პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კლიმატცვლილება და დედაქალაქები

ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში, ინდონეზიის დაგეგმარების მინისტრმა, ბამბანგ ბროდიონეგორომ გამოაცხადა პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს გეგმები ინდონეზიის დედაქალაქის ჯაკარტიდან გადატანის შესახებ.

ჯაკარტა შესაძლოა ინდონეზიისთვის შესაფერის დედაქალაქად ჩანდეს – ის არის დიდი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი და მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე დასახლებული კუნძულზე იავაზე. 10 მილიონზე მეტი მოსახლეობით, ჯაკარტას მეტსახელად „დიდ დურიანს“ უწოდებენ, როგორც ნიუ-იორკს – „დიდ ვაშლს“.

ჯაკარტა

ჯაკარტას მოსახლეობის უკიდურესად სწრაფმა ზრდამ (მან კუალა ლუმპურსა და პეკინს გაუსწრო) გამოიწვია ის, რომ ქალაქში ინტენსიური მშენებლობებია და ცუდადაა დაგეგმარებული.

დედაქალაქის ინდონეზიაში გადატანის იდეა რამდენჯერმე წამოიჭრა, მას შემდეგ, რაც 1945 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. 2016 წელს კვლევით დადგინდა, რომ ამ ქალაქში მსოფლიოში ყველაზე მეტად გადატვირთული მოძრაობაა, რომ მხოლოდ საცობები ქალაქს წელიწადში 6,8 მილიარდი დოლარი უჯდება.

და ეს ყველაფერი არ არის, ჯაკარტა წლებია იძირება. იმდენად, რომ იგი შეიძლება უახლოეს მომავალში მთლიანად წყალქვეშ აღმოჩნდეს.

ჩრდილოეთ ჯაკარტა ყოველწლიურად დაახლოებით 25 სმ-ით იძირება.

ჯაკარტა მდებარეობს ჭაობიან სანაპიროზე და მას 13 მდინარე კვეთს. კლიმატის ცვლილებამ იავის ზღვის დონე აწია. ქალაქის ჩრდილოეთ რაიონებს წყალგაყვანილობა არ აქვთ, ამიტომ ადგილობრივი წარმოება და მილიონობით მოსახლე იძულებულია, წყალი ალტერნატიული საშუალებებით მოიპოვოს. სწორედ მიწისქვეშა წყლების ინტენსიურ მოხმარებას უკავშირდება ნიადაგის ყოველწლიურად 25 სმ-ით დაწევა, რაც ორჯერ აჭარბებს მსოფლიო მაჩვენებელს. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის ქალაქის დიდი ნაწილი შეიძლება მთლიანად წყალში ჩაიძიროს. ჯაკარტას თითქმის 40% ზღვის დონიდან 4 მეტრით დაბლა მდებარეობს.

ქვეყნის პრეზიდენტის იოკო ვიდოდოს თქმით, დედაქალაქის შეცვლა „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“.

ინდონეზიის მოსახლეობა წარმოუდგენლად მრავალფეროვანია. იგი ათასობით კუნძულზე მცხოვრები ასობით ეთნიკური ჯგუფისგან შედგება, მაგრამ ეკონომიკურ განვითარებაში, ეროვნულ კულტურულ იდენტობასა და პოლიტიკურ ძალაუფლებაში ყოველთვის იაველები დომინირებდნენ.

ინდონეზიელებს არასოდეს აურჩევიათ არაიავური წარმოშობის პრეზიდენტი და ინდონეზიის სიმდიდრის უმეტესი ნაწილი ჯაკარტაშია კონცენტრირებული.

პრეზიდენტ ვიდოდოს გადაწყვეტილების ნაწილი სწორედ ამით არის მოტივირებული, რადგან ის ცდილობს, დააჩქაროს აღმოსავლეთ ინდონეზიის განვითარება. ბატონმა ვიდოდომ პირობა დადო, რომ ეკონომიკური განვითარება მთელ ქვეყანაში უფრო თანაბრად მოხდება. ამავე დროს იგი ფიქრობს, რომ კაპიტალის იავადან გადატანა მრავალეთნიკური ინდონეზიელებისთვის მძლავრი პოლიტიკური გზავნილი იქნება.

ქალაქი აღმოსავლეთ კალიმანტანის პროვინციაში, ახლანდელი დედაქალაქისგან 2000 კმ-ის მოშორებით გადაინაცვლებს და მას ნუსანტარა დაერქმევა.

ინდონეზიის მთავრობის ჩანაფიქრით, ჯაკარტა ქვეყნის კომერციულ და ფინანსურ ცენტრად დარჩება, ნუსანტარაში კი ადმინისტრაციულ შენობებს გადაიტანენ.

ტერიტორია, სადაც ინდონეზიის მომავალი დედაქალაქი უნდა აშენდეს, ამჟამად ძირძველი ტომების 20 000-მდე წარმომადგენლითაა დასახლებული. ისინი იძულებული გახდებიან, გზა დაუთმონ ქალაქის მშენებლობას, რომელსაც, სავარაუდოდ, ორი ათწლეული მაინც დასჭირდება.

თავდაპირველი გეგმით, ახალი ქალაქი უნდა ყოფილიყო ეკოლოგიურად სუფთა „სმარტ“-ქალაქი, მაგრამ რამდენიმე დეტალი შეიცვალა. დედაქალაქის რელოკაცია 2022-2024 წლებში დაიწყება და სავარაუდოდ, 2045 წლისთვის დასრულდება.

ინდონეზია რეგიონში პირველი ქვეყანა არაა, რომელსაც დედაქალაქიდან გახიზვნა მოუწია. 2006 წელს მიანმარის დედაქალაქმა რანგუნიდან – ნაიფიიდოში გადაინაცვლა. დედაქალაქის გადატანის ცერემონია გაიმართა 2005 წლის 6 ნოემბერს, სახელწოდება ნაიფიიდო 2006 წლის მარტში შეურჩიეს. სახელწოდება ითარგმნება როგორც „სამეფო დედაქალაქი“. იგი პიინმანის მახლობლად მდებარე მწვანე მინდორზე დაარსდა, ძველი დედაქალაქის, იანგონის ჩრდილოეთით, დაახლოებით 320 კილომეტრის მოშორებით. მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. სამხედრო მთავრობამ დაახლოებით 25-მდე სამშენებლო კომპანია დაიქირავა ქალაქის ასაშენებლად, მათ შორის Asia World და შპს Htoo.

ნაიფიიდოში განთავსებულია: მიანმარის მთავრობა, გაერთიანებული პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, პრეზიდენტის სასახლე, მიანმარის ოფიციალური რეზიდენციისა და სამთავრობო მინისტრების კაბინეტი და სამხედროების შტაბბინა.

არსებობს დედაქალაქის გადაადგილების რამდენიმე მიზეზი: ნაიფიიდო ცენტრთან უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე ძველი დედაქალაქი იანგონი. ქალაქი სატრანსპორტო კვანძია, რომელიც მდებარეობს შანის, კაიასა და კაინის შტატების მახლობლად. სამთავრობო და სამხედრო ძალებს მიაჩნდათ, რომ ამ გზით, უფრო მეტად ადვილი იქნებოდა ამ ქრონიკულად მღელვარე რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება. კლიმატის ცვლილებაც შეიძლება მიზეზად დასახელდეს, რადგან იანგონი დაუცველი აღმოჩნდა ციკლონ ნარგიზის მიმართ, რომლის შედეგადაც 2008 წლის მაისში მიანმარში 100 000 ადამიანი დაიღუპა.

ნაიფიიდო

ნაიფიიდო შედგება საცხოვრებელი უბნებისგან, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ დღესვე რამდენიმე მილიონი მოსახლის დატევა, რისთვისაც ხელს უწყობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რეპრესიული რეჟიმისა და მძიმე სოციალური ფონის გამო მოსახლეობა ახალ ქალაქში გადასვლას არ ჩქარობს.

2003 წელს მალაიზიის მთავრობამ დედაქალაქ კუალა-ლუმპურიდან პუტრაჯაიაში გადაინაცვლა.

პუტრაჯაია, „ინტელექტუალური ბაღის ქალაქი“ და მალაიზიის ფედერალური ადმინისტრაციული დედაქალაქი, კუალა ლუმპურიდან სამხრეთით დაახლოებით 30 კილომეტრში, 15 წუთის სავალზეა. ეს ქალაქი 1995 წელს დაარსდა. ამ დროისთვის აქ 65000 ადამიანი ცხოვრობს. სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს „პრინცების (პუტრა) წარმატებას (ჯაია)“.

პუტრაჯაია მალაიზიის ადმინისტრაციული დედაქალაქი და ფედერალური ტერიტორიაა. მთავრობა კუალა-ლუმპურიდან პუტრაჯაიაში 1999 წელს გადავიდა. კუალა-ლუმპური კი რჩება ეროვნულ დედაქალაქად, სადაც არის მეფის რეზიდენცია და განთავსებულია პარლამენტი.

პუტრაჯაიას დაახლოებით 40% ბუნებრივია. მან გარკვეული მიზეზების გამო „ბაღის ქალაქის” ტიტულიც კი მიიღო. მისი ტერიტორიის მესამედზე მეტი მწვანე საფრითაა დაფარული. სისტემა წარმოდგენილია პარკებით, ტბებით, მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით.

პუტრაჯაია არა მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა ქალაქია, მას მომავლის ქალაქსაც უწოდებენ. კონცეფცია ეფუძნება ორ პროექტს – „ჭკვიანი ქალაქი“ და „გარდენ ქალაქი“.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://www.sporcle.com/blog/2019/05/the-capital-of-indonesia-is-moving/ ; https://1tv.ge/news/indoneziis-dedaqalaqs-jakartadan-kundzul-iavas-aghmosavletit-gadaitanen/ ; https://bm.ge/ka/article/indonezia-axal-dedaqalaqs-asaxelebs-/99998; https://www.bbc.com/news/world-asia-48093431

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი