პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის გასააზრებლად

ბოლო ოცი წელია, 25 თებერვალს საქართველო ისე აღარ აღნიშნავს, როგორც მანამდე, თითქმის 70 წლის განმავლობაში აღნიშნავდა. 1918-1921 წლების საქართველოს ისტორია, შეიძლება ითქვას, ხელახლა გადასახედი და გადასაწერია. ამ წლების ანალიზს კომუნისტური იდეოლოგია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯებით გვთავაზობდა, თუმცა კი დღესაც ბევრი რამ არის გამოსაკვლევი, დღემდე არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, შესაფასებელია პიროვნებები, გადასახედია შედეგები, რომლებიც მაშინდელ პოლიტიკურ ლიდერთა ქმედებებმა გამოიწვია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში უამრავი ახალი დოკუმენტი შეემატა, რომელთა შესწავლა ხელს შეუწყობს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის გააზრებას. მათ შორისაა გურამ შარაძის მიერ არქივისთვის გადაცემული ფონდები ჰარვარდიდან და ლევილიდან, რომლებიც წლების განმავლობაში მუშავდებოდა, ხოლო ამჟამად უკვე ხელმისაწვდომია მკვლევარებისთვის. 

ამ ცოტა ხნის წინ კი ეროვნულმა არქივმა წიგნად გამოსცა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკოლოზ (კოლია) ჭუმბურიძის მოხსენება “საბჭოთა საქართველოს ცხოვრებიდან – ბოლშევიკების ექვსი თვის ბატონობის სურათი”, რომელიც მან 1921 წლის 20 სექტემბერს წარუდგინა სტამბოლში მყოფ ჟორდანიას მთავრობას. დოკუმენტი მოიცავს თვითმხილველის მიერ საქართველოში ბოლშევიკების ბატონობის პირველი ექვსი თვის დეტალურ აღწერას. ეს ტექსტი აქამდე უცნობი იყო ქართული ისტორიოგრაფიისთვის, იგი ინახებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არქივის ჰარვარდისა და ლევილის კოლექციებში და საზოგადოებისთვის ახლაღა გახდა ხელმისაწვდომი. 

მოხსენება მოიცავს პერიოდს 1921 წლის 17 მარტიდან 28 აგვისტომდე და დაყოფილია 14 ძირითად ნაწილად და რამდენიმე ქვეთავად: მთლიანი სურათის გადმოცემის სირთულე; ბათუმის პირველი დღეები და ქემალისტებთან ბრძოლა; ბოლშევიკური ლიბერალიზმის ხანა; მართვა-გამგეობის აპარატი – რევკომები, ადმინისტრაცია, ჩეკა, რაბკინი, სასამართლო, ციხე, წითელი არმია. მოხსენების ავტორი განიხილავს მიწის საკითხს, რკინიგზას, ეკონომიკურ, ფინანსურ და საგარეო პოლიტიკას, აღწერს ცხოვრების სიძვირესა და გაჭირვებას. კოლია ჭუმბურიძე ასევე დაწვრილებით ინფორმაციას გვაწვდის პოლიტიკური პარტიების: კომპარტიის, კავბიუროს, სოციალისტ-ფედერალისტების, სოცრევოლუციონერების, ნაციონალ-დემოკრატების, სოციალ-დემოკრატების – შესახებ და განწყობას პარტიებს შორის. იგი საუბრობს ხალხის სულიერ განწყობასა და დემოკრატიული მთავრობის გავლენაზე, ამ მთავრობის წარსულ საქმიანობასა და ნაკლზე.

მოხსენების დასაწყისში გადმოცემულია ბათუმისთვის ბრძოლისა და ჟლობას კავალერიისა და რუსული ნაწილების თურქებთან ბრძოლაში პირდაპირ ჩაურევლობის დეტალები. საინტერესოა ავტორის მიერ აღწერილი დიალოგი რუს წითელარმიელებსა და ქართველ მებრძოლებს შორის რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ომის დასრულების შემდეგ: “სადგურზე ყველგან ბევრი ხალხი იყო, განსაკუთრებით რუს. არმიელები, ჩვენი გვარდიელები და ჯარის კაცები, იყო ყველგან გახურებული კამათი. წითელი არმიელები ჩვენებს უმტკიცებდნენ, ჩვენ თქვენს განსათავისუფლებლათ მოვედითო. ჩვენები ამით შეურაცყოფილათ გრძნობდნენ თავს და თავისი დამტვრეული რუსულით “ბდღვირს ადენდნენ” რუსებს”. მოხსენებაში საუბარია ბოლშევიკების მიერ ხალხის მომადლიერების მცდელობაზე, რა მიზნითაც მათ გახსნეს საწყობები და ხალხს დაურიგეს იქ დარჩენილი პური და შაქარი, რაც ერთჯერად ეფექტზე იყო გათვლილი. ალბათ ამით თუ აიხსნება მოგვიანებით ემიგრანტულ ლიტერატურაში გავრცელებული აზრი, თითქოს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში არსებული მატერიალური თუ სამხედრო რესურსი არ გამოიყენა მტრის წინააღმდეგ და შემდეგ ბოლშევიკები დიდხანს კვებავდნენ ამ სურსათით მოსახლეობას. მოკლე ხანში ხალხმა დაინახა დამპყრობლის ნამდვილი სახე და ბოლშევიკების მიერ “ლიბერალობანას” თამაშის მცდელობასაც ბოლო მოეღო.

მეტად საინტერესოა ავტორის მიერ აღწერილი მართვა-გამგეობის ორგანოები, ამ ორგანოებში მომუშავე პირთა პროფესიული და მორალური სახის აღწერილობა, მათ შორის არსებული წინააღმდეგობები.

სხვადასხვა წყაროდან კარგადაა ცნობილი სტალინის ვიზიტი გასაბჭოებულ საქართველოში 1921 წლის ივლისში და მისი ფიასკო ნაძალადევის მუშათა სასახლეში გამოსვლისას. ნიკოლოზ ჭუმბურიძის მოხსენება ამ ამბავს ახალი და საინტერესო დეტალებით ავსებს: “ალექსანდრე დგებუაძემ ასე დაიწყო: “ორი კვირაა, რაც ციხიდან გამოველ, ვიცი, ამ სიტყვის გამო ისევ ჩეკაში გამგზავნიან, მაგრამ მაინც უნდა ვილაპარაკოვო”. ბოლოს ასე დაათავა: “თუ კაცი ხარ, კობა, ის, რაც აქ ხდება და ნახე, გადაეცი ყველაფერი ლენინსო”. ამაზე კობამ უპასუხა: “ამხანაგებო, ჩვენ არ ვფიცავთ, რომ რუსეთის წითელი არმია მოვიყვანეთ საქართველოში”. “თქვენ ამას არ ფიცავთ აქ, ჩვენთან, – უპასუხა ალექსანდრემ, – ასეთ უტიფრობას ვერ გამოიჩენთ, რადგან ეს ხალხი თვითონ გებრძოლათ თქვენ და აბა როგორ შეგიძლიანთ ამის დამალვაო, მაგრამ თქვენ ამას უმალავთ რუსეთისა და ევროპის მუშებს”. ალექსანდრეს სიტყვებზე ხალხმა ერთ ხმათ დაიძახა: “ვებრძოდით, ვებრძვით და ვებრძოლებითო”. იქვე – “ერთმა მუშამ კობას უთხრა: “ჩვენ ორი კაცი გვასწავლიდა სოციალიზმს, ერთი ლენინი და მეორე ჟორდანიაო. ლენინი გვეუბნებოდა: მარქსიზმი მე მესმის სწორათ და ჩემი მოძღვრება არის სწორიო. ჟორდანია გვასწავლიდა – მარქსიზმი და სოციალიზმი ის არის, რასაც მე გეუბნებით და არა ის, რასაც ლენინიო. დღემდის შეიძლება ვყოყმანობდით კიდევ და არ ვიცოდით, ვინ იყო ამაში მართალი, ხოლო ახლა ეს ნათლათ გავიგეთ და ამიტომ, თუ კაცი ხარ, კობა, მოგვშორდი და შენი წითელი არმიაც წაიყვანეო”. ასე დათავდა “დიდი კაცის” გამოსვლა ნახალოვკაში. ამის შემდეგ იგი აღარსად არ გამოსულა და საქართველოს დანარჩენი ნაწილი არ უნახავს. იგი ძლიერ წყნარად გაიპარა საქართველოდან, კომუნისტურ გაზეთებს არც კი აღუნიშნავთ. სამაგიეროთ ყოველივე ეს ჩეკამ აღნიშნა და რამდენიმე ჩვენი ამხანაგი დაიჭირა”.

ნიკოლოზ ჭუმბურიძე მოხსენებას შემდეგი სიტყვებით ასრულებს: “ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენი წერით შეგაწუხეთ, მაგრამ მგონია, რომ ყოველივე ეს თქვენთვის საინტერესოა”.

ნიკოლოზ ჭუმბურიძის მოხსენება ალბათ საინტერესო იყო მაშინდელი მთავრობისთვის, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ის დღეს, ასი წლის შემდეგ, როდესაც სიმართლის გარკვევას ასე ნაკუწ-ნაკუწ ვცდილობთ.

როგორც ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორმა ანტონ ვაჭარაძემ აღნიშნა, ნიკოლოზ ჭუმბურიძის მოხსენება იმდენად უშუალო და ლაღი ენითაა დაწერილი, მას ინტერესით წაიკითხავენ არა მხოლოდ ისტორიის მკვლევარები, არამედ ფართო საზოგადოებაც, მათ შორის – მოსწავლეები და სტუდენტები. 

თავად ნიკოლოზ (კოლია) ჭუმბურიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი და ორგანიზატორი იყო დასავლეთ საქართველოში. მან განათლება პეტერბურგისა და პრაღის უნივერსიტეტებში მიიღო, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, დაახლოებით ექვსი თვე, საქართველოში დარჩა და ერთხანს გრიგოლ ლორთქიფანიძესა და შალვა მაღლაკელიძესთან ერთად ჩეკას სარდაფებშიც მოუწია ჯდომა. იგი 1921 წლის მაისში დააპატიმრეს. მეგობრების დახმარებით მოახერხა ციხიდან გამოსვლა და ემიგრაციაში წავიდა, სადაც თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან: “კავკასიონი”; “მხედარი”; “ბრძოლა”; “სამშობლოსათვის”; “დამოუკიდებელი საქართველო”. იბეჭდებოდა “კაჟისა” და “ალფას” ფსევდონიმით. საინტერესოა ჟურნალ მხედარში 1931 წელს “კაჟის” ფსევდონიმით მის მიერ გამოქვეყნებული ნარკვევი “წითელი არმია”, სადაც აღწერილია წითელ არმიაში არსებული ტენდენციები, მისი მატერიალური და მორალური მდგომარეობა, პროპაგანდის სახე და სხვა საინტერესო დეტალები.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია პირველი დემოკრატიული მთავრობის საქმიანობის ამსახველი შემდეგი ფონდები: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველობა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი; იმ დროს მოქმედი სამინისტროები, მათ შორის უმნიშვნელოვანესი საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო წარმომადგენლობები;  ასევე კარლო ჩხეიძის, ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის და სხვათა პირადი ფონდები.

ანტონ ვაჭარაძე, ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორი: “თანამედროვე მკვლევარებს უკვე შეუძლიათ, საქართველოს ისტორიის 1918-1921 წლების შესახებ მასალები მოიძიონ დასავლურ პრესაშიც, რაც ინტერნეტმა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა. გარდა ამისა, ამ წლების საქართველოს საგარეო ურთიერთობების შესასწავლად ახალი მასალები, ძირითადად – ფრანგულენოვანი, უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს არქივშიც. ჩვენი არქივის მიზანია, ხელი შევუწყოთ ნებისმიერი სამეცნიერო კვლევის გააქტიურებას, მათ შორის – საქართველოს ისტორიის კუთხით”.

ყველა თაობას საკუთარი დამოკიდებულება აქვს თავისი ქვეყნის ისტორიისა და მისი გმირების მიმართ, ჩვენს თაობას კი ერთგვარად ხარვეზების გამოსწორებისა და თეთრი ლაქების ამოვსების მისიაც აკისრია. ვფიქრობთ, ნიკოლოზ ჭუმბურიძის ნაშრომი საქართველოს ისტორიის მასწავლებლებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი