პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კანონთა მსხვერპლი

ამჯერად კანონთა მსხვერპლი მე ვარ. ახლა მანქანაში ვზივარ და ერევნისკენ მივქრი, მაგრამ მე ხომ ვიცი, ეს რის ფასად დამიჯდა.

ერევანში პროექტით დაგეგმილ ვორკშოპში ვმონაწილეობ, მოხსენებითაც გამოვდივარ და ხელოვნური ჭაობის სიკეთეზე ვაპირებ საუბარს. გგონიათ, გამგზავრებამდე ჩემს მოხსენებაზე ვმუშაობდი? ვმუშაობდი, როგორ არა, ოღონდ ღამით. დღისით არ მეცალა, საქმეს ვაგვარებდი, რომ სწორედ ამ ტაქსით მემგზავრა.

საოცარი ქვეყანა გვაქვს, ეს მართლაც დალოცვილი. ახლა კანონებს აღარ იკითხავთ? – ისე ლამაზად და კარგად არის შედგენილი, სიხარულისგან აგეტირება. დავიწყოთ იმით, რომ ამ პროექტში შვიდი ქვეყანა მონაწილეობს და აქედან ექვსში პროექტი გრანტად არის დარეგისტრირებული. აი, საქართველოში კი მავანმა სამინისტრომ, აი, იმან, ფინანსებს რომ განაგებს და ხალხიც სიყვარულით ეხვეწება, ცოტა მეტი ჭამეო, მხოლოდ დამატებით შემოსავლად ჩათვალა და უნივერსიტეტიც იძულებულია, სრულიად არაფრისთვის დამატებითი შემოსავლის გადასახადი გადაიხადოს. ამის გამო ერევანში მსუბუქი მანქანით ჩემს გამგზავრებაზე ტენდერის გამოცხადება გახდა საჭირო. ბუნებრივია, პროექტი მგზავრობის ხარჯებს ითვალისწინებდა, მაგრამ, აი, ისე იყო საქმე, გეკუთვნით, მაგრამ თან არაო. ტენდერში თუ გაიმარჯვებს ვინმე მძღოლი, მხოლოდ მაშინო. და დაიწყო ჩემი ერთთვიანი მარათონი შესყიდვების სამსახურთან. ამდენი არც არავისთან მირეკავს (თან, რომ იცოდეთ, როგორ არ მიყვარს ტელეფონით რეკვა!), არც მომინახულებია და არც წერილი მიმიწერია, რამდენიც ამ დალოცვილი სამსახურის უფროსს ვწერე, ვესტუმრე და ვურეკე. ამით არც ის დარჩენილა კმაყოფილი და დიდად არც მე ვყოფილვარ აღტაცებული, თუმცა პირისპირ ერთმანეთს ვუღიმოდით. ზოგჯერ ნერვები გვიმტყუნებდა (კაცნი ვართ) და წავკინკლავდებოდით, მაგრამ მაინც ვცდილობდით, კეთილად დავშორებოდით ერთმანეთს. მომდევნო შეხვედრაც ხელოვნური ღიმილით იწყებოდა და გულწრფელი საყვედურებით მთავრდებოდა. ასე გაიარა ორმა ჩავარდნილმა ტენდერმა. როცა წასვლამდე ოთხიოდე დღეღა რჩებოდა, მითხრა, ახლა პირდაპირ დავდებთ ხელშეკრულებას ამ მანქანების ფირმასთანო, ოღონდ მანამდე ვიღაც ბიძიას წერილი უნდა მივწეროთ, მერე იქნებ გვიპასუხოსო და მერე იქნებო… 
და აი, მანქანაში ვზივარ და მივდივარ. არც კი მჯერა, მართლა მე ვარ? ან იქნებ კვლავ ტენდერსა და ტენდერს შორის მარათონი მაქვს, მე კი მელანდება, რომ მანქანაში ვზივარ და ერევანში მივემგზავრები…

კანონებს ვერც აქ ვაღწევ თავს – არც მეტი, არც ნაკლები, შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ჩამდინარე და საკანალიზაციო წყლების მოვლის კანონმდებლობაზე ვსაუბრობ. ვორკშოპის წამყვანი ალენ ამირხანიანი ხუმრობით მიმართავს აუდიტორიას, ახლა ქიმიკოსს ვუხმოთ, რომელიც კანონმდებლობაზე გვესაუბრება, მაგრამ არ დაინდოთ და თუ რამე ქიმიიდანაც დაგაინტერესებთ, ჰკითხეთო. დარბაზში ეღიმებათ… მეც მეღიმება, მკითხეთ-მეთქი, ჩემთვის კი ვფიქრობ: ამათ არც კი იციან, რომ კანონთა მსხვერპლი ვარ.

ჰოდა, რაკი ასეა, დღეს კონსტიტუციაზე გესაუბრებით. არასწორად გამიგეთ – მართლა კანონმდებლობაში კი არ გადავვარდნილვარ… ქიმიურ კონსტიტუციაზე. ქიმიას თავისი საკანონმდებლო ბაზა აქვს.

ქიმიის კანონთა კრებული სტექიომეტრიის (ბერძნულიდან: „სტექიონ” – ელემენტი, „მეტრეო” – ვზომავთ) ძირითად კანონებსაც მოიცავს. სტექიომეტრია ქიმიის ის ნაწილია, რომელიც მორეაგირე ნივთიერებათა შორის მასურ და მოცულობით თანაფარდობას შეისწავლის.

სტექიომეტრიის კანონებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ნივთიერების მასის მუდმივობის კანონი, ნივთიერების შემადგენლობის მუდმივობის კანონი, ავოგადროს კანონი.

ნივთიერების შემადგენლობის მუდმივობის კანონი ლომონოსოვისა და ლავუაზიეს სახელს უკავშირდება. ქიმიურ რეაქციაში მონაწილე ნივთიერებათა მასა რეაქციის შედეგად წარმოქმნილ ნივთიერებათა მასის ტოლია.

მანამდე ფრენსის ბეკონი ამტკიცებდა, რომ „ბუნებაში ყველაფერი ადასტურებს შემდეგი ორი კანონის არსებობას: არაფერი იქმნება არაფრისგან და არაფერი ქრება, მაგრამ საკუთრივ მატერიის ნაწილაკთა ე.წ. რაოდენობა, ანუ მთელი მასა უცვლელი რჩება, არც იზრდება და არც მცირდება”. ამ პოსტულატში ჩადებულმა მატერიის შენახვის იდეამ ლომონოსოვისა და ლავუაზიეს ნაშრომთა წყალობით მხოლოდ 150 წლის შემდეგ პოვა აღიარება.
გაკვეთილზე სულ ადვილად შეიძლება ამ კანონის შემოწმება.

დაახლოებით 5 გ ნატრიუმის ბიკარბონატი მოათავსეთ 250 მლ-იან ქიმიურ ჭიქაში. ჩაასხით 10 მლ 5%-იანი ძმარმჟავა ერთ სინჯარაში, 10 მლ – მეორეში, ორივე სინჯარა მოათავსეთ იმ ქიმიურ ჭიქაში, რომელშიც ბიკარბონატია. ქიმიური ჭიქა მთელი შიგთავსით აწონეთ და ჩაიწერეთ მონაცემი.

სინჯარებიდან ძმარმჟავა ჭიქაში გადაასხით და დააკვირდით, წარიმართება თუ არა რეაქცია. ბუნებრივია, წარიმართება და ამას წარმოქმნილი ბუშტუკები გამცნობთ. ეს იმის ნიშანიც არის, რომ წარმოქმნილი პროდუქტებიდან ერთ-ერთი გაზია. ჭიქას თუ ხელახლა აწონით, პროდუქტის მასა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდება. ერთ-ერთი პროდუქტი გაზია, რომელიც ატმოსფეროში გადის და არ იზომება. ეს არ არის ნივთიერების მასის შენახვის კანონის დარღვევა. პირიქით, ეს იმის მაგალითია, რომ ყველა კომპონენტი არ იქნა გაზომილი.

იგივე ექსპერიმენტი დახურულ სისტემაშიც ჩაატარეთ:

მოათავსეთ დაახლოებით 5 გ ნატრიუმის ბიკარბონატი 500 მლ-იან პლასტმასის ბოთლში. ჩაასხით სინჯარაში 10 მლ 5%-იანი ძმარმჟავა, სინჯარა ფრთხილად ჩააცურეთ პლასტმასის ბოთლში და დარწმუნდით, რომ ძმარმჟავა არ დაღვრილა. ბოთლს მაგრად მოუჭირეთ თავსახური.

მოათავსეთ ბოთლი შიგთავსითურთ სასწორზე და ჩაინიშნეთ მონაცემი. ბოთლი ისე დახარეთ, რომ ძმარმჟავა სინჯარიდან გადმოიღვაროს და ნატრიუმის ბიკარბონატს დაესხას. წარმოიქმნება ბუშტუკები და ბოთლის შიგნით წნევა გაიზრდება.

რეაქციის დასრულების შემდეგ თავსახურის მოუხსნელად კვლავ აწონეთ ბოთლი. დაინახავთ, რომ მასა იგივე დარჩება, ეს კი ნიშნავს, რომ კანონი მოქმედებს.

მრავალრიცხოვანი ცდის შედეგად ფრანგმა ქიმიკოსმა ჟოზეფ პრუსტმა დაასკვნა, რომ ყოველ სუფთა ნივთიერებას, განურჩევლად მიღების გზისა, მუდმივი შემადგენლობა აქვს. ამ მოსაზრებას არ იზიარებდა ბერთოლე, რომელსაც მიაჩნდა, რომ ნივთიერების შემადგენლობა მისი მიღების პირობებზეა დამოკიდებული. ქიმიის განვითარებამ პარადოქსული ფაქტი დაადასტურა – ორივე მეცნიერი მეტ-ნაკლებად მართალი აღმოჩნდა. მოგვიანებით, ნივთიერებებს, რომლებსაც მუდმივი შემადგენლობა აქვს, დალტონიდები ეწოდა, ნივთიერებებს კი, რომელთა შედგენილობაც ცვალებადია – ბერთოლიდები.

ბერთოლიდები არამოლეკულური სტრუქტურის მქონე კრისტალური ნაერთებია და მათ არასტექიომეტრიულ (ცვლადი შემადგენლობის მქონე) ნაერთებს უწოდებენ. მაგ., მიღების პირობების მიხედვით, ტიტანის ოქსიდის შემადგენლობა იცვლება TiO0,7- დან TiO1,3-მდე; ტყვიის სულფიდისა კი Pb0,9995S-დან PbS0,9995-მდე; ასეთი ნაერთების ფორმულებში ინდექსები კრისტალში ატომთა რიცხვების თანაფარდობის მაჩვენებელია.

შემადგენლობის მუდმივობის კანონის თანამედროვე ფორმულირება ასეთია:

მოლეკულური სტრუქტურის მქონე ნაერთების შემადგენლობა მუდმივია და არ არის დამოკიდებული მათი მიღების ხერხზე.

ტოლი მოცულობის სხვადასხვა აირი ერთნაირ ფიზიკურ პირობებში მოლეკულათა თანაბარ რიცხვს შეიცავს. ეს კანონი იტალიელმა ამადეო ავოგადრომ აღმოაჩინა. ავოგადრო განათლებით იურისტი იყო, მაგრამ ბუნების კანონები ძალიან აინტერესებდა. მის მიერ აღმოჩენილი კანონიდან ორი შედეგი გამომდინარეობს:

1. ნებისმიერი გაზის ერთი მოლი ერთნაირ პირობებში ერთსა და იმავე მოცულობას იკავებს. თუ პირობები ნორმალურია (273 K ტემპერატურა და 101,3 კპა წნევა), ეს მოცულობა 22,4 ლ-ის ტოლია.

2. გაზობრივ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერების მოლური მასა წყალბადის მიმართ მისი სიმკვრივის გაორკეცებული სიდიდის ტოლია.

დადგენილია, რომ ნებისმიერი ნივთიერების ერთი მოლი შეიცავს 6·1023 სტრუქტურულ ნაწილაკს (მოლეკულებს, ატომებს ან იონებს). ამ რიცხვს ავოგადროს რიცხვს უწოდებენ.
ჰო, როგორც ვწერდი, ერევანში მივდივარ..

.

მძღოლი ვერ ისვენებს, საუბრის საბაბს ეძებს. მე გრძელ გზებზე ჩემთვის ჯდომა და მუსიკის მოსმენა მირჩევნია, მაგრამ ვფიქრობ, არ დაეძინოს-მეთქი და საუბარში ვყვები.

– რომელი გზით წავიდე? – თითქოს ძალიან ვიცოდე, ისე მეკითხება.
– რა ვიცი, სულერთია.
– სულერთი როგორ არის, რას ამბობ. ერთზე სულ ტრაილერები დადიან, მაგრამ უფრო მოკლეა, მეორე კიდევ სერპანტინივით მთებში მიიკლაკნება და ფრუნზიკას დილიჯანით სევანის გასწვრივ გავალთ. ცოტა გვიან ჩავალთ, რა, ერევანში, მაგრამ რა სილამაზეააა…

„ფრუნზიკას დილიჯანი” ნიშნავს, რომ ქალაქ დილიჯანს გავივლით. ფრუნზიკა კიდევ კინოფილმ „მიმინოდან” გეხსომებათ – დილიჯანიდან იყო.

– კარგი, ჩავიდეთ ერევანში გვიან… ფრუნზიკას დილიჯანით…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი