პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პირველი მსოფლიო ომი. სკოლა – მასწავლებელი – მოსწავლე (ნაწილი I)

პირველ მსოფლო ომამდე გოგონები და ბიჭები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უმეტესად ცალ-ცალკე სწავლობდნენ. ომის ბოლო პერიოდში ეს პრინციპი შეიცვალა (საქართველოში ეს მოხდა გაცილებით გვიან – 50-იან წლებში).

მოსწავლეები სწავლობდნენ კითხვას, წერას, არითმეტიკას (მათემატიკას), ისტორიას, გეოგრაფიას, ხატვას, თუმცა მათი სწავლების პროცესი ფუნდამენტურად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. მასწავლებელი გაკვეთილს ცარცით წერდა დაფაზე. მოსწავლეები იწერდნენ მას და ევალებოდათ მისი დაზეპირება. ამასთან, ევალებოდათ, რამდენჯერმე ხმამაღლა წაეკითხათ დავალება. მოსწავლე, რომელიც არასწორად წაიკითხავდა ან გადაიწერდა, მკაცრად ისჯებოდა.
 
საკლასო ოთახი პირველი მსოფლიო ომის დროს. აშშ, შტატი ოკლაჰომა

სკოლა ბრიტანეთში. გოგონათა კლასი


მოსწავლე ბიჭები ხატვის გაკვეთილზე. დიდი ბრიტანეთი

მაგრამ ამ პერიოდში იქმნებოდა ახალი საგანმანათლებლო თეორიებიც. ერთ-ერთი თეორიის ავტორი იყო ჯონ დიუი (John Dewey), ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი და პედაგოგი (1894-1904), კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი (1904-1930). მისი პროგრესული განათლების თეორიის ძირითადი თეზა დემოკრატიის ცენტრალური როლის ხელშეწყობაში მდგომარეობდა: განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას, რადგან გამოცდილება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის მომავალს; ამასთან, განათლება სოციალური ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს, რადგან სწორედ იდეებისა და გამოცდილების გაზიარებით მიიღწევა სოციალური პროგრესი. დიუი განიხილავდა სკოლებს არა როგორც ცოდნის დაგროვების წყაროს, არამედ როგორც ადგილს, სადაც მოსწავლეებს უნდა ესწავლათ, როგორ ეცხოვრათ. განათლების მიზანი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ცოდნის მიცემა, არამედ მოსწავლეთა შესაძლებლობების რეალიზაცია და მათთვის ისეთი უნარ-ჩვევების გაღვივება, რომ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ. „მოვამზადოთ მოსწავლეები ცხოვრებისთვის – ნიშნავს მივცეთ მათ შესაძლებლობა, მართონ საკუთარი თავი. ეს ნიშნავს, ვასწავლოთ მათ გამოყენება იმ ცოდნისა, რომელსაც სკოლაში შეიძენენ”. დიუის მიაჩნდა, რომ მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს გარემო, რომელიც ეფექტურ ურთიერთქმედებაში შევა მოსწავლეთა კომპეტენციასა და მოთხოვნილებებთან, რაც ხელს შეუწყობს ღირებული გამოცდილების დაგროვებას. სწავლების მეთოდები უნდა შეირჩეს იმის გათვალისწინებით, რა სარგებლობას მოუტანს ისინი კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადამიანს.
1914 წელს ევროპაში დაიწერა მასწავლებლის წესები (ზოგიერთ წყაროში 1914-ის ნაცვლად მითითებულია 1915 წელი; წყაროს ავტორი თუ ავტორთა ჯგუფი უცნობია).
 
მასწავლებლის წესები
1. მასწავლებელი არ უნდა გათხოვდეს კონტრაქტით დათქმულ დროზე ადრე. 
2. ამ პერიოდში არ უნდა ხვდებოდეს მამაკაცს.
3. უნდა იყოს სახლში საღამოს 8-იდან დილის 6 საათამდე, თუ სკოლის საჭიროებები არ მოითხოვს დამატებით დროს.
4. არ ისეირნოს ქალაქის ცენტრსა და სანაყინეებში.
5. არ დატოვოს ქალაქი, თუ ამის შესახებ არ ეცოდინება სკოლის ადმინისტრაციას 
6. არ მართოს ან არ იჯდეს მანქანაში არც ერთ მამაკაცთან ერთად, გარდა მამისა და ძმისა.
7. არ მოწიოს სიგარეტი.
8. არ ჩაიცვას ღია ფერის ტანსაცმელი.
9. მხოლოდ გარემოებების გათვალისწინებით შეიღებოს თმა.
10. ჰქონდეს მაქსიმუმ ორი პალტო.
11. არ ჩაიცვას მოკლე ქვედაკაბა. ქვედაკაბა, სულ მცირე, ორი სანტიმეტრით უნდა იყოს ჩამოცდენილი მუხლს.
12. კლასის სისუფთავის შესანარჩუნებლად მან უნდა დაგავოს საკლასო ოთახი დღეში ერთხელ, მოხეხოს იატაკი ცხელი საპნიანი წყლით კვირაში ერთხელ, გაწმინდოს დაფა დღეში ერთხელ და დაანთოს ღუმელი დილის 7 საათზე, რათა გათბეს საკლასო ოთახი 8 საათისთვის, როდესაც იწყება სკოლის სამუშაო დღე.

პირველმა მსოფლიო ომმა შეცვალა მოსწავლეთა თამაშებიც. 1917 წლის შემოდგომაზე, როდესაც ცხენისწაბლი ხეებიდან ცვიოდა, მასწავლებლებს მოსწავლეები სკოლის ეზოში და მის გარშემო მიჰყავდათ, მაგრამ არა სათამაშოდ, არამედ ცხენისწაბლის შესაგროვებლად. ცხენისწაბლს იყენებდნენ ქარხნებში – მისგან იღებდნენ ქიმიურ ნივთიერება კორდიტს (უკვამლო თოფისწამალს) – ასაფეთქებელი ნივთიერების მნიშვნელოვან  ინგრედიენტს.

სკოლაში გამოკრული იყო პოსტერები, რომლებიც მოსწავლეებს ცხენიწაბლის შეგროვებისკენ მოუწოდებდა. მასწავლებლები მოსწავლეთა შორის ირჩევდნენ ლიდერებს, რომელთაც „მოსავლის” შეკრება ევალებოდათ.
1917 წელს ბრიტანელმა ბავშვებმა დაახლოებით 3000 ტონა წაბლი შეაგროვეს.
თავისთავად გეგმა არ იყო წარმატებული, რადგან წაბლისაგან ქიმიური შენადნობის დამზადება დიდ რესურსს მოითხოვდა. გეგმა ჩავარდა, მაგრამ მთავარია, რომ მასში სკოლა – მასწავლებელი და ბავშვები – ისევე იყვნენ ჩართულნი, როგორც ჯარისკაცები – ომში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი