კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

 აფხაზეთი ქართულ პრესაში

სულ უფრო თვალსაჩინოა, რომ სოციალურ ქსელებში აფხაზეთზე საუბარი გააქტიურდა. ლაპარაკობენ, წერენ, მსჯელობენ, კამათობენ განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა. მოჰყავთ მეცნიერული თვალსაზრისები; ისეც ხდება, რომ ზოგჯერ განგებ და ზოგჯერ უნებლიეთ ამახინჯებენ ფაქტებს; ჩხუბობენ, ოღონდ ხშირად უსაგნოდ და მთავარი თემისგან გადახვევით… მაგრამ ალბათ ყველას (უსახელო ტროლ-ბოტების გარდა) მაინც საერთო ძალა ამოძრავებს – გულწრფელი სიყვარული და მონატრება აფხაზეთისა. ძალა, რომელიც უკვე 30 წელია ვერც საქმედ ვაქციეთ, ვერც ნაყოფიერ სიტყვად, არამედ ჯერჯერობით მხოლოდ გვსრესს და დროში გაწელილი სევდის ჭავლში გვხვევს…

ძალა, რომელსაც, აღმართის ასახნავად, უპირველეს ყოვლისა, ცოდნა სჭირდება. ისტორიის, თემის, არსის ცოდნა და პირუთვნელი გააზრება. ხოლო ყველა საქმე თუ წამოწყება, რომელიც ამ ცოდნის შესაძენისკენ/გახსნისკენაა მიმართული, საზოგადოების მხრიდან ინტერესს და ყურადღებას იმსახურებს. მით უფრო საშურია ეს საქმე მომავალი თაობებისთვის, ვინც დროთა განმავლობაში კარგავს ემოციურ კავშირს აფხაზეთთან და ყოველგვარი მეტაფორის გარეშე – მართლაც ახალი/სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს ურთიერთობა აფხაზებთან.

„აფხაზეთი ქართულ პრესაში“ – ასე ჰქვია ვრცელ კრებულს, რომელიც მკითხველის წინაშე სულ ცოტა ხნის წინ წარადგინეს შემდგენელ-გამომცემლებმა და რომელიც ზუსტად ამ მიზნებს ისახავს – აფხაზეთის შესახებ ცოდნის დაგროვებას, მის გაცნობა/შემეცნებას, უტყუარ წყაროებში დადასტურებული ისტორიის გააზრებას.

კრებულში თავმოყრილია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში (1866-1899) ქართული პერიოდული გამოცემების ძირითადი მასალები აფხაზეთთან დაკავშირებით („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „კვალი“, „მწყემსი“, „აკაკის თვიური კრებული“). ეს არის გაზეთები და გამოცემები, რომლებიც იმდროინდელ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებას ასახავდნენ; თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ – ეს იყო იმდროინდელი კრიტიკული მედია, სანდოობის მაღალი ხარისხით და სანიმუშო პროფესიონალიზმით.

ამ მნიშვნელოვანი საქმის მოთავე და კრებულის შემდგენელ-რედაქტორი ანა ბაქანიძეა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აფხაზეთის მეცნიერთა პროგრამის ფარგლებში დაიბეჭდა.

1866-1899 წლები ის უმძიმესი პერიოდია, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას მოჰყვა. აფხაზეთის სამთავრო გაუქმდა 1864 წელს, რის შემდეგაც გააქტიურდა რუსული კოლონიზატორული პოლიტიკა: აფხაზეთის სამთავრო სოხუმის ოკრუგად გადაიქცა, მოხდა ორი აჯანყება, დაიწყო თურქეთში მუჰაჯირობის მტკივნეული პროცესი. ანა ბაქანიძემ კრებულს აფხაზი მწერლის – მიხეილ ლაკერბაის ციტატა წარუმძღვარა: „თუ თავის დროზე მეფის რუსეთს დამსახურებულად უწოდებდნენ „ხალხთა უზარმაზარ საპყრობილეს“, ამ საპყრობილეში ტანჯვის ყველაზე უფრო მკაცრი საკანი აფხაზეთი იყო“. ამ სიტყვებში ეპოქის ტრაგიკული სულია აღბეჭდილი, რაც კრებულის შინაარსსაც მსჭვალავს. ამ ტრაგიზმის შუქზე იკითხება თითქმის ყველა სტატია, რეცენზია თუ ესეი. თემები მრავალფეროვანია: პოლიტიკა, კულტურა, განათლება, ეთნოგრაფია, ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა და ა.შ.

სტატიების ავტორები არიან როგორც იმ დროისთვის ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები (თედო სახოკია, აკაკი წერეთელი, გიორგი შარვაშიძე, პეტრე ჭარაია), ასევე უცნობი ავტორები. აფხაზეთის თემაზე აქტიურად წერდა ჟურნალისტი და პედაგოგი სერგეი მესხი.

600-გვერდიანი კრებულისთვის თვალის ზერელე გადავლებითაც იგრძნობს მკითხველი, რომ საქმე მხოლოდ აკადემიურ პუბლიცისტურ ტექსტებთან არ აქვს. ეს წერილები თვალმოუწყვეტლად იკითხება, მთლიანობაში კი კრებული ერთი გრძელი და დრამატული რომანის შთაბეჭდილებას ტოვებს. შემდგენელ-რედაქტორმა მართლაც დიდი შრომა გასწია მათი კვლევისა და თავმოყრისათვის.

„აბხაზეთი და საზოგადოთ მთელი ეს კავკასიის ნაპირი შავის ზღვისა ერთი მშვენიერთაგანი და უმდიდრესთაგანი კუნჭულია დედა-მიწისა. უხვ ბუნებას დაუზოგავად მოუფენია აქ თავის ყოველგვარი სიმდიდრე: თვალგადუწვდენელი საბალახე ადგილები, მთები ტყით მოფენილნი, მინდვრები, რომელზედაც პური, სიმინდი, ღომი, თამბაქო, მშვენიერი ღვინო და თვით ჩაის მცენარეც კი ხარობს… მაგრამ რამდენადაც ეს ბუნება ბედნიერი და მდიდარია, იმდენად ხალხი, რომელიც აქ ესახლა, ძველადგანვე იყო უბედური და ღარიბი“. 1878 წლით დათარიღებული სტატიის ეს ფრაგმენტი მწვავე არგუმენტია, რომელსაც იმდროინდელ საზოგადო მოღვაწეთაგან განათლებისთვის, სოციალური განვითარებისთვის მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა დაუპირისპირდა. ეს რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესი პრესაშიც თვალსაჩინოდ აისახა.

თქვენ წინაშე საუკუნე-ნახევრის წინანდელი ისტორია იშლება, „თვითმხილველთა“ მიერ მონათხრობი, არა მშრალად და უემოციოდ, არამედ მკაფიო ლიტერატურული ვნებით. მიჰყვებით ქრონოლოგიური სიზუსტით დალაგებულ ამ წერილებს და თქვენს თვალწინ იფურცლება წლები – სავსე ადამიანური და ეროვნული ტკივილებით, ბრძოლებით, მარცხითა და გამარჯვებებით. გესმით აფხაზეთის სხვადასხვა კუთხიდან „პირდაპირ რეჟიმში ჩართულ“ ავტორთა ხმები – ისინი საუბრობენ პრობლემებზე, ყოფით თუ საქვეყნო გასაჭირზე, ლოკალურ თუ გლობალურ გამოწვევებზე; ისინი ჰყვებიან ამბებს პორტიდან და უკიდურესი მთიანეთიდან, აკეთებენ რეპორტაჟებს ზღვისპირეთიდან, ნამდვილი მხატვრებივით ქმნიან ვრცელ პანოებს, სადაც მთის თუ ქალაქის ყოფაა ასახული. ამ 30-წლიან ისტორიაში თქვენს თვალწინ შენდება ახალი გზები და შენობები, სალოცავები და სკოლები, ჩამოდიან სტუმრები, საომრად იძაბება სიტუაცია, თვალს მოვკრავთ დევნილებსაც, ელვის სისწრაფით ცვლიან ერთმანეთს რუსი მოხელეები თუ ეგზარქოსები, მათ შორის მარგალიტებივით გაიელვებენ ნამდვილი სასულიერო პირები, ნამდვილი მოძღვრები, მაგალითად – ეპისკოპოსი გაბრიელი…

მთელი კრებულის შინაარსის ერთ წერილში ჩატევა წარმოუდგენელია, მხოლოდ ჭაშნიკად გამოვყოთ რამდენიმე წერილი: გაზეთ „დროების“ 1872 წლის ნომერში ვრცელი სტატია ეძღვნება ორ აფხაზურ ტრადიციას (რომელსაც ზნეობით კანონს უწოდებს ავტორი) – გაძიძავებისა და მინდობის. საერთოდ, აფხაზეთში შემორჩენილ წეს-ჩვეულებებს დიდი ყურადღება ეთმობა პრესაში. რამდენ საინტერესო ამბავს შეიტყობთ, რამდენ აქამდე უცნობ ადათსა თუ ტრადიციას ამოიკითხავთ! მაგალითად, „ჟინის-ხვამა“, რომელიც კორესპონდენტმა სამურზაყანოს სოფელ ჯიბურ-ხინჯში აღმოაჩინა – მეხის (ჰაერის) ღვთაებისადმი აღვლენილი რიტუალი.

ბევრს და ხშირად წერენ ინფრასტრუქტურაზე, ვაჭრობაზე. ყურადღებას ამახვილებენ რკინიგზის და გზების გაყვანაზე.

შეგხვდებათ სტატიები აფხაზეთის კლიმატზე, ლანდშაფტსა და რელიეფზე. იქაური მზისა და ზღვის შეჯერებით ექიმებს სოხუმისთვის ნიცაც კი დაურქმევიათ, თუმცა არცთუ ისე იშვიათი ყოფილა შემთხვევები, როცა სწორედ ამ ჰავას გამოუწვევია ტუბერკულოზის აფეთქება მოსახლეობაში, გავრცელებულა ინფექციები და ა.შ. ამას ექიმებში დიდი და „მელნის მღვრელი“ ბრძოლა მოჰყოლია, ზოგი მაინც ჯიუტად ეპატიჟებოდა ფილტვებით დაავადებულებს სოხუმში, ზოგიც კი მკურნალობის ამ ვერსიას გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა. ამ ხელჩართულ დისკუსიაში კი, რომელსაც კორესპონდენტიც აშკარა სიხალისით აღწერს, უცებ ასეთი ფრაზა გაიელვებს:

„სოხუმში ჯერ ვარდები ისევ ყვავიან. ზოგიერთ ქუჩებში ისე სახლს ვერ ნახავ, რომ ღობესთან არ უდგეს რამდენიმე ხის სიმაღლე ვარდის ბუჩქები“…

საუკუნის მიწურულს, 1890-იან წლებში, პრესაში პოზიტიური სულისკვეთება მატულობს: გაცილებით მეტს წერენ ცალკეულ მიღწევებზე, ლოკალურ წარმატებებზე, ქალაქსა და სოფელში გააქტიურებულ ცხოვრებაზე, სწავლისა და შრომის წყურვილზე. იშვიათად, მაგრამ მაინც შენდება სკოლები, ბიბლიოთეკები, დასასვენებელი პარკებიც კი ჩნდება, ევროპულ ნიცად წოდებული სოხუმი მართლაც წალკოტს ემსგავსება. და ისევ კორესპონდენტის ხმა: „თუმცა ჩვენი ქალაქი თავისთავად ედემს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ, სოხუმელი ქართველობა (სოხუმი თითქმის ქართველებითაა დასახლებული), ვერა ვართ კარგნი გამრჯენი და მუყაითნი საზოგადო საქმეებში. თუმცა თითოეული ჩვენგანი დილიდგან საღამომდის ფუსფუსებს, დარბის, ჰშრომობს და აკეთებს რაცხას, მაგრამ ეს „რაცხა“ სულ საპირადოა და არა საზოგადო. ჩვენი შრომა და ჯაფა მიმართულია პირად სარგებლობისკენ, რის გამოც, აქაური ქართველობა, ცოტად თუ ბევრად, ქონებრივად წელში გამართულია, მოღონიერებულია“.

ამ „რაცხას“ კეთება, როგორც ჩანს, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიის ნაწილია, ოღონდ ეს ისეთი ღრმად საფიქრალი და საკვლევი თემაა, რომ ამ წერილში ამგვარ აღმართს ვერ შევეჭიდებით. თხრობაც აქ დავასრულოთ, ამ ორაზროვან ბგერაზე, როგორც ბედისწერის ნიშნულზე, საიდანაც ყველაზე მკაფიოდ ჩანს ჩვენი ეროვნული ცოდვა-მადლი, ჩვენი ხასიათი, ტალანტიც და სასჯელიც.

ამგვარ საჩინო წყაროთა სიმრავლე ისტორიის არამხოლოდ წაკითხვაში, არამედ მასთან ერთად თანაცხოვრებაში გვეხმარება. „აფხაზეთი ქართულ პრესაში“ ამ წყაროდ იქცა და ალბათ ბევრსაც დააინტერესებს, თუ სად შეიძლება, მოიძიოს კრებული. როგორც წიგნის წარდგენისას გვითხრეს, დაბეჭდვით მხოლოდ რამდენიმე სასაჩუქრე ეგზემპლარი დაიბეჭდა, ელექტრონული ვერსია კი ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ გვერდზე დევს. დღესდღეობით, ინტერნეტ-პლატფორმა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

მთავარია, ინტერესმა იარსებოს. ინტერესმა და ძალამ, რომელსაც წარსულის აწმყოდ, მომავლის კი სიყვარულად ქცევა შეუძლია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი