ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მე მქვია არფა (ნაწილი I)

საინტერესო მეტაფორა იქნება, თუ სამყაროს გიგანტურ არფად (სიმების სიმფონიად) წარმოვიდგენთ, ხოლო ცნობიერებას (ღმერთს) – არფაზე შემსრულებლად (სიმების გამომკვრელად).

 
მუსიკალურ სკოლაში შემსვლელ ბავშვებს ლამაზი და უცხო საკრავი მოსწონთ და აინტერესებთ კიდეც. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასწავლებელი საკრავზე რომელიმე ნაცნობ მელოდიას ასრულებს. ამ დროს ბავშვი ბედნიერია და მზადაა, ისწავლოს, მაგრამ სწორედ აქ იწყება მთავარი სირთულე. მასწავლებლებმა ვიცით, რომ ბავშვი, რა ნიჭიერიც უნდა იყოს, საკრავზე პირველივე გაკვეთილიდან ვერ დაუკრავს. მაგალითად, როიალზე ნაცნობი მელოდიის ერთი თითით გარჩევა კიდევ შესაძლებელია, მაგრამ არფაზე, სადაც სიმის სიმაღლის ცვალებადობა პედალის საშუალებით მიიღწევა, აუცილებელია ხანგრძლივი სწავლა.

როგორ მოვიქცეთ, რომ სწავლა-სწავლების პროცესი მოსაწყენი არ გახდეს, რომ აუცილებელი ჩვევების ათვისება ბავშვისთვის მუდამ საინტერესო იყოს?

ყველამ ვიცით, რომ ბავშვს ყურადღება ადვილად ეფანტება, ამიტომ მეცადინეობა მხიარული განწყობის ფონზე პატარა ისტორიების თხრობით განვტვირთოთ:

მაგალითად, „ვესაუბროთ” არფას:

– რა გქვია, უკვე ვიცით. ახლა შენს წარმომავლობაზეც გვიამბე, არფა… სულ, სულ ყველაფერზე, რა.
– ჩემი წარმოშობის შესახებ მუდამ უამრავი მოსაზრება არსებობდა. მაგალითად, უძველეს დროში ერთი განსწავლული ბერი წერდა, რომ ღმერთმა მერკურიმ შემქმნა. ზოგს ეგონა, რომ ხალხს ჩემი თავი ზევსის ძემ ამფიონმა აჩუქა, ზოგიც ამბობდა, არფა ეგვიპტის ღმერთის ტოტის საკრავიაო… ალბათ იცით, რომ ძველი ეგვიპტელები იეროგლიფებით წერდნენ. ყოველი იეროგლიფი სიტყვის შინაარსს გამოხატავდა. როდესაც მათ სიტყვა „მშვენიერების” დაწერა სურდათ, წარმოდგინე, ჩემს პორტრეტს ხატავდნენ.
– ესე იგი ეგვიპტელი ხარ?

– რატომ მხოლოდ ეგვიპტელი? ჩათვალე, რომ წარმოშობით ჩინელიც ვარ, ჩრდილოეთ- და სამხრეთამერიკელიც, ევროპელიც, შუააზიელიც… არსებობდა კი უძველესი ხალხი, რომელიც მე არ მიცნობდა?!

– მაგრამ მაინც, შენ ხომ ვიღაც პირველმა შეგქმნა?

– ვინაიდან ასე დაბეჯითებით მთხოვ პასუხს, გეტყვი. მე კაცობრიობის ცივილიზაციის გარიჟრაჟზე დავიბადე. პირველყოფილმა მონადირემ ისარი რომ გატყორცნა, მოესმა, რა ნაზად და მელოდიურად „წაიმღერა” მშვილდის ლარმა. მან ხელმეორედ გამოჰკრა ლარს თითი, შთაბეჭდილება გადაამოწმა და ხმოვანება კიდევ უფრო მოეწონა. მონადირემ გადაწყვიტა, ლარის რკალზე სელის მეორე გრეხილი ძაფიც გაეჭიმა. მერე ერთიც დაამატა და სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი მიიღო… დიახ, სადაც ბევრი სიმია, მეც იქ ვარ.

– ასაკზე რას გვეტყვი?

– 5 000 წლის ვიქნები, შესაძლოა, 10 000-ის ან 20 000-ისაც… ალბათ იმდენის, რამდენისაც მუსიკა. სადაც მუსიკაა, მეც, არფაც, იქვე ვიგულისხმები.
სოლიდური ასაკის მიუხედავად, ჩემი აზრით, მშვენივრად გამოიყურება, მეფურად, როგორც გიგანტური პეპლის ფრთა: ქვევით – ოქროსფრად მბრწყინავი პედალით, ზევით კი პატარა მოჩუქურთმებული გვირგვინით და 46 სიმისგან შემდგარი უფაქიზესი მოსასხამით… მაგრამ, ვფიქრობ, თხრობა მაინც სულ, სულ თავიდან უნდა დავიწყო.
ძველეგვიპტური ცივილიზაციის აყვავებას უწყვეტი კავშირი აქვს მუსიკის, თეატრისა და პოეზიის განვითარებასთან. ეგვიპტელთა ყოფაში მუსიკისა და ცეკვის უდიდეს როლზე ფრესკებზე ასახული ფრაგმენტები მიგვანიშნებს – მუსიკოსები არფით, ბარბითით, ფლეიტითა თუ დაირით ხელში. არფის გარეშე არ იმართებოდა არც ერთი სახალხო დღესასწაული, სალაშქროდ წასვლა, სამგლოვიარო პროცესია… ტაძრებში უპირატესობა გუნდურ და სოლო სიმღერას ენიჭებოდა, ხოლო სასახლის კარზე – ინსტრუმენტულ მუსიკას. სრულდებოდა სახოტბო ჰიმნები და მწუხარე საგალობლები. უძველესი კულტურა რელიგიას ემსახურებოდა. თეატრალური წარმოდგენები უმთავრესად ღმერთების ცხოვრებას ეძღვნებოდა. მისტერიებში ბუნების ძალებისა და საიქიოს შემოქმედის – ოსირისის სიკვდილისა და აღდგომის შესახებ იყო მოთხრობილი.

 
უძველესი მუსიკალური საკრავების ნიმუშები წარმოდგენილია კაიროს, ლუვრისა და ბრიტანულ მუზეუმებში. მუსიკა წმინდა საღვთო ხელოვნებათა რიცხვში შედიოდა. არავითარი სახეობა „სანოტო” დამწერლობისა არ არსებობდა, ასწავლიდნენ უშუალოდ მასწავლებლები.

უძველესი ადამიანიც კი განსაკუთრებულად გრძნობდა მუსიკის დადებით გავლენას სულიერებაზე. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ტაძრებში მუსიკოსები ხშირად ხელოვნების ქურუმებად მსახურებდნენ. რომელიმე საკრავის ფლობა ღვთაებრივ ნიჭად მიიჩნეოდა. ამრიგად, მუსიკა როგორც პროფესიული ხელოვნება უძველეს დროშივე ჩამოყალიბდა.

არფა უყვარდათ ებრაელებსაც. მეფე დავითის სახით მათ არფაზე საუკეთესო შემსრულებელი-მგოსანი ჰყავდათ. ბიბლიური გადმოცემით, უკურნებელი სენით შეპყრობილ მეფე საულს მუსიკის მოსმენით მკურნალობა ურჩიეს. უხმეს მწყემს დავითს. მან არფაზე დაკვრით უწამლოდ მოარჩინა საული. მოგვიანებით დავითი თავად გახდა მეფე. ის მეფობის დროსაც განაგრძობდა არფაზე დაკვრას, ფსალმუნების თხზვას, ასევე – მუსიკისა და პოეზიის მფარველობას. დავითი ფსალმუნებს არფის აკომპანემენტის თანხლებით მღეროდა, ამიტომ ეს ორი სახე, დავითი და არფა, ერთმანეთისგან სამუდამოდ განუყოფელი გახდა.

არფა ძველ საბერძნეთშიც სიყვარულით სარგებლობდა. მუსიკის მოყვარული ფილოსოფოსები, მგოსნები და სახელმწიფო მოღვაწენი თავიანთ უდიდეს ღირსებად მიიჩნევდნენ არფაზე, ლირასა თუ კითარაზე დაკვრას. მოაზროვნეებს მიაჩნდათ, რომ მუსიკა ღვთიური წარმოშობისა იყო, ღმერთების ენა, და მხოლოდ რჩეულს შეეძლო მუსიკის შექმნა და შესრულება.

ალბათ ვიცით, რომ ბერძენი პითაგორა სამოსელი მხოლოდ მათემატიკოსი და ფილოსოფოსი კი არა, არამედ მუსიკის თეორეტიკოსიც იყო. მან პირველმა მიუთითა მუსიკასა და რიცხვებს შორის კავშირზე, მათემატიკურად დაასაბუთა მუსიკალური ინტერვალები. ყველაზე ზუსტი მეცნიერების, მათემატიკის, საშუალებით პითაგორა ასაბუთებდა, რომ ინტერვალი, რომელიც სივრცეში პლანეტებს შორის არსებობს, იგივეა, რაც მუსიკალური ბგერის სიმაღლის სკალა. ყოველი ციური სხეული განსაზღვრული მანძილის გავლისას ბგერას ბადებს. ეს ნიშნავს, რომ სამყაროში პლანეტებს საკუთარი მუსიკალური ხმა აქვთ. როდესაც პლანეტებს შორის მანძილი იზრდება და მათი ბრუნვა ჩქარდება, ბგერაც მაღლდება.

ფილოსოფოსი „სფეროთა მუსიკის” იდეამ გაიტაცა. იგი ცდილობდა, ჰარმონიული და დისჰარმონიული ბგერები პლანეტებთან დაეკავშირებინა. მისმა „სფეროთა მუსიკის” კონცეფციამ ცას მიაღწია. სფეროსებრი მოწყობის საზრისზე დაყრდნობით პირველმა მანვე უწოდა სამყაროს კოსმოსი. გადმოცემით, „სფეროთა მუსიკა” მხოლოდ პითაგორას ესმოდა – თითქოს დიდი ფილოსოფოსი „სფეროთა მუსიკის” „პოვნა-დაჭერის” საკვირველ უნარს ფლობდა (ესმოდა, როგორ მოძრაობდნენ პლანეტები საკუთარ ორბიტებზე). დიახ, „სფეროთა მუსიკა” სწავლებაა პლანეტების მუსიკალურ ჟღერადობაზე. ვარაუდობენ, რომ „სფეროთა მუსიკის” შესრულება მხოლოდ არფაზეა შესაძლებელი.

პითაგორა სამყაროს განიხილავდა როგორც გრანდიოზულ ერთხმიან მონოქორდს, რომლის სიმი ცასა და მიწას შორის იყო გაჭიმული, ერთი ბოლო სულის აბსოლუტთან (ცასთან) ჰქონდა, ხოლო მეორე – მატერიის აბსოლუტთან (მიწასთან). მისი ფილოსოფიის მიხედვით, არფა სამყაროს ჰარმონიის სიმბოლოა – ცასა და მიწას შორის გადებული მისტიკური ბგერითი კიბე. ის ანგელოზების საკრავია, რომელიც თავისი ხმოვანებით სულსა და სხეულს, მეცნიერებასა და ხელოვნებას აერთებს.

პითაგორას მიაჩნდა, რომ არფის საიდუმლოს სიმბოლო ადამიანის კონსტიტუციაშია. მისტერიებიც გვამცნობს, რომ არფას ადამიანის სხეულის ფორმა აქვს, სიმები ნერვებია, მუსიკა – სული. როცა „ნერვებზე” უკრავენ, სული ჰარმონიას ქმნის. თუ უძველესი ხალხი რელიგიური ცერემონიებისთვის ვოკალურ და ინსტრუმენტულ მუსიკას იყენებდა როგორც დრამისა და პოეზიის დამატებას, პითაგორამ მათემატიკური საფუძვლების დემონსტრირებით ხელოვნება ჭეშმარიტად ღირსეულ საფეხურზე აიყვანა. მან მრავალი წელი გაატარა ჰარმონიისა და დისჰარმონიის (კონსონანსთა და დისონანსთა) კანონებზე ფიქრში. მუსიკალური ჰარმონიის ძიებით დაინტერესებულს, სჯეროდა, რომ მუსიკა აუცილებელია სულის განწმენდისა და სხეულის განკურნებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი