პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ გვკურნავენ ვირტუოზი „მუსიკოსები“ (ნაწილი II)

არაერთხელ თქმულა, რომ ყოველი ჩიტი მთელი სიცოცხლე სწავლობს. ბარტყის პრიმიტიული ჭყიპინიდან სიმღერამდე უდიდესი როლი ენიჭება ბგერით გარემოს, რომელშიც ის იზრდება. ჩიტების სიმღერის მოყვარულნი ფრთოსან მომღერლებს შორის უპირატესობას ბულბულს ანიჭებენ. ბულბული დაბადებიდანვე როდი ფლობს გასაოცარ ვოკალურ ოსტატობას – ის მას ხანგრძლივი სწავლით იძენს, ისევე როგორც ჩვენ, ადამიანები, ამიტომ საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭიროა „ახალბედა მომღერლის” გამოცდილ ბულბულთან მოთავსება.
 

განსაკუთრებით ნიჭიერი ჩიტების ბედი ზოგჯერ სცდება მუსიკალური აღზრდის „ტრადიციულ” მეთოდებს. მაგალითად, რა გასაკვირიც უნდა იყოს, არსებობს არა მხოლოდ ბულბულების, არამედ კანარელი ჩიტების „კონსერვატორიაც”. მთელ მსოფლიოშია ცნობილი კანარელების სკოლა-პანსიონი იუგოსლავიის ქალაქ პრიზრენიეში. ჩიტების სიმღერის მოყვარულები ევროპისა და აზიის ათეულობით ქვეყნიდან გზავნიან თავიანთ ფრთოსან მომღერლებს უმაღლესში სასწავლებლად. აქ სწავლების 6 კურსია, თითოეულ კურსზე – 30 სტუდენტი. ფრთოსანი „სტუდენტები” უსმენენ კანარელი ჩიტების ცნობილი ოსტატების, ვირტუოზების ჩანაწერებს და იმეორებენ მათ. ყველაზე მონდომებული ჩიტებისთვის შექმნილია დაჯილდოების სპეციალური სისტემა.

ფრინველთა სამყაროში სხვისი ხმის მიბაძვის უნარი უნიკალურია და ჩიტების სხვადასხვა სახეობაშია გავრცელებული. ამ სახეობებს ფენომენალურ მუსიკალურ სმენასთან ერთად უნიკალური სახმო აპარატიც აქვთ. ეს ყველაფერი ზოგიერთ ჩიტს საშუალებას აძლევს, დაიმახსოვროს და გაიმეოროს არა მხოლოდ მუსიკალური მელოდია, არამედ ბგერები სხვადასხვა ტემბრითა და რიტმით. ისინი ადვილად იმეორებენ სხვა ჩიტების სიმღერას და ცხოველთა ხმებსაც კი, თითქოს გამოაჯავრებენო მათ, ამიტომ განსაკუთრებული მიმბაძველობით გამორჩეულ ფრთოსან პაროდისტებს „დამცინავებს” უწოდებენ. ეს პაროდისტები ბაძავენ არა მხოლოდ ტყის ფრინველებს, არამედ ტყის ახლოს მცხოვრები მამლის ყივილს, ქათმის კრიახს, ბატებისა და იხვების ყიყინს, ღორების ღრუტუნს, კატის კნავილს, ძაღლის ყეფას… შესანიშნავი იმიტატორები არიან მაინები, ბოლოქნარები და კაჭკაჭები. ეს უკანასკნელნი ზოგჯერ კარის ჭრაჭუნის იმიტირებასაც კი ახდენენ.
ავსტრალიური ბოლოქნარა
გამოცდილი არტისტი თვეობით შეუპოვრად მუშაობს, რათა სხვადასხვა ცნობილი პიროვნების ზუსტი პაროდირება მოახდინოს, ჩიტები კი ცხოველებსა და ფრინველებთან ერთად ადამიანთა ხმების იმიტაციასაც უმალვე და იდეალური სიზუსტით ახდენენ. „ნასესხებ” ხმებს ისინი, როგორც წესი, თავისებურად, შემოქმედებითად „გადაიაზრებენ” ხოლმე და შემდეგ საკუთარი „არანჟირებით” წარდგებიან „მსმენელთა” წინაშე.
შოშიას საგაზაფხულო „სოლო რეპერტუარში” შესაძლებელია იმ უცნაური ხმების ამოცნობა, რომლებიც მან ზამთრის პერიოდში თბილ ქვეყნებში „მოგზაურობისას” შეკრიბა. მისი განსაკუთრებული მუსიკალურობა ამ მაგალითიდანაც კარგად ჩანს: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის შოშიამ კომპოზიტორის მიერ ახალშექმნილი 21-ე საფორტეპიანო კონცერტის ფრაგმენტი წაიმღერა და სოლ ბეკარი რატომღაც სოლ დიეზით შეცვალა; მეგობარი ჩიტის ეს ინტერპრეტაცია ამადეუსს მოეწონა და ნაწარმოების საბოლოო ვერსიადაც დატოვა.

შოშიას, რომელიც ოდესღაც ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკაში გადაასახლეს, უნარი შესწევს, თვით „დამცინავებსაც” კი გამოაჯავროს. ზოგიერთ მათგანს თოთო ბავშვის ხმის და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყუმბარების ვარდნის იმიტირებაც შეუძლია. არსებობს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას შოშიამ მსაჯის სასტვენის ხმა გამოსცა და ამით მოედანზე სრული გაუგებრობა გამოიწვია.

ჩიტების ხმათა გასაოცარ მრავალფეროვნებას კომპოზიტორები ფართოდ იყენებენ მუსიკალურ შემოქმედებაში. მაგალითად, ნ. ა. რიმსკი-კორსაკოვმა თავის ოპერაში „თოვლია” გუგულის, სტვენიასა და სხვა ჩიტების ხმები ააჟღერა. ლ. ვ. ბეთჰოვენის მე-6 (პასტორალური) სიმფონიის (1808 წ.) მეორე ნაწილის ერთ-ერთ ეპიზოდში – „ჩიტების ტრიო” – ფლეიტა ბულბულს ბაძავს, ჰობოი – მწყერს, ხოლო კლარნეტი – გუგულს. ჩიტების ნამღერი ამოიცნობა ვივალდისა და ვაგნერის მუსიკალური ნაწარმოებების ფრაგმენტებშიც.

მუსიკალური საკრავების საშუალებით ჩიტების თავისებური სიმღერის გადმოცემა ძალზე რთულია, ამიტომ ზოგიერთმა კომპოზიტორმა ამჯობინა, ფრინველთა ხმები ნატურალური სახით გამოეყენებინა. ამ ხერხს მიმართა იტალიელმა კომპოზიტორმა ოტორინო რესპიგმა სიმფონიურ პოემაში „რომის ფიჭვები”.

ჩიტების სიმღერა ჩვენში მყუდროებისა და სულიერი სიმშვიდის შეგრძნებას ბადებს. მათ სიმღერასთან ჩვენ, ადამიანებს, გენეტიკური კავშირი გვაქვს. ეს ხმები გვესმის დაბადებამდე, ადრეულ ბავშვობაში, მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მიიჩნევა, რომ ჩიტების სიმღერა პირველი მუსიკაა, რომელიც შეიცნო და შეიყვარა ადამიანმა.

ბუნების ბგერებით თერაპია წარმოადგენს ერთ-ერთ სამკურნალო მიმართულებას ბგერით თერაპიასა და ტრადიციულ მედიცინაში. ბუნება ენერგიის უზარმაზარ მუხტს გვაძლევს, სულიერ და ფიზიკურ ძალებს გვმატებს. ცნობილია, რომ ბუნების ბგერები განსაკუთრებით სასარგებლოა დიდ, ხმაურიან ქალაქებში მცხოვრებთათვის. ელექტრომაგნიტური დაბინძურება – კომპიუტერი, ტელევიზორი, ელექტროგაყვანილობა და სხვა – ადამიანის ორგანიზმს ბუნებრივი ბიოლოგიური რიტმიდან აგდებს. ეს იწვევს გულ-სისხლძარღვთა დარღვევებს, იმუნიტეტის დაქვეითებას და ა.შ. ზოგადი დაღლილობის მოხსნა და განტვირთვა ქალაქიდან ბუნების წიაღში გასვლით არის შესაძლებელი, თუმცა მსგავსი ეფექტის მიღება შინაც – ბუნების, განსაკუთრებით კი ჩიტების, ხმების ჩანაწერების მოსმენითაც შეგვიძლია. ამ დროს ადამიანი წარმოსახვით ბუნების წიაღში ხვდება, ეშვება და ისვენებს მძიმე ფიზიკური, ემოციური და გონებრივი დატვირთვისგან.

ცნობილი ორნითოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვ. დ. ილიჩოვი აღნიშნავს, რომ ჩიტების გარემოცვაში მცხოვრები ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ, რასაც იმით ხსნის, რომ ჩვენი ორგანიზმის ყველა ბიოლოგიური პროცესი ჩიტების სიმღერასთან სინქრონშია. მეცნიერს სიცოცხლის ბოლომდე აკვირვებდა ჩიტების სიმღერის სასიკეთო ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ამერიკელი ეკოლოგისა და ორნითოლოგის პიტერ ბრაშის აზრით, ჩიტების ხმებს ადამიანები ყოველდღე უნდა ვუსმენდეთ. ის თავად ცხოვრობს ასეთ გარემოში და დარწმუნებულია, რომ ჩიტების სიმღერა დადებითად მოქმედებს ჩვენს გონებასა და სულზე.
 

მრავალი წლის წინ მწვანე კონცხის კურორტზე, სანატორიუმ „აჭარაში”, შეიქმნა ფსიქოპროფილაქტიკისა და ფსიქოთერაპიის განყოფილება, სადაც ნერვულ აშლილობას ჩიტების სიმღერით კურნავდნენ. უძილობით დატანჯული ადამიანები ამ არაჩვეულებრივი მკურნალობის 8-10 სეანსის შემდეგ ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე იძინებდნენ. ამბობდნენ, რომ ჩიტების რაკრაკი პაციენტებს ღრმა ძილს ჰგვრიდა. ამიტომ არის, რომ ფართო გავრცელება პოვა ჩიტების ხმების ჩანაწერებმა, რომლებსაც არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ სამედიცინო მნიშვნელობაც აქვს.

ჩიტების სიმღერით მკურნალობას მედიცინაში ორნითოთერაპია ეწოდება. ჰოლანდიაში ის ოფიციალურად გამოიყენება კარდიოლოგიურ კლინიკებში, ავსტრალიაში კი – იმ სამედიცინო ცენტრებში, სადაც სახსრებსა და ხერხემალს მკურნალობენ.

ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ჩიტების სიმღერით მკურნალობის პროცესი ასე მიმდინარეობს: ბგერები ყურის გავლით ხვდება თავის ტვინის ქერქის სასმენ ზონაში და აღაგზნებს მას; რამდენადაც ტვინის ეს ნაწილი სხვა ზონებთანაც არის დაკავშირებული, მისი აღგზნება აისახება ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ამასთანავე, ყოველ ორგანოს თავისი სიხშირე აქვს, რომლის მიმართაც ის განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ვინაიდან ყოველი ჩიტი ხმას საკუთარი სიხშირით გამოსცემს, ყოველ მათგანს შეუძლია კონკრეტულ დაავადებებზე ზემოქმედება. ამიტომ არის, რომ ორნითოთერაპევტები ჩიტების ხმებს იმის მიხედვით არჩევენ, რა აწუხებთ პაციენტებს.

ბულბულის სიმღერაში რბილი და უხეში ბგერების მონაცვლეობა ადამიანს ამხნევებს და ააქტიურებს, ხსნის თავის ტკივილს, ქრონიკულ დაღლილობას, ებრძვის დეპრესიას

 
შავი შაშვის „არიები” რეკომენდებულია ტაქიკარდიისა და ქრონიკული ჰიპერტონიის დროს

ჭივჭავის ხმა ხსნის გაღიზიანებასა და სახსრების ტკივილს. გულწითელას სტვენა უხდება ძლიერ თავის ტკივილებს და კლიმაქტერიული პერიოდის არასასიამოვნო შეგრძნებებს. ბეღურას ჟღურტული სასარგებლოა შფოთვისა და სტრესის დროს. ტოროლას სიმღერა შესანიშნავია მაღალი წნევისა და ბრონქიტის დროს. კანარის ჩიტის რაკრაკი უხდება არითმიას, სტრესსა და ნევროზს. ჩიტბატონას მოსმენა სასურველია სხვადასხვა სახის ტკივილის დროს.
აზროვნებენ თუ არა ჩიტები, ამის შესახებ ეს არაჩვეულებრივი დოკუმენტური ფილმი გვიამბობს. ფილმში ბევრი რამ არის გულისამაჩუყებელი, განსაკუთრებით – ჩიტების დაუჯერებლად ერთგული სიყვარული.
სტატიის მესამე ნაწილში კი იმ ადამიანზე ვისაუბრებთ, რომელმაც მთელი სიცოცხლე ჩიტების ხმების შესწავლას მიუძღვნა და შესანიშნავი „ფრინველთა მუსიკალური ბიბლიოთეკა” შექმნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი