პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ისტორიული კვლევის მნიშვნელობა ისტორიის გაკვეთილებზე (II ეტაპი)

ისტორიული კვლევის პროცესი – წყაროების მოძიება

 

ისტორიული კვლევის პირველი ეტაპი საკვლევი თემის
ანუ თეზისის არჩევაა. უმჯობესია, თეზისი წარმოდგენილი იყოს კითხვის სახით – ეს მოსწავლეს
თემაზე კონცენტრაციას გაუადვილებს.

 

მეორე ეტაპია თავად კვლევის პროცესი, რომელიც, თავის
მხრივ, რამდენიმე საფეხურისგან შედგება და რომელიც კვლევის უმნიშვნელოვანესი
ნაწილია. მოსწავლემ უნდა იგრძნოს მისი რაობა, მოიხიბლოს ამ პროცესით და დაინტერესდეს.

 

 

ისტორიული კვლევის პროცესის
ეტაპები:

 

ა. ბიბლიოგრაფია

ვიდრე მოსწავლეები შეუდგებოდნენ საკუთრივ წყაროების
მოძიებას, მასწავლებელმა გარკვეული დრო უნდა დაუთმოს ბიბლიოგრაფიას. ვურჩევ მას, პირველი
გაკვეთილი ჩაატაროს სკოლის (ან ნებისმიერ სხვა) ბიბლიოთეკაში (თუ სკოლას ბიბლიოთეკა
არ აქვს, შეიძლება, საკლასო ოთახში თავი მოვუყაროთ წიგნებს, რომლებიც ჩვენს კოლეგებს
აქვთ სკოლაში და ოთახი დროებით „ბიბლიოთეკად” ვაქციოთ). ამა თუ იმ წიგნის
დამუშავებისას ყურადღება გაამახვილეთ ბიბლიოგრაფიაზე. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ მისი
მნიშვნელობა, რადგან კვლევის დასასრულს მათაც მოუწევთ თავიანთი ნამუშევრისთვის
ბიბლიოგრაფიის დართვა – ეს კვლევის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამსჯელეთ ისინი ბიბლიოგრაფიის
არსზე, მნიშვნელობაზე, საჭიროებაზე. თუ მოხერხდა ადგილობრივ ბიბლიოთეკაში ისეთი
წიგნის მოძიება, რომელიც მოსწავლის თეზისს ეხება (მაგალითად, ენციკლოპედიისა), გაკვეთილი
კიდევ უფრო ეფექტური გახდება
. მოსწავლეები თვითონვე დაინახავენ
ბიბლიოგრაფიის მნიშვნელობას – გაიგებენ, სახელდობრ, რა წიგნების გამოყენება
შეიძლება შემდგომი კვლევისთვის ლოკალურიდან (სკოლის) ეროვნულ (რაიონულ)
ბიბლიოთეკამდე. თუ კლასში (სკოლაში) ელექტრონული რესურსი (ინტერნეტი) ხელმისაწვდომია,
აჩვენეთ მოსწავლეებს ნებისმიერი ისტორიული ვებგვერდი და მასზე მოცემული
ბიბლიოგრაფიის ნუსხა

[1]

.

 

 

ბ. წყაროთა ტიპები

რა ტიპის წყაროების გამოყენება შეიძლება ისტორიული
კვლევისას?

მთავარია, მოსწავლეებს ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის
წყაროებზე მუშაობის უნარ-ჩვევები. ეს ის უნარებია, რომლებიც მათ, წესით, დაბალი
კლასებიდანვე თანდათანობით უნდა განუვითარდეთ ისტორიის გაკვეთილებზე. მეათე კლასი
კი ამ უნარების კონცენტრაციას და აკუმულირებას ახდენს, რაც საბოლოოდ კვლევაში უნდა
აისახოს (ამიტომაც მიმაჩნია, რომ უმჯობესია, ეს კვლევა სწავლის უკანასკნელ ეტაპზე
შესრულდეს და არა მეათე კლასში).

მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ სხვადასხვა ტიპის
წყაროები, მაგრამ მასწავლებელი მიუთითებს, რომ მათ რიცხვში აუცილებლად უნდა იყოს
პირველადი წყაროც (წყაროები).

წყაროს ტიპი თეზისსა და, საზოგადოდ, თემაზეა
დამოკიდებული. სადავო არ არის, რომ მრავალფეროვან წყაროებზე მუშაობა მოსწავლეებს
უფრო მეტ ინტერესს უღვიძებს: ინტერვიუ
(მოსწავლემ თავად უნდა შეადგინოს კითხვარი და მის
მიხედვით ჩაატაროს ინტერვიუ), მოგონებები, ბიოგრაფია, პერიოდიკა, ვიზუალური წყაროები
(ფოტო-ფონო-აუდიო-ვიდეომასალები), დოკუმენტაცია, წერილები, დღიურები, ელექტრონული
მასალები (რომელთა შერჩევისას კიდევ უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო), მხატვრული
ლიტერატურა, კარიკატურები, პლაკატები (პოსტერები), რუკები. რაც უფრო
მრავალფეროვანია წყაროები, მით უფრო საინტერესოა კვლევის პროცესი, მოსწავლეებს
გაცილებით მოსწონთ მრავალფეროვან წყაროებზე მუშაობა, ეს მათ მოტივაციას უფრო მეტად
ზრდის (მინდა,კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ მოსწავლეებს საჭირო უნარების დიდი
ნაწილი – წყაროებზე მუშაობა, მათი კრიტიკული ანალიზი და შეფასება – ამ დროისთვის უკვე
განვითარებული უნდა ჰქონდეთ, ისტორიის გაკვეთილებზე მათი გამოყენება ყოველდღიურობა
უნდა იყოს და არა სიახლე).

 

 

გ. წყაროების
კრიტიკული შესწავლა

[2]


მოსწავლემ კრიტიკულად უნდა განიხილოს თითოეული
წყარო, გამოყოს მისი ღირსებები თუ ხარვეზები, გაარკვიოს, მკაფიოდ არის თუ არა გამოხატული
სუბიექტური პოზიცია, იკითხება თუ არა წყაროში სტერეოტიპული აზრები. მთავარია, წყაროები
უშუალოდ ეხებოდეს მოსწავლის საკვლევ თემას, მნიშვნელოვანი იყოს ამ კვლევისთვის.

სხვადასხვა ტიპის პირველადი და მეორეული წყაროების კრიტიკული
ანალიზი და ინტერპრეტაცია მოსწავლეს დაეხმარება, კარგად გაიაზროს საკვლევი თემა, საფუძვლიანად
გააანალიზოს დასახული პრობლემა და სხვადასხვა ჭრილში და სხვადასხვა პერსპექტივით
განიხილოს იგი.

თითოეული წიგნი/წყარო მოსწავლემ კრიტიკული
კითხვებით უნდა შეისწავლოს და გააანალიზოს.

 

კითხვების ნიმუშები

* ვინ არის წყაროს ავტორი? რა ეროვნებისაა იგი? აქვს
თუ არა ამას მნიშვნელობა?

* როდის არის დაწერილი წყარო? (აქ მოსწავლე მხოლოდ
თარიღის დადგენას კი არ უნდა დასჯერდეს, კრიტიკულადაც უნდა მიუდგეს მისი სანდოობის
საკითხს – ის ფაქტი, რომ წყარო დაწერილია მოვლენის დროს (ეს უმთავრესად პირველად
წყაროს ეხება), იძლევა თუ არა საშუალებას, ეჭვი შევიტანოთ ან, პირიქით,
დავწრმუნდეთ მის სანდოობაში?)

* ახერხებს თუ ვერა ავტორი, გადმოგვცეს დეტალური
ინფორმაცია საკვლევი თემის შესახებ?

* როგორია ავტორის სტატუსი?

* რა არის წყაროს ავტორის მიზანი?

* ვისთვის წერს ავტორი ამ წყაროს, ვისზეა იგი გათვლილი?

* რა მეთოდებს
იყენებს ავტორი წყაროში – მხოლოდ აღწერს ფაქტებს, გამოაქვს დასკვნები, აკეთებს შეფასებებს?

* იყენებს თუ არა
წყაროს ავტორი სხვა წყაროებს?

* მიკერძოებულია
თუ არა?

* გამოთქვამს თუ
არა სტერეოტიპულ შეხედულებებს?

წყაროს
წარმომავლობა

ვინ არის წყაროს ავტორი? როდის არის დაწერილი
წყარო? რა სტატუსი აქვს ავტორს? რა ტიპის წყაროა? ვინ? რა? როდის? სად?

მიზანი

რა მიზნით დაიწერა წყარო? რატომ?

ღირებულებები


 

რას ვიგებთ ავტორის შესახებ? დროის შესახებ?
გარემოებების შესახებ? რა ვითარებაში დაიწერა წყარო? ცვლის თუ არა ეს რაიმეს?
არის თუ არა წყარო კრიტიკული? სანდო? გამოხატავს თუ არა რომელიმე მხარეს?
პოზიციას? რა ხდებოდა ისტორიაში მაშინ, როდესაც ეს წყარო შეიქმნა? მოახდინა
გავლენა ამ მოვლენებმა? ინფორმაციულია თუ არა წყარო?

ნაკლოვანებები

რას არ გვამცნობს წყარო? რატომ? როგორ შეგვიძლია
დავახასიათოთ წყარო? არის ეს პროპაგანდა? არის წყაროში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია?
ბუნდოვანია თუ არა წყარო? სანდოა? დაასაბუთე.

დ. ჩანაწერების გაკეთება:

მოსწავლემ, მას შემდეგ, რაც წიგნების/წყაროების შერჩევას დაიწყებს,
პარალელურად უნდა გააკეთოს არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ – ორგანიზება გაუწიოს
თავისივე კვლევას:

* გააკეთოს ჩანაწერები;

* დარწმუნდეს წყაროების შერჩევის მართებულობაში;

* აკონტროლოს დრო.

მასწავლებელი უნდა მართავდეს მოსწავლის კვლევის პროცესს. მან არ უნდა
„დაივიწყოს” კვირისა თუ კვირების წინ მიცემული დავალება, დააკვირდეს, როგორ მიმდინარეობს
წყაროების მოძიება. რეკომენდებულია, გაკვეთილზე ამას დაეთმოს რამდენიმე წუთი;
მასწავლებელმა ჰკითხოს მოსწავლეებს, რა გაუჭირდათ, რა მოეჩვენათ საინტერესოდ, შესთავაზოს
დახმარება, მისცეს გეზი – სად შეიძლება მათთვის საჭირო წყაროების პოვნა. მნიშვნელოვანია,
მოსწავლემ ზუსტად იცოდეს, რამდენი დრო უნდა დაუთმოს წყაროების მოძიებას, როდის
უნდა დაასრულოს ეს პროცესი (ეს იმაზეა დამოკიდებული, სად ცხოვრობს მოსწავლე,
რამდენად მიუწვდება ხელი წყაროებზე. საშუალოდ ამისთვის შეიძლება 5-8 კვირა მივცეთ.
ეს დოგმა არ არის, შეიძლება ლავირება მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ
უმჯობესია, თქვენ მიერ შემუშავებული გრაფიკი, რომელსაც მოსწავლეებს თავიდანვე
გაუზიარებთ,  არ შეცვალოთ).

 

ჩანაწერების-ჩანიშვნების
გაკეთება
(მოსწავლეებს ეს კითხვარი, წყაროების
მოძიების გეგმა

[3]

და დავალება დაურიგეთ წყაროების მოძიების პროცესის დაწყებამდე და მოითხოვეთ იგი
დასრულებისას)


 

წყაროების მოძიების გეგმა

*
რატომ ავირჩიე კონკრეტული საკვლევი თემა/თეზისი?

*
რატომ ავირჩიე ეს წყარო/წყაროები?

*
რატომ მიმაჩნია, რომ ეს წიგნები (წყაროები) მნიშვნელოვანია ჩემი კვლევისთვის?

*
5-7 წიგნი (წყარო), რომლებიც მოვიძიე და ჩემი კვლევისთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნია

წიგნის სათაური

 

ავტორის ვინაობა/

წიგნის გამოშვების თარიღი

 

გამომცემლობა/

გამოყენებული გვერდები

 

ინფორმაცია

 

 

 

 

ე. რამდენი წყარო
უნდა გამოიყენოს მოსწავლემ ისტორიული კვლევისთვის?

თეორეტიკოსებსა და პრაქტიკოსებს შორის დღემდე მიმდინარეობს
დავა, მივუთითოთ თუ არა მოსწავლეებს წყაროების რიცხვი. მე პრაქტიკოსთა მოსაზრებას
ვემხრობი, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დაახლოებითი რაოდენობის მითითებით მოსწავლეებს
კი არ ვზღუდავთ, არამედ ვეხმარებით. კერძოდ, სასურველია, კვლევის წარმოებისას
მოსწავლემ გამოიყენოს ხუთი-შვიდი წიგნი.

რით არის კარგი რაოდენობის განსაზღვრა? უპირველესად,
იმით, რომ თავიდან აგვაცილებს კვლევის ზედაპირულობას (დაკონკრეტების გარეშე
მოსწავლემ შესაძლოა მხოლოდ ორი ან სამი წყარო მოიძიოს, რაც კვლევა კი არა, მხოლოდ წყაროების
შედარება იქნება). მეორე: მოსწავლეები უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ კვლევას; ამ
რაოდენობის ისტორიული წყარო (წიგნი) კი მათ მართლაც მისცემს საშულებას, დასახული
პრობლემა საფუძვლიანად შეისწავლონ. ასე რომ, გირჩევთ, თქვენც ურჩიოთ მოსწავლეებს, ამ
კვლევისთვის დაამუშაონ მაქსიმუმ ექვსი-შვიდი და მინიმუმ ოთხი ისტორიული წყარო. მესამე:
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი მოსწავლეები არიან და არა მეცნიერები,
ამიტომ კონკრეტიზაცია მათ უფრო დაეხმარება, ვიდრე ხელს შეუშლის. დაბოლოს, წყაროთა რაოდენობის
განსაზღვრით მოსწავლეებს დაეხმარებით კვლევის ორგანიზებაშიც – ეცოდინებათ, როდის
და რამდენი წყარო უნდა დაამუშაონ და თავიდან აიცილებენ იმ პრობლემას, რასაც დროის არარაციონალური
გამოყენება ჰქვია.

 

ვ. მასალის მოძიების
პროცესის დასრულებისას
მოსწავლეებს სთხოვეთ,
შეავსონ მოცემული (ან მსგავსი) ცხრილი. მათ შესაძლოა ზუსტად არ ახსოვდეთ, როდის
წაიკითხეს ესა თუ ის წყარო და რამდენი დრო დაუთმეს მას, ამიტომ სასურველია,
მასწავლებელი ამასაც თავად დააკვირდეს. ცხრილი საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ მოსწავლეთა
მიერ წყაროების მოძიების პროცესს, გაიგოთ მათი მოტივაცია და შეაფასოთ კიდეც.

 

კვლევის დღიური (ნიმუში)

რიცხვი/თვე გამოყენებული დრო

რა ისწავლე ამ წყაროდან?

კვლევის რა ეტაპზე ხარ ამჟამად?

რა არის შენი კვლევის მომდევნო ეტაპი?

 

 

 

 


 

 




[1]

https://en.wikipedia.org/wiki/Bibliographyმაგალითად,
ამ ვებგვერდზე მასწავლებელს შეუძლია აჩვენოს, რომ თავად ვიკიპედია ნაკლებად სანდო წყაროა,
მაგრამ მისი ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია იმ ბიბლიოგრაფიის მეშვეობით,
რომელიც თითოეულ სტატიას ერთვის.



[2]

წყაროების კრიტიკულ შესწავლაზე უფრო დეტალურად სხვა დროს
გავამახვილებთ ყურადღებას.

[3] რამდენი წიგნიც ექნება მოსწავლეს მოსაძიებელი, იმდენჯერ უნდა შეავსოს ცხრილი -ანუ ცხრილი ივსება ყველა დამოუკიდებელი წიგნისთვის ინდივიდუალურად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი