ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მხატვრული ლიტერატურის განმავითარებელი ასპექტები სასწავლო პროცესში

პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესში ლიტერატურის სწავლების სწორი მიმართულებით წარმართვას მეტად მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია.

 

მხატვრული ლიტერატურა მკითხველისთვის საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის წყაროს წარმოადგენს, მისი მიზანმიმართულად გამოყენება კი დიდ შესაძლებლობებს ქმნის ისეთი პიროვნების აღსაზრდელად, რომელიც “თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს უპასუხებს” (ეროვნული სასწავლო გეგმა).

ამჯერად ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ერთ-ერთ მოთხოვნაზე შევჩერდებით: “მოზარდმა უნდა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში”. თვითგანვითარების უნარი აუცილებელია თანამედროვე სამყაროში ადგილის დასამკვიდრებლად. მოვიშველიებთ განვითარებისა და სწავლების თეორიებს. კარლ როჯერსის (ჰუმანისტური თეორია) აზრით, ადამიანს თანდაყოლილი მიდრეკილება აქვს პიროვნული ზრდისა და თავისი უნიკალური შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებისკენ. ეს ნიშნავს, რომ მას თვითრეალიზაციის ტენდენცია აქვს, რაც ყველა ინდივიდში სხვადასხვაგვარად გამოვლინდება. როჯერსის აზრით, ის ადამიანები, რომლებიც სწორად შეიცნობენ საკუთარ თავს – გემოვნებას, შესაძლებლობებს, ფანტაზიებს, ნაკლოვანებებსა და სურვილებს, უკვე თვითრეალიზაციის გზაზე დგანან.

ბუნებრივია, რომ თვითშემეცნების, რეფლექსური აზროვნების უნარის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწავლების თანამედროვე მეთოდიკაში. მხატვრულ ლიტერატურას კი ამ უნარის განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს.

თვითშემეცნება საკუთარი გამოცდილების კრიტიკულად გადამუშავების პროცესია, რომელიც გულისხმობს საკუთარი ქცევისა და აზროვნების გაცნობიერებას, ანალიზს, შეფასებას, დაგეგმვასა და კონტროლს. თვითანალიზის სიღრმე კი მრავალ სოციალურ და ინდივიდუალურ ფაქტორზეა დამოკიდებული. მხატვრული ლიტერატურის გააზრება თავისთავად გულისხმობს შეფასებისა და თვითშეფასების უნარის განვითარებას. მხატვრულ ტექსტში აღწერილი მოვლენებისა თუ პერსონაჟების მიმართ მკითხველს ძალაუნებურად უყალიბდება ემოციური დამოკიდებულება, რომელიც შემდეგ გაცნობიერებულ დამოკიდებულებაში გადადის. იგი ხშირად გაუცნობიერებლად ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას პერსონაჟთან. თავდაპირველად ეს მხოლოდ ემოციურ დონეზე ხდება, საბოლოოდ კი ასეთი იდენტიფიკაცია მკითხველისათვის თვითშემეცნების წყაროდ იქცევა.

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის (“კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”) პერსონაჟის, ვასიკო კეჟერაძის ცნობილ მონოლოგს მოვიშველიებთ: “ჩვენ, ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა, ყველაფერი, ეჰ, ყველაფერი გამოგვიცდია – მეფედ ვუკურთხებივართ, ხან დაფნა დაგვიდგამს თავზე, ხანაც ეკალი,… ჩვენ-ჩვენს ოთახებში მაგიდასთან თავდახრილნი ათასნაირი სიკვდილით მოვმკვდარვართ – ზღვაში ჩავძირულვართ, ქუსლში დავჭრილვართ, გილიოტინაზე ავსულვართ; ღმერთო ჩემო, სულ რომ არაფერი, რამდენი ქალი გვყვარებია?!” ამ ემოციური მონოლოგის შემდეგ პესონაჟი ლაკონურად აყალიბებს მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობას: “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი”.

აღსანიშნავია ისიც, რომ განათლება და კითხვა ყოველთვის არ არის პიროვნული ზრდის საწინდარი. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ წიგნიერება და განათლება, თუ არასწორად წარიმართა, შესაძლოა პიროვნული ძალების მომადუნებელი ფაქტორიც გახდეს.

შეიძლება ითქვას, რომ პიროვნების თვითგანვითარების სტიმულის გასაღვიძებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კითხვის ხასიათს (ანუ რაზე მახვილდება ყურადღება კითხვის დროს). აქ არის სწორედ მნიშვნელოვანი ლიტერატურის მასწავლებლის როლი: რა მიმართულებით წარმართავს იგი მხატვრულ ტექსტზე მუშაობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართულ ლიტერატურაში, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ტექსტებში, მდიდარი მასალაა იმ უნარებისა და ფასეულობების ჩამოსაყალიბებლად, რომლებსაც განვითარებისა და სწავლების თეორიები მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. მთავარია, ამ მიმართულებით წარვმართოთ მუშაობა და სწავლების სწორი სტრატეგიები მოვიშველიოთ. ზოგჯერ სტერეოტიპების გადაფასებაც საჭიროა და კლასიკური ტექსტების “ახალი თვალით” წაკითხვაც.

მოსწავლეებს კარგად უნდა გავაცნობიერებინოთ, რა უნარები და ფასეულობები სჭირდებათ მომავალი ცხოვრებისათვის. მართებული იქნება, თუ მათ გავაცნობთ (შესაბამის კლასში შესაბამისი ფორმით) პიროვნების განვითარების ზოგიერთ თავისებურებას. ლიტერატურის გაკვეთილი, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, გვაძლევს საშუალებას, ამ მიმართულებით ვიმუშაოთ.

ცნობილ მონაკვეთს გავიხსენებთ ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან: “მართალი ხარ, ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთის სიტყვით, რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია, ესეც კარგია, უარარაობას ეგა სჯობია, მაგრამ ეს უნდა გკითხო: რაც უნდა გექნა, ის კი გიქნია?” თუ ნაწარმოებზე მუშაობის დაწყებამდე ავუხსნით მოსწავლეებს, რომ ადამიანის პიროვნება წარმოადგენს ზრდისადმი თანდაყოლილი მიდრეკილებისა და თვითრეალიზაციის გამოხატულებას (კ. როჯერსი, აბ. მასლოუ), ისინი ადვილად მიხვდებიან, რომ ილიას ეს სიტყვები ეხება არა მხოლოდ ლუარსაბსა და იმ პერიოდის თავადებს, არც მხოლოდ მათ, ვინც უმოქმედოდ ატარებს ცხოვრებას, არამედ ყველას, ვინც არ ზრუნავს თვითგანვითარებასა და პიროვნულ ზრდაზე (მნიშვნელობა არა აქვს, რას დაუთმობს იგი უმეტეს დროს: ჭამა-სმასა თუ სხვა სახის გასართობს). მოსწავლეები მიხვდებიან, რომ ილიას ეს სიტყვები მათთვისაც ძალიან აქტუალურია. ამას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვითგანვითარების სტიმულის გაღვივებისათვის.

ამ მონაკვეთის სწავლებისას, როგორც წესი, ყურადღება მახვილდებოდა ადამიანის უმთავრეს ფუნქციაზე – ღმერთისკენ, სრულყოფილებისკენ სწრაფვაზე. ჩვენი მსჯელობა სრულიად არ ეწინააღმდეგება ამგვარ ხედვას, ის მხოლოდ მკითხველის თვალსაწიერს აფართოებს. მოვლენების სხვადასხვა კონტექსტში განხილვა კი თანამედროვე სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდიკური ორიენტირია.

აბრამ მასლოუ (მოთხოვნილებათა იერარქიის თეორია) ამგვარად აყენებს საკითხს: რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის წინსვლა, განვითარება მეტად რთული და მტკივნეული პროცესია? ამ შეკითხვის პასუხს იგი შემდეგნაირად აყალიბებს: ადამიანში არსებობს საკუთარი თავის შეცნობის შიში. ეს შიში ჩნდება იმის გამო, რომ მის უკან დგას უფრო ძლიერი შიში – მოქმედების შიში. საკუთარი თავის შეცნობა გვკარნახობს მოქმედების აუცილებლობას მიღებული ცოდნის კვალდაკვალ, ანუ როდესაც პიროვნება ხედავს თავის დადებით და უარყოფით მხარეებს, ასევე ხედავს მათი შეცვლის აუცილებლობას.

ეს მოვლენა ნათლად გვიჩვენა ილია ჭავჭავაძემ მოთხრობაში “კაცია-ადამიანი?!”. მან გვიჩვენა ადამიანის ბუნებაში ჩაბუდებული ერთი უარყოფითი თვისება _ გულგრილობა, რომელიც სწორედ მოქმედების, ცვლილების შიშით არის გამოწვეული: “კარგი რამ არის ქართველი კაცი: ბედსაც და უბედობასაც თანაბრად ემორჩილება ხოლმე. არც ერთისთვის გაიხეთქავს თავს და არც მეორისათვის დაიწყებს ბრძოლასა და არის ასე ერთნაირად გულგრილი და შეუპოვარი. ამ გულგრილობასა და შეუპოვრობას კმაყოფილებად ადიდებენ.…კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია. ბედნიერია ახალი თაობა, თუ ის კმაყოფილება არა აქვს. იმედი თუა სადმე, ამაში უნდა იყოს”.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ადამიანის განვითარებისა თუ თვითგანვითარების პროცესი მხოლოდ განათლებას არ უკავშირდება. არასწორად წარმართული განათლება შესაძლოა პიროვნების შენიღბული დეგრადაციის მიზეზიც კი გახდეს. ამის ნათელი მაგალითია თეიმურაზ ხევისთავის ცხოვრება (“ჯაყოს ხიზნები”). დიდი განათლების, ფართო თვალსაწიერის მიუხედავად, იგი შემზარავი რეალობის წინაშე აღმოჩნდა: “უკან მიიხედა თეიმურაზმა, მიიხედა და ნავალი გაზომა, გაზომა და ვერ მიხვდა, როდის და როგორ განვლო ასეთი დიდი მანძილი _ რუსთაველის პროსპექტიდან სოფლის ორღობემდე? საზოგადო საქმის მეთაურიდან თავის ნამოჯამაგირევ ჯაყოს დახლიდარობამდე?!” თითქოს მხოლოდ ახლა გაიცნობიერა თეიმურაზმა საკუთარი მდგომარეობა, თითქოს შეკითხვები აქამდე არც კი გასჩენია საკუთარ თავთან და მხოლოდ ცხოვრების შემზარავმა კონტრასტმა დააფიქრა თავის ბედზე: “ეს რა დაემართა თეიმერაზ ხევისთავს?! ეს რა ტუტუცური მასხარაობაა ბედისა?” აქედან ჩანს, რომ თეიმურაზი კარგად არ იცნობდა საკუთარ თავს.

მიუხედავად უმძიმესი სოციალურ-პოლიტიკური ვითარებისა, თეიმურაზი, ალბათ, მაინც არ აღმოჩნდებოდა ასეთ მძიმე მდგომარეობაში, გარკვეული უნარები რომ ჰქონოდა. მას უჭირდა პრობლემების გადაჭრა, ის არ იცნობდა კარგად საკუთარ თავს. მწერალი პაულო კოელიო წერს: “თუ კარგად იცნობ შენს გულს, ის ვერასდროს მოგაყენებს მოულოდნელ დარტყმებს”. თეიმურაზს კი მხოლოდ ბედისაგან მიყენებული მძიმე დარტყმების გამო გაუჩნდა თვითდაკვირვებისა და თვითანალიზის მითხოვნილება.

საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, ნაკლოვანებებსა და სურვილებს კარგად იცნობენ კონსტანტინე გამსახურდიას გმირები. გავიხსენოთ მეფე გიორგის მონოლოგი სიკვდილის წინ: “მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია”. კონსტანტინე არსაკიძე კი იმ მცირერიცხოვან რჩეულთაგანია, რომელთაც შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია. ის კარგად იცნობს საკუთარ შესაძლებლობებს, სურვილებსა და გემოვნებას: “მე ის ფერები მიყვარდა, რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც გადავიწყებიათ უკვე, ისეთი ჩუქურთმები, თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ გამოჰყავთ, ისეთი სამოსელი, რომლის ტარებაც უკვე არავის ეხალისება”.

რომანში კარგად ჩანს, როგორ ავითარებს და სრულყოფს კონსტანტინე არსაკიძე თავის შესაძლებლობებს. დასაწყისში აღნიშნულია: “არც თუ ოდესმე გაბედავდა არსაკიძე არაგვისა და მტკვრის შესართავთან ტაძრის აგებას უკვარცხლბეკო ვაკეზე”. შემდეგ კი ვხედავთ მის დაუოკებელ სწრაფვას თვითსრულყოფისაკენ: “მთელ საქართველოში დაეხეტებოდა, ციხეთა და ეკლესიათა მშენებლობას თვალს ადევნებდა, თავად ხაზავდა გეგმებს, ასწორებდა სხვის მიერ დახატულ დეტალებს”. არსაკიძე სრულიად გააზრებულად (თუმცა არა უმტკივნეულოდ) აკეთებს არჩევანს სიყვარულსა და შემოქმედებას შორის. მისთვის შემოქმედება ყველა ფასეულობაზე აღმატებულია.

მოსწავლეთა თვალსაწიერს უდავოდ გავაფართოებთ, თუ მათ გავაცნობთ ადამიანურ მოთხოვნილებათა იერარქიას და ავუხსნით, რომ თვითრეალიზაცია, საკუთარი უნიკალური პოტენციალის რეალიზაცია ყველაზე მაღალი დონის ადამიანური მოთხოვნილებაა. ის გულისხმობს ცოდნის შეძენის, სამყაროს შეცნობისა და გაგების, პიროვნული ზრდისა და განვითარების სურვილს. ამის ცოდნა მოსწავლეთა თვითსრულყოფის მოტივაციის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.

დიმიტრი უზნაძის მიხედვით, აღზრდის მთავარი ამოცანა ისაა, რომ თითოეულმა ადამიანმა განახორციელოს თავისი დანიშნულება, სკოლამ კი უნდა განავითაროს ის სულიერი ძალები, რომლებიც ადამიანის შესაძლებლობების ზრდას შეუწყობს ხელს. ჩვენ შევეხეთ მხატვრული ლიტერატურის მხოლოდ იმ მცირე ნაწილს, რომელსაც შეუძლია მოსწავლეებს თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა გაუღვივოს და თუ მასწავლებელი სწავლების სათანადო სტრატეგიებსაც მოიშველიებს, უდავოდ აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, ეს კი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა წარმატებული პიროვნების ფორმირებისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი