პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ნეოლითი – ცვლილებები ნეოლითში

 შესავალი. თანამედროვე ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია აზრი იმის თაობაზე, რომ  ისტორია ძირითადად სახელმწიფოსა და დამწერლობის წარმოშობიდან იწყება. მიუხედავად ამისა,  ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ მსოფლიო ისტორიის ეს კურსი ნეოლითიდან დავიწყოთ. ასეთ მიდგომას თავისი ახსნა მოეძებნება: ახალი ქვის ხანა, ეს ის ეპოქაა, როდესაც საფუძველი ეყრება თანამდროვე ცივილიზაციისთვის დამახასიათებელ უამრავ მოვლენასა თუ ინსტიტუტს, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგიებისა და მშენებლობის განვითარება, რელიგიური ინსტიტუტების ჩამოყალიბება, წინარე სახელმწიფოს სტრუქტურების ფორმირება  და სხვა. ჩვენი აზრით, ნეოლითის ხანაში მომხდარი ცვლილებების ანალიზის გარეშე შეუძლებელია კაცობრიობის განვითარების სრულყოფილი სურათის შექმნა.

მიწათმოქმედების და მესაქონლეობის წარმოშობა. ნეოლითი (ძვ.წ. X – IV ს.ს.) წარმოადგენს ქვის ხანის დამასრულებელ ეტაპს. ამ ეპოქაში მოხდა გრანდიოზული გადატრიალება, რომელსაც ინგლისელმა მეცნიერმა გორდონ ჩაილდმა „ნეოლითური რევოლუცია” უწოდა. ნეოლითური რევოლუცია არის კაცობრიობის ისტორიის ის ეტაპი, როდესაც მიმთვისებლური მეურნეობიდან (ნადირობა, შემგროვებლობა, მეთევზეობა) საზოგადოება გადავიდა მწარმოებლურ მეურნეობაზე (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა). კაცობრიობა დღემდე  აგრძელებს არსებობას იმ პროგრესის საფუძველზე, რომლებსაც ამ ეპოქის საზოგადოებამ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობაში მიაღწია. უკვე 7 –10 ათასი წლის წინათ ადამიანმა მარცვლეულის, ხილისა და ბოსტნეულის იმ ძირითადი ჯიშების გამოყვანა დაიწყო, რომლებითაც დღემდე ვსარგებლობთ. მოგვიანებით ამ კულტურების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, გაიზარდა მხოლოდ მათი გავრცელების არეალი. მიუხედავად იმისა, რომ ნეოლითში სამიწათმოქმედო სამუშაოები ძალიან დიდ ფიზიკურ დანახარჯებს მოითხოვდა, ეს შრომა მაინც გამართლებული იყო, რადგანაც შემგროვებლობასთან შედარებით მიწის დამუშავება  საკვებით მომარაგების უფრო მდგრად პირობებს ქმნიდა.

იგივე შეიძლება ითქვას მესაქონლეობაზეც. ახალი ქვის ხანაში დაიწყო იმ ცხოველების მოშინაურება – ძროხა, ხარი,  ცხვარი, თხა, ღორი, ფრინველი, რომლებიც დღესაც წარმოადგენენ ჩვენი კვების რაციონის ძირითად შემადგენელ ნაწილს. საწყისს ეტაპზე ადამიანი ამ ცხოველების მხოლოდ ხორცს, ტყავსა და ბეწვს იყენებდა. მხოლოდ, მოგვიანებით საზოგადოებამ ჯეროვნად დააფასა  რძის და მისგან მიღებული პროდუქტების სარგებელი. ჩამოთვლილი პროდუქტების გარდა, საზოგადოებამ ამ ცხოველების ენერგიის გამოყენებაც დაიწყო,  განსაკუთრებით ეს ითქმის მსხვილფეხა საქონელზე. მოგვიანებით, როდესაც მოიშინაურეს ცხენი და აქლემი, ადამიანს დიდი სივრცეების სწრაფად გადალახვის საშუალება მიეცა. ამ ცხოველების გარეშე წარმოუდგენელია ცივილიზაციის განვითარების პროცესი.

ამრიგად, ნეოლითის ეპოქაში პირველად მოხდა შრომის დანაწილება – მიწათმოქმედება და მესაქონლეობა ერთმანეთისგან განსხვავებულ დარგებად ჩამოყალიბდნენ. ამან გამოიწვია ცხოვრების სტილის შეცვლა, წარმოიშვნენ მიწათმოქმედი – ბინადარი და მესაქონლე – მომთაბარე საზოგადოებები.  ასეთმა დიფერენციაცია არათანაბარი განვითარების მიზეზი გახდა და ცალკეულმა საზოგადოებებმა წინსვლა განსხვავებული გზებითა და განსხვავებული ტემპებით განაგრძეს. 

ნეოლითის დროს  მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობაზე გადასვლის პროცესი ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე, მაგალითად, პალეოლითიდან – მეზოლითზე. მიუხედავად იმისა, რომ მიწათმოქმედება და მესაქონლეობა ცალკეულ დარგებად ყალიბდებოდნენ, ისინი ჯერ კიდევ არ წარმოადგენდნენ ადამიანის საქმიანობის წამყვან სფეროებს და მხოლოდ დამატებითი ფუნქციის მატარებლები იყვნენ. იქ, სადაც ბუნებრივი პირობები არ იყო ხელსაყრელი, ნეოლითის ხანაში ადამიანი ისევ ნადირობასა და მეთევზეობას მისდევდა. თუ ნეოლითის ხანის ბოლოს ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, ჩინეთსა და ინდოეთში  მიწათმოქმედება პრევალირებდა, ევროპაში ის ნაკლებად იყო განვითარებული, ხოლო დედამიწის სხვა რაიონებში სულაც ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში მიწათმოქმედება და მესაქონლეობა წამყვან პოზიციებს იკავებდა.

 
ქვის დამუშავების ახალი ტექნოლოგიების განვითარება. ნეოლითი ახალი ტექნოლოგიების ეპოქადაც შეიძლება ჩაითვალოს. ქვის დამუშავების ინდუსტრიამ სრულყოფილებას მიაღწია, რაზეც სამუშაო იარაღის დამზადების მაღალი ხარისხი მიუთითებს. პალეოლითისგან განსხვავებით, ახალ ქვის ხანაში ადამიანებმა პირველად მოახერხეს ქვის გაჭრა, გახვრეტა და გაპრიალება. ამგვარად დამზადებული იარაღი აღარ იყო ისეთი უხეში, როგორც მანამდე. ასევე შეიცვალა ქვის სახეობებიც (მაგ., დიორიტი, ნეფრიტი, იასპი და სხვა), რომლებსაც იარაღის დასამზადებლად იყენებდნენ. ამგვარი ხარისხის ქვის სახეობების მოსაპოვებლად ადამიანმა დაიწყო მათი მიწისქვეშა მოპოვება, რაზეც იმ დროში მაღაროების არსებობა მიუთითებს. ქვის მაღალტექნოლოგიურმა დამუშავებამ საგრძნობლად გაზარდა იარაღის ასორტიმენტი. მიწათმოქმედების განვითარების რაიონებში არქეოლოგები ხშირად მოიპოვებენ სანაყებს, მარცვლეულის საფქვავს, მარტივ თოხს მიწის დამუშავებისთვის, კაჟის ნამგლებს და სხვა იარაღებს. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ახალი ტიპის ნაჯახი, რომელიც ბრტყელი და ტრაპეციის ფორმისა იყო. ამგვარი იარაღით შედარებით ადვილი იყო ხის მოჭრა და მისი დამუშავება, რაზეც მიუთითებს ამ დროს დამზადებული ხის თხილამურები, ციგები, ნავები და სხვა.
 

მეთუნეობის წარმოშობა. ნეოლითის ეპოქას ზოგიერთი სწავლული „კერამიკის საუკუნესაც” უწოდებს. სწორედ ამ დროს იწყება თიხის გამოყენება სხვადასხვა სახის სამეურნეო და საოჯახო ინვენტარის დასამზადებლად. სამეთუნეო მორგვის გამოგონებამდე თიხას, რომელშიც დაფხვნილ ნიჟარებს, ბალახს ან ქვიშას ურევდნენ (ამით ნაკეთობა უფრო მყარი ხდებოდა), ხელით ზელდნენ და სათანადო ფორმას აძლევდნენ. ამგვარად დამზადებულ კერამიკულ ნაწარმს წყლის, მარცვლეულის და სხვადასხვა პროდუქტების შესანახად და ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ. ნაწილი მეცნიერებისა მიიჩნევს, რომ კერამიკის დამუშავებას ძირითადად ქალები მისდევდნენ.
 
საფეიქრო წარმოების განვითარება. ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი იყო საფეიქრო წარმოების ჩასახვა. ადამიანმა შეძლო სამოსის დამზადების ახალი მეთოდების შემოღება. თუ მანამდე ტანსაცმლის შესაქმნელად ძირითადად ტყავს იყენებდნენ, ახალი ქვის ხანაში სამოსის დასამზადებლად  ტყავის გარდა დაიწყეს  კანაფის, ჭინჭრის, თმებისა და მატყლისგან  დამზადებული ძაფის გამოყენება. ამგვარად მიღებული ტანსაცმელი სხვადასხვა საღებავით იღებებოდა, რაც მას სილამაზესა და სინატიფეს სძენდა. ამ ეპოქის განათხარებში არქეოლოგებმა ძაფის სართავი და საქსოვი პრიმიტიული მოწყობილობები აღმოაჩინეს. 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნეოლითში შრომის დანაწილების კიდევ ერთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობასთან  ერთად ცალკე დარგად ჩამოყალიბება დაიწყო ხელოსნობამ.
 

მშენებლობისა და არქიტექტურის განვითარება. წინა ეპოქებისგან განსხვავებით, ნეოლითის ადამიანი ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდა, რაც სამიწათმოქმედო ცხოვრების წესზე გადასვლამ გამოწვია. მიწურების, ქოხებისა და ხიმიჯებიანი ნაგებობების გარდა, ადამიანმა დაიწყო თიხის, ხისა და ქვის სახლების მშენებლობა.  ხელოსნობის განვითარებამ ცხოვრების  უკეთესი პირობები შექმნა, რის შედეგადაც გაჩნდა  მეტ–ნაკლებად სტაციონარული დასახლებები. მოგვიანებით ეს დასახლებები ქალაქური ტიპის სამოსახლოებად ჩამოყალიბდა. ნეოლითური არქიტექტურის დიდ ნამოსახლარებში სივრცის ორგანიზების ორი განსხვავებული ტიპია ასახული: პირველ შემთხვევაში, ესაა მრგვალი ფორმის დასახლება ცენტრალური მოედნით, რომლისგანაც მზის სხივების მსგავსად „გამოდიან” ქუჩები,  ხოლო მეორე შემთხვევაში გვხდება დაგეგმარება, რომელიც გულისხმობს სწორი კუთხით გადამკვეთი „ქუჩების” სისტემას.  

ახალი ქვის ხანაში ადამიანები საკუთარ საცხოვრებლებს სხვადასხვა მასალით აგებდნენ. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელ ბუნებრივ გარემოში მდებარეობდა კონკრეტული დასახლება. ტყიან ზოლში სახლებს ძირითადად ხისგან აგებდნენ, ხოლო კლდოვან ადგილებში – ქვისგან. მესოპოტამიაში არც ქვა იყო და არც ხე, ამიტომ საშენ მასალად თიხას იყენებდნენ. მესაქონლე საზოგადოებებში, სადაც მოსახლეობა მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, საცხოვრებელი, ხშირ შემთხვევაში, კარავს წარმოადგენდა, რომელსაც ტყავის, თივის ან თოვლისგან (ჩრდილოეთში) აგებდნენ. ნეოლითურ სამოსახლოებში  უკვე გვხვდება დახურული კერია და მარტივი ავეჯი, ასევე, სახლის ირგვლივ განლაგებული  სხვადასხვა სახის სამეურნეო ნაგებობები: ბეღელი, საკუჭნაო, თივის ფარდული და სხვა. ამ ეპოქაში მცირე აზიაში, სირიასა და პალესტინაში დიდი და მდიდარი დასახლებები წარმოიქმნა, რომელთაც კედელი ჰქონდათ შემოვლებული. სწორედ, ამან ათქმევინა გორდონ ჩაილდს, რომ ნეოლითური რევოლუცია, ამავე დროს, „ურბანული (ქალაქური) რევოლუციაც” არის. თუმცა დღეს მრავალი მკვლევარი ამ აზრს არ იზიარებს.  მშენებლობის სფეროში ახალი ქვის ხანაში წარმოიშვა ისეთი უცნაური და, ხშირ შემთხვევაში, საიდუმლოებით მოცული ნაგებობები, როგორიცაა მეგალითები. ეს ორიგინალური შენობები ქვის უზარმაზარი ლოდებისგან იყო აგებული და უმეტეს შემთხვევაში საკულტო დანიშნულება ჰქონდა. 

 
მხატვრობის განვითარება. ნეოლითის მხატვრობაში ნიშანდობლივია ფიგურათა გამოსახვის არარეალისტური მიდგომა, განსაკუთრებით ეს ეხება ევროპას. ამ ეპოქის საფრანგეთისა და ესპანეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი კედლის მხატვრობის ნიმუშების დათვალიერებისას ისეთი განცდა გვეუფლება, თითქოს კაცობრიობა დაუბრუნდა ადრეული პალეოლითის  პრიმიტიულ ფერწერას. ახალი ქვის ხანაში კედლის მხატვრობაში ვხვდებით ხაზების უწესრიგო ხლართებს, წერტილთა რიგებს, გაურკვეველ სქემატურ ნიშნებს და სხვა მინიშნებებს. ადამიანის ფიგურა წარმოდგენილია ერთგვაროვანი თხელი ხაზების მეშვეობით, თუმცა ეს ნაკლებად ეხებათ ცხოველთა გამოსახულებებს.  გამქრალია ფერწერის ისეთი გამომსახველობითი ხერხების გამოყენება, რომლითაც აგრერიგად მდიდარი იყო პალეოლითის ეპოქის ალტამირასა და ლასკოს გამოქვაბულების მხატვრობა. დაისმის შეკითხვა – რა გახდა ამგვარი დეგრადაციის მიზეზი?

დღეს მეცნიერებაში გავრცელებულია აზრი, რომ ამგვარი ცვლილება სულაც არ იყო გამოწვეული ნეოლითელთა ოსტატობის ხარისხის დაცემით ან პროპორციის გრძნობის დაკარგვით. ამ შემთხვევაში ადამიანთა ფიგურების სტილიზაცია პასუხობს ახალი ეპოქის ძირითად მიზანს – მოქმედების, მოძრაობისა და მასობრივი სცენების გამოსახვას. ხელოვნების ესთეტიკური და შემეცნებითი დანიშნულება უკანა პლანზე გადადის. ძირითადი ადგილი ეთმობა მის კომუნიკაციურ, რელიგიურ და მემორიალურ ფუნქციას. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამგვარი გამომსახველობითი ფორმების არსებობა ნიშანია არა პრიმიტიულობისკენ დაბრუნებისა, არამედ ადამიანის იმ საფეხურზე ასვლისა, როდესაც კონკრეტულ აზროვნებასთან ერთად ნელ-ნელა ფეხს იკიდებს მოვლენათა განზოგადების უნარი. 
 
ნეოლითური კულტურები. როგორც ზემოთ ვთქვით, ნეოლითური კულტურის გავრცელება დედამიწის სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულ დროს მიმდინარეობდა. 

 ნეოლითური რევოლუციის ხანაში მახლობელ აღმოსავლეთში წარმოიქმნა რამდენიმე ადრე სამიწათმოქმედო კულტურა, რომლებიც პირველი ცივილიზაციების საწყისს პლასტად შეიძლება ჩაითვალოს. 

იორდანულ – პალესტინური კულტურა. განსაკუთრებულ კულტურულ ზონას წარმოადგენს იორდანულ-პალესტინური კომპლექსი, რომელიც მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით, მდინარე იორდანის ხეობაში მდებარეობს, ბიბლიური ქალაქის – იერიქონის ტერიტორიაზე. ეს ნასახლარი 4 ჰექტარზე იყო გაშენებული და 4 მეტრი სიმაღლის ქვის სქელი კედლებით იყო გარშემორტყმული. კედელში ჩაშენებული იყო 7 მეტრი სიმაღლის საყარაულო კოშკი.

 
როგორც ჩანს, კედლის ძირითად დანიშნულებას დასახლების მტრისგან დაცვა წარმოადგენდა. ეს კი გახშირებულ თავდასხმებსა და შეტაკებებზე მიუთითებს. არქეოლოგიური განათხარიდან ჩანს, რომ ნასახლარის მოსახლეობა შენობა-ნაგებობების მშენებლობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, რაც  ცხოვრების საკმაოდ მაღალ დონესა და არქიტექტურის განვითარებაზე მიუთითებს. სახლების კედლებს სქელი ალიზისგან აშენებდნენ, ხოლო იატაკი წითლად ან კრემისფრად შეღებილი კირქვით იყო გალესილი, ღებავდნენ კედლებსაც: დაახლოებით მეტრამდე სიმაღლეზე ის წითელი იყო, ხოლო ზემოთ, ჭერამდე -კრემისფერი. კლიმატური პირობების გათვალისწინებით,  ყველა ნაგებობა ბანიანი გადახურვით ხასიათდებოდა და იატაკი მიწის ზედაპირზე ან მის ქვევით იყო. ამგვარი არქიტექტურა განპირობებული იყო ცხელი და მშრალი ჰავით. სახლებს შორის პატარა ეზოები იყო, სადაც საჭმელს ამზადებდნენ. იერიქონელები იმ დროისთვის არცთუ ისე ცუდად იკვებებოდნენ. მათ რაციონში ძირითადად ხორცი (როგორც წესი, ნანადირევი) და ხორბალი შედიოდა. ცხოველთაგან მოშინაურებული ჰყავდათ ძაღლი, კატა და თხა. 

ნეოლითური იერიქონი   გორდონ ჩაილდმა გათხარა. სწორედ ამ დასახლებაზე დაყრდნობით, მეცნიერმა შემოიტანა ისეთი ცნებები, როგორებიცაა „ურბანული (ქალაქური) და აგრარული (სამიწათმოქმედო) რევოლუცია”.
2. ჩათალ ჰუიუქის კულტურა. ადრესამიწათმოქმედო კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა მცირე აზია (დღევანდელი თურქეთი). არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს დასახლება, რომელსაც ჩათალ ჰუიუქი (დღევანდელი ადგილის სახელის მიხედვით) ჰქვია. ნეოლითში  ამ რეგიონში 20-მდე დასახლება მდებარეობდა, რომელთაგანაც ჩათალ ჰუიუქი ერთგვარ „დედაქალაქს” წარმოადგენდა. ის მეტად მდიდარი  „ქალაქი” იყო და 2-ათასიდან 6-ათასამდე მოსახლეს იტევდა. აქ ადამიანები ალიზის შენობებში ცხოვრობდნენ. ჩათალ ჰუიუქის მოსახლეობა მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობით იყო დაკავებული. აქაური ნეოლითელები 14-მდე სახეობის მცენარეს და მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს აშენებდნენ. მათ რაციონში შედიოდა რამდენიმე ჯიშის ხორბალი, ქერი, მუხუდო, ფსტა, ნუშის ზეთი და სხვა. ცხოვრების მაღალ დონეზე მიუთითებს გათხრების შედეგად აღმოჩენილი სხვადასხვა სახის სამკაულები – საყურეები, სამაჯურები, მძივები და ყელსაბამები, ასევე კოსმეტიკის მრავალფეროვანი საშუალებებიც. ჩათალ ჰუიუქის მდიდარ სამყაროზე მიუთითებს აქ აგებული სალოცავები, რომლებიც კედლის მხატვრობითა და თიხის ბარელიეფებით ხასიათდება.  

 
3. ჩრდილო მესოპოტამიის და დასავლეთ ირანის კულტურები. ნეოლითის მესამე, მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა ჩრდილო მესოპოტამიის და დასავლეთ ირანის კულტურები.  ამ რაიონების მოსახლეობა ბინადარ ცხოვრებას ეწეოდა, რაზეც ქვის ფუნდამენტზე აგებული ალიზის სქელკედლიანი სახლები მიუთითებს. ცალკეულ დასახლებებს უკვე ჰქონდათ სქელი, გარს შემოვლებული კედლები და დიდი კარები. აქაურ ბინადრებს მოჰყავდათ სხვადასხვა სახის მცენარეული კულტურები და აშენებდნენ ცხვარს, თხასა და ღორს. გარდა თიხის ჭურჭლისა, ადგილობრივები ქვის ჭურჭელსაც ამზადებდნენ. არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს  ნახევარმთვარის ფორმის პირველი ნამგალი. ასეთი რამ სხვაგან არ გვხდება. როგორც ჩანს, ამ დასახლებების მოსახლეობა საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობდა, რაზეც მიუთითებენ თიხის სათამაშო ქვები.

გარდა ამ სამი ზონისა ოდნავ გვიანდელი ნეოლითური კულტურები აღმოჩენილია შუა აზიის, ინდოეთის, ჩინეთის, ბალკანეთის და კავკასიის (მათ შორის საქართველოს) ტერიტორიაზეც. ევროპის ცენტრალურ და ჩრდილო ნაწილებში ნეოლითური საზოგადოება ჩამოყალიბებას გაცილებით გვიან იწყებს.

 
„დემოგრაფიული რევოლუცია”. მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობაზე გადასვლამ „დემოგრაფიული რევოლუცია” გამოიწვია. მეცნიერთა აზრით, ამ ეპოქაში მსოფლიოს მოსახლეობა 15-ჯერ გაიზარდა. მოსახლეობის რაოდენობის ამგვარი ცვლილება ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამ განაპირობა.  

გაგრძელება იქნება…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი