პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ტესტოსტერონის ბრალია

ცხრა წლის ვარ. ორივე ფილტვის ანთება მაქვს, ვიწვი, ნახატი ფილმის ყურება კი მაინც მინდა. დედა ტელევიზორს მირთავს და თავად სამზარეულოში გადის წვენის გამოსაწურად. ნახატი ფილმი სრულდება და იწყება კრივი. თვალებგაფართოებული შევცქერი და ვერ ვხვდები, ეს ორი კაცი რატომ იმეტებს ერთმანეთს მოსაკლავად…

ამას წინად სწორედ ასე შევრჩი კრივს. ვარჯიშის დროს ჩვევად მაქვს, ტელევიზორში რაიმე გასართობს ვუყურო. ჰოდა, ჩემ მიერ მოწონებული გადაცემა დასრულდა; დაიწყო კრივი, გადასართავი პულტი კი შორს აღმოჩნდა. ვარჯიშის შეწყვეტა არ მოვინდომე, ვიფიქრე, არა უშავს, ცოტა ხანს უბათქუნონ-მეთქი ერთმანეთს. კრივში დღესაც ისევე ვერკვევი, როგორც მაშინ, ცხრა წლისა, და დღემდე არ მესმის, შვილი ასეთი სასტიკი სპორტისთვის რატომ უნდა გაიმეტო. თუმცა ასე რომ ვფიქრობ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მართალი ვარ; უბრალოდ, ხმამაღლა გამოვთქვამ აზრს.

ერთხელ, მოწაფეობისას, სადღაც წავიკითხე, სპორტის დროს გამოვლენილი ჟინი და აგრესია ტესტოსტერონის ბრალიაო. თუმცა ეს ჰორმონი მხოლოდ სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვების სურვილს კი არ მართავს, არამედ პატარა, უსუსურ, ქრომოსომათა XY კომბინაციის მქონე ჩანასახს მამაკაცადაც აყალიბებს.

ჰოდა, მეც ამ ჰორმონზე ვისაუბრებ, ოღონდ ძალიან ფრთხილად, კითხვისას რომელიმე მკითხველს უნებურად მისმა დონემ რომ არ აუწიოს და ჩემდამი აგრესია არ გაუჩნდეს.

ჩანასახი ვახსენე. განვითარების მეშვიდე კვირას XY კომბინაციის მქონე ჩანასახს ტესტოსტერონის სეკრეცია ეწყება. მეოთხე თვეს ის უკვე საკმარისი რაოდენობით არის ორგანიზმში. დაბადებიდან სამი თვის შემდეგ ტესტოსტერონის დონე ეცემა და დგება პაუზა, რომელიც გარდატეხის ასაკამდე გრძელდება. მერე კი ხდება ტესტოსტერონის აფეთქება. შედეგად კუნთები იზრდება და ვითარდება, ხმა დაბლდება და ბოხდება. 

ამ ნივთიერების გავლენა ინდივიდუალურია. ზოგიერთი მას ქუჩის ჩვეულებრივი კინკლაობისთვის იყენებს, ზოგი, სამშობლოს დაცვის სურვილით გულანთებული, ომში მოხალისედ იპარება, ზოგი სპორტში სჩადის სასწაულებს, ზოგიერთი კი უბრალოდ ცდილობს, საქმიანობაში წარმატებას მიაღწიოს. 20 წლისთვის ტესტოსტერონის დონე სტაბილურდება.

ზემოთ დავწერე, რომ ტესტოსტერონი ჰორმონია. ყველა ჰორმონი ცილაა, მაგრამ ეს წესი სასქესო ჰორმონებზე არ ვრცელდება.

არსებობს ჰორმონთა სამი ჯგუფი. ერთი ცილოვანი ბუნებისა, მეორე – პეპტიდური ბუნებისა. მესამე ჯგუფის, სასქესო ჰორმონების საფუძველს მაღალი სიმკვრივის („კეთილი”) ქოლესტეროლი შეადგენს.
ტესტოსტერონი სწორედ მამაკაცის სასქესო ჰორმონებს მიეკუთვნება, თუმცა მასთან ერთად ჯგუფში კიდევ ორი ჰორმონია – ანდროსტერონი და მეთილტესტოსტერონი. ეს ჰორმონები ციკლური ნაერთებია, რომლებიც ნახშირბადის 19 ატომს შეიცავს. მამაკაცის სასქესო ჰორმონებს ანდროგენებს (ბერძ. andros – მამაკაცი) უწოდებენ. ესტროგენებისგან (ქალის სასქესო ჰორმონებისგან) განსხვავებით, ისინი შეიცავენ მეთილის ორ ჯგუფს და ერთ კეტოჯგუფს (ტესტოსტერონი).

  ტესტოსტერონი

ზემოთ სპორტი ვახსენე. კანადელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს – ჰოკეის ორი გუნდის წევრებს თამაშის დაწყების წინ ტესტოსტერონის სინჯი აუღეს. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ახალგაზრდა ჯანმრთელი მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის ბიოლოგიური ნორმა ერთ ლიტრ სისხლში 12-35 ნანო/მოლია. თამაში მეგობრული იყო, ანუ შედეგს არათუ ტიტული არ მოჰქონდა გუნდებისთვის, მათ რეიტინგზეც კი არ აისახებოდა. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმის შემდეგ მეორედ აღებულმა სინჯებმა აჩვენა, რომ ჰორმონის დონე მომატებული იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნივთიერება მუშაობდა და მაინც აღუძრავდა მოთამაშეებს გამარჯვების ჟინს. უფრო მეტიც – ვინც არ თამაშობდა და სათადარიგო სკამზე იჯდა, ჰორმონი მათაც მომატებოდათ. ამ შემთხვევაში ეს ჰორმონი ენერგიის გამომუშავების ერთგვარი „ჩამრთველია” და მოგების ჟინს, სპორტულ „აგრესიას” ზრდის. მესამე სინჯი თამაშის დასრულებისას აიღეს. გამარჯვებული გუნდის წევრებს ტესტოსტერონის დონე სისხლში კიდევ 20%-ით მომატებოდათ, დამარცხებულებს კი, პირიქით, შემცირებული ჰქონდათ.

ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფინანსურ ბირჟებზე მომუშავე ახალგაზრდა კაცების სისხლში ტესტოსტერონის მკვეთრი მატება სწორედ იმ დღეებში ფიქსირდება, როდესაც წარმატებული ოპერაციის შედეგად მათი შემოსავალი საშუალო მაჩვენებელს სცილდება.

გერმანელმა მეცნიერებმა კი დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ ტესტოსტერონის დონე სისხლში პატიოსნებას უწყობს ხელს. აზარტული მოთამაშეები მათ ორ ჯგუფად დაყვეს და ერთ ჯგუფს ხელოვნურად მოუმატეს ტესტოსტერონის დონე, ოღონდ ისე, რომ მათ არაფერი იცოდნენ, მერე კი ფარული კამერით თამაშს დააკვირდნენ. აღმოჩნდა, რომ ჰორმონმომატებული მოთამაშეები გაცილებით პატიოსნად თამაშობდნენ.
ფიზიკური აქტივობა ტესტოსტერონს აახლებს. ეს ნიშნავს, რომ ვარჯიშის დროს ის იხარჯება და მისი ხელახალი – de novo სინთეზი მიმდინარეობს. ტესტოსტერონის სინთეზს ომეგა-3 მჟავები და D3 ვიტამინი უწყობს ხელს.
თუმცა ამ ჰორმონს მტრებიც ჰყავს.

ვინ? 

1. ასაკი – 35 წლის შემდეგ ტესტოსტერონის სინთეზი წელიწადში 1%-ით მცირდება.

2. ჭარბი წონა – ამ დროს ჰორმონის მეტაბოლიზმი ითრგუნება და სინთეზიც იკლებს.

3. ალკოჰოლი – ეს განსაკუთრებით ლუდის მოყვარულებს ეხებათ. ამ სასმლის ჭარბი მოხმარებისას მამაკაცის ორგანიზმში სინთეზდება ფიტოესტროგენები, რომლებიც ბუნებით ქალის სასქესო ჰორმონების მსგავსია. მათი გავლენით ლუდის მოყვარულების უმეტესობა წონას იმატებს და მამაკაცის ორგანიზმში მცირდება ტესტოსტერონის დონე. 

4. ფაქტია, რომ გადაჭარბებული არაფერი ვარგა, მათ შორის – არც ვარჯიში, რადგან შესაძლოა, ორგანიზმში სტრესის გამომწვევი ჰორმონი კორტიზოლი დაგროვდეს და ტესტოსტერონის ხელახალი სინთეზი დაითრგუნოს.
რა შეიძლება გამოიწვიოს ტესტოსტერონის რაოდენობის შემცირებამ? 

დეპრესია; უძილობა და ხასიათის ხშირი ცვლილება; კუნთის მასის შემცირება; ანემია; კანის სიმშრალე; ჭარბი წონა; გამრავლების ფუნქციის დაქვეითება; ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის შემცირება; იმპოტენცია;

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. შორს წასული ფორმის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს გულისა და ფილტვის უკმარისობა, ჭარბი წონა და შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზი და ა.შ.

ტესტოსტერონი ფერომონების სინთეზში მონაწილეობს, ამიტომ საპირისპირო სქესის ყურადღების მიზიდვაზეც არის პასუხისმგებელი. ამას ადამიანები არაცნობიერ დონეზე აღიქვამენ. 

აი, ცხოველებთან კი ფერომონები ინფორმაციის გადაცემა-მიღების ქიმიური საშუალებები და კომუნიკაციის ქიმიური საფუძვლებია. დღეისთვის რამდენიმე ასეული ფერომონია გამოყოფილი. მათი მეშვეობით ცხოველები მონიშნავენ საცხოვრებელ და სანადირო ტერიტორიას, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ ერთმანეთს. ფერომონების საშუალებით ფუტკრები ერთმანეთს ნექტრის შესაგროვებელი მდელოს მდებარეობას ატყობინებენ, მტერზე თავდასხმისას კი აგრესიის ფერომონს გამოყოფენ.

ტესტოსტერონი ჰორმონია, რომელიც XY კომბინაციის მქონე უსუსურ ჩანასახს მამაკაცად აყალიბებს, თუმცა მამაკაცობა უფრო მეტია. ის სხვა ფენომენია. დაახლოებით ისეთი, ნოდარ დუმბაძე რომ წერდა ერთგან: 

„არ უნდა წახდე, რაც არ უნდა შეგემთხვეს, კაცობა არ უნდა დაკარგო, იმიტომ რომ ბოლო ერთია. კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, არამედ აქ დატოვებული სახელითა და სულით”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი