნთქა (გახსოვთ, რომელია ეს გაზი?). შემდეგ, დევიმ ისიც დაწერა, რომ ეს გაზი თითქოს ტკივილის გადატანაში გვეხმარებოდა. მან თავისი აღმოჩენა გამოაქვეყნა, თუმცა მეტი ამ მიმართულებით აღარაფერი გაუკეთებია. ქირურგები პაციენტებს კვლავ აკივლებდნენ, მამხიარულებელ გაზს კიდევ სტუმრად შეკრებილი ახალგაზრდები გასართობად იყენებდნენ. ერთ-ერთ ასეთ სტუმრიანობის დროს ახალგაზრდა კბილის ექიმი ჰორეს ველსი გაზს გაეცნო. შემდეგ ჯერ თავის თავზე, შემდეგ პაციენტებზე გამოსცადა და დაასკვნა, რომ კბილის ამოღება უმტკივნეულოდ შეიძლებოდა. ეს შესანიშნავი ამბავი ქირურგიის მამებსაც ამცნო. 1845 წელს ველსი და მისი მეგობარი მორტონი მედიცინის ქურუმების წინაშე წარსდგენენ. იქვე ვიღაც კბილატკიებულს გაზი ჩაასუნთქეს და ამოღებას შეუდგნენ. არ ვიცი, ამათ მოქაჩეს ცოტა უხეშად, ინ იმ პაციენტმა ინერვიულა, წამოიკივლა ოდნავ. დარბაზში ეს თაღლითობად ჩათვალეს და ჩვენი კბილის ექიმი მეგობრიანად იქიდან გააძევეს. სხვათა შორის, ამ ფაქტმა ველსზე ისე იმოქმედა, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აი, მორტონმა (მისმა მეგობარმა) კი  სპირტი შეურია გოგირდმჟავას და აქროლადი სითხე მიიღო, რასაც მაშინ „ტკბილი ზეთი” უწოდეს (დიეთილეთერი). სინამდვილეში, ეს ეთერი იყო. ექსპერიმენტი საკუთარ თავზე ჩაატარა. რამდენიმე წვეთი ცხვირსახოცზე დააწვეთა და სახეზე დაიფარა. გონის დაკარგვის შემდეგ, ცნობიერება მალევე დაუბრუნდა, მაგრამ განძრევა ვერ შეძლო. ორგანიზმმა ფუნქციები იოლად აღიდგინა და მორტონმა ის რამდენიმე პაციენტზეც გამოსცადა. მოგვიანებით მას კიდევ ერთხელ მისცეს შანსი, თავისი აღმოჩენა სახალხოდ წარედგინა. 1846 წლის 18 სექტემბერს მედიცინის მამები კვლავ შეიკრიბნენ და… ოპერაციის ჩატარება ძალიან სკეპტიკურად განწყობილ ქირურგს ანდეს. პაციენტი ვიღაც ახალგაზრდა იყო, კისერზე უზარმაზარი სიმსივნური წარმონაქმნით. საბრალო სკამზე ქამრებით დააბეს. მორტონმა ეთერის ინჰალატორი მოიტანა. პაციენტს ჩაასუნთქა და როდესაც მან თქვა, რომ დაახლოებით ალკოჰოლური თრობის მსგავსი რამ იგრძნო, ქირურგს ანიშნა დაიწყეო. ოპერაციამ დიდხანს გასტანა, პაციენტი დუმდა  და ბოლოს აღიარა, რომ ოდნავი ჩხაპნის  მეტი არაფერი უგრძვნია. ეს ქირურგიაში გადატრიალება იყო – ოპერაცია ტკივილის გარეშე. მოვლენას ანესთეზია უწოდეს.

მეცხრამეტე საუკუნეში ფიზიკურ ტკივილს გაუმკლავდნენ. 21-ე საუკუნეში შურით, ბოღმით, სიტყვით მიყენებულ ტკივილს ჯერაც ვერაფერს უხერხებენ. პოეტი წერდა, როგორც კი რამის მიღწევას მოვინდომებო:

„ტყვია იწივლებს შურისა,
მთლად მიმისხვერევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება,
არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა,
თეთრი სეტერი ქრის…
მე მაინც უნდა ავფრინდე,
ავფრინდები და…. „(მორის ფოცხიშვილი)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი