პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კენტავრი ლონდონში

„კენტავრი ლონდონში” ფაბიან კრამერის კვლევის სახელწოდებაა. ფაბიანი, გერმანელი მკვლევარი, მანჩესტერში, ქიმიის ისტორიის კონგრესზე გავიცანი. 2013 წლის ახალგაზრდა სტიპენდიანტების გამარჯვებულ ნაშრომთა სესიაზე შევედი და ამოჩემებულ ადგილზე მოვკალათდი. „ამოჩემებული ადგილი” ნიშნავს, რომ მაგიდა და სკამი აუცილებლად კედელთან უნდა იდგეს, მე გვერდულად ვიჯდე მოშვებული, კედელს ვეყრდნობოდე და წინ არავინ მეფარებოდეს.

უახლოესი ორი საათის განმავლობაში, თითქოს ჯიბრზე, პარალელურად ერთიმეორეზე საინტერესო სესიები იყო დაგეგმილი. კიდევ ერთხელ, უკვე უკანასკნელად, გადავავლე თვალი კონგრესის პროგრამას და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე – ახალგაზრდა სტიპენდიანტთა ნაშრომების პრეზენტაციას დავსწრებოდი.

ასე აღმოვჩნდი როსკოს კორპუსის მეორე სართულზე. ცოტა ხნის შემდეგ გულმა მეზობელი სესიისკენ გამიწია – აბა, ვნახო, იქ რაღა ხდება-მეთქი, მაგრამ შიგნიდან ვიღაც მიკიჟინებდა, იჯექი, სადაც ზიხარო. ის-ის იყო, გაბრაზება დავაპირე, შენ ვიღა ხარ, მაქედან ბრძანებებს რომ იძლევი-მეთქი, რომ სესიის წამყვანმა გამოაცხადა:
– ფაბიან კრამერი, „კენტავრი ლონდონში”.

ჰმ, კენტავრი… საინტერესოა…

ლონდონში ხმა დაირხა, ცოცხალი კენტავრი გამოჩნდაო… არა, მართლა კი არ გამოჩენილა (თუმცა, ვინ იცის) – ეს შვეიცარიელმა ფიზიოლოგმა ალბრეხტ ფონ გალერმა დაიწყო ასეთი შესავლით სასამართლო მედიცინაში თავისი ლექციების სერია გიოტინგენის უნივერსიტეტში 1751 წელს. ხედავთ, რა ხდება? მაშინაც იგივე პრობლემები ყოფილა, რაც დღესაა. არ გეგონოთ, იმას ვგულისხმობდე, რომ ან მაშინ, ან ახლა ქუჩებში კენტავრები დარბიან; იმის თქმა მინდა, რომ სტუდენტების (და, სავარაუდოდ, მოსწავლეებისაც) მოტივაციის ასამაღლებლად მუშაობა მაშინაც საჭირო ყოფილა და, აგერ, ფონ გალერმა ამისთვის კენტავრი მოიშველია. მოგვიანებით გაირკვა, რომ კენტავრს მანფრედი რქმეოდა და „ჯენტლმენებისთვის” განკუთვნილი ჟურნალის იმავე წლის აპრილის ნომრის გარეკანზეც ყოფილიყო გამოსახული.

კენტავრებზე გამიგონია, ველურები იყვნენო, ვერ ენდობოდიო, მაგრამ მანფრედი, რომლის ზემოხსენებული ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდილი სურათი ფაბიანმა პრეზენტაციაზე გვაჩვენა, სულ სხვანაირი აღმოჩნდა – დახვეწილი, ოდნავ სევდიანი სახით და მეტყველი თვალებით. მაშინვე სიმპათიით განვეწყვე.

იმავე ლექციაზე ფონ გალერს ისიც უთქვამს, რომ ტიბერიუსის დროს ეგვიპტეში ცოცხალი კენტავრი ცხოვრობდა და როგორც მეცნიერს, მისი ფიზიოლოგიისადმი ინტერესიც გამოუხატავს.

ფაბიანმა პრეზენტაციაზე ჯერ 1437 წლით დათარიღებული გრავიურები წარმოადგინა, რომლებზეც ორფეხა კენტავრებს ადამიანის მსგავსი ხელები ჰქონდათ, მერე – ლორენცო ბენინის ოდნავ გვიანდელი ჩანახატები. მათზე კენტავრები ექვსი კიდურით იყვნენ გამოსახული, საიდანაც ორი რუდიმენტი იყო. ბოლოს კი ისიც გაირკვა, რომ მანფრედი ლონდონში თავის ნებაზე კი არ დასეირნობდა, პატრონი ჰყავდა, რომელიც მას ხალხს აჩვენებდა და ამით სარგებელსაც ნახულობდა. ამიტომ თუ ჰქონდა მანფრედს ნაღვლიანი თვალები…

მსჯელობა იმის შესახებ, საიდან მოდიოდა ხმები ლონდონში კენტავრის გამოჩენის თაობაზე, კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ. საკითხი ასე იყო დასმული: ჯერ მეცნიერმა იხუმრა და შემდეგ ჟურნალში დაბეჭდეს თუ პირიქით, მეცნიერმა გამოიყენა ლეგენდა სატირული ჟურნალიდან. თუმცა ფონ გალერი თავისივე პუბლიკაციაში მონსტრების სამ ჯგუფს აღწერდა და მსჯელობდა, ეს მითიური ურჩხულები მართლა რომ გაცოცხლებულიყვნენ, როგორი ფიზიოლოგია და ბიოქიმია ექნებოდათ. სხვათა შორის, ამ მიმდინარეობას სახელიც კი გამოუძებნეს – „მონსტრები მეცნიერებაში”.

მიმიხვდით ალბათ, პრეზენტაცია ისტორიული კუთხით იყო წარმოდგენილი და საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო მოსასმენი გახლდათ. არსებული თუ არარსებული კენტავრი მანფრედიც მომეწონა. იმდენად მომეწონა, რომ, ფონ გალერის მსგავსად, მოტივაციისთვის გამოვიყენე და თუ ამ წერილს კვლავაც კითხულობთ, ჩანაფიქრი წარმატებით შემისრულებია.

კენტავრ მანფრედს, როგორც ჩანს, ინტელექტიც ჰქონდა. გრძელ ღამეებს თურმე ცენტავრის თანავარსკვლავედის ყურებაში ატარებდა. უყურებდა და ოცნებობდა. ალბათ, თავისუფლებაზე… თავისუფლება უყვარდათ კენტავრებს. ეს ნახევრად ადამიანები, ნახევრად ცხენები, არესის ძის იქსიონის შთამომავლები, თესალიის მთებსა და ტყეებში ცხოვრობდნენ, ხორცით იკვებებოდნენ და არც ღვინოზე ამბობდნენ უარს. მეზობელ ლაპითებთან მათ მუდმივი შუღლი ჰქონდათ – ამ უკანასკნელთ საოცრად ლამაზები ქალები ჰყოლიათ, რომლებსაც კენტავრები ხშირად იტაცებდნენ; ლაპითებს ეს, ბუნებრივია, არ მოსწონდათ და იდგა იარაღის ტრიალი.

ერთხელ ლაპითებს შერიგება განუზრახავთ და კენტავრები ქორწილში მიუწვევიათ, მაგრამ ველურ ბუნებას და ღვინოს თავისი გაუტანია და შემთვრალ კენტავრებს საქორწინო სუფრა აუყირავებიათ. ეს ლეგენდა თავის დროზე რუბენსის შთაგონების წყაროდაც ქცეულა.

კენტავრისთვის, ცხენისა არ იყოს, მთავარი კუნთოვანი მასაა. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის, ადამიანებისთვის, კუნთს არანაკლები მნიშვნელობა აქვს. ჩონჩხის მუსკულატურა და შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთები ჩვენი სხეულის მასის 40%-ს შეადგენს. ადამიანისა და ცხოველის კუნთი ორ სხვადასხვა მექანიკურ ფუნქციას ასრულებს: პირველი – აქტიურად იკუმშება, რასაც ნივთიერებათა ცვლის გაძლიერება და მექანიკური მუშაობის შესრულება ახლავს თან; მეორე კი პასიური მოქმედებაა, ის არ არის დაკავშირებული ენერგიის ხარჯვასთან. კუნთოვანი ქსოვილი 72-80% წყალს და 20-28% მშრალ ნაშთს შეიცავს. მშრალი ნაშთის ძირითად მასას ცილები შეადგენს. ერთ-ერთი მათგანია მიოზინი, მიოფიბრილების ძირითადი შემადგენელი ნაწილი. მიოზინის ხსნარს მაღალი სიბლანტე ახასიათებს. მიოზინი შლის ATP-ს (ადენოზინ ტრიფოსფატს) ADP-ის (ადენოზინ დიფოსფატის) და ფოსფორმჟავას ნაშთის წარმოქმნით. ამ ფერმენტული რეაქციის დროს გამოთავისუფლებული ქიმიური ენერგია შეკუმშვადი კუნთის მექანიკურ ენერგიაში გადადის. თავის მხრივ, ATP-ის მოქმედებით მიოზინის ფიზიკური მდგომარეობა იცვლება და მისი ელასტიკურობა იმატებს. მიოზინი კალციუმისა და მაგნიუმის იონებს იკავშირებს. კალციუმის იონი მიოზინის ფერმენტული აქტივატორია. მიოზინი ოთხი პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან შედგება.

მომდევნო ცილაა აქტინი, რომელიც ერთმანეთისგან ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით განსხვავებულ ორ აგრეგატულ მდგომარეობაში გვხვდება. ერთი მათგანი ადვილად მოძრავი სითხეა, მეორე კი ლაბისმაგვარი ნივთიერება, რომელიც იოლად გადადის გელიდან ზოლში და პირიქით. ეს უკანასკნელი ადვილად უერთდება მიოზინს აქტომიოზინის კომპლექსის წარმოქმნით. მოსვენებისას აქტინი და მიოზინი კუნთის ფიბრილების სხვადასხვა უბანშია ლოკალიზებული და სხვადასხვა დიამეტრის მქონე უწვრილესი ძაფების ორ სისტემას წარმოქმნის. აქტინისა და მიოზინის ეს ძაფები აღუგზნებელ კუნთებში მხოლოდ ნაწილობრივ შედიან ერთმანეთში. კუნთის შეკუმშვის დროს კი ძაფების ერთი სისტემა აღწევს მეორეში, რაც კუნთის შეკუმშვას უდევს საფუძვლად.

კუნთის დაბალმოლეკულური აზოტშემცველი ნივთიერებებიდან აუცილებლად უნდა ვახსენოთ კრეატინი (რომელიც ასევე ცილას წარმოადგენს). კუნთში ის გვხვდება როგორც თავისუფალი, ისე კრეატინფოსფატის სახით. ყოველთვის მეტია ისეთ კუნთში, რომელსაც ხანგრძლივად შეკუმშვის უნარი აქვს. სხვათა შორის, მამაკაცის კუნთებში კრეატინი უფრო მეტია, ვიდრე ქალისაში. ასევე მეტია მისი რაოდენობა ნავარჯიშები ადამიანის კუნთებშიც. კრეატინის ბიოსინთეზი კუნთში სამი ამინმჟავასგან ხდება: გლიკოკოლისგან, მეთიონინისა და არგინინისგან. თავისუფალი ამინმჟავებიდან აღსანიშნავია გლუტამინის მჟავა და მისი ამიდი.

კუნთის უაზოტო ექსტრაქტულ ნივთიერებებს მიეკუთვნება გლიკოგენი. ის ცხოველური სახამებელია, რთული ნახშირწყალი. მისი დაშლისას გლუკოზა თავისუფლდება, რომელიც ენერგიას გამოიმუშავებს. გლიკოგენის სამარაგო ადგილი ღვიძლია, თუმცა კუნთშიც არის გარკვეული რაოდენობა. აქ გროვდება რძემჟავა, ცხიმები, ქოლესტერინი და მინერალური მარილებიც. გლიკოგენის შემცველობა კუნთში 0,3-3%-ის ფარგლებში მერყეობს. მისი რაოდენობა კუნთის ფუნქციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დაქანცულ კუნთში გლიკოგენის მარაგი ამოწურულია.

ცხიმი და ქოლესტერინი კუნთში ყოველთვის არის. ნეიტრალური ცხიმის შემცველობა კუნთში 1%-ია. შიმშილის დროს მისი რაოდენობა მკვეთრად იცვლება.

არაორგანული ნივთიერებებიდან კუნთში გვხვდება კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა. კალიუმი კუნთოვანი ბოჭკოს შიგნითაა, ნატრიუმი უჯრედშორის სივრცეშია განაწილებული. მინერალურ ნივთიერებათა საერთო შემცველობა კუნთში 1-1,5%-ია.
კენტავრები ძალიან სწრაფად დარბოდნენ. ცხენებიც სწრაფად დარბიან. ჩვენც, ადამიანებსაც, არა გვიშავს – როცა გვსურს, გავიქცევით. რა ხდება კუნთის შეკუმშვისა და დატვირთვის დროს?

კუნთის შეკუმშვისას მუშაობა სრულდება და უჯრედში ქიმიური ენერგია მექანიკურში გადადის. შეკუმშვისთვის საჭირო ენერგიის პირველადი წყარო ATP-ში აკუმულირებული ენერგიაა. კუნთოვანი მუშაობისას ATP-ის განუწყვეტელი ხარჯვა და რესინთეზი ხდება.
მახსოვს, ბავშვობაში შინ ლამპა გვქონდა, რომლის სადგამიც ბრინჯაოს კენტავრს წარმოადგენდა. ხელში ჩირაღდანი ეჭირა და გამჭოლად, მკაცრად იყურებოდა. ისე ცოცხლად იყო გამოქანდაკებული, მიჩნდებოდა შეგრძნება, თითქოს გამუდმებით მაკვირდებოდა, ამიტომ რიდით ჩავუვლიდი ხოლმე. არ მახსოვს, რა ბედი ეწია იმ ლამპას – ვინმეს ვუსახსოვრეთ თუ, სხვა ნივთებივით, მამის გარდაცვალების შემდეგ გაიყიდა, კენტავრის დაკუნთული, ნარბენი სხეული კი დღემდე თვალწინ მიდგას.

ცხენის წელი დადგა… მის ღონეს, კეთილ თვალებს და შემართებას გისურვებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი