უძველესი რწმენა-წარმოდგენები და ნოდარ დუმბაძის „კორიდა“

მითებსა და ძველ წარმართულ კულტებზე საუბრისას, უწინარესად, რასაკვირველია, ბერძნულ-რომაული ან ეგვიპტური პანთეონი გვახსენდება. უძველეს ხალხთა ცხოვრება, მათი რელიგია და კულტურა გავლენას ახდენდა და დღესაც ახდენს კაცობრიობის განვითარებაზე, ამიტომ ანტიკური ხანა საინტერესო და მიმზიდველია თანამედროვე ადამიანისთვის. გარდა ამისა, ეს ის სფეროა, რომელიც კაცობრიობამ ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ამოიცნო, ვერ ამოწურა.
ქართული კულტურა მსოფლიო კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ანტიკურობის გავლენით ქმნიდა საკუთარ წარმართულ რელიგიას, ღმერთების პანთეონს, მაგრამ ქართული მითოსური სამყარო ბერძნულ-რომაულზე მცირერიცხოვანი და მოკრძალებულია. ქართველი კაცის ბუნებამ ადვილად შეითვისა ყველა ის წარმართული ღვთაება, რომელიც სიკეთის ქმნადობასა და მიწათმოქმედებასთან ასოცირდებოდა. უხვმოსავლიანობა და ნაყოფიერება გლეხის კეთილდღეობის საწინდარი გახლდათ, ამიტომ სწორედ იმ ღმერთებს ეთაყვანებოდნენ ყველაზე მეტად, რომლებიც მოსავლიანობის მფარველებად მიიჩნეოდა. ქართველისთვის შვილივით ძვირფასი და სალოცავი იყო ხარი, რომელიც არწივსა და ლომთან ერთად მზის სიმბოლოდაც მოიაზრებოდა. ზოგან მითოლოგიურმა აზროვნებამ ხარის კულტი მთვარეს დაუკავშირა, როგორც მთვარისებრ რქებმორკალულისა. ცნობილია, რომ ანტიკურ რომში კეისრებისა და მათი ძლევამოსილი ლეგიონების სიმბოლოებად გამოსახავდნენ ხუთ ცხოველს, რომელთაგან ერთ-ერთი ხარი იყო. ეს უკანასკნელი ბერძენთა მთავარი ღვთაების – ოლიმპოელი ზევსის ეტლშიც (ზოდიაქო) გვხვდება. ამგვარად, ამ ცხოველის მიმართ სხვადასხვა კულტურასა და რელიგიას განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა.

საქართველოში ხარი მთავარი გამწევი ძალა იყო. ერთი ქართული თქმულების მიხედვით, ხარი და ირემი გაეჯიბრნენ, ვინ უფრო ადრე მივიდოდა ღმერთთან. გამარჯვებული ხარი გამოვიდა, რომელმაც დინჯი და წყნარი სვლით მიაღწია ცის კაბადონს და უფლისგან მიიღო კურთხევა, მუდამ ადამიანის სამსახურში ყოფილიყო, მასთან ერთად ეწია ჭაპანი და ერთგულად ემსახურა. ამ შეჯიბრების დროს გაჩნდა ცაზე ირმის ნახტომი, რომელსაც „ხარის ნავალიც” ეწოდება. კიდევ ერთ თქმულებაში გმირი ამბრი, გამორჩეული ძალის პატრონი, რომელიც ცოცხლად უნდა დამარხონ, საფლავისკენ თორმეტ ხარს მიჰყავს, ხოლო ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი გზადაგზა გუთანივით ხნავს მიწას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 12 ხარი აქ წელიწადის 12 თვეს განასახიერებს.
ხარის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა ქართულ ხალხურ პოეზიაშიც არის  გამოხატული:
„ხარო, ხარი ვინ დაგარქვა,
ხარო, სახემშვენიერო,
ჩვენს იმედად მოვლენილო,
ქედნაკურთხო, ღონიერო”.

ქართულ ფოლკლორში ასეთი შინაარსის კიდევ მრავალი ლექსი შეგვიძლია მოვიძიოთ. დიდმა მწერალმა ნოდარ დუმბაძემ კი თავის მოთხრობაში „კორიდა” მთელი მითოსურ-რელიგიური სამყარო გააცოცხლა და ამ ცხოველის მიმართ გამოვლენილი სისასტიკე ორი კულტურის შეპირისპირების თემად აქცია.

მართლაც, ვის არ უყვარს სერვანტესი, გაბრიელ გარსია ლორკა, მიგელ დე უნამუნო, ესპანური ფლამენკო და ანდალუზიური ტანგო, ბასკები, რომლებიც რაღაცით გვენათესავებიან, დაბოლოს, თანამედროვეობის უდიდესი მოვლენა – ესპანური ფეხბურთი, რომელმაც დახვეწილობითა და ოსტატობით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები უკან ჩამოიტოვა. ძნელად თუ იპოვით ადამიანს, ერთხელ მაინც რომ არ ენატროს ესპანეთში მოგზაურობა და ამ საუცხოო კულტურასთან ზიარება… მაგრამ სრულყოფილი რა არის ამქვეყნად, რომ ესპანეთი იყოს? ვიღაცისთვის ასეთი მიმზიდველი კორიდა შეუდრეკელი ტორეადორითა და მოგუგუნე ხალხით უცხო კულტურის ადამიანისთვის შესაძლოა მხოლოდ სისასტიკის გამოვლინებად იქნეს აღქმული. მოთხრობის მთავარი გმირი დათო, რომელიც ხუმრობანარევი სევდით გვიამბობს მოგზაურობის დეტალებს, ნანახით თავზარდაცემულია. მისთვის ესპანური კულტურა კარგავს ყოველგვარ მიმზიდველობას და ის ხედავს მხოლოდ მოძალადე ადამიანების ბრბოს, რომელსაც პირველყოფილი ინსტინქტები ამოძრავებს. დათო ფაქიზი ბუნების ქართველი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც ჰუმანურობა მხოლოდ ადამიანის, მისი ღირსების პატივისცემა კი არ არის, არამედ ყველაფრისა, რაც ღმერთს შეუქმნია და სული შთაუბერავს. არენაზე ნანახი თეთრი ხარი დათოსთვის  ის ცხოველია, რომელიც ქართველი კაცის სალოცავად იქცა, რომელსაც მან პოეტური სიტყვა მიუძღვნა და, როგორც მარჩენალს, ოჯახის კეთილდღეობა დაუკავშირა. ეს ყველაფერი დათოს ცნობიერებაში ერთბაშად გაცოცხლდა და მან საშინელი სულიერი ტკივილი იგრძნო.

„კორიდა” ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია, სიმბოლო დაკარგული და კვლავ დაბრუნებული ოცნებისა, სხივი იმედისა, რომ, მიუხედავად სამყაროში არსებული სისასტიკისა, ცხოვრება მაინც ფასეულია.

კორიდა ესპანური კულტურის ნაწილია. შესაძლოა, ეს სისხლიანი ტრადიცია მაინცდამაინც არ იზიდავდეს უცხოელ სტუმარს, მაგრამ როდესაც ქვეყნის ისტორიას ეცნობი, მისი ველური კანონებიც კი საინტერესოა.
როგორც ცნობილია, კორიდა თავდაპირველად სწორკუთხა მოედანზე იმართებოდა, ხოლო მე-18 საუკუნიდან, როდესაც ესპანეთში მისი წესები და კანონები ჩამოაყალიბეს – წრიულზე. საქართველოშიც არსებობდა მსგავსი ორთაბრძოლა, რომელსაც კურული ეწოდებოდა. 2011 წლიდან კატალონიაში კორიდა აიკრძალა.

მოთხრობიდან ირკვევა, რომ ესპანელებს სისასტიკით არც ჩვენ ჩამოვუვარდებით. დათოს მონათხრობი მეგობრებს შორის კამათს იწვევს. რა ქნას ტორერომ, როგორ მოიქცეს? – ისმის კითხვა. პასუხი თითქოს დამაჯერებელია, მაგრამ საკამათო. ლილის ჰგონია, რომ ქართველები უფრო ჰუმანურად ექცევიან ხარს, მაგრამ ავიწყდება, რომ როცა საჭიროა, ქართველიც ასო-ასო აქნის და აკუწავს, ყელში დანას გამოუსვამს და კარგ ფასადაც გაყიდის შვილივით გამოზრდილ ხარს.

ნოდარ დუმბაძემ თავის მოთხრობაში ჩართო რამდენიმე სტროფი შოთა ნიშნიანიძის არაჩვეულებრივი ლექსიდან „ხარი” და ამით კიდევ უფრო გაამძაფრა თხრობის სტილი. პოეტმა ხატოვანი სიტყვები არ დაიშურა ვალმოხდილი და ნაჯაფარი ბებერი ხარის საქებად. ლექსში ნათლად იკვეთება ხარის როგორც ადამიანის ქომაგისა და „ქართლის ცხოვრების” უღლის გამწევის ფუნქცია. როგორც შოთა ნიშნიანიძე ამბობს, გუთნის ტარი და ხმლის ტარი ჩვენი ქვეყნის საჭე და ფარია. ლექსში ხაზგასმულია, რომ ხარს არა მარტო რეალურ ცხოვრებაში, არამედ ქართველთა რწმენა-წარმოდგენებსა და ზღაპრებშიც მეტად მნიშვნელლოვანი ადგილი ეკავა. აქ, ალბათ, ყველას წიქარა მოაგონდება, რომელსაც საკუთარი სიცოცხლე ზვარაკად მიაქვს მეგობრის გადასარჩენად. ეს ზღაპარიც იმის დასტურია, რომ კაცი და ხარი სიცოცხლეშიც და სიკვდილშიც განუყრელნი იყვნენ.

დიდი ხნის წინ, როდესაც თითქმის არ ვიცნობდი ქართულ რელიგიურ წარმოდგენებს და ძალიან ცუდად მესმოდა წარმართული რიტუალების არსი, მართლაც ძნელი გასაგები იყო ამ ცხოველისადმი ხელოვანთა ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულება. მაოცებდა კიდეც, რატომ უძღვნიდნენ ქართველები ნიშა ხარს ლექსებს. 

თანამედროვე ყოფაში ძნელია გააცნობიერო გუთნისა და ხარის ფუნქცია. ახალი დროება საშუალებას გაძლევს, ყოფითი პრობლემები გაცილებით მარტივად მოიგვარო, გუთანი კი სამუზეუმო ექსპონატად იქცა, რომელსაც წარსულის სახედ აღიქვამ. ახლანდელი ბავშვებისთვისაც ამ მოთხრობაში მხოლოდ ცხოველის მოკვლა შეიძლება იყოს დასანანი და არა ის, რომ ხარი, ჩვენი წინაპრის ყველაზე ერთგული და სანდო მეგობარი, თითქმის გაღმერთებული ცხოველი, ასე უბრალოდ იღუპება სახელოვანი ტორეროს ხელით.

ამ პატარა მოთხრობით ნოდარ დუმბაძემ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა წარსულზე, რომელიც ასეთი შორეული და ახლობელია. მამა-პაპათა მიერ შექმნილი და ჩვენამდე ასე ფაქიზად მოტანილი ყველა ტრადიცია თუ თქმულება მართლაც მოსაფერებელი და გასაფრთხილებელია. გარდა ამისა, ეს მოთხრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უცხო კულტურა ყოველთვის შორიდან ჩანს ლამაზი, თორემ როგორც კი მის სულსა და გულს შეიგრძნობ, მყისვე მიხვდები, რომ ნაკლოვანებები იქაც მოიძებნება. ჩვენი ვალია, პატივისცემით და ღირსეულად მოვეპყროთ უცხო ხალხის კულტურასა და ტრადიციას. სიყვარულით ბევრი რამ შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ არა ბრმად.

დაბოლოს – შოთა ნიშნიანიძე:
„ნეტავი, ღმერთო, მეც მომცა ჯანი და მადა ხარისა,
სიტყვა – ხარივით გამწევი მამულის გასახარისად;
ვიყო ხარივით ამტანი, ვიყო ხარივით მომთმენი,
ჩემი პატარა ქვეყნისთვის მეც შევძლო ხარისოდენი”.

კომენტარები

comments