შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოდი, დავიკარგოთ, ანუ ეკოლაშქრობა ბუნების წიაღში

ბუნება საუკეთესო გარემოა „ცოცხალი“ ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ლაშქრობაში უამრავი მეგობარი შევიძინე და შემდგომში მათთან ერთად საინტერესო იდეები განვახორციელე.

ბუნება საკუთარ თავთან დაახლოებისთვისა და თვითრეფლექსიისთვისაც საუკეთესო გარემოა. საზღვარგარეთის ქვეყნებში „ბუნებაში სეირნობის“ (outdoor activities) გაკვეთილები ტარდება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მცენარეებთან კავშირი ერთგვარი თერაპია და ენერგიის საუკეთესო წყაროა.

საქართველო მდიდარია ბუნებით და მასში თავმოყრილი სიკეთეებით. ამის შესახებ ბევრს წერენ სასკოლო სახელმძღვანელოებშიც. ამ დროს კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლეებმა უნდა დასვან ლოგიკური კითხვა: – სად არის ეს ბუნება და რატომ არის მათთვის ასეთი ხელმიუწვდომელი?

სამწუხაროდ, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მოწყვეტილნი არიან ქვეყნის მრავალფეროვან ბუნებასთან უშუალო კონტაქტს და მხოლოდ თეორიული ცოდნით შემოიფარგლებიან. ამ ყველაფერს ემატება უსარგებლო ბიუროკრატიული შეზღუდვები. სისტემა, ნაცვლად პრობლემის მოგვარების გზების ძიებისა, კრძალავს საცხოვრებელი პუნქტიდან 150 კილომეტრზე მეტი რადიუსით გადაადგილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, მარნეულელი მოსწავლეები, სასკოლო ცხოვრების განმავლობაში ვერ გაეცნობიან ბუნების ისეთ საოცრებებს, როგორებიცაა ვაშლოვნისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიები.

პანდემიამ ბავშვები მოსწყვიტა გარე სამყაროსთან ცოცხალ ურთიერთობას, მათ შორის – ძალიან მნიშვნელოვანს: შემეცნებით ექსკურსიებს.

2019 წლის ნოემბერში უკრაინის უკიდურეს სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, ბელორუსიის საზღვართან ახლოს, Erasmus+-ის მოკლევადიან ტრენინგკურსში ვმონაწილეობდი. ორდღიანი პროგრამა დღისა და ღამის ლაშქრობებს მოიცავდა. მიღებული გამოცდილების სასკოლო პრაქტიკაში რეალიზაცია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო თითქმის სამი წლით დაგვიანდა, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით მაინც მოხერხდა.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად შემეცნებითი ეკოლაშქრობა დავგეგმე. მარშრუტად მარნეულის ახლოს მდებარე ბილიკი შევარჩიე. ჩვენი ლაშქრობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანში დაიწყო.

 

ლაშქრობას კონკრეტული მიზანი ჰქონდა: იგი ემსახურებოდა ახალდაარსებული სამოქალაქო კლუბის წევრების ურთიერთგაცნობას, დამეგობრებას, გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას და გარემოს დაბინძურების საკითხით მათ დაინტერესებას.

უკრაინაში მიღებული გამოცდილების მიხედვით, ლაშქრობის დაწყებამდე დავაკომპლექტეთ უსაფრთხოებისა და ორიენტირების გუნდები. პირველი ლაშქრობის მოანწილეთა უსაფრთხო გადაადგილებაზე იყო პასუხისმგებელი, მეორე კი გზის გაკვლევაზე. ორიენტირების გუნდის წევრებს ჰქონდათ წვდომა მობილურ ტელეფონებზე, შესაბამისად, რომელიმე გზის გამკვლევ ონლაინ რუკაზე/აპლიკაციაზე.

სალაშქრო მარშრუტი ღოუბანი-ორმოცმოწამეთა-აზეულას ციხე მარკირებულ ბილიკთა კატეგორიას მიეკუთვნება. ორიენტირების გუნდს ჩავუტარე მცირე ინსტრუქტაჟი ამ ტიპის ბილიკზე გადაადგილების წესების შესახებ.

ახალგაზრდებს უყვართ გამოწვევები, ამიტომ წინასწარ მოვიფიქრე დამატებითი როლები. მაგალითად, ერთ მოსწავლეს უნდა შეექმნა ექსტრემალური სიტუაცია: გაეთამაშებინა ცუდად გახდომის სცენა და ამით შეეფერხებინა მსვლელობა. მეორეს ჰქონდა საიდუმლო დავალება, უსაფრთხოების გუნდისგან შეუმჩნევლად ჩამორჩენოდა ჯგუფს.

მე ვაკვირდებოდი მათ რეაქციებს, მოქმედებებს, რეპლიკებს… როგორ ცდილობდნენ  „ცუდად გამხდარი“ თანამოლაშქრის დახმარებას და ლაშქრობის შეწყვეტასაც კი სთავაზობდნენ, როგორი ოპერატიულობით დაიწყეს ლაშქრობის „დაკარგული“ მონაწილის ძებნა.

ლაშქრობა კიდევ ერთი კომპონენტით გავამდიდრე: მონაწილეებს გუნდურად უნდა შეესრულებინათ Goosechase-ის პლატფორმაზე მომზადებული მისიები. მისიები საკმაოდ სახალისო იყო: „ატვირთე ყველაზე ლამაზი ხის ფოტო“, „გადაიღე გუნდური ფოტო ფოთლებში“, „ჩაწერე გუნდის დევიზი“, „იმღერე რამე“ და ა.შ.

ამასთან ერთად, ლაშქრობის მონაწილეებს უნდა აღერიცხათ მოქალაქეთა უპასუხისმგებლობით გამოწვეული ქმედებები და მიეღოთ შესაბამისი ზომები, ამიტომ ჩვენმა ლაშქრობამ გარემოსდაცვითი ხასიათი მიიღო. მარშრუტზე გადაადგილებისას ნარჩენებით გავავსეთ პარკები და კოჯორში განთავსებულ სანაგვე ურნებში ჩავყარეთ.

ასეთი კლასგარეშე აქტივობები ზრდის მოსწავლეებს პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად. დარწმუნებული ვარ, ლაშქრობაში მონაწილე გოგო-ბიჭების მეხსიერებაში 14 ოქტომბერი დიდხანს დარჩება როგორც საუკეთესო მოგონება. ამას მისებში დაფიქსირებული პასუხებიც მოწმობნ. ამგვარად ისინი სწავლობენ, რომ ბუნების განუყოფელ ნაწილად ყოფნა თავის თავში მოიაზრებს გარემოს დაცვას ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში, პოულობენ საკუთარ, ცოცხალ როლს გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში და ეს ყოველივე ცვლის მათ წარმოდგენას გარე სამყაროზე. ამრიგად, მოსწავლეებს სჭირდებათ უფრო ახლო და ცოცხალი ურთიერთობა ბუნებასთან, რათა ერთმანეთი უკეთესობისკენ შეცვალონ, მასწავლებლებს კი უნდა შეგვეძლოს, ხელი შევუწყოთ ბუნებასა და მოზარდებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

მოსწავლეებს იმდენად მოეწონათ ლაშქრობა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ორდღიანი ლაშქრობების გამართვასა და სალაშქრო ინვენტარის შეძენაზეც კი დავიწყეთ ფიქრი.

იხილეთ ჩვენი ლაშქრობის ფოტოალბომი და ბლოგი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი