პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

უკვდავი ნაგავი

საუდის არაბეთში ერთი შეიხი ცხოვრობდა, ძალიან მდიდარი იყო. როგორც შეიხს და თან, როგორც მდიდარს შეეფერებოდა, ოქროთი მოვარაყებულ სასახლეში განცხრომას იყო მიცემული. ცოლი რამდენი ჰყავდა არ ვიცი. ან ერთი ეყოლებოდა ან ოდნავ მეტი. თუმცა, რამდენიც არ უნდა ჰყოლოდა, ალბათ ყველას ფუფუნებასა და უსაქმურობაში ამყოფებდა, მდიდარი და უდარდელი იყო და იმიტომ. 

თუმცა, ერთი დღე ოდნავ სხვანაირი გათენდა. არა, დილა ჩვეულებრივ დაიწყო. შუადღეც სრულიად ჩვეულებრივ ფუფუნებასა და არაფრის კეთებაში მიილია. მზე ოდნავ გადავიდა და შეიხის სასახლეს უცნაური გრუხუნით ჩამოვარდნილი  ობიექტი დაეცა თავზე. მადლობა ღმერთს, ყველანი გადარჩნენ. თვით შეიხი, ცოლი (თუ ცოლები) და მისი კატაც კი. ერთი ეგ არის, სასახლის რაღაც ნაწილი ჩამოინგრა. ეგ რა ბედენა იყო, უცბად აღადგენდნენ, მაგრამ პირველი ელდის გავლის შემდეგ, ეწყინა კაცს, ვინ მომიწყოო, იკითხა. ან, რა არაკაცობაა, ასე  გაუფრთხილებლად, პირდაპირ ზეციდან თავზე დასხმა. თუ რამე გინდა, მოდი და მითხარი. არგუმენტები წამომიყენე, მე ჩემსას გეტყვი და ვიკამათოთ ასე ტკბილად დილამდე. თორემ რაღაცა საგნების სროლა ყველას შეუძლია.

მერე ვიღაცამ თქვა, ის რაც ჩამოვარდა, აგერ გადანგრეული შადრევნის გვერდზე გდიაო. ჰოდა, სანახავად  ჩუმად და ფეხაკრეფით წავიდნენ. წინ შეიხი მიდიოდა, უკან მორჩილი ცოლი (თუ ცოლები) და თუ ფიქრობთ, იმათ კვალში კატა ედგა, ნურას უკაცრავად. კატა შეიხის მკლავებში იყო. არა, კატები კი არ უყვარდა, წნევა აწუხებდა ოდნავ.

ჩამოვარდნილ ობიექტს ვერაფერი გაუგეს. რაღაც რკინის დიდი ნაგლეჯი შერჩათ ხელში. თუმცა, ძალიან მალე ნასადან კომისია ეწვიათ და ჩამოვარდნილი ნაგლეჯის მათთვის გადაცემა მოითხოვა. მშვიდობაში მოიხმარეთო, მიაძახა შეიხმა და გადაწყვიტა ეს პატარა ინციდენტი მალევე დაევიწყებინა.

სინამდვილეში ეს, ე.წ. რკინის ნაგლეჯი რკინის სულაც არ იყო. გამოყენებული ხელოვნური თანამგზავრის კორპუსის ნაწილი გახლდათ, რომელიც სხვა დანარჩენი კოსმოსური ნაგვის მსგავსად დედამიწის გარშემო დახეტიალობდა. ერთ დღესაც ატმოსფერო გაარღვია და მაინცდამაინც ამ ჩვენი შეიხის სასახლეს დაეცა თავზე. თუმცა სამიზნე მაინც კარგად აირჩია. საქმე მშვიდობით დამთავრდა, დანგრეულიც მალევე აღდგა. აბა, წარმოიდგინეთ, ვინმე ღარიბის სახლს რომ დასცემოდა…

ახლა მოდით იმასაც დავწერ, რომ კოსმოსური ნაგვის პრობლემა მართლაც დიდია. ჩვენი პლანეტის გარშემო ათასობით გამოყენებული თანამგზავრების, ანტენების, რაკეტების ნაწილი დაეხეტება. ზოგიერთი მათგანი ატმოსფეროს არღვევს და პლანეტის სხვადასხვა ადგილას ენარცხება. ნასა მათ აგროვებს და აანალიზებს. აინტერესებთ, რა ტიპის შემადგენლობის დეტალებს აქვთ ატმოსფეროს გარღვევის უნარი. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რა ტიპის შემადგენლობის ნაწილები ბრუნდებიან  მიწაზე უფრო ხშირად.

აღმოჩნდა, რომ უკან დაბრუნებულ ყველა დეტალში შედის ტიტანი. არა, მე არც  სატურნის თანამგზავრ ტიტანზე ვსაუბრობ და არც გოლიათებზე ბერძნული მითოლოგიიდან. ელემენტია ასეთი, მეტალია და ტიტანი ქვია. 

მსუბუქი, მოვერცხლისფრო-თეთრი მეტალი გახლავთ. რკინაზე ორჯერ მსუბუქია, მაგრამ სიმაგრეში სულაც არ უდებს მას ტოლს. 200 წელია, რაც ცნობილი გახდა. უცნობი მეტალის ოქსიდი ფაქტობრივად ერთდროულად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს ინგლისელმა გრეგორმა და  გერმანელმა კლაპროტმა.  1795 წელს  მარტინ ჰენრიხ კლაპროტმა  ახალ მეტალს ტიტანი უწოდა. თუმცა მისი მეტალური, დამოუკიდებელი სახით მიღება მხოლოდ 1825 წელს  ბერცელიუსმა  შეძლო. მეცხრამეტე საუკუნის ქიმიკოსები ტიტანს იშვიათ მეტალად მიიჩნევდნენ  და შესაბამისად ფიქრობდნენ, რომ აბსოლუტურად უსარგებლო იყო.  თუმცა მეოცე საუკუნეში ყველაფერი ამოყირავდა. აღმოჩნდა, რომ ის არც ისე იშვიათი იყო და ძალიან ბევრი მინერალის შემადგენლობაში შედიოდა. ახლა ტიტანი დედამიწის ქერქში გავრცელების მიხედვით, მეცხრე ადგილზეა. მის წინ განლაგებულ შესანიშნავ რვიანს შეგახსენებთ. პირველ ადგილზეა ჟანგბადი, მეორეზე – სილიციუმი, მესამეზე – ალუმინი, მეოთხეზე – რკინა, მეხუთეზე – კალციუმი,  მეექვსეზე – ნატრიუმი, მეშვიდეზე – მაგნიუმი, მერვეზე კი -კალიუმი. დედამიწის ქერქში ტიტანის მასური წილი 0,6%-ია და ეს ცოტა სულაც არ არის. ახლა მეტყვით, ეს არის ბევრიო? მაგრამ, თუ დავთვლით ერთად აღებულ მანგანუმის, ქრომის, თუთიის, სპილენძის, ვანადიუმის, ცირკონიუმის, ვოლფრამის, კობალტის, ნიკელის და მოლიბდენის რაოდენობას,  ტიტანი მაინც სამჯერ გადაწონის. ტიტანი მარცვლებში, ნაყოფში, ფოთლებშიც არის. ასევე, კვერცხში და რძეშიც. თუმცა, ცოცხალ ბუნებაში მისი რაოდენობა მილიგრამებით იზომება. მაგ. ადამიანის ორგანიზმში 20მგ ტიტანია.  გარდა ამისა, ექიმებმა დაადგინეს, რომ ტიტანი ჩვენი ორგანიზმისთვის უსაფრთხოა. ქიმიურად მდგრადია, უძლებს სიცივეს და მაღალ ტემპერატურას. მდგრადი და მსუბუქია. სწორედ ამიტომ, მას კოსმოსური საუკუნის მეტალი უწოდეს და მისგან თანამგზავრების და ანტენების ათასგვარი დეტალი დაამზადეს. თუმცა, ყოფაშიც გვხვდება, მაგ. დანებს ამზადებენ. თხილამურების ჯოხები ასევე ტიტანისგან მზადდება. კოროზია მედეგია, რადგან ალუმინის მსგავსად ჰაერზე იფარება ოქსიდის თხელი და მედეგი ფენით. სწორედ ეს ფენა იცავს მას შემდგომი დაჟანგვისგან. 

ბუნებაში უმეტესად, სწორედ ოქსიდის სახით გვხვდება TiO2. სწორედ ეს შემადგენლობა აქვთ მინერალებს – რუთინი, ბრუკიტი, ანატასი.  ამ მინერალების ფერი წითლიდან შავისკენ მერყეობს. აი, ქიმიურად სუფთა ტიტანის ოქსიდს კი თეთრი შეფერილობა აქვს.  სხვათა შორის, თუ სადმე საკვებზე წარწერას შეხვდებით E-171, იცოდეთ, რომ ეს ტიტანის უსაფრთხო ოქსიდია. 

კოსმოსური ნაგავი კიდევ მრავალი წელი იტრიალებს ჩვენს თავზე. ზოგიერთი მეცნიერი მას უკვდავ ნაგავსაც კი უწოდებს.  რადგან ნაგვის უკვდავებაზე ჩამოვარდა სიტყვა, პოლიეთილენიც უნდა ვახსენო. 

პოლიეთილენის მონომერი უჯერი ნახშირწყალბადი ეთილენია. არსებული უჯერი ბმების ხარჯზე, ეთილენის მოლეკულები გრძელ ჯაჭვად ერთიანდებიან.  პოლიეთილენი ძალიან მდგრადია. არ იხსნება, არც წყალში, არც აცეტონში, არც ბენზინში, არც სპირტში, არც ბენზოლში და საერთოდ არც ერთ ორგანულ გამხსნელში. ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, გარემოს დამაბინძურებელია და წლობით არ დაიშლება. 

ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნის ერთ საღამოს, ჰანს ფონ პეჰმანის ლაბორატორიაში დაიწყო. სინჯარაში რეაქციის თანაური უცნობი პროდუქტი აღმოაჩინა. ხელის გულზე დაიდო და აქეთ-იქით ბევრი ატრიალა. შემდეგ ადგა და გადააგდო, ისე რომ ვერც კი გაიგო, ეს მასალა მომავალში რამდენად შეუცვლელი იქნებოდა ჩვენი ყოველდღიურობისთვის.   

თუმცა ამ ამბიდან მხოლოდ 34 წლის შემდეგ პოლიეთილენი ხელახლა აღმოაჩინეს და მის შესაძლო გამოყენებაზეც დაფიქრდნენ.  პრაქტიკაში კი მისი ნაკეთობები 1933 წელს  ერიკ ფოსეტის ძალისხმევით გამოჩნდა.  თავდაპირველად, ის კაბელების, კოსმეტიკის ბოთლების და კოლოფების შემადგენლობაში გამოიყენებოდა და მხოლოდ 1950 წლიდან დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტებში გამოჩნდა პაკეტების სახით.

თუმცა დღეს ეს პაკეტები პლანეტა დედამიწის მტრად ითვლება, რადგან მის დაშლას წლები და წლები სჭირდება და გარემო პოლიეთილენის გროვებით საოცრად ბინძურდება.
 


 
პოლიეთილენის (ანუ ცელოფნის) ნაჭრები სინჯარაში მოვათავსოთ და გავაცხელოთ. შედეგად ეთილენი გამოიყოფა და მისი შეგროვება წყლის გამოძევების მეთოდით შეგვიძლია. აღსანიშნავია, რომ პოლიეთილენი ორმაგ ბმას არ შეიცავს და თვისებებით ნაჯერ ნახშირწყალბადებს ემსგავსება. 

წერილს სტატიის წერის პროცესში შეთხზული ჩემივე ლექსით დავასრულებ. 

არა, პოეტობის პრეტენზია კი არ გამიჩნდა… უბრალოდ, არ მიყვარს, როცა მიყენებენ:
ზეთის  ცარიელი ბოთლი ურნაში გადავაგდე,
ნაგავში იძირებოდა და უცებ შემეცოდა.
მალე იმ ნაგვის ურნას აუვა მყრალი ბოლი,
იქნებ დავფიქრდეთ წამით და შევიბრალოთ ბოთლი.
ასეა მუდამ ხალხშიც, გამოგვიყენებს ვიღაც
და ისე გვისვრის სადღაც, არ დაიშურებს წიხლსაც…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი