პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თოლია იგი. ლიტერატურული პარალელე-პიპეტი

გარნირი:
 მუდამ ისე ვამბობ: “არ მიყვარს”, – თითქოს ამის გაგონებასღა ელოდება მთელი სამყარო და მაშინვე შეიცვლება. ჰოდა, ყველაზე მეტად თანამედროვეობის ეს სენი არ მიყვარს – შეფუთვის მანია: პიარტექნოლოგიები, რეკლამა, ბრენდები, სამლარიანი ნივთები ოცდაათლარიან საჩუქრის ყუთში… თუ კარგად მახსოვს, ყველაფერ ამას სხვა საუკუნეებში თაღლითობა ერქვა, ასეთი მყარი ცნებები კი დროებით თუ იცვლიან სახელს.

სახელს მოჰყვა და შეფუთვათაგან მხოლოდ სათაურები, წოდებები მიზიდავს, აი, ისეთები, რომ გაიგონებ და სამოგზაუროდ წასვლა მოგინდება. სიამოვნებით ჩამოვჯდებოდი კაფე “როტონდაში” ყავა “არაბიკას” დასალევად ესპანელ დაქალ კონსესიონთან ერთად. კიდევ იმ სადოქტორო პროგრამის დასახელება მიყვარს, რომელზეც მაგისტრატურაში ვსწავლობდი -კომპარატივისტიკა ანუ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა. თუმცა, რასაკვირველია, ისეც არ მოქმედებს სახელების მაგია, რომ მხოლოდ ამის გამო ამერჩია სპეციალობა – თუ მაინცდამაინც საკუთარი მსოფლმხედველობისთვის იარლიყის მიკერებას მოვინდომებ, ჰუმანიზმის მიმდევარი ვარ და რა უნდა იყოს ჰუმანისტისთვის იმაზე საინტერესო, რომ ლიტერატურაში, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, ნამდვილად არის არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების, არამედ ამა თუ იმ ერის კოლექტიური აზროვნების ყველაზე უფრო ღრმა და ამომწურავი გამოვლინება, არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ არა მარტო ნაწარმოებთა ლაიტმოტივი ემსგავსება ერთმანეთს (აქ გაგახსენდებათ გაცვეთილი ფრაზა სიყვარულისა და სიკვდილის შესახებ), არამედ ხშირად სიუჟეტის ისეთი ნიუანსებიც ემთხვევა, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები – ჩვენ ყველანი ისე ვგავართ ერთმანეთს, ერთ დღესაც აუცილებლად ვიპოვით საერთო ენას.

ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა “იგის” არსებობის შესახებ მაშინ შევიტყვე, როცა გურამ დოჩანაშვილმა დაასახელა ერთ-ერთ ინტერვიუში მეოცე საუკუნის ოთხ საუკეთესო ქართულ მოთხრობას შორის, პირველად კი მაშინ წავიკითხე, როდესაც სასკოლო პროგრამაში შეიტანეს და მივხვდი, ერთ დღეს მოსწავლეებისთვის მისი ახსნა მომიწევდა, იმ მოსწავლეებისთვის, ასე რომ ეშინოდათ ახალი პროგრამების. თუმცა რაღა მოსწავლეები – აკი მასწავლებლებიც ძალიან შეაცბუნა მაშინდელმა ნოვაციებმა და მე – მით უმეტეს, სრულიად ახალბედა და სტაბილურად დაბნეული. წავიკითხე და, მახსოვს,  ამოვისუნთქე: ჯერ ერთი, აღფრთოვანებული დავრჩი ამ არაჩვეულებრივი ნაწარმოებით, მეორე – გავიფიქრე, რომ მოსწავლეებს, რომელთაც “ალუდა ქეთელაური” ახალი გავლილი ექნებოდათ, არ გაუჭირდებოდათ ამ მოთხრობიდან სწორი დასკვნების გამოტანა და მესამე – ბუნდოვნად მახსენდებოდა რაღაც მსგავსი, ძალიან მსგავსი, რომელმაც ასე გამიიოლა ამ ახალი ნაწარმოების აღქმა. და ნარატივის კანონებთან გაშინაურებული მკითხველი მიხვდება, რომ ბოლოს აუცილებლად გამახსენდა ის “რაღაც” – რიჩარდ ბახის “თოლია ჯონათან ლივინგსტონი”.

საკულტო მოთხრობა “თოლია ჯონათან ლივინგსტონი” 1970 წელს დაიწერა. ავტორის შთაგონების წყარო პილოტი-ვირტუოზი ჯონ ჰ. ლივინგსტონი გახდა. 1973 წელს ეკრანებზე გამოვიდა ჰოლ ბარლეტის ამავე სახელწოდების ფილმი, რომელიც მუსიკალურად ნილ დაიმონდმა გააფორმა. ამდენი ნიჭიერი ადამიანის ღვაწლს, რასაკვირველია, ფუჭად არ ჩაუვლია: უკვე რამდენიმე ათეული წელია, თოლია ჯონათანი ახალგაზრდებს შორის არანაკლები პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე, ვთქვათ, ჰოლდენ კოლფილდი, პატარა უფლისწული ან, ვისზე ნაკლები ბიჭია და – ვინი პუჰი. მე მგონი, ფუფუნებაა, როდესაც მასწავლებელს შეუძლია, მოწაფეთა შორის ასე ცნობილ და საყოველთაოდ აღიარებულ ნაწარმოებთან გაავლოს პარალელი, რადგან, თუმცა “იგი” მხატვრული თვალსაზრისით არაფრით ჩამოუვარდება “თოლია ჯონათან ლივინგსტონს”, ამ უკანასკნელში უფრო მარტივად და იოლად აღსაქმელად არის მოწოდებული იგივე იდეა, რომლის გაზიარებაც ქარჩხაძეს სურდა მკითხველისთვის და, მაშასადამე, ჩვენ -მოსწავლეებისთვის.

ერთმა მწერალმა გონებაშეზღუდული, ჯოგური პრინციპით მცხოვრები საზოგადოების მეტაფორის შესაქმნელად თოლიების გუნდი აირჩია, მეორემ – გამოქვაბულის ადამიანების ხროვა. ქარჩხაძემ შედარებით რთული მისია იკისრა, რადგან თუ ბახის თოლიები ჩვეულებრივი ადამიანური ენით საუბრობენ, იგის თანატომელთა დიალოგები დიდად არ განსხვავდება ნამდვილი თოლიების კივილისგან – ქართველმა მწერალმა ყველაზე ძნელი გზა აირჩია ფორმისა და შინაარსის ჰარმონიის მისაღწევად.

თოლიების გუნდს, ისევე როგორც პირველყოფილთა ჯოგს, ერთი საზრუნავი აქვს – საკვების მოპოვება, და ერთი პრინციპი – ადათების ბრმა მორჩილება. და აქაც და იქაც ჩნდება მეამბოხე, რომლის საზრუნავიც საკუთარი არსის შეცნობაა, ხოლო პრინციპი – საკუთარი, ერთი შეხედვით გიჟური იდეების ერთგულება. ჯონათანი ხვდება, რომ ფრენა თევზის მოსაპოვებლად კი არ სჭირდება თოლიას, არამედ იმისთვის, რომ ბოლომდე დატკბეს თავისი შესაძლებლობებით და სრულყოფილებას მიაღწიოს. იგისაც გულგრილად შეუძლია იმის ატანა, რომ ნანადირევი არ უწილადეს, რადგან იცის, რომ უნდა შეისწავლოს საკუთარი თავი და ამგვარად – დანარჩენი კაცობრიობაც.
ალბათ, მოსწავლეებისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება მსჯელობა საკუთარი თავის ძიებაზე, საკუთარი “მე”-ს პოვნის გზით სამყაროსა და ადამიანების შეცნობასა და სრულყოფილებისკენ სწრაფვაზე. მით უმეტეს, რომ, როგორც რიჩარდ ბახი, ჯემალ ქარჩხაძეც პერსონაჟის ფსიქოლოგიური განვითარების ყველა ეტაპს ისე მეთოდურად, დამაჯერებლად და ლოგიკურად აღგვიწერს, მეტ-ნაკლებად გულისხმიერი მკითხველისთვის იოლია მიჰყვეს გმირის აზრთა მდინარებასა თუ მისი საქციელის მიზეზშედეგობრივ კავშირებს და თანაგანცდა გაუჩნდეს.

ის დამოკიდებულება, რასაც გუნდი, ტომი (“ალუდა ქეთელაურის” შემთხვევაში – თემი), საზოგადოდ, კოლექტივი იჩენს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისადმი, შესანიშნავად და მოკლედ აქვს აღწერილი ვაჟა-ფშაველას: “ფერი ედება ბერდიას, ფერი სხვა-რიგის შიშისა”. მასის სწრაფვა, დათრგუნოს ის, ვინც მის წესებს არ ემორჩილება, სხვით არაფრითაა გამოწვეული, თუ არა შიშით, რომ ხდება რაღაც განსხვავებული, რაღაც მისთვის შეუცნობელი, რომელიც შეიძლება სახიფათოც იყოს, ვინაიდან ყველაზე საშიში ის საფრთხეა, რომლის თვისებების შესახებაც არაფერი იცი; უცნაური საფრთხე – ჰაერში გაკეთებული “ორმაგი მარყუჟი” თუ ქვაზე ამოკაწრული ბელადის სახე – სულიერნი, რომლებმაც საკრალური ძალა მოათვინიერეს.

რასაკვირველია, ჩვენი, პედაგოგების პროგრამა-მაქსიმუმია, ჯონათან ლივინგსტონი ან იგი გამოვავლინოთ ჩვენს მოსწავლეში, მაგრამ არსებობს პროგრამა-მინიმუმიც – კლასში მჯდომ თითოეულ ახალგაზრდას გაუნელდეს შიში უცნობისა და უცნაურისადმი და ნაცვლად იმისა, რომ თავს დაესხას მას როგორც საფრთხეს, ისწავლოს, როგორ იფიქროს მის არსზე და სცადოს ჩასწვდეს იმის სიმართლეს, რაც ერთი შეხედვით გაუგონარი ეჩვენება, რადგან აკი ჩვენ ყველანი ისე ვგავართ ერთმანეთს, ერთ დღესაც აუცილებლად ვიპოვით საერთო ენას.

დაბოლოს, თუ მაინც გვერგო პატივი, ვიყოთ იმ ადამიანის მასწავლებელი, რომელიც საზოგადოების დრომოჭმულ შაბლონს ახალი სიმართლით შეცვლის, ახსოვდეს მას ჩვენგან, რომ იგისაც და თოლია ჯონათანსაც მთელი თავიანთი სამყაროსეული აღმოჩენები სწორედ იმათთვის უნდოდათ, ვინც ისინი განიკვეთეს თუ დიდი დაძინების ხახაში მოისროლეს. შეუძლებელია, ადამიანების სიყვარულის გარეშე გქონდეს საკუთარი სიმართლის ის შეგრძნება, რომელიც ასე აუცილებელია ყველა “პირველისა” და პერფექციონალისტისთვის – შეგრძნება, რომ როდესაც ყველა ბრჭყვიალა შესაფუთი ქაღალდი გაცვდება და გაიხევა, იგისგან სწორედ იგი დარჩება, რაც იგიში იგი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი