შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

თიხა მღერის

– გესმის, როგორა ჟღერს? მღერის, ბიჭო, თიხა მღერის.

დიდ თასს ვიღებ და თითით ოდნავ უბიძგებ. თიხა ხმას მაძლევს, გამოქვაბული კიდევ – ექოს.

– გესმით, როგორ ჟღერს? მღერის, თიხა მღერის, – ახლა უკვე მე ვიმეორებ მექოთნე საჩინოს, „საბუდარელი ჭაბუკის” პერსონაჟის გოგიტა კვერნაძის მამის სიტყვებს.

ჰო, დამავიწყდა მეთქვა – საჩინო ამას საბუდარაში, თავის ეზოში ამბობდა, ფილმის დასასრულს, როცა, სოფლის უკანასკნელი მექოთნე, ქუთაისში გადადიოდა საცხოვრებლად. მე კი კაპადოკიაში ვარ, „ულამაზესი ცხენების მიწაზე”. ოღონდ, სიმართლე გითხრათ, ულამაზესი ცხენები მე იქ არ მინახავს. ან კარგად ვერ ვეძებდი, ან თავად ისინი იმალებოდნენ. სამაგიეროდ, აქლემები ვნახე საკმაოდ თვითკმაყოფილი გამომეტყველებით. დრუნჩებზე ეწერათ, ჰო, რა იყო, რას მიყურებ, გადაუხადე პატრონს ფული და ჯანდაბას, შეგისვამ ზურგზეო. კიდევ ვნახე ბევრი, ძალიან ბევრი ბროწეული, ვნახე საჰაერო ბუშტები, კლდეში გამოკვეთილი ძველი მართლმადიდებლური ეკლესიები და საოცარი საღებავებით დაწერილი ხატები.

თუმცა ახლა, დიახ, სწორედ ახლა, როცა ხელში თასი მიჭირავს და თითებს ვუწკაპუნებ, გამოქვაბულში ვარ, ექიმ ჰალიფას თიხის სახელოსნოში. გოგიტა კვერნაძის მამის, საჩინოსი არ იყოს, ესეც მექოთნეების შთამომავალი ყოფილა, თუმცა ყმაწვილკაცობაში პროფესია დაუწუნებია და პარიზში მედიცინის დასაუფლებლად წასულა. აუღია კიდეც ექიმის დიპლომი, ერთხანს საფრანგეთშიც უმუშავია და ბოლოს უფიქრია, ცუდ ექიმობას კარგი მექოთნეობა სჯობიაო. კაპადოკიაში დაბრუნებულა და გოგიტასავით უთქვამს, თიხაში ყარამანი ვარო. ჰოდა, ორი საამქრო და ორი მაღაზია გაუხსნია. ორივე – გამოქვაბულში. ერთი მაღაზია პარიზშიც აქვს. მისი ხელმძღვანელობით შექმნილ ნახელავს კი მთელ თურქეთში ნახავთ.

თიხა თუ მღერის, ფასები იკბინება, თუმცა ნახელავის ტრანსპორტირებაც არ იქნება ადვილი. გამოქვაბულის ტალანები ერთმანეთში გადადის და ულამაზესი სანახაობა იშლება თვალწინ. ყოველ ნაბიჯზეა სხვადასხვა ზომის, სხვადახვანაირად მოხატული დასადგამი კაბები. ეს სულთნების კაბებია. ასეთივე, ოღონდ ნაჭრის სამოსი ტოპკაფის სასახლეში ვნახე და ზომებმა გამაოგნა. წარმომიდგენია, მფლობელი რამხელა უნდა ყოფილიყო. თუმცა, როცა მათ ტახტრევნებსა და სამზარეულო აღჭურვილობას შევავლე თვალი, აღარაფერი გამკვირვებია.

ჰალიფას მეორე მაღაზია აქედან დაახლოებით საათ-ნახევრის სავალზეა. ისიც გამოქვაბულშია, მაგრამ რამდენიმესართულიანი და ერთი დარბაზი თურმე მუშტარი ქალბატონების კულულებს ეთმობა. ეს ამბავი ასე დაწყებულა: ერთი კეკლუცი ფრანგი ტურისტი შესულა, რაღაცები უყიდია, ფული გადაუხდია და მეპატრონისთვის თავისი კულული უსახსოვრებია. ესეც, ჯენტლმენი, უკანვე ხომ არ ესროდა, რად მინდა, ქალო, შენი თმაო, – მადლობა გადაუხდია, წითელი ბაფთა შეუბამს და კედელზე მიუმაგრებია იმ ქალბატონის მისამართსა და ტელეფონთან ერთად. ქალებს წამხედურობა გვჩვევია, ჰოდა, სხვა მუშტრებსაც მიუბაძავთ. დღეს ის დარბაზი ქალის კულულებით არის სავსე. რას იყიდი, მნიშვნელობა არ აქვს, – შეგიძლია, პატარა კულული მოიჭრა და ბაფთით კედელზე მიამაგრებენ შენსავე მისამართთან ერთად. ამ რიტუალს ყველა სიამოვნებით ასრულებს და იცით, რატომ? წელიწადში ორჯერ, ივნისსა და სექტემბერში, ლატარია იმართება: პირველ მყიდველს ათი კულულის ამორჩევას სთხოვენ და მათი პატრონები მათთვის მოხერხებულ დროს ათ დაუვიწყარ დღეს ატარებენ კაპადოკიაში. ხარჯს მექოთნე ჰალიფა ანაზღაურებს. სამწუხაროა, რომ იმ მაღაზიაში ვერ მოვხვდი, თორემ ცოტა თმას მეც სიამოვნებით მოვიჭრიდი. არა მგონია, რამე მომეგო, მაგრამ მერე რა, სადაც სხვების თმაა, იქ ჩემიც ყოფილიყო, ვარდისფერ ბაფთამობმული (დამავიწყდა მეთქვა, რომ ქერა თმას წითელი ბაფთა ერგება, დანარჩენებს კი ვარდისფერი).

თავად ჰალიფა თავისი ნახელავი თიხის სიმღერას სპეციალურ მინარევს აბრალებს და ეს, ბუნებრივია, მისი საოჯახო საიდუმლოა. საერთოდ კი, თიხის ძირითადი შემადგენლობაა SiO2 (30-70%), А12О3 (10-40%) და Н2О (5-10%). მცირე რაოდენობით შეიცავს მინარევებს – Fe2O3, FeO, TiO2, CaO, MgO, K2O, Na2O, CO2. თითქმის ყოველგვარი შემადგენლობის თიხა წყალთან პლასტიკურ და წელვად მასას წარმოქმნის, რომელიც გაშრობის შემდეგ მიცემულ ფორმას ინარჩუნებს, გამოწვისას კი ქვასავით მაგარი ხდება.

თიხა ასევე შეიძლება შეიცავდეს კაოლინიტს (2Al2O3·2SiO2·2H2O); ანდალუზიტს (Al2O3·SiO2); გალუაზიტს (Al2O3·SiO2·H2O); ჰიდრარგილიტს (Al2O3·3H2O); კორუნდს (Al2O3); მონოტერმიტს (0,2[K2MgCa]0·Al2O3·2SiO2·1,5H2O); პიროფილიტს (Al2O3·4SiO2·H2O).

კაოლინიტი მთავარი კომპონენტია. ეს სიტყვა ჩინეთის მთიანი რაიონის კაოლინგის სახელწოდებისგან წარმოიშვა. კაოლინიტის კრისტალის სტრუქტურას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ის სილიციუმის ოქსიდისგან შედგება – სილიციუმის ატომი ჟანგბადის ოთხი ატომითაა გარშემორტყმული და ტეტრაედრს ქმნის. იმავე სტრუქტურაში ალუმინის ოქსიდიც არის, ანუ ჟანგბადის ექვსი ატომით გარშემორტყმული ალუმინის ატომი, რომელსაც ოქტაედრის სახე აქვს. ოქტაედრებისა და ტეტრაედრების ფენები ერთმანეთზეა განლაგებული. თუ კაოლინიტის კრისტალებს ელექტრონულ მიკროსკოპში დავათვალიერებთ, იოლად დავინახავთ ფენებად ჩალაგებულ ბრტყელ ექვსკუთხედებს. ამ ფენებს შორის კავშირი ძლიერი არ არის, ამიტომ მათ ერთმანეთის მიმართ გადანაცვლება შეუძლიათ. ამიტომაა, რომ თიხა წელვადია, კარგად იზილება და მისგან ათასი რამის გამოძერწვა შეიძლება.

თიხის ნაკეთობებს 920-980 გრადუსამდე ტემპერატურაზე, მუფელის ღუმელში გამოწვავენ, რომ სიმტკიცე შეიძინოს, მერე კი ნელ-ნელა აცივებენ. გამოწვის დროს თიხაში ქიმიური და ფიზიკური პროცესები მიმდინარეობს, რის შედეგადაც ის იცვლის თვისებებსა და ფერს. გამომწვარ ნაკეთობას მინანქრით ფარავენ. უწინარესად – სილამაზისთვის, თუმცა ამას სხვა დანიშნულებაც აქვს. საქმე ის არის, რომ გამომწვარ თიხაში ფორები რჩება, მინანქრის ფენა კი ფორებს ამოავსებს და ჭურჭელს ჰერმერტულს ხდის.

წინათ მინანქრის დასამზადებლად კვარცს იყენებდნენ – მანამდე აქუცმაცებდნენ, სანამ წმინდა ფხვნილს არ მიიღებდნენ, მერე წყალში ხსნიდნენ და თხლად უსვამდნენ ნაკეთობას. მეორედ გამოწვა აუცილებელი იყო. კვარცი სილიციუმის ოქსიდია. სხვადასხვა ფერს კი მინანქარს მეტალის იონები ანიჭებს. მაგალითად, კობალტი ლურჯად ღებავს, სპილენძი – მწვანედ, რკინა – წითლად ან ყავისფრად.

თიხის რამდენიმე ნაირსახეობაა ცნობილი და თითოეულ მათგანს სხვადასხვანაირად იყენებენ. არსებობს მსუბუქი და მძიმე თიხა. ის გამოიყენება როგორც ქაღალდისა და ცელულოზის, ისე ფაიფურის წარმოებაშიც. მნიშვნელობით მეორე ადგილს იკავებს სამშენებლო თიხა. სწორედ მისგან მზადდება ე.წ. ცეცხლგამძლე აგური. საპატიო მესამე ადგილზეა ბენტონიტი. ფიქრობენ, რომ ის ვულკანური წარმოშობის ფერფლის ქიმიური გარდაქმნის პროდუქტია. ამ ტიპის თიხა ჭაბურღილების გათხრის დროს გამოიყენება. კიდევ ერთი სახეობის თიხას ნავთობ პროდუქტების გასასუფთავებლად იყენებენ. ამავე თიხისგან დამზადებული ფილტრებით მინერალურ ზეთებს ფილტრავენ.
ჭურჭელს კი კერამიკისთვის განკუთვნილი თიხისგან ამზადებენ.

ბუნებაში უმთავრესად გავრცელებულია წითელი, თეთრი (კაოლინი), კერამიკის და ცეცხლგამძლე თიხა.

ზოგიერთი მინარევი თიხას აბინძურებს. ასეთებია: თაბაშირი (CaSO4·2H2O), კალციტი (CaO·CO2), დოლომიტი (MgO·CaO·2CO2), გლაუკონიტი (K2O·Fe2O3·4SiO2·10H2O), ლიმონიტი (Fe2O3·3H2O), მაგნეტიტი (FeO·Fe2O3), პირიტი (FeS2), სიდერიტი (FeO·CO2).
– ერთი, ორი, სამი, ოთხი… კი მაგრამ, საქპატენტი სად არის?!

ასე მუსტაფა გვთვლის ავტობუსში. მუსტაფა ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის წარმომადგენელია. ჩვენ, მთელი ერთი ავტობუსი, მათ მიერ ყოველწლიურად ორგანიზებული ნორჩ გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის ჟიური, ახლა კაპადოკიაში ვართ, თუმცა გეზი უკვე კაიზერის აეროპორტისკენ გვიჭირავს. რაკი მუსტაფას ვყავართ ჩაბარებული, ავტობუსში ყოველი ამოსვლისას დაუღალავად გვთვლის. საქპატენტიდან ორი წარმომადგენელი გვყავს. თუ ვინმე არ იგვიანებს, სწორედ ისინი არიან, მაგრამ მუსტაფა მაინც მათ მოიკითხავს ხოლმე. ან, როგორც ცხოვრებაში ხდება, პუნქტუალური ხალხისგან უფრო მეტს მოითხოვენ, ან უბრალოდ სიტყვა „საქპატენტის” წარმოთქმა მოსწონს. დამავიწყდა მეთქვა, რომ მუსტაფა მშვენივრად ლაპარაკობს ქართულად. აქა-იქ ოდნავ თავისებურად გადააკეთებს ხოლმე, მაგრამ ამისთანა თურქულით ლაპარაკზე სიამოვნებით დავთანხმდებოდი.

საქპატენტიის ბიჭებს კეთილად ეღიმებათ და სიღრმიდან ხელს უქნევენ, აქ ვართ, აქო.

– თამამ! (ანუ ძალიან კარგიო) – გადახედავს მძღოლს და ავტობუსიც სიჩქარის აკრეფას იწყებს.

ზღაპარი, სახელად კაპადოკია, უკან რჩება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი