პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დღის სიტყვა

საკუთარ თავს ხშირად ვუსვამ კითხვას: რა მინდა ვასწავლო ბავშვებს? რა არის მთავარი? თავბრუდამხვევია პასუხისმგებლობათა ნუსხა, რომელსაც პასუხების ძიებისას გონებაში თუ ჩემს პირად დღიურში ჩამოვწერ. დაწყებით საფეხურზე გაწაფული კითხვა ისევ დიდ პრობლემად რჩება, კითხვის გაუმართავობას კი მწირი ლექსიკა განაპირობებს, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დაწყებითი საფეხურიდან უნდა დაიწყოს და შემდეგაც გაგრძელდეს სიტყვების აქტიური სწავლება. მაინც როგორ? თითქოს სქემებიც (სიტყვის რუკა, სიტყვის პირამიდა) აღარ არის საკმარისი.

სემესტრის დასაწყისში მოსწავლეების სიტყვათა მარაგის გამდიდრება დავისახე მიზნად. ყოველდღიური მეტყველებიდან, დროის აჩქარებისა და ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, ქრება სიტყვები… ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი „დღის სიტყვა“ აღმოჩნდა. ყოველდღიურად კლასს ვთავაზობდი ერთ სიტყვას, თაბახის ფურცელზე ვწერდი, დაფის კუთხეში ვამაგრებდი და მის მნიშვნელობაზე ვფიქრობდით, სიტყვის რუკას ვავსებდით და მომდევნო გაკვეთილამდე ვტოვებდით. მეორე დღეს ახალ სიტყვას ვეცნობოდით. ზოგჯერ თავად მახსენებდნენ ხოლმე და მეკითხებოდნენ, რა იყო იმ დღის სიტყვა. თაბახის ფურცელსა და მარკერსაც მახვედრებდნენ მასწავლებლის მაგიდაზე. მოსწავლეთა ამგვარი ინტერესი ჩემთვისაც დიდი სტიმული აღმოჩნდა. ვიგონებდი პატარ-პატარა ხრიკებს ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად, მაგალითად, დღის სიტყვას მოსწავლის ნაჩუქარ გულსაკიდ ქისაში ვდებდი და სახლიდან სკოლამდე ასე მიმქონდა. სიტყვებს ზოგჯერ სპონტანურად ვარჩევდი, ზოგჯერ თავად გაკვეთილის თემა მკარნახობდა. მაგალითად, „ქვის დედაენას“ რომ ვკითხულობდით, შეგვხვდა უცნობი სიტყვა – „ჩამოშვავებული“. შვავი კლდის ნაშალს ნიშნავს. იმ პერიოდში ვახუშტი კოტეტიშვილის „ჩემ წუთისოფელს“ ვკითხულობდი. ერთგან „შვავი“ ამოვიკითხე. მეორე დღეს სქელტანიანი წიგნით გამოვცხადდი მეექვსეკლასელებთან და ის ფრაზა წავუკითხე, სადაც სიტყვა „შვავი“ იყო გამოყენებული. დღის სიტყვა ზოგჯერ მართლწერის საკითხებს ეხმიანებოდა და რვეულში ჩნდებოდა ნაცნობი, მაგრამ უმეტესად არასწორად დამახსოვრებული სიტყვები (კომბინეზონი, შლაპა…). ზოგჯერ კი პირადი გამოცდილებიდან ვიხსენებდი სიტყვებს და ამბის თხრობას ვუკავშირებდი. „დღის სიტყვამ“ ნელ-ნელა განწყობის შექმნა იტვირთა და ყველას თავი შეგვაყვარა.

დღის სიტყვას შეიძლება დროდადრო მთელი გაკვეთილიც დაუთმოთ.

ქარავანი, ფირსაკრავი, თვითმფრინავი – ამ სამი სიტყვის შესახებ აკინძული გაკვეთილის შესახებ გიამბობთ.

 ქარავანი

ერთ დღეს მეექვსეკლასელებმა სიტყვა „ქარავანის“ განმარტება ვერ შეძლეს. გამოთქვეს ვარაუდები, რა შეიძლება ყოფილიყო. დაფაზე დავხატე პატარ-პატარა თევზები, ზღვის ტალღები და ამ თევზებისკენ მოცურავე ორი ფიგურა. მერე ვუამბე ჩემი ზაფხულის დაუვიწყარი დღის შესახებ. ერთ დილას ზღვაში თვალგახელილი ვცურავდი და უეცრად ჩემ წინ თევზების ქარავანმა ჩაიქროლა. შთამბეჭდავი სანახავი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ გონიოდან ბათუმში მეგობარს შევხვდი. ეს ამბავი რომ გავუზიარე, მითხრა, იცი, დილას ზღვაში ცურვისას მეც დავინახე თევზების ქარავანიო. ბევრ რამეზე დამაფიქრა მოვლენათა თანხვედრამ. დაფაზე ვიზუალურად გაცოცხლებული ამბის გვერდით სამი სიტყვა ჩამოვწერე: „შემჩნევა, დაფასება, გაზიარება“. ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა ამგვარი ამბებით, მთავარია, გონება მივაჩვიოთ და შემჩნევა ვასწავლოთ, მერე კი გავიაზროთ, რითაა ჩვენთვის გამორჩეული ესა თუ ის ამბავი, დავაფასოთ ყველაფერი, რასაც სამყარო გვთავაზობს და ბოლოს გავუზიაროთ სხვას.

შევავსეთ სიტყვის რუკა, ვისაუბრეთ კრებით სახელზე. გაკვეთილის ბოლო ეტაპზე ვთხოვე, გაეხსენებინათ ერთი სიტყვა, რომლითაც რამე ამბავს მოგვითხობდნენ. ერთ აბზაცად დაწერეს და ერთმანეთს წაუკითხეს.

ფირსაკრავი

საოცნებო ფირსაკრავი ვიყიდე. მქრქალი იასამნისფერი ჩემოდანი მსუბუქი და მოხერხებულია. ერთ დილას სკოლაში წავიღე და მეოთხეკლასელებს ვკითხე, რა შეიძლება ყოფილიყო ჩემოდანში. ათასი რამ თქვეს, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე. მერე თვალები დავახუჭვინე, ჩემი ლამაზი ფირსაკრავი გავმართე, ფირფიტა დავდე და ჩავრთე. არასდროს დამავიწყდება ბავშვების გაოცებული, სიხარულით სავსე თვალები. მერე ტუვე იანსონის „ჯადოქრის ქუდი“ გავიხსენეთ. ბოლო თავში მუმინების ხეობაში წვეულებას მართავენ. მამა მუმინს ფირსაკრავი ეზოში გამოაქვს და რთავს. ბავშვებს ხმამაღლა წავუკითხე ეს პატარა ეპიზოდი. მერე სიტყვის რუკა შევავსეთ და მესამე გრაფაში, სადაც სიტყვის გამოყენებით წინადადებებს ვწერთ ხოლმე, შევთავაზე, სიტყვა „ფირსაკრავის“ გამოყენებით დღის ჩანაწერი დაეწერათ.

ბავშვები ულამაზეს წინადადებებად კინძავდნენ იმ დღის ამბებს, ფირსაკრავიდან ისმოდა ჩემთვის უცნობი სიმღერა ნაცნობი სიტყვებით „დენს… დენს…“. გაკვეთილის ბოლოს ყველამ ერთად ვიცეკვეთ.

თვითმფრინავი

ღამდებოდა, დედას რომ ვესტუმრე. წამოდი, ნამცხვრები ვიყიდოთ-მეთქი და დედაც, როგორც ყოველთვის, ბავშვური ხალისით გამომყვა. დრო გადის. ყველაფერი იცვლება. ჩემი ქუჩაც სხვანაირია. პატარა მაღაზიაში ვანილის თავბრუდამხვევი სურნელი იდგა. სამუშაო დღე მთავრდებოდა. მოლარე გოგოს სახეზე დაღლილობა ეტყობოდა. სასურველი ნამცხვრები რომ შევარჩიეთ, მოგვიახლოვდა და სახე გაუცისკროვნდა, დედას გამოელაპარაკა, მარიცა მასწავლებელო, როგორ ხართო. დედაც აჰყვა საუბარში. მოლარე გოგო ჩემი კლასელის და აღმოჩნდა. ვიყიდეთ ნამცხვრები, გადავიხადეთ ფული, მაგრამ იმ პატარა მაღაზიიდან გამოსვლა აღარ გვინდოდა.

წარსულიდან გამოხმობილი მოგონებები ნამცხვრებთან ერთად გამოვიყოლეთ და ქუჩაში გამოვედით. უცბად ძირს დაგდებული ქაღალდის თვითმფრინავი შევნიშნე. ხელი დავავლე და სახლში წამოვიღე. დედაჩემს გაუკვირდა, რაში გჭირდება, გადააგდეო. ამ საღამოს სიმბოლოდ შევინახავ-მეთქი და სახლში დაბრუნებულმა საყვარელ ნივთებთან მივუჩინე ბინა.

აუცილებლად ვუამბობ ამ ამბავს ბავშვებს და დღის სიტყვად „თვითმფრინავს“ შევთავაზებ. ვისაუბრებთ წარმოქმნილ სიტყვებზე, ნეოლოგიზმებზე, გავიხსენებთ ამელია ერჰარტს და ფადიმე გოგიტიძეს, რომელთა ბიოგრაფიები ურთიერთსწავლების მეთოდით დავამუშავეთ. ვუყურებთ ჰაიაო მიაძაკის ანიმეს, რომლის მთავარი პერსონაჟი ავიატორი ბიჭია და ალექსანდრე ქართველიშვილის ბიოგრაფიასაც გავაცნობ.

სასურველია, წინასწარ მოიფიქროთ ერთი კითხვის სიტყვები. წლის ბოლოს შეიძლება დღის სიტყვების მარაგიდან კლასებს შორის ვიქტორინაც გავმართოთ. დიაგნოსტიკური ტესტირებისთვის კითხვებიც მოვიფიქროთ.

ხშირად ვფიქრობ, რატომ შეუყვარდათ ბავშვებს ასე ძალიან „დღის სიტყვა“. ალბათ, სიტყვების გაცოცხლება, პირად ამბებთან დაკავშირება უხარიათ. ჩვენ ერთად ვქმნით კლასის ისტორიას, ერთობლივ მოგონებებს და გამქრალი სიტყვების გაცოცხლებას მთელი გულით ვცდილობთ.

მეექვსეკლასელებს პატარა ბარათებზე „დღის სიტყვის“ შესახებ აზრის გამოხატვა ვთხოვე. აი, რამდენიმე მათგანის პასუხი:

„ჩემი აზრით, დღის სიტყვა ძალიან მაგარი რამეა. ცოტა ძნელია ერთი დღიდან სიტყვის ამორჩევა. ამას ადასტურებს ის, რომ როდესაც მუზეუმიდან მოვდიოდით, ბავშვებს დღის სიტყვის არჩევა ძალიან გაუჭირდათ. მე ამაზე ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე“  /ნინი/.

„ჩემთვის დღის სიტყვა ნიშნავს ახალი სიტყვების და ამბების აღმოჩენას. განსაკუთრებით დამამახსოვრდა სიტყვა „ქარავანი“. ჩვენ ამ გაკვეთილზე „სული-ჩიტის“ ავტორიც კი დავხატეთ. ლელა მას, გირჩევთ, დღის სიტყვებად ისეთი სიტყვები შეარჩიოთ, რომლებსაც ზღვა ამბების მოყოლა შეუძლიათ“ /მარიამი/.

„ჩემი აზრით, დღის სიტყვა მაგარია. დღის სიტყვას რვეულში რომ ვიწერთ, მაგაზე იმ დღის მოგონებები ამომიტივტივდება ხოლმე“ /ელენე/.

„ჩემთვის დღის სიტყვა ძალიან სახალისოა და ძალიან მიყვარს, როცა დღის სიტყვას ვწერ“ /ბარბარე/

საინტერესო იქნებოდა, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა ერთმანეთს დღის სიტყვა რომ გავუზიაროთ და მოსწავლეებს სიტყვების შესახებ აკინძული პირადი წერილები მივაწერინოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი