პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

Hello, Barbra! (ნაწილი I)

ბრუკლინის იაფფასიან, ჭუჭყიან და უჰაერო კლუბში გამოჩნდება გოგონა წვრილი გაღუნული ფეხებით, მუქი წითელი პარიკით, შემაშფოთებელი მაკიაჟითა და მხარზე გადაკიდებული საშინელი მწვანე ბოათი. გადის სცენაზე, ღეჭვა-ღეჭვით უახლოვდება მიკროფონს, საღეჭ რეზინს ორი თითით იღებს პირიდან და მიკროფონს აწებებს.

დარბაზში შეძახილები გაისმის: „რა სისაძაგლეა!”, „რა სიმახინჯეა!” გოგონა ფეხებს ფართოდ დგამს განზე და სიმღერას იწყებს… მისი ხმა და ვნება მაყურებელზე იმდენად მომაჯადოებელ ეფექტს ახდენს, რომ დარბაზი უმალ ჩუმდება. ეს გოგონა მომავალი ლეგენდა, მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავი, დიდებული მომღერალი და მსახიობი, კომპოზიტორი, რეჟისორი, პროდიუსერი, დიზაინერი და პოლიტიკური მოღვაწეა. ხელოვანი, რომელმაც წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია. ის 28 პლატინის ალბომის, 8 „გრემის”, 7 „ემის”, 11 „ოქროს გლობუსის”, 2 „ოსკარისა” და უამრავი სხვა ჯილდოს მფლობელი ბარბრა სტრეიზანდია.

როგორც გახსოვთ, ჩემი წინა სტატიის თემა მიუზიკლი გახლდათ – თემა, რომელიც ბარბრა სტრეიზანდს გვერდს ვერ აუვლიდა. ადამიანი-ორკესტრი. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთდროულად უამრავი ტალანტი გიტევს. თუმცა ბარბრას მომღერლობაც საკმარისი იქნებოდა კარგი მსმენელისთვის, მე თუ მკითხავთ. ხმის იშვიათი დიაპაზონის, განსაკუთრებული ტემბრის, ტემპერამენტისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით ბარბრამ უმაღლეს ოსტატობას მიაღწია.

ბარბრას რეპერტუარში თანამედროვე კომპოზიციებთან ერთად არის კლასიკური ვოკალური ნაწარმოებებიც. მოვუსმინოთ ერთ-ერთ მათგანს – პ. ბურჟეს ლექსზე შექმნილ კ. დებიუსის „საუცხოო საღამოს”.
 
დაიბადა 1942 წელს ნიუ-იორკში, ბრუკლინში, ებრაელების უაღრესად ღარიბ ოჯახში. მამა, ინგლისური ენის მასწავლებელი, ავსტრიელი ემიგრანტი გახლდათ, დედა კი – სკოლის მდივანი. ბარბრა ორი წლისაც არ იყო, როდესაც მამა დაკარგა. ერთადერთ უახლოეს ადამიანთან, დედასთან, ურთიერთობა მაშინ დაეძაბა, როცა მან მეორედ იქორწინა.

„როდესაც მამა გარდაიცვალა (35 წლის ასაკში), დედამ ფსიქოლოგიურად მიმატოვა. ის თავის თავში ჩაიკეტა და მე ფაქტობრივად მარტო დავრჩი. 6 წლისა ანემიის გამო „ებრაულ გამაჯანსაღებელ ბანაკში” აღმოვჩნდი. იქ ყოველღამე ვტიროდი. ერთხელაც, როცა დედამ უცნობ მამაკაცთან ერთად მომაკითხა, ვთხოვე, თან წავეყვანე. მაშინ შევიტყვე, რომ ბრუკლინში აღარ ვცხოვრობდით და რომ ის უცხო ჩემი მეორე მამა იყო”.

ბარბრამ სიმღერა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ლაპარაკი. დედა იხსენებდა, რომ ბარბრას ტირილი არავის აღიზიანებდა, ვინაიდან ის ებრაულ ხალხურ სიმღერებს ჰგავდა.

ბარბრა იხსენებს: „ნამდვილი სათამაშო არასოდეს მქონია, ამიტომ თოჯინის ნაცვლად სათბური მომაფიქრდა. სათბურს ცხელი წყლით ვავსებდი და ვიხუტებდი. ის იყო თბილი, ცოცხალი, ნამდვილი ბავშვივით. „ბავშვს” ჰქონდა ნაქსოვი პატარა ქუდი და შალის პატარა „სვიტერიც”. იმ დროს ჩემი „თოჯინა” ძალიან ლამაზი მეჩვენებოდა. აი, დღეს კი თოჯინების უზარმაზარი კოლექცია მაქვს”.

ბარბრას ოჯახი ბრუკლინის ნამცეცა ბინაში ცხოვრობდა, თუმცა სივიწროვე რა სათქმელია, როცა მკაცრი მამინაცვალი გერს ხშირად სცემდა, ხოლო დედა მახინჯს უწოდებდა. დაცინვა არც თანატოლებისგან აკლდა: უშნოსა და გონჯს, გრძელცხვირას, ელამს და ფეხებგაღუნულს ეძახდნენ. ოჯახში უსიამოვნებების გამო ბარბრა ხშირად აცდენდა გაკვეთილებს. სკოლიდან გარიცხვას თავისი წკრიალა ხმის წყალობით გადაურჩა – ის ხომ სასკოლო გუნდის გამოსვლებში ბრწყინავდა.

უამრავმა გულისტკენამ ბარბრას თანდათან პროტესტის გრძნობა გაუღვივა. განმარტოებისას სულიერ სიმშვიდეს კინოში პოვებდა. ამ დროს საკუთარ თავს ულამაზეს მთავარ გმირად წარმოიდგენდა და ბედნიერდებოდა. ერთხელ დედას განუცხადა, რომ სურდა, ცნობილი მსახიობი გამხდარიყო. დედას ეს სიცილად არ ეყო და პასუხად გრძელ ცხვირზე მიუთითა. აღშფოთებულმა ბარბრამ გაიფიქრა: „მე თქვენ გაჩვენებთ, ვინ ვარ! მიმიფურთხებია თქვენს წარმოდგენებზე სილამაზის შესახებ. პრობლემა ჩემში კი არა, თქვენშია! მე ლამაზი ვარ, თქვენ კი უბრალოდ არ იცით, რა არის მშვენიერება”. ეს ყველაფერი ნებისმიერს დააყრევინებდა ფარ-ხმალს, ოღონდ არა ბარბრა სტრეიზანდს!


 

მახინჯი იხვის ჭუჭულის ულამაზეს გედად გადაქცევის ამბავი ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრიდან ყველას გვემახსოვრება. ეს ბანალური ისტორია რაღაცნაირად აერთიანებთ ზღაპრის ავტორს და ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირს. მძიმე დასაწყისიდან მსოფლიო აღიარებამდე… შესაძლებელია თუ არა წარმატების მიღწევა ამდენი ტირილითა და ტანჯვით? ფსიქოლოგების აზრი აქ ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი იქნებოდა, მაგრამ ჩვენმა გმირებმა, ჰანსმა და ბარბრამ, ეს შეძლეს! (უნდა ითქვას, რომ ბარბრას ცხოვრებაში მართლაც ძალიან ბევრი ცრემლი იყო. როგორც ერთხელ აღინიშნა, მსახიობის გამომსახველი მზერა სწორედ ბევრი ცრემლის დამსახურებაა).
ერთხელაც ბარბრამ პროტესტის ნიშნად სახე თეთრად შეითხუპნა, თმა მწვანედ შეიღება და ასე გამოცხადდა სკოლაში. გაიხსენეთ: ეს გასული საუკუნის 50-იანი წლებია და არა 90-იანი, როცა მწვანედ შეღებილი თმით ვერავის გააკვირვებდით. ბარბრა პირველი იყო და შესანიშნავად გრძნობდა თავს – მისკენ უამრავი მზერა იყო მიპყრობილი.

„წარმოვიდგენდი, რომ ვარსკვლავი ვარ. მოკლედ, მაშინ ჩემთვის საკმარისი იყო, ვინმეს შევემჩნიე”, – იხსენებს ბარბრა. რაღა თქმა უნდა, შეამჩნიეს კიდეც! გაოგნებულმა და აღშფოთებულმა სკოლის დირექტორმა უცნაური გოგონა „დამრიგებლური” წერილით გააბრუნა სახლში. დედა ცდილობდა, პირსახოცით გაეწმინდა შვილის თეთრად შეღებილი სახე. რაც შეეხება მწვანე თმას, აქ საქმე უფრო რთულად იყო: აუცილებელი აღმოჩნდა თავის გადაპარსვა, რაზეც ბარბრა სიამოვნებით დათანხმდა – უფრო მეტ ეფექტს მოვახდენო და პრიალა თავი ამჯერად მოიხატა. „ყურადღების მიპყრობა შესაძლებელია არა მარტო სილამაზით, არამედ ორიგინალობითაც. კლასიკური სილამაზე მოსაწყენია”, – ამბობდა ბარბრა. მისი მოლოდინი გამართლდა: მელოტი თავი, რომელზეც ადვილი იყო პარიკის ჩამოცმა, მოეწონა მოძრავი თეატრის რეჟისორს. მან ბარბრას შუა საუკუნეების იაპონელი გლეხის უსიტყვო როლი ანდო. „ესეც ასე, მე მსახიობი ვარ”, – ფიქრობდა ბარბრა. სხვათა შორის, ამ თეატრში როლის მიღებამდე ის დამლაგებლად მუშაობდა. სამსახიობო ხელოვნება არასოდეს უსწავლია. მისი აზრით, მსახიობობა იმდენად ბუნებრივია და ადვილი, რომ მისი სწავლა უხერხულიც კია.

ეს თავისებური და ჯიუტი გოგო ფარულად ძალიან განიცდიდა თავის შეუხედაობას, თუმცა არასტანდარტული გარეგნობის გამო ბიჭებში მაინც წარმატებით სარგებლობდა. მომავალი მსახიობი დიდებულად თამაშობდა სკოლის თეატრში და ერთხელ, როდესაც ის ბაირონის ლექსებს კითხულობდა, მასწავლებლის სიტყვები შემოესმა: „რანაირი სახე აქვს ამ გოგოს! ნამდვილი ნეფერტიტია”.

ბარბრამ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა, ამიტომ საჯარო ბიბლიოთეკაში გაქანდა და მოიძია მასალა ულამაზეს დედოფალ ნეფერტიტიზე. შედეგად სიგონჯის კომპლექსი მოეხსნა და მოუნდა, ყველას გასაგონად ეყვირა: „ეი, მსოფლიოვ, მე ლამაზი ვარ!”

მოგვიანებით ბარბრა იმდენად პოპულარული ხდება, რომ მას ბაძავენ. მოდაც კი გაჩნდა – ნეფერტიტის დაგრძელებული თვალებისა და ვარცხნილობის. საზოგადოებას განსაკუთრებით ის მოსწონდა, რომ ბარბრამ ჰოლივუდის ტრადიციული ვარსკვლავური იმიჯის თავდაყირა დაყენება მოახერხა. საკუთარ თავში დარწმუნებული, ხაზს უსვამდა, რომ მისი გარეგნობა ვარსკვლავად ყოფნას სრულებით არ უშლიდა ხელს.

ამ „ულამაზო დამპყრობელის” შესახებ მომდევნო წერილში კიდევ ბევრს ვისაუბრებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი