შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ტერმინალში დაწერილი ამბავი

როგორც იქნა, თვითმფრინავიდან ჩამოვაღწიე და აეროპორტის ტერმინალში წინ მიმავალ ხალხს შევერიე. ჩვევა მაქვს ასეთი – მომდევნო გაფრენამდე რაც უნდა ბევრი დრო იყოს, ჯერ იმ გასასვლელს უნდა დავხედო, საიდანაც მორიგ რეისზე გადავჯდები. მის მდებარეობას კარგად რომ შევისწავლი, მერეღა ვიწყებ აეროპორტში ხეტიალს დროის გასაყვანად. ახლაც ასე მოვიქეცი, გასასვლელი მოვინახულე და იქიდან პირდაპირ შეგულებული ყავისკენ წავედი. აქ რაღაცნაირად სხვანაირს ხარშავენ. შინიდან დილაუთენია გამოვედი, კონფერენციაზე მივფრინავ და, წესით, სულ სხვა რამ უნდა მაღელვებდეს, მე კი, თითქოს ჯიბრზე, ესპანეთის მეფე ფილიპე მეორეზე ფიქრი ამეკვიატა. თანამედროვენი ევროპის ყველაზე კათოლიკე მეფეს უწოდებდნენ, ჟამთააღმწერლები – გონიერსა და ფრთხილს, რადგან გადაწყვეტილებას „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის” პრინციპით იღებდა. მეჩვიდმეტე საუკუნის მემატიანე ბალთაზარ პორენო სიბრძნით სოლომონს ადარებდა.
ჩრდილოეთევროპელი პროტესტანტები კი ფილიპეს ოდნავ სხვა თვალით უყურებდნენ და მასში ეშმას ხედავდნენ. ცხოვრებაშიც ხომ ასეა – ზოგიერთისთვის ანგელოზი ხარ, მავანს კი ისე სძულხარ, ცხრათავიან დევად წარმოუდგენიხარ. ერთმა მეგობარმა მითხრა, ჩემ შესახებ ყველას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს, მე რა შუაში ვარო. ალბათ ფილიპეც ასე ფიქრობდა და მართალიც იყო.
ფილიპე გემთმშენებლობის ტექნოლოგიის განვითარებით განსაკუთრებულად ყოფილა დაინტერესებული. რაკი იტალიის ზოგიერთ ნაწილში სიტყვა ეთქმოდა, ბუნებრივია, ექსპერტებსაც სწორედ ამ ქვეყნიდან იწვევდა. 
ალქიმიითაც იყო გატაცებული, პრაქტიკულ მეცნიერებად მიაჩნდა და სწამდა, რომ უზრუნველ ცხოვრებაში დაეხმარებოდა. ევროპელმა ალქიმიკოსებმა იცოდნენ მეფის ეს სისუსტე და მასთან მისასვლელ გზებს ეძებდნენ, მისი მფარველობით რომ ესარგებლათ. ახლაც ასე არ არის? ქიმიკოსები იმ ქვეყნებისკენ მიილტვიან, სადაც ქიმიის ფასი იციან და მის განვითარებაზე ზრუნავენ. ბუნებრივია, ზრუნავენ ქიმიკოსებზეც.
1569 წლის დეკემბრის გვიანი საღამოა. სასახლის კარზე ვიღაც კაცი აკაკუნებს. დაღლილი სახე და მოშვებული სხეული აქვს. ეტყობა, დიდი გზა გამოიარა. ეს იტალიელი ალქიმიკოსი მარკო ანტონიო ბუფალეა. დაფინანსების სანაცვლოდ მეფეს თავის ცოდნას სთავაზობს და ჰპირდება, რომ რომელიმე ერთ მეტალს ოქროდ გადააქცევს. სამი თვე მოუწევს პასუხის ლოდინი. მეფე ბოლოდროინდელი ექსპერიმენტის შედეგებით იმედგაცრუებულია. მასში თავადაც მონაწილეობდა, ენერგია და თეთრად გათენებული ღამეები შეალია და… არაფერი გამოუვიდა. 
ცხოვრებაშიც ხომ ასეა – რაღაც ძალიან გინდა, მთელ სულსა და გულს დებ მასში, პასუხად კი სიჩუმეს იღებ.

ჰოდა, გიცრუვდება გული, დრო გჭირდება, რომ საწყის წერტილს დაუბრუნდე. მეფის გულაცრუებას პოდაგრაც დაერთო და მანაც გადაწყვიტა, ოქროს ტრანსმუტაციაზე მეტად ფილოსოფიურ ქვაზე ეფიქრა. ის იმ ექიმ-ალქიმიკოსების აზრს იზიარებდა, ვინც ფილოსოფიურ ქვას ნებისმიერი დაავადების მკურნალად მიიჩნევდა.

უნდა შეგახსენოთ: პარაცელსი ფიქრობდა, რომ ეს თუთია და სუფრის მარილი იყო, რუდოლფ გლაუბერი ამტკიცებდა, ფილოსოფიური ქვა ნატრიუმის სულფატიაო – იგივე ინგლისური მარილი, ფილიპე მეორეს კი, აბა, გამოიცანით, რა მიაჩნდა ფილოსოფიურ ქვად. არა, არა, არ გავაჭიანურებ, ახლავე გეტყვით – წყალი, ოღონდ დისტილირებული ანუ გამოხდილი. ეს ოდნავ ეწინააღმდეგებოდა ფილოსოფიურ ქვაზე ალქიმიკოსების წარმოდგენას, რადგან ისინი ასეთ ქვად რომელიმე ფხვნილს მიიჩნევდნენ. თუმცა ფილიპეს ეს დიდად არ ადარდებდა, რადგან, ხომ გახსოვთ, სავარაუდოდ, ფიქრობდა: „ჩემზე რას ფიქრობთ, თქვენი საქმეა, მე რა შუაში ვარო”. ისეთი ალქიმიკოსებიც იყვნენ, ფილიპეს აზრს რომ იზიარებდნენ. ვერაფერს ვიტყვი, შესაძლოა, მხოლოდ იმიტომ, რომ მეფე მათ კარგად უხდიდა. 

ცხოვრებაშიც ხომ ასეა – მავანი იხდის, ხალხი კი ტაშს უკრავს. ასე იყო თუ ისე, ყოველწლიურად 300 ლიტრი გამოხდილი წყალი მეფის სასახლეში იგზავნებოდა. სად და როგორ ხდიდნენ ამ წყალს, არ ვიცი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ლაბორატორიაში ესპანური წარმოების წყლის გამოსახდელი აპარატი გვაქვს და არ ვემდურით. მე გამოხდილ წყალს ხსნარების დასამზადებლად ვიყენებ, ფილიპე კი მასში სხვადასხვა ჯიშის ვარდის ფურცლებს ყრიდა, ათი დღე აჩერებდა და სვამდა. გამოხდილი წყლის მიმართ ფილიპეს ინტერესს ისიც აღვივებდა, რომ ჩემი წერილებიდან თქვენთვის ნაცნობი რაიმონდ ლული, მეცამეტე საუკუნის ინგლისში მოღვაწე ესპანელი, გამოხდილ წყალს ასევე პანაცეად მიიჩნევდა. ფილიპემ ლულის ჩანაწერების მთელი კოლექცია შეიძინა, თუმცა მეეჭვება, რამე გაეგო, რადგან ჩანაწერები ქარაგმულად იყო შესრულებული. ცხოვრებაშიც ხომ ხდება ხოლმე, სათქმელს ქარაგმებით და სიმბოლოებით გადმოსცემენ. პირში გიღიმიან, ზურგს უკან კი გმტრობენ, მიდი და გაიგე, რას გერჩიან.
ზემოთ ვთქვი, მეფეს ალქიმიაზე ერთხანს გული აუცრუვდა-მეთქი, თუმცა ალქიმიკოსებს მაინც იკრებდა სასახლეში. ასე მიიწვია ბოლონიელი ქირურგი ლეონარდო ფიორავანტი, რომელმაც მეფის კარზე მთელი ალქიმიური აკადემია ჩამოაყალიბა. ყველა წევრს არ ჩამოვთვლი, მხოლოდ ერთზე დავწერ. აგოსტინო ბრავოს მეტსახელად „დიაბოლიკოს” („Diabolico”) ეძახდნენ. ამბობენ, წვის პროცესებს ისე იცნობდა, თვით ეშმაკებსაც შეშურდებოდათო. მათ სალერმოელი ლორენცო გრანიტაც შეუერთდა. ეს უკანასკნელი დისტილირებული წყლის თაობაზე მეფის წარმოდგენას იზიარებდა და გამოხდილი წყლისთვის პოემაც კი მიუძღვნია. მათი ჰონორარის შესახებ მონაცემები ბუნდოვანია. ერთ წყაროში კი მინიშნებულია, ლორენცო გრანიტა მეფის დას გაუმიჯნურდა, მაგრამ ხმას ვერ იღებდაო. ათასში ერთხელ თუ მოჰკრავდაო თვალს, რადგან მუდამ ლაბორატორიაში იყო ჩაკეტილი და მუშაობდა; ისე არაფერი ეტყობოდა, გულგრილი სახით იდგა და ცდას არ აკლებდა, ოქრო მიეღოო. 

ცხოვრებაშიც ხომ ასეა – შეიძლება, ვინმე გენატრებოდეს, მაგრამ ნირიც არ შეიცვალო, ჩვეული გამომეტყველებით განაგრძო ყოველდღიურ მოვალეობათა შესრულება.
1585 წელს ფილიპემ სამეფო ბაღში უზარმაზარი სადისტილაციო ლაბორატორიის მშენებლობა დაიწყო. ლაბორატორიის ცენტრი 20 ფუტი სიმაღლის „ფილოსოფიური” კოშკი იყო, რომელსაც დღეში 200 გირვანქა სამკურნალო წყლის წარმოება შეეძლო. არ მოგჩვენებიათ, გამოხდილ წყალს სწორედ ასე უწოდებდნენ – „სამკურნალო წყალი”.
ევროპელი ალქიმიკოსები მეფეს ლეონარდო ფიორავანტის მეშვეობით უკავშირდებოდნენ. წყაროებში ნათქვამია, ყოველდღიურად უამრავი წერილი მოდიოდა და ზოგიერთს წაუკითხავად ყრიდნენო. დღესაც ხომ ასეა – წერილები ან ელექტრონული ფოსტით, ან სულაც სოციალური ქსელით მოდის და შეგიძლია, გაუხსნელადვე წაშალო.

ფიორავანტი წყლის გამოსახდელი ლაბორატორიის მშენებლობა-მოწყობაში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა გულში მაინც ფიქრობდა, რომ ფილოსოფიური ქვა სხვა რამ უნდა ყოფილიყო. მისი ფიქრები ადამიანის სისხლს დასტრიალებდა: ეს არის მთავარი სითხე (ამას პარაცელსიც აღიარებდა) და სწორედ მისგან უნდა შეიქმნასო პანაცეა – ყველა დაავადების წამალი – ფილოსოფიური ქვა. მის მიერვე დაარსებული ალქიმიური აკადემიის წევრები არ იზიარებდნენ ფიორავანტის იდეებს. ეს იდეები, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი იყო და მათზე საუბარს აქ აღარ გავაგრძელებ. მეფის კარზე მოხვედრიდან ხუთი წლის შემდეგ ის გააძევეს და ეს ფილიპე მეორის სასარგებლოდ მეტყველებს – მართლა ჭკვიანი კაცი ყოფილა. მართალია, ფიორავანტის ამოსაცნობად ხუთი წელი დასჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიუხვდა თაღლითობას და ესპანეთში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ფიორავანტი ნეაპოლელმა ჯოვანი ვინჩენცო ფორტემ შეცვალა. მეფემ მას ლაბორატორიის გასაღები გადასცა და სთხოვა, წყლის გამოხდის რაიმონ ლულისეული მეთოდიკა აღედგინა. ფილიპეს სწამდა, რომ სწორედ ლულისეული მეთოდით გამოხდილი წყალი იქნებოდა სამკურნალო. დამავიწყდა მეთქვა, ვინჩენცო ფორტეს ლულის ჩანაწერებიც უნდა გაეშიფრა. ჯოვანიმ, ეტყობა, საქმეს კარგად გაართვა თავი, რადგან როდესაც იტალიაში დაბრუნდა, მისი ადგილი უკვე გაფართოებულ ლაბორატორიაში მისმა ვაჟმა ვალერიომ ჩაიბარა. ფილიპემ მას „დისტილაციის ხელმძღვანელის” (destilador mayor) ტიტულიც კი უბოძა.
ვარდის ფურცლებჩაყრილმა გამოხდილმა წყალმა ფილიპე პოდაგრისგან ვერ მოარჩინა, თუმცა, სავარაუდოდ, არც არაფერს ავნებდა. ვერც მისი ალქიმიური აკადემიის წევრებმა მიიღეს ოქრო, თუმცა ალქიმია ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მაინც ქიმიად გარდასაქმნელად ემზადებოდა.
ცხოვრებაშიც ხომ ასეა – რაღაც გამოდის, რაღაც – ვერა.
რომელი საათია? მალე ჩემი რეისი მიფრინავს. კარგად მოვიქეცი, გასასვლელი თავიდანვე რომ დავზვერე. ახლა ავდგები და პირდაპირ მივალ. ტერმინალში რა დროს ფილიპე მეორისა და მისი ალქიმიკოსების გახსენება იყო, მაგრამ, კიდევ ერთხელ საჯაროდ ვაღიარებ, მომწონს ალქიმიკოსები და ერთ ცნობილ გამონათქვამს მოვიშველიებ: „ალქიმიის გამართლება მაინც შეიძლება – ბოლოს და ბოლოს, მისგან ხომ ქიმია იშვა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი