პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სოციალური ორგანიზაციის ფორმები ნეოლითში

ნეოლითური ოჯახი. პალეოლითისა და მეზოლითისგან განსხვავებით, ნეოლითში უფრო მყარი ერთობები ყალიბდებიან. იცვლება ადამიანთა შორის ურთიერთობებიც. ამგვარი ცვლილება, პირველ რიგში,  ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლით იყო განპირობებული. ახალ ქვის ხანაში უმცირეს უჯრედს ოჯახურ-კლანური სამიწათმოქმედო (მოგვიანებით მესაქონლე) ერთობები წარმოადგენდნენ. ეს ტენდენცია კარგად აქვთ აღწერილი აფრიკაში მომუშავე ანთროპოლოგებს. მათი დაკვირვებით, „ჯგუფის ლიდერს ჩვეულებრივ წარმოადგენდა მამა-პატრიარქი, რომელსაც ერთი ან რამდენიმე ცოლი ჰყავდა და საკუთარ შვილებთან (ხშირად ამ შვილებს თვითონ ჰყავდათ ოჯახები), ძმებთან (საკუთარი ოჯახებით) და სხვა უახლოეს ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა. ეს ოჯახურ-კლანური ერთობა ერთიან სამეურნეო სისტემას წარმოადგენდა და ე. წ. ჩაკეტილ კომპაუნდს (compound – შედგენილი, რთული.  ამ შემთხვევაში ტერმინი ადამიანთა რთული ერთობის აღსანიშნავად გამოიყენება) ქმნიდა. ამ კომპაუნდის ტერიტორიაზე თითოეულ ქალს საკუთარ შვილებთან ერთად, როგორც წესი, თავისი ქოხი და სამზარეულო გააჩნდა. მამაკაცებს კი საერთო საცხოვრებელი ჰქონდათ. მხოლოდ ოჯახის ლიდერი ცხოვრობდა ცალკე საცხოვრისში. ამავე ტერიტორიაზე  აგებული იყო სხვადასხვა სამეურნეო ხასიათის ნაგებობა – ბეღელი, ბოსელი და სხვა. კომპაუნდში საშუალოდ 15 – 20 ადამიანი ცხოვრობდა”.

ოჯახი ძალიან მკაცრ იერარქიულ ურთიერთობებზე იყო დაფუძნებული. ის აღარ წარმოადგენდა თანასწორთა ერთობას, რომელიც მხოლოდ სქესობრივ და ასაკობრივ განსხვავებას ითვალისწინებდა. სქესი, ასაკი, გარკვეულ თაობასთან და საქორწინო კლასთან მიკუთვნებულობა,  დაბოლოს, ადგილი ოჯახში განსაზღვრავდა თითოეული ადამიანის სტატუსს. შედეგად მივიღეთ უთანასწორობა, რომელიც სოციალურ და ასაკობრივ სისტემებში გამოიხატებოდა. ამ პრინციპზე აგებულ საზოგადოებას რანგული საზოგადოება შეიძლება ვუწოდოთ. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ასეთ ოჯახში მაღალი სტატუსის მქონე პირების რაოდენობა შეზღუდული იყო. აქედან გამომდინარე საშუალო და დაბალი პოზიციების რაოდენობა გაცილებით მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო. დაბალ რანგს განეკუთვნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ქორწინებაში იყვნენ, მაგრამ არ ჰქონდათ საკუთარი მეურნეობა, ან მოზარდები,  რომელთაც ახალგავლილი ჰქონდათ ინიციაციის  (ლათ. Initiatio – კურთხევა – რიტუალი, რომელიც სოციალურ ჯგუფში ან მისტიკურ საზოგადოებაში სრულდება და  ინდივიდის განვითარების ერთი საფეხურიდან ახალ საფეხურზე გადასვლას გულისხმობს. ამგვარ რელიგიურ რიტუალებს შორის განსაკუთრებით გავრცელებულია კოლექტიური წეს-ჩვეულება, რომელიც ბავშვობიდან – მოზარდობის (ზრდასრული) ასაკში გადასვლას გულისხმობს) რიტუალი. ამავე რანგს განეკუთვნებიან ბავშვებიც ან ოჯახს შემოკედლებული  სხვა კლანის წარმომადგენლები ე. წ. უცხოები.

ამ ფონზე ლიდერის რანგი ყველაზე მაღალია. მისი სტატუსი არა იმდენად საკუთარ დამსახურებებს  და არჩევითობას ეყრდნობა (როგორც ეს პალეოლითის და მეზოლითის მონადირე საზოგადოებებში იყო), არამედ მემკვიდრეობით მიღებულ ძალაუფლებას. შესაბამისად, ეს სტატუსი ურყევია და ჯგუფის წევრების ნებაზე არაა დამოკიდებული. უთანასწორობა ლიდერსა და ოჯახის სხვა წევრებს შორის ადვილად შესამჩნევია. რაც შეეხება მის ფუნქციებს, ისინი განსხვავდებიან პალეოლითისა და  მეზოლითის ლიდერის ფუნქციებისგან. ნეოლითში პატრიარქი უკვე აღარ არის მარჯვე მონადირე და მომპოვებელი, ის, პირველ რიგში, ორგანიზატორია, რაც გულისხმობს კომპაუნდის კეთილდღეობაზე ზრუნვას, სადავო საკითხების განხილვისას გადაწყვეტილების მიღებას, სამიწათმოქმედო სამუშაოების დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას და ა. შ. ასევე სხვა ხასიათს იღებს საკუთარი პრესტიჟისთვის ბრძოლა და მისი შენარჩუნება, რაც სამიწათმოქმედო საზოგადოებებში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

თუ პალეოლითსა და მეზოლითში ლიდერი ვალდებული იყო პირადი მაგალითით ჯგუფის წევრებისთვის საკუთარი ავტორიტეტის ურყეობა თითქმის ყოველდღიურად  ემტკიცებინა (მაგ., მოეპოვებინა ყველაზე მეტი ნანადირევი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვა, მასზე უფრო მოხერხებული შეცვლიდა), ახალ ქვის ხანაში ამის კეთება აღარ არის საჭირო (ძალაუფლება ხომ მემკვიდრეობით გადადის). სამაგიეროდ, აქტუალური ხდება ავტორიტეტის მოპოვება ოჯახურ – კლანური ჯგუფის გარეთ, კერძოდ, სასოფლო თემში. აქ კი, უკვე აშკარად ჩანს ქონებრივი უთანასწორობის ნიშნები.  

სასოფლო თემი.  პატრიარქი ჯერ კიდევ არ არის კერძო მესაკუთრე, თუმცა განკარგავს მთელ იმ ქონებას, რომელიც მის ოჯახს ეკუთვნის. სწორედ მის ავტორიტეტულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ის, თუ ვის რამდენი სარჩო ერგება პირადი მოხმარებისთვის და რა რაოდენობის  ჭირნახული უნდა დარჩეს საერთო მარაგისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება დავასკვნათ, რომ ოჯახის ლიდერი ზედმეტი პროდუქტის განმკარგავი ხდება.  
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ოჯახი სასოფლო თემის ნაწილს წარმოადგენდა, ამიტომ,  პატრიარქის, როგორც განმანაწილებლის და განმკარგავის  როლი პირდაპირ იყო დამოკიდებული თემის შიგნით არსებულ ურთიერთობებზე. ნეოლითის საწყისს ეტაპზე რესურსების ნაკლებობის პრობლემა არ არსებობს. ყველა ოჯახს აქვს საკმარისი მიწა დასამუშავებლად და მათი განაწილება სოციალური სამართლიანობის ან წილისყრის მიხედვით ხდება. თუმცა აქ  თავს იჩენენ სუბიექტური ფაქტორები – ზოგიერთი ოჯახი უფრო მრავალრიცხოვანი და შრომისუნარიანია, ზოგიერთი ოჯახის ლიდერი უფრო ჭკვიანი და გამჭრიახია. აქედან გამომდინარე, ოჯახების ნაწილი ხდება კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი და მდიდარი, ხოლო ნაწილი უფრო მცირერიცხოვანი და ღარიბი. 
ისმის შეკითხვა: რაზეა დამოკიდებული ოჯახების მრავალრიცხოვნება? – ღარიბ ოჯახებში დიდ პრობლემად რჩება ცოლის მოყვანა (ნეოლითში ქალები ეკვივალენტური ურთიერთგაცვლის საშუალებას წარმოადგენდნენ. ეს პრობლემა  ზოგიერთ ქვეყნებში დღემდე რჩება), რადგანაც ის პირდაპირ იყო დამოკიდებული საქმროს მატერიალურ მდგომარეობაზე. ამიტომ, ოჯახის იმ  წევრებს, რომლებიც მატერიალურად უკეთესს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ცოლის მოყვანისა და გამრავლების უკეთესი შანსი ჰქონდათ, რაც პირდაპირ აისახებოდა ამ ოჯახში მუშახელის რაოდენობასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი თემის შიგნით დემოგრაფიული უთანაბრობისა და აქედან გამომდინარე უთანასწორობის გაჩენისა.   

თემში ყოველთვის იყო რამდენიმე მაღალი, პრესტიჟული თანამდებობა (თემის ლიდერი, უხუცესთა საბჭოს წევრი, რელიგიური ლიდერი და სხვა), რომელთა ქონა ამაღლებდა ავტორიტეტს.  ეს ავტორიტეტი კი მის მფლობელს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებდა. იმისათვის, რომ თემის შიგნით რომელიმე მაღალი თანამდებობისთვის მიეღწია, პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა პირადი გამორჩეული თვისებები ან უხვად უნდა დაერიგებინა ზედმეტი საკვები თანამეთემეებისთვის. მაგრამ, თუ მონადირულ საზოგადოებებში თანამდებობის მაძიებელი არიგებდა იმას, რასაც თვითონ მოიპოვებდა (ანთროპოლოგიაში ამგვარ ურთიერობებს რეციპროკული გაცვლა ჰქვია. ლათ. Reciproco – უკან დაბრუნება – ჯგუფის თითოეული წევრი კოლექტიური მოხმარებისთვის მოიპოვებდა იმდენ საკვებს, რამდენიც შეეძლო და იღებდა იმდენს, რამდენიც ეკუთვნოდა), ნეოლითში ლოკალური ჯგუფის უფროსს ჰქონდა უფლება გაენაწილებინა ის პროდუქტი, რომელიც მთელი ოჯახის  შრომის შედეგს წარმოადგენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თემში ჯერ კიდევ ბატონობს ეკვივალენტური გაცვლის პრინციპი – პროდუქტის გაცემის სანაცვლოდ პრივილეგიების მინიჭება, თუმცა ამგვარ გაცვლას ვეღარ ვუწოდებთ რეციპროკულს. როგორც მოსწრებულად თქვა კ. პოლანიმ – ამგვარ ურთიერთობას რედისტრიბუცია (ლათ. Distribution – განაწილება; Re-distributio – გადანაწილება) შეიძლება ვუწოდოთ.

რედისტრიბუცია მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრინციპია, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც კოლექტივის ქონების ან ზედმეტი პროდუქტის  განკარგვა ჯგუფის ლიდერის პრეროგატივა ხდება. მდიდარი ოჯახის პატრიარქი ამ უხვი და დემონსტრაციული გაცემის  საფუძველზე იმაღლებს საკუთარ პრესტიჟს და თემში უფრო მაღალ თანამდებობას იკავებს. 

ამგვარი მაგალითები უხვად მოიპოვება ანთროპოლოგების საველე კვლევებში. მაგ., მდიდარი ოჯახის პატრიარქმა ყველა საკუთარი ღორი ერთბაშად დაკლა და რელიგიური დღესასწაულის დროს თანასოფლელებს ხორცი უხვად დაურიგა. ეკვივალენტური გაცვლის კანონი ყველა გამასპინძლებულისგან ითხოვდა საჩუქრის უკან დაბრუნებას. მაგრამ, რადგანაც მატერიალური ფორმით ამის გაკეთება ყველას არ შეეძლო, სამაგიერო  ამ ლიდერს პრესტიჟის ამაღლებითა და სხვადასხვა პრივილეგიების მინიჭებით უბრუნდებოდა. საჩუქრის მიმღებები დაქვემდებარებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ და, ამიტომ თემის მეთაურის არჩევისას მათი ხმები უზრუნველყოფდნენ გამჩუქებლის წარმატებას. 

დასკვნის სახით შეიძლება მოვიყვანოთ ფრანგი ანთროპოლოგის მ. მოსის მოსწრებული სიტყვები – „ჩუქება ამაღლებს, ხოლო საჩუქრის მიღება ამდაბლებს”.

დაისმის შეკითხვა – როგორ ირჩევდნენ თემის ლიდერს? უხუცესის ან უხუცესთა საბჭოს წევრების (უხუცესთა საბჭო ძირითადად რამდენიმე სოფლისგან შემდგარ თემში ფუნქციონირებდა) არჩევა მეტ-ნაკლებად დემოკრატიული პრინციპით ხდებოდა: ამომრჩევლები ითვალისწინებდნენ კანდიდატის პირად თვისებებს, სოციალურ რანგს, პრესტიჟს, რომელიც უხვი საჩუქრების გაცემით მიიღწეოდა. თემის ლიდერის ფუნქციები, მით უმეტეს რამდენიმე კვარტლისგან ან სოფლისგან შემდგარი თემისა, საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი იყო. მათ რიცხვს განეკუთვნებოდა მრავალრიცხოვან ოჯახებს შორის სახნავი მიწების რეგულარული განაწილება, თემის რესურსებით სარგებლობის სამართლიანი უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზება, მეზობელ თემებთან ურთიერთობა, რომელშიც იგულისხმებოდა თემთაშორისი კავშირების დამყარება, რიტუალური აქციები და სხვა. ასე რომ, ლიდერს უმაღლესი რედისტრიბუტორის როლი ეკისრებოდა, რაც  კოლექტიური დოვლათისა და თემის მიერ მოპოვებული ზედმეტი პროდუქტის (ეს დოვლათი თემის საზოგადოებრივ ბეღელში რჩებოდა) განაწილებას გულისხმობდა. როგორ გროვდებოდა ეს პროდუქტი?

თავისი რთული და, რაც მთავარია, თემის ნორმალური არსებობისთვის აუცილებელი მუშაობისთვის, უხუცესი, როგორც წესი, ოჯახების უფროსებისგან იღებდა საჩუქრებს. საჩუქრის მირთმევა დასაწყისში სპორადული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში მან რეგულარული ხასიათი მიიღო. ეს საჩუქრები, ისევე, როგორც თემის თითოეული წევრის მონაწილეობა ლიდერის და მისი ცოლებისთვის  სახლის აგებაში, უხუცესის საზოგადოებრივი საქმიანობის დაფასებას ნიშნავდა. პირველ ეტაპზე ეს ძღვენი, საკვებისა და მარცვლეულის სახით, საზოგადოებრივ ბეღელში ინახებოდა და ლიდერის შესამჩნევ გამდიდრებას არ იწვევდა, რადგანაც ის უფრო მეტს გასცემდა, ვიდრე იღებდა. მაგრამ დროთა განმავლობაში პროდუქტი სულ უფრო მეტი და მეტი გროვდებოდა და უხუცესი მეთემეებისთვის საერთო ქონების არა მარტო განმანაწილებელი, არამედ „მიწის მესაკუთრე” ხდებოდა. ის მიწას უკვე თავისი ნება-სურვილით გასცემდა და ამიტომ მოწეული მოსავლიდან არა საჩუქარი, არამედ გადასახადი ეკუთვნოდა. გაზრდილ თემში, რომელშიც მართვა და ურთიერთობების დარეგულირება კიდევ უფრო გართულდა, საჭირო გახდა სხვადასხვა თანამდებობის შემოღება, რამაც მმართველ ელიტასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის გაზარდა დისტანცია.

ამრიგად, თემის უხუცესმა თემის წევრებზე  გარკვეული ძალაუფლება მოიპოვა. მაქს ვებერის (გერმანელი სოციოლოგი) კლასიკური ფორმულით, ძალაუფლება –  არის შესაძლებლობა სხვებისთვის საკუთარი ნების თავსმოხვევისა, მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა ან თანხმობისა. 

ისმის კითხვა – რა ხდება შემდეგ? 

თემთა გაერთიანება – ზეთემური საზოგადოება.  თუ ლოგიკას მივყვებით, შემდეგ უნდა მიმდინარებდეს მეზობელ თემთა გაერთიანება. ყველაზე იღბლიანი, მდიდარი და ძლიერი თემის ხელმძღვანელი იმორჩილებს მეზობელ თემებს (აერთიანებს იმავე პრინციპით, რომელიც თემის დამორჩილებისას არსებობდა, კერძოდ, თემის უხუცესი გასცემდა უფრო მეტ საჩუქრებს, ვიდრე სხვა თემის ლიდერები, რითაც საკუთარ პრესტიჟს და ავტორიტეტს იმაღლებდა სხვა თემთა წევრების თვალში), რასაც ზეთემური საზოგადოების ჩამოყალიბებამდე მივყავართ. თუმცა იმისათვის, რომ ასეთი სოციუმი შეიქმნას, საჭიროა რამდენიმე პირობის არსებობა:

1)ოპტიმალური ეკოლოგიური გარემო – ეს ნიშნავს, რომ ტერიტორია, რომელზეც თემები ცხოვრობენ უნდა გამოირჩეოდეს რბილი და თბილი კლიმატით, ნაყოფიერი მიწითა და წყლის უხვი რესურსებით (ვგულისხმოთ დიდ და შლამიან მდინარეებს), რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს არა მარტო რეგულარულად მორწყას ნათესები, არამედ თავიდან აიცილოს ნიადაგის გამოფიტვა.

2)მეორე ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ამ საზოგადოებაში წარმოების შედარებით მაღალი დონის არსებობა, რაც გულისხმობს რესურსების რაციონალურ მოხმარებას, მეზობლებთან რეგულარულ გაცვლა-გამოცვლას, შრომის კოორდინაციასა და კოოპერაციას. შედეგად ვიღებთ ზედმეტი პროდუქტის ზრდის ტენდენციას.

3) მესამე პირობად შეიძლება ჩავთვალოთ აუცილებელი დემოგრაფიული ოპტიმუმის არსებობა, რაც გულისხმობს მოსახლეობის განსაზღვრულ სიმჭიდროვეს. სწორედ გაზრდილი სიმჭიდროვის პირობებში მიმდინარეობს მეზობელ თემთა ლიდერებს შორის  სასტიკი კონკურენცია.

ზოგიერთი მეცნიერი, მაგალითად, ფ. ოპენჰაიმერი, ზეთემური საზოგადოებების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ როლს ომებს ანიჭებდა. თუმცა ამგვარი თეორიები ვერ ხსნიდნენ, თუ რის ხარჯზე ჩნდებოდნენ ისეთი მძლავრი ორგანიზაციული სტრუქტურები, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იყო ჯარისა და არმიის არსებობა. ამიტომ თანამედროვე მკვლევრები უფრო იმ აზრისკენ იხრებიან, რომ ომები და დაპყრობები არა მიზეზი, არამედ ზეთემური სისტემის წარმოქმნის შედეგი უფრო იყო.  ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ომები საერთოდ არავითარ როლს არ თამაშობდნენ ახალი სისტემების ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, არა! პატარა რაზმები საზოგადოების კონსოლიდაციაში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ისინი მხოლოდ დამატებით ძალას წარმოადგენდნენ. გაერთიანების საფუძველს კი წარმოადგენდა ლიდერებს შორის მშვიდობიანი ეკონომიკური კონკურენცია, რაც დოვლათის გაზრდის სტიმულირებას უწყობდა ხელს. თემის ის უხუცესები, რომლებიც ამგვარი კონკურენციის პირობებში მარცხდებოდნენ, იძულებულები იყვნენ უფრო ძლიერ კონკურენტს დამორჩილებოდნენ. ასე იზრდებოდა და ფართოვდებოდა თემთა გაერთიანება, რომელსაც შესაძლებელია პროტოსახელმწიფო ვუწოდოთ. 

პროტოსახელმწიფო. პროტოსახელმწიფო წარმოადგენდა თემთა გაერთიანებას, რომლებიც ადმინისტრაციულად ქალაქური ტიპის (გორდონ ჩაილდი) ცენტრალურ დასახლებას ექვემდებარებოდა, სადაც ბელადის რეზიდენცია და მისი გარემოცვა იყო. ბელადის ფუნქციაში შედიოდა ეფექტური ადმინისტრაციული სისტემის ჩამოყალიბება, რომლის მიზანსაც ოპტიმალური წარმოებისა და მაქსიმალური ზედმეტი პროდუქტის შექმნა წარმოადგენდა. ამასთანავე მას სამხედრო წინამძღოლობაც დაეკისრა.

საქმე ის გახლავთ, რომ პროტოსახელმწიფოების ერთ რეგიონში (ახლო აღმოსავლეთი) წარმოშობის გამო მათ შორის კონკურენცია იზრდებოდა, რასაც თან სდევდა ომები და კონფლიქტები. ამიტომ ბელადისთვის სამხედრო ლიდერობა უმნიშვნელოვანეს ფუნქციად იქცა. ამ ომების ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა არა ძარცვა, არამედ შედარებით სუსტი მეზობლების შემოერთება. 

პროტოსახელმწიფოების გამსხვილებამ შექმნა იერარქიული სისტემა, რომლის სათავეში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისგან თავისუფალი ელიტა იდგა (ადმინისტრატორები, ქურუმები და მეომრები), რომელსაც განსაკუთრებული პერსონალი (მსახურები, მონები)  ემსახურებოდა. უმაღლესი ადმინისტრაციული თანამდებობები ძირითადად არჩევითი იყო. რაც შეეხება მეომრებს – ისინი  პროფესიონალი ჯარისკაცები იყვნენ. მათ მოვალეობას საკუთარი პროტოსახელმწიფოს დაცვა წარმოადგენდა. მოსახლეობის ძირითად ნაწილს მიწათმოქმედები შეადგენდნენ, რომლებიც მსახურები და მონები, უცხოელები ან ტყვეები იყვნენ. ამავე საზოგადოებას განეკუთვნებოდნენ ხელოსნებიც (იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელოსნები არ არსებობდნენ ან ცოტანი იყვნენ). პროფესიონალ ხელოსნებზე მოთხოვნილება ქვის დამუშავების გართულებამ და ლითონის წარმოებაზე გადასვლამ განაპირობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვან ფენას წარმოადგენდნენ ქურუმები. ხშირ შემთხვევაში საერო ლიდერი, ამავე დროს, უმაღლესი ქურუმის თანამდებობას ითავსებდა. 

ისმის შეკითხვა – რატომ?

პროტოსახელმწიფოში, ისევე როგორც თემში, ადმინისტრაციული ხელისუფლება არჩევითი იყო. თუმცა,  როდესაც ბელადი აღწევდა უზენაესს ძალაუფლებას, მისთვის მძიმე იყო იმ პრივილეგიების (იგულისხმება ტრიადა – პრესტიჟი, ავტორიტეტი და ძალაუფლება) დათმობა, რომლითაც სარგებლობდა. ამიტომ, ის ცდილობდა საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციის ხარჯზე ცხოვრების ბოლომდე შეენარჩუნებინა ხელისუფლება.  სწორედ აქ ჩნდება ამ ხელისუფლების საკრალიზაციის (ლათ. saker – sakris – წმინდა – რელიგიურ კულტთან და რიტუალთან დაკავშირებული; საკრალიზიაცია –   ფართო გაგებით არის ის, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ღვთაებრივ, რელიგიურ, ციურ, იმქვეყნიურ, ირაციონალურ და მისტიკურ მოვლენებთან) აუცილებლობა.  

სწორედ ამ დროიდან ხდება ბელადი ღვთაებრივი მადლის მატარებელი, როგორც ძლევამოსილი შუამავალი ცოცხალ და ზებუნებრივ ძალებს შორის. ამ უკვე რთული რელიგიურ-მითოლოგიური იდეოლოგიის გასამყარებლად იქმნება მღვდელმსახურთა კასტა. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რელიგიური სისტემები მხოლოდ ბელადის ძალაუფლების გასაძლიერებლად შეიქმნა, მაგრამ ეჭვს არ იწვევს, რომ ადრეული მითოლოგიის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა პიროვნების და უმაღლესი თანამდებობის საკრალიზაციამ.  

ამგვარმა ცვლილებამ ხელი შეუწყო ბელადის თანამდებობის ამაღლებას პიროვნულიდან -სიმბოლომდე. მმართველის პრესტიჟი, ავტორიტეტი და ძალაუფლება კოლექტივში აღიქმებოდა, როგორც იმანენტური (ლათ. Immanentis – საგნის, მოვლენის შინაგანად დამახასიათებელი, მისთვის ნიშანდობლივი, მისი ბუნებიდან გამომდინარე) ფუნქცია, უფრო მეტიც, როგორც საკრალური თვისება ბელადისა. აქედან ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა შეხედულებამდე ღვთაებრივი მადლის შესახებ, რომელიც მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მაღლა დგას ადამიანი სოციალურ კიბეზე. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ამგვარი მადლის მატარებელნი მხოლოდ ხელისუფლებასთან ახლო მდგომი ადამიანები და მათი ნათესავები ხდებოდნენ. 

შეხედულებების ამგვარმა ცვლილებამ, ე. წ. „მსოფლმხედველობითმა რევოლუციამ” დიდი როლი ითამაშა საზოგადოების მომავალი განვითარების საქმეში. როგორც უკვე ვთქვით, ბელადის ინსტიტუტის საკრალიზაციამ გამოიწვია მისი, როგორც საზოგადოების ლიდერის ძალაუფლების ღვთაებრივი უფლების დაკანონება. ხელისუფლება ხდებოდა სამუდამო, ხოლო ბელადის არჩევნები სულ უფრო მცირდებოდა. თუ ადრეულ ეპოქებში ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ჩართულიყო, ახლა მდგომარეობა შეიცვალა. იმის გამო, რომ პროტოსახელმწიფოს მმართველობა მრავალფუნქციური და რთული გახდა, ლიდერის აღზრდა, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან იწყებოდა. ასე, რომ მმართველობაზე პრეტენდენტთა რაოდენობა შემცირდა – მასზე პრეტენზიას მხოლოდ მმართველი ოჯახის წარმომადგენლები აცხადებდნენ. თუმცა სირთულეები აქაც მრავლად გამოჩნდა. ხელისუფლებისთვის ბრძოლა ახლა უკვე ოჯახს შიგნით წარიმართა. ბრძოლაში ბელადის ძმები და შვილები ჩაერთვნენ. ამის გამო, საჭირო გახდა მემკვიდრეობის წესის დახვეწა, რამაც ხელისუფლების მამიდან უფროსს შვილზე გადაცემის ტრადიცია დაამკვიდრა. 

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ აქ მთავრდება პროტოსახელმწიფოს ფორმირება, რომლის ძირითადი მახასიათებლები ასე შეიძლება გამოიყურებდეს:

·გენეალოგიაზე დამყარებული მმართველობა;
·ლიდერის საკრალიზაცია;
·შრომის დანაწილება.
·სოციალური და ქონებრივი უთანასწორობა;

გაგრძელება იქნება….

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი