შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

„რაც მოვისმინე – დამავიწყდა, რაც დავინახე – დავიმახსოვრე, რაც გავაკეთე – გავიგე“

მშობლიური ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკაში ძალიან ძნელია (და საფრთხილოც) ახალი იდეების შეთავაზება და ნოვაციების შეტანა, არადა, ეს სწორედ ის სფეროა, რომელიც პედაგოგისგან განსაკუთრებულ მიდგომასა და სიფაქიზეს მოითხოვს.

როდესაც „ევროპულმა სკოლამ” საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის პროგრამის ავტორიზაცია მოიპოვა, ყველაზე კრიტიკულად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები განვეწყვეთ:

IB-სადიპლომო პროგრამით სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე – ყველა სავალდებულო საგანი, გარდა ლიტერატურისა (მხედველობაში მაქვს ექვსი სავალდებულო საგნიდან ერთ-ერთი – ლიტერატურის კურსი სტუდენტის მშობლიურ ენაზე), ისწავლება ინგლისურად. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროგრამით მშობლიური ენის სწავლება?

ჩემთვის,  როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ პროგრამის ფილოსოფიასა და მიზნებში მკვეთრად გამოხატული პოზიცია – ეროვნული ცნობიერების დაცვით აღზარდოს მსოფლიო საზოგადოების წევრი, რომელიც, პირველ რიგში, ცნობს და აფასებს საკუთარ ეროვნულ ღირებულებებს და, ამავე დროს, პატივს სცემს სხვების ეთნიკურ თუ კულტურულ ფასეულობებს.

 შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ პროგრამით სწავლება მშობლიური ლიტერატურის სწავლების საუკეთესო გზაა. ჩემი კოლეგების, თამამად შემიძლია ვთქვა, თავდადებულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ, საინტერესო სახელმძღვანელოების არსებობამ და, რა თქმა უნდა, ეროვნული სასწავლო პროგრამების ავტორთა შრომამ მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვაჩვენა (ეროვნულ გამოცდებს ვგულისხმობ). რასაკვირველია, ბევრი რამ გადასახედია და დასახვეწი, მაგრამ სწავლების ახალმა მეთოდებმა, პროფესიონალიზმისა და შემოქმედებითობის სინთეზმა ნამდვილად გამოიღო ნაყოფი.

ვერ ვიტყვი, რომ რამეს განსაკუთრებულს და უნიკალურს ვაკეთებთ, მით უმეტეს, რომ “ევროპულ სკოლაში”, სადაც მისი დაარსების დღიდან ვმუშაობ, ამის საკმაო გამოცდილება უკვე გვაქვს, მაგრამ ეს კურსი ცოტა განსხვავებული ნამდვილად არის. ორწლიანი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს ქართული ლიტერატურის სწავლებას მსოფლიო ლიტერატურასთან ერთად (საზღვარგარეთული ლიტერატურა ისწავლება ქართული თარგმანებით).

სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებები მრავალი ნიშნით შეიძლება დავუკავშიროთ ერთმანეთს – ჟანრით, თემატიკით, ეპოქალური და სოციალური პრობლემატიკით, მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებით და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მსგავსებაზე დაკვირვება, არამედ განსხვავებაზეც, მერე კი ამ მსგავსება-განსხვავების მიზეზთა ძიება და მიგნებაა საინტერესო. დამეთანხმებით, ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის სწავლება მსოფლიოს ლიტერატურულ შედევრთა ჭრილში საუკეთესო საშუალებაა ახალგაზრდებისთვის, გაიაზრონ მშობლიური ლიტერატურა და, ზოგადად, კულტურა როგორც კაცობრიობის ყველაზე ღირებული მონაპოვარი.

აღსანიშნავია, რომ პროგრამით გათვალისწინებული 13 ნაწარმოები განაწილებულია 4 ჯგუფში და თითოეული ეს ჯგუფი ისწავლება კონკრეტული მიზნით: ზეპირი პრეზენტაცია, ზეპირი კომენტარი, რამდენიმე ნაწარმოების შედარებითი ანალიზი (წერილობით), ქართული და უცხოური ნაწარმოებების შედარება- შეპირისპირება (წერილობით), ვრცელი წერილობითი ესეს შესრულება და საბოლოო გამოცდისთვის 2 ან 3 ნაწარმოების მიხედვით მსჯელობა კონცეპტუალურ საკითხებზე.

ამჟამად მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ზეპირი პრეზენტაციის გამოცდის ფორმატზე და გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელმაც გვაჩვენა, რომ ამ ტიპის სამუშაოს შესრულებისას მოსწავლეებს მხოლოდ ზეპირმეტყველებისა და პრეზენტაბელობის უნარ-ჩვევები კი არ უვითარდებათ, არამედ გაცილებით გახსნილები ხდებიან, საშუალება ეძლევათ, გამოამჟღავნონ ან აღმოაჩინონ თავიანთ თავში არტისტიზმის დაფარული ნიჭი, სურვილი, აიხდინონ (ზოგიერთისთვის) ბავშვობის ოცნება. ამ ტიპის სავალდებულო აქტივობის დროს მოზარდები იხსნიან კომპლექსებს, ძლევენ სიმორცხვეს და შედეგად ისეთი მოსწავლეები დგებიან სცენაზე, რომლებსაც ადრე ვერც წარმოედგინათ, რომ ეს უნარი საერთოდ ჰქონდათ. ხაზს ვუსვამ, ეს პროგრამის სავალდებულო მოთხოვნაა, რომელიც ფასდება და სადიპლომო ქულის მნიშვნელოვან პროცენტს შეადგენს. ამდენად, მოსწავლეების პასუხისმგებლობა და მონდომება საკმაოდ დიდია და შედეგიც თვალნათლივ ჩანს. 

პირველი სემესტრის განმავლობაში ვსწავლობთ 3 ავტორის ნაწარმოებებს. ამჯერად ჩვენი (მასწავლებლის) არჩევანი იყო უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა”, გალაკტიონის ლექსები, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხე”.

ამ მასალის საფუძველზე სტუდენტს უნდა მოემზადებინა 10-15-წუთიანი ზეპირი პრეზენტაცია.

კანდიდატი ირჩევდა თემას საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. შერჩეული საკითხები მოიცავდა ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა: ნაწარმოების კულტურული არეალი, თემატიკა, პერსონაჟის დახასიათება, მწერლის სტილი და მხატვრულ- გამომსახველობითი საშუალებები, ავტორის პოზიცია ნაწარმოებში მოცემული რომელიმე კონკრეტული საკითხის (პერსონაჟის) შესახებ, ტექსტის ინტერპრეტაცია სხვადასხვა კუთხით.

აქტივობათა არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია: 

◊ სტრუქტურული დისკუსია, რომლის დროსაც კანდიდატს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა (დისკუსიის წარმართვა, მოხსენება, ოპოზიციური კამათი, კამათის პროვოცირება). ასეთ აქტივობაში შესაძლოა ჩართული იყოს მთელი კლასი, მაგრამ ფასდება მხოლოდ კონკრეტული კანდიდატი;

◊ ზეპირი წარდგენა – მწერლის (ნაწარმოების) წარდგენა (შესავალი), რომელიმე ნაწარმოების (ავტორის) კრიტიკა, ტექსტის ინტერპრეტაცია, ნაწარმოების გააზრება (შედარება- დაპირისპირება) შესაბამისი ეპოქის სოციალურ-კულტურულ ფონზე, სახე-სიმბოლოების, იდეების, მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების მნიშვნელობა და განსაკუთრებულობა), ორი პასაჟის, ორი პერსონაჟის, ორი ნაწარმოების დაკავშირება (შერწყმა), ნაწყვეტის კომენტარი, ახნა-განმარტება ნაწარმოების განმავითარებელ მნიშვნელობაზე;

◊ როლური თამაში – პერსონაჟის მონოლოგი ნაწარმოების რომელიმე მნიშვნელოვან საკითხზე, სხვადასხვა ნაწარმოების პერსონაჟების დიალოგი, დიალოგი ერთი და იმავე ნაწარმოების ორი პერსონაჟისა, რომლებიც ნაწარმოებში არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს, კანდიდატის ინტერვიუ ავტორთან, პერსონაჟის ინტერვიუ ავტორთან, პერსონაჟის გასამართლება, პერსონაჟის მემუარები განვლილი წლების გადასახედიდან, ავტორის შესაძლო რეაქცია მისი ნაწარმოების ინტერპრეტაციის შემთხვევაში, ნაწარმოების (ავტორის) დაცვა ცენზურისგან სხვადასხვა ბრალდების (ამორალურობის, უხამსობის, პოლიტიკური, რელიგიური ზეწოლის და სხვა) შემთხვევაში.

კანდიდატები პრეზენტაციას ამზადებენ დამოუკიდებლად, შინ ან სკოლაში გაკვეთილებისგან თავისუფალ დროს. მაგრამ ყველა ეს აქტივობა დიდი ინტერესითა და ხალისით ირჩეოდა უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეები ამა თუ იმ ნაწარმოების კითხვისას ასახელებდნენ მათთვის სასურველი და მისაღები აქტივობის ტიპს და ცდილობდნენ, ნაწარმოები სწორედ ამ კუთხით წაეკითხათ და შეესწავლათ. ისინი გზადაგზა ინაწილებდნენ როლებს, ადგენდნენ სცენარს, ირჩევდნენ შესაფერის კანდიდატებს თავიანთი სცენარისთვის, საინტერესო იყო, რომ ამ კანდიდატების, ასე ვთქვათ, „მსახიობების”, ძებნის დროს ირჩეოდა მთელი ხასიათი პერსონაჟისა და ამ ხასიათს ეძებდნენ თანაკლასელებში, პარალელურკლასელებსა თუ თანატოლებში, ამ ძიებას თან ახლდა კამათი, მსჯელობა, აზრთა სხვადასხვაობა და ამასობაში თავისთავად ხდებოდა მთელი ნაწარმოების ანალიზი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათ არასოდეს დაავიწყდებათ ის, რაც ამ დროს შეისწავლეს. უფრო მეტიც – მათ შეიყვარეს და გაითავისეს განსახიერებული პერსონაჟები, სხვა კუთხით დაინახეს უარყოფითი გმირებიც, სცადეს მათი საქციელის გამართლება, გააცნობიერეს დეტალების მნიშვნელობა და მეორეხარისხოვანი პერსონაჟების ფუნქცია ნაწარმოებში, ერთმანეთთან დააკავშირეს სხვადასხვა ეპოქისა თუ კულტურის ლიტერატურული ნაწარმოებები, ამოიკითხეს მსგავსი თემატიკა, დაინახეს კერძო და ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკა, გაიგეს, რომ სათქმელი შეიძლება გადმოიცეს ხელოვნების სხვადასხვა ენაზე. სტუდენტები ეძებდნენ როლური თამაშისთვის შესაფერის ჩაცმულობას, რეკვიზიტს, უსადაგებდნენ თავიანთ პრეზენტაციას მუსიკას, ნახატებს, ფოტოებს, ნაწყვეტებს კინოფილმებიდან.

 მახსენდება ერთი ჩინური სიბრძნე: „რაც მოვისმინე – დამავიწყდა, რაც დავინახე – დავიმახსოვრე, რაც გავაკეთე – გავიგე”. რასაკვირველია, ამ ტიპის სამუშაო ძალაუნებურად აიძულებდა მათ, კითხვისას ტექსტი ღრმად გაეანალიზებინათ და აქცენტი მნიშვნელოვანსა და საინტერესოზე დაესვათ. მერწმუნეთ, ჩვენი ახალგაზრდების ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა…

ასე გაჩნდა ისეთი საინტერესო ინტერპრეტაციები, როგორებიცაა: ტიბალტის მონოლოგი; რომეოს გასამართლება იმქვეყნიურ სამსჯავროზე; ქალბატონი კაპულეტის აღსარება; გალაკტიონის მესაფლავისა და რომეოს შეხვედრა; ინტერვიუ მერი შერვაშიძესთან; ინტერვიუ შექსპირთან; დიალოგი მერანთან; გალაკტიონის მონოლოგი; თანამედროვე (ქართველი) „რომეო და ჯულიეტა”, წარმოდგენილი რეპის სტილში; მარიტასა და ჯულიეტას შეხვედრა; გაცოცხლებული ნატვრის ხის მონოლოგი და მრავალი სხვა.

მართალია, გამოცდა ბარდებოდა ზეპირმეტყველებაში – ზეპირი პრეზენტაციის ფორმით, მაგრამ ეს ყველაფერი, რაც ზემოთ მოგახსენეთ, იყო შედეგი სწორი კითხვის სტრატეგიისა. ხაზგასასმელია ის მომენტი, რომ როდესაც მოსწავლემ იცის, სახელდობრ, რისთვის, რა მიზნით კითხულობს ამა თუ იმ ნაწარმოებს, რა ევალება ამა თუ იმ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, რომელი უნარები უნდა გაააქტიუროს, რა ფორმით გამოხატოს თავისი ცოდნა – ინტერესიც იმატებს, აღქმის უნარიც აქტიურდება და მთავარი სათქმელის მიგნება და გააანალიზებაც ადვილდება.

მომდევნო ეტაპია შესწავლილი ტექსტის ნაწყვეტის ზეპირი კომენტირება. თუ დაინტერესდით, ამის გამოცდილებასაც დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი