შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თბილისელი სომხები

ბევრი ვთანხმდებით, რომ თბილისი მხოლოდ ქართული ქალაქი არ არის. საქართველოს დედაქალაქს კავკასიური და ინტერნაციონალური განზომილებაც აქვს. მრავალი ერის თვალსაჩინო წარმომადგენელმა თბილისში აიდგა ფეხი და ჩვენი ქალაქის სრულიად განსაკუთრებული კულტურული ატმოსფეროს წყალობით მოახერხა საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენა.

უკვე მრავალი საუკუნეა, სომხები დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტზე ცხოვრობენ. სომხურ უბნებსა თუ დასახლებებს შორეულ და ეგზოტიკურ ინდოეთშიც იპოვით და მზიან კალიფორნიაშიც. მიუხედავად ამისა, თბილისს მსოფლიოს თითქმის ვერცერთი დიდი დასახლება ვერ გაუწევს კონკურენციას. საქართველოს დედაქალაქი ყველაზე გამორჩეული სომეხი გენიოსების მშობლიური ქალაქია. სულ რამდენიმე მათგანის გახსენებაც კი საკმარისია, რათა თბილისის ნებისმიერი ეროვნების შვილები განსაკუთრებული სიამაყით ავივსოთ.

1.

გვიან საღამოს, შინ დაბრუნებული, დაღლილ-დაქანცული ვჯდები სავარძელში და განსატვირთავად მუსიკას ვუსმენ. ნულოვანი მუსიკალური მონაცემების მიუხედავად, შემიძლია კარგი ნაწარმოების ცნობა და მისგან სიამოვნების მიღება. ბოლო ხანს ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის არხი ამოვიღე მიზანში. დაუსრულებლად შემიძლია ვუსმინო გუსტავო დუდამელის დირიჟორობით შესრულებულ შტრაუსის კომპოზიციას „ასე იტყოდა ზარატუსტრა“. ბერლინელ ხელოვანთა მიერ შესრულებული კინომუსიკითაც აღფრთოვანებული ვარ. ისინი ხან „ინდიანა ჯონსის“ მელოდიას აცოცხლებენ, ხან კი „ვარსკვლავური ომების“ მარშს აჟღერებენ. შეუძლებელია, ჩემი თაობის ადამიანმა გულგრილად მიადევნოს თვალი ორკესტრის მიერ დადგმულ პერფორმანსს, რომელსაც თან ახლავს სკოტ ბრედლის მუსიკა მულტსერიალიდან „ტომი და ჯერი“.

ბერლინის ფილარმონიის გვერდზე ასობით ჩანაწერს მოუსმენთ, მაგრამ ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ცენტრის არქივში ყველაზე მეტი ნახვა აქვს არამ ხაჩატურიანის ბალეტის, „გაიანესთვის“ დაწერილ კომპოზიციას „ცეკვა ხმლებით“. მილიონობით სხვა მომხმარებლის მსგავსად, მეც ხშირად ვუსმენ ხაჩატურიანის შედევრს და სიცოცხლის ხალისი, საქმეების ბოლომდე მიყვანის ჟინი მიბრუნდება, თან სიამაყე მეუფლება, რომ გენიოსი თბილისის ახლოს, კოჯორში დაიბადა და რომ არა თბილისის მრავალენოვანი მუსიკალური გარემო, შესაძლოა, მის შემოქმედებას რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ტონი დაჰკარგვოდა.

არამ ხაჩატურიანის სახელი მუსიკასთან თუნდაც მცირედი კავშირის მქონე ნებისმიერ ადამიანს გაუგონია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის საქართველოს მიწაზე დაიბადა. ხაჩატურიანი საქართველოს მემკვიდრეობის ნაწილია.

2.

ვანიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოსული ბაბუაჩემი რუსთაველის გამზირთან ახლოს მდებარე მოსკოვის ქუჩაზე (ამჟამინდელი ძმები კაკაბაძეების ქუჩა) დასახლდა, სადაც მისი მამიდაშვილები ცხოვრობდნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი დიდ ქალაქში თავს ჭადრაკის კარგი თამაშით იწონებდა. იმერეთის პატარა ქალაქის არაფორმალური ჩემპიონი ვერაზეც მოწინავე მოასპარეზე გახლდათ. ერთხელ მომავალ იურისტს დამარცხებულმა და გაბრაზებულმა ქალაქელებმა უცნაური სანაძლეო შესთავაზეს: „პიონერთა სასახლიდან მოგიყვანთ ერთ ბიჭს, ჩვეულებრივი მეეზოვის შვილს… ის ხუთივეს ერთად გვეთამაშება და ხუთივეს დაგვამარცხებს. მერე მაინც ხომ დაანებებ თავს ბაქიაობასო?!“. სამეზობლოს საუკეთესო მოთამაშე დაუფიქრებლად დათანხმდა სანაძლეოს. ბიჭებმა მართლაც მოიყვანეს მეეზოვის ობოლი შვილი, რომელსაც უფროსი და ზრდიდა. ხუთი დაფა გაიშალა, ხუთივეზე უმალვე მოიპოვა უპირატესობა პატარა ბავშვმა. ბაბუაჩემმა პაიკის მოპარვაც კი სცადა, რათა ქალაქის მასშტაბით სირცხვილი არ ეჭამა… მისი დაფისკენ მიბრუნებულმა პიონერმა პაიკის ქურდს ფიგურის თავის ადგილზე დაბრუნება სთხოვა. შემდეგ იყო ქიში და შამათი.

წლების შემდეგ ოფიცერთა სასახლის პატარა ოთახში მცხოვრებმა ტიგრან პეტროსიანმა ოთხჯერ გაიმარჯვა საბჭოთა კავშირის პირველობაში, რამდენჯერმე მოიგო საჭადრაკო ოლიმპიადა, მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის სტატუსიც და ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თეორეტიკოსად ჩამოყალიბდა.

დღეს პატარა მემორიალური დაფის გარდა არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ტიგრან პეტროსიანი არა მხოლოდ ჭადრაკისა და სომეხი ხალხის, არამედ საქართველოს, მისი დედაქალაქის ისტორიის ნაწილიცაა.

რამდენიმე თვის წინ ერთმა თბილისელმა ხელოვანმა საკუთარი სახსრებითა და ერთი-ორი კეთილი ადამიანის თანადგომით გამოსცა წიგნი „ნაცნობი და უცნობი ფარაჯანოვი“. წიგნის ფურცლებზე გია ყანჩელი, გიორგი შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ელდარ შენგელაია, გივი შაჰნაზარი, რობიკო სტურუა, იური მეჩითოვი და სხვები დიდ რეჟისორს იხსენებენ. ცხადია, წიგნის გადაკითხვამდე ფარაჯანოვის რამდენიმე ნამუშევარი მეც მქონდა ნანახი, ჩემზეც ახდენდა შთაბეჭდილებას მისი ფილმების ფერწერა, მეც ვხედავდი თითოეულ კადრში დამოუკიდებელ მხატვრულ ნამუშევარს, მაგრამ არ ვიცოდი, რომ მთაწმინდელი სომხის შემოქმედებას ევროპის ყველა კუთხეში გაეთქვა სახელი. არც ის, რომ ფარაჯანოვს ასეთი ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული ხელოვნების კორიფეებთან. ისინი მუდმივად ურთიერთქმედებდნენ და ერთმანეთის მიღწევების შუქზე აფასებდნენ თავიანთ შემოქმედებას.

სამწუხაროდ, დღეს თბილისში დიდი რეჟისორის მუზეუმი არ ფუნქციონირებს, თბილისიდან წაღებული რეკვიზიტებით მემორიალი ერევანშია მოწყობილი. თუმცა ბოლო ხანს იმედის სხივი თბილისშიც გამოკრთა. წიგნის „ნაცნობი და უცნობი ფარაჯანოვი“ ავტორმა ხოსე მაჯინერემ (გია ალავიძემ) უდიდესი შრომა გასწია. მან სერგო ფარაჯანოვის ნაცნობებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან, თაყვანისმცემლებსა და მკვლევრებთან ასამდე ვიდეოინტერვიუ ჩაწერა (სხვათა შორის, გაზეთ „ვრასტანისა“ და „კავკასიური სახლის“ ხელშეწყობითაც) და სრულიად უნიკალური არქივი შექმნა. არქივი თბილისთან დიდი ხელოვანის კავშირის მრავალ ნიუანსს, უამრავ დეტალსა და არაერთ უმნიშვნელოვანეს თავგადასავალს აერთიანებს. თბილისისა და ფარაჯანოვის ურთიერთობას ამ არქივის სახით ძეგლი უკვე დაუდგეს.

არქივის შექმნასა და წიგნის გამოცემასთან ერთად, ხოსემ მთელ ქალაქში მოაგროვა ხელმოწერები, ბევრი იბრძოლა და საწადელს მიაღწია: თბილისის საკრებულომ მთაწმინდაზე ერთ პატარა შესახვევს, კოტე მესხის ქუჩის ჩიხს, სერგო ფარაჯანოვის სახელი უწოდა, რადგან სწორედ ამ აღმართზე იყო გენიალური რეჟისორის ბინა.

ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს თბილისში გადმოსახლებული ბასკების შთამომავალი მუშაობას არ წყვეტს. ცდილობს, ყოველთვე ერთი ახალი ჩანაწერით მაინც გაამდიდროს არქივი, გეგმავს წიგნის მეორე და მესამე ტომების გამოცემას და ფარაჯანოვის ქუჩაზე ფარაჯანოვის მუზეუმის დაარსებაზე ოცნებობს.

 

ცალკეული ადამიანებისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლა პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ თბილისელი გენიოსების მემკვიდრეობის შეგროვებაზე ზრუნვა სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილიც უნდა იყოს.

ჩვენ მხოლოდ სამი თბილისელი, სამი სომეხი გავიხსენეთ. არადა ამ ქალაქს მრავალი ეროვნების კიდევ არაერთი დიდი მოღვაწე ჰყავს აღზრდილი, რომელთა შესახებ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მსჯელობა შეიძლება შემწყნარებლობისა და სოლიდარობის, საერთო სიმდიდრის დაფასების უნარის გაღვივებაში დაგვეხმაროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი