პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოსწავლეები და მშობლები, სკოლებში სპორტის სწავლებაზე

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ფიზიკური კულტურა საქართველოს საჯარო სკოლებში კონკრეტულ დისციპლინად ისწავლებოდა, ის ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებპრესტიჟულ საგნად მიიჩნეოდა და მოსწავლისთვის “ნიშნის გამფუჭებელ” ფიზკულტურის მასწავლებელსაც იშვიათად ნახავდით.

დამოკიდებულება დიდად არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც ფიზკულტურა სპორტის სწავლებამ ჩაანაცვლა და სპორტის მასწავლებლების ეტაპობრივი გადამზადება დაიწყო. მოსწავლეთა და მშობელთა უდიდეს ნაწილს დღესაც მიაჩნია, რომ სპორტი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანი სასკოლო დისციპლინაა და ყურადღება მხოლოდ მაშინ შეიძლება მიექცეს, თუ მოსწავლემ სპორტის ამა თუ იმ სახეობის ნიჭი და მისდამი ინტერესი გამოამჟღავნა.

მეექვსეკლასელი გეგა ურუშაძის დედის, ქალბატონი ელენე გოგიაშვილის აზრით, სპორტი განსაკუთრებით ბიჭებისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უმჯობესია, ბავშვი სპორტის რომელიმე სახეობაზე სკოლის შემდეგ ვატაროთ, რადგან სკოლაში სპორტი სათანადოდ მაინც არ ისწავლება და სპორტის გაკვეთილებზე დროის კარგვას სჯობია, ეს საქმე მწვრთნელს მივანდოთ.

ელენე გოგიაშვილი: “იქნებ ვცდებოდე, მაგრამ მიმაჩნია, რომ სკოლაში სპორტის სწავლებას აზრი არ აქვს. განა იმიტომ, რომ, საზოგადოდ, სპორტის წინააღმდეგი ვარ, – პირიქით, ორივე შვილი დამყავს სპორტზე: უფროსი – რაგბიზე, უმცროსი კი ფეხბურთზე; უბრალოდ, ვხედავ, რომ თვითონ სკოლაშიც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სპორტის სწავლებას. ხან მასწავლებელი აცდენს გაკვეთილს, ხან მოწაფეები მიდიან “შატალოზე”… ალბათ, უმჯობესი იქნება, ფიზკულტურის გაკვეთილზე დაკარგული დრო ბავშვებმა უფრო საინტერესოდ გამოიყენონ. მარტო მე არ ვფიქრობ ასე, – ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ ჩვენს სკოლებში სპორტის სწავლება ფიქციაა და მეტი არაფერი”.

ამ აზრის მართებულობის გასარკვევად სკოლის მოწავლეებსა და მათ მშობლებს შორის მცირე გამოკითხვა ჩავატარეთ. თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 4 საჯარო სკოლაში გამოკითხული 40 ბავშვიდან მხოლოდ 11-მა გვითხრა, რომ სპორტის გაკვეთილებს არასოდეს აცდენენ და მასწავლებელმა რომც გააცდინოს, თვითონ მაინც თამაშობენ ფეხბურთს ან კალათბურთს. აღსანიშნავია, რომ თერთმეტივე ვაჟია, მეცხრე-მეთორმეტე კლასების მოსწავლე. გამოკითხულთაგან 18 გოგონა იყო. მათმა უმეტესობამ აღიარა, რომ სპორტის გაკვეთილზე სპორტული ფორმა ერთხელაც არ სცმიათ და მაინცდამაინც არც მასწავლებლები სთხოვენ ამას. გარდა ამისა, თითქმის ყველა გოგონამ გვითხრა, რომ, მათი აზრით, სპორტი უფრო მეტად “ბიჭების საქმეა” და ვერ ხვდებიან, რატომ მოითხოვს განათლების სისტემა მათგან ბიჭებთან ერთად სპორტის გაკვეთილებზე დასწრებას.

ნატო კაკუბავა, მე-10 კლასის მოსწავლე: “ინგლისურსა და უნარებში მომზადება უკვე დავიწყე და ეს სამი წელიწადი მართლა აღარ მეცლება საიმისოდ, სპორტის გაკვეთილებზე ვიარო და დრო ტყუილად ვფლანგო. ისედაც ბევრი დრო დავკარგე. აქამდე რომ დამეწყო ინგლისურში მომზადება, უკეთესი იქნებოდა. ინგლისურს ერთი მოხუცი მასწავლებელი გვასწავლიდა, რომელიც ნახევრად ყრუ იყო და მისგან ბევრი ვერაფერი ვისწავლეთ. ბიჭები კი ფეხბურთს ისედაც სულ თამაშობენ სკოლის ეზოსა თუ დარბაზში, რად უნდათ მაგათ მასწავლებელი და სპორტის გაკვეთილი? თუ ფეხბურთის თამაში გინდა, ფეხბურთზე ივლი…”

ჩვენ მიერ გამოკითხული 40 მოსწავლიდან მხოლოდ ერთი, მეთორმეტეკლასელი პაატა ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ სპორტის სწავლება არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ გონებრივ მონაცემებსაც აუმჯობესებს. პაატა აპირებს, სკოლის დამთავრების შემდეგ რაგბის მწვრთნელი გახდეს, თუმცა გული სწყდება, რომ თავად არცთუ ისე კარგი მოთამაშეა.

პაატა ჯავახიშვილი, 17 წლის: “თქვენ პირველები ხართ, ვინც სკოლაში სპორტის სწავლებით დაინტერესდა. სამწუხაროდ, საქართველოში სპორტის სწავლების დონე ბევრს არ აღელვებს, მაგრამ, რომ ჰკითხოთ, ყველა გულშემატკივარია, ყველას აინტერესებს ჩვენი ნაკრებების შედეგები. ინტერნეტში სპორტის შესახებ ბევრს ვკითხულობ და ძალიან მშურს ინგლისელების, სადაც სპორტის სწავლება უმაღლეს დონეზეა. იქ სკოლებში სპორტს ცნობილი სპორტსმენები ასწავლიან, ამიტომ ეს საგანი ძალიან პრესტიჟულად ითვლება. ჩვენთან ბევრს ჰგონია, რომ სპორტსმენი ერთი გაუნათლებელი ადამიანია, რომელსაც ვარჯიშის მეტი არაფერი მოეთხოვება. ასე არ არის. უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც სპორტსმენი სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ პროფესორი და აკადემიკოსიც კი გამხდარა”.

როგორც უკვე ვთქვით, ამ საკითხზე მუშაობისას მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც გამოვკითხეთ. მოსწავლეთა დედების აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სპორტის სწავლების ერთადერთი დანიშნულება ისაა, ბავშვის ჯანმრთელობას წადგეს, ეს კი სპორტულ კლუბებსა და სექციებში უფრო უკეთ მიიღწევა, ვიდრე სპორტის გაკვეთილებზე; მამების ნაწილი მხარს უჭერს სპორტის სწავლების დონის ამაღლებას, თუმცა დიდი იმედი არც მათ აქვთ, რომ სკოლაში მიღებული სპორტული გამოცდილებით მათი შვილები რაიმე განსაკუთრებულს მიაღწევენ.

კოტე კახაბრიშვილი, მეცხრეკლასელი იაგო კახაბრიშვილის მამა: “მე თვითონ ძველი წყალბურთელი ვარ და ძალიან მინდოდა, ჩემი შვილიც სპორტსმენი გამოსულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, სპორტისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ვერ ვატყობ. საქართველოში სპორტის სწავლება ყოველთვის მიფუჩეჩებული იყო, ბოლო დროს ხომ საერთოდ თავის ნებაზეა მიშვებული. ჩემს ბავშვობაში ფიზკულტურის გაკვეთილებზე დასწრება მაინც იყო სავალდებულო, ახლა ჩემი ბიჭი სპორტის გაკვეთილებზე საერთოდ არ დადის. მეუბნება: მამა, რა აზრი აქვს? მასწავლებელი ბურთს მოგვიგდებს ხოლმე – ფეხბურთი ითამაშეთო; ფეხბურთს ხომ ეზოშიც ვთამაშობო. რა ვუპასუხო? მხარს დავუჭერ ყველას, ვინც სკოლებში სპორტის სწავლების ხარისხის ამაღლებას შეეცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ კუთხით მომავალს დიდი ოპტიმიზმით ჯერჯერობით ვერ ვუყურებ”.
ამ არცთუ სახარბიელო ფონზე მართლაც გასაკვირია ჩვენი სპორტსმენების ბოლოდროინდელი წარმატება, თუმცა მაინც ყველა აღიარებს, რომ დღეს საქართველოში სპორტის ისეთ პოპულარულ სახეობებშიც კი, როგორიც რაგბი, ფეხბურთი და კალათბურთია, ვეღარ მოდის თაობა, რომელიც ღირსეულად შეცვლიდა ვეტერანებს. უწინარეს ყოვლისა, ეს ფეხბურთზე ითქმის.

სპორტის სწავლების სპეციალისტი და სპორტის მასწავლებლების ერთ-ერთი ტრენერი, ვასილ ბაკაშვილი, მიიჩნევს, რომ სკოლებში სპორტის სწავლების დონე მხოლოდ მაშინ ამაღლდება, როდესაც ქართული სახელმწიფო ამისთვის უფრო მეტ ფულს დახარჯავს.

ვასილ ბაკაშვილი: “სპორტის სწავლებას, სხვა ყველაფერთან ერთად, მრავალფეროვანი სპორტული ინვენტარიც სჭირდება, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და ბევრი სკოლა საკუთარი სახსრებით ვერ შეიძენს. გარდა ამისა, საზოგადოების დამოკიდებულებაც უნდა შეიცვალოს, სპორტი მეორეხარისხოვან საგნად არ უნდა ითვლებოდეს. ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაც აფერხებს ამ სფეროში წინსვლას. ჩვენს ქვეყანას სპორტის მრავალ სახეობაში დიდი ტრადიცია აქვს და ამის დაკარგვა მიუტევებელი შეცდომა იქნება”.

როგორც ვნახეთ, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეთა დიდი ნაწილი და მათი მშობლები სკოლებში სპორტის სწავლების მიმართ ერთგვარად ნიჰილისტურად არიან განწყობილნი. ვესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც სპორტის გაკვეთილების სულ მთლად გაუქმებასაც კი მოითხოვენ. აშკარაა, რომ ამ სფეროში გასაკეთებელი მართლაც ბევრია და იმედი გვაქვს, მისდამი დამოკიდებულებაც ადრე თუ გვიან აუცილებლად შეიცვლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი