პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

10 უცნაური შეცდომა, რომლებსაც მშობლები უნებლიეთ ვუშვებთ

ჩემი უფროსი შვილი მალე თინეიჯერი გახდება. გარდატეხის ასაკი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს და სასურველია, გაიაროს სწორ დროს, მალე თავს იჩენს. ამისთვის შინაგანად ვემზადები და თავსაც შემოვუძახებ ხოლმე: აბა, მზად ხარ, შვილის გვერდით იდგე თუ შენც გჭირდება გაზრდა იმისთვის, რომ ამ მომენტს სწორად შეხვდე?

 

ბოლო თვეებია, კიდევ უფრო მეტს ვფიქრობ ბავშვებზე. წიგნის „როგორ ველაპარაკოთ შვილებს“ გამოცემის შემდეგ თითქოს პასუხისმგებლობა გამიორმაგდა. უცნაურია, მაგრამ საკუთარი შეცდომები კიდევ უფრო ცხადად დავინახე. რაღაცას აღარაფერი ეშველება. როგორც ყველა სხვა მშობელი, მეც საკუთარი შვილების ცნობიერად ან არაცნობიერად მატრავმირებლად დავრჩები. რაღაცის გამოსწორება კიდევ შესაძლებელია, სხვა რამეს იქნებ თავიც ავარიდო.

იქნებ ჩემი გამოცდილება, დაკვირვება ვინმესთვის სასარგებლო აღმოჩნდეს და გაიზიაროს კიდეც.

თანამედროვე კვლევებს ფსიქოლოგიასა თუ პედაგოგიკაში თვალს ვადევნებ ხოლმე. ამასწინათ ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდი, რომელშიც დამუშავებული იყო ფსიქოლოგთა ჯგუფის მიერ ნაკვლევი ასამდე ცდისპირის გამოკითხვის ფორმულარები. ისინი დეპრესიას მკურნალობდნენ და სწორედ ამ მიმართულებით ჩატარდა კვლევაც.

 

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა დიდ ნაწილს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მათ არ გადაუტანიათ რაიმე სერიოზული ტრავმა, გაიზარდნენ მეტ-ნაკლებად კომფორტულ გარემოში. რა არის მათი სულიერი მდგომარეობის სიმძიმის მიზეზი?

ხშირად ვფიქრობთ ხოლმე, რომ შვილების მიმართ გულგრილობაა ის მთავარი ტრავმა, რომელსაც მომავალი თაობა „კლდის პირას“ მიჰყავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხანდახან პრობლემა ისეთ ყუთში იმალება, სადაც ყველაზე უკეთ დაცული გვგონია საკუთარი თავი.

როდესაც წიგნს „როგორ ველაპარაკოთ შვილებს“ ვწერდი, უკვე მეფიქრებოდა სულ სხვა, ჩვენი და კიდევ ბევრი სოციუმისთვის საჭირბოროტო საკითხზე, რომელსაც მშობლისა და შვილის ურთიერთობის პრობლემებთან მივყავართ. მაგრამ გამოხმაურებამ, შეხვედრებმა და წერილებმა, რომლებსაც აუდიტორიისგან ვიღებდი, ამ ახალი ტექსტის დაწერის აუცილებლობაში დამარწმუნა.

მშობლები ხშირად გამოთქვამენ წუხილს ჩემთან საუბრისას და ეს წუხილი მეც მაქვს. სად ვუშვებთ შეცდომას აღზრდისას, როდესაც თითქოს „არაფერს ვაკლებთ“ ოჯახის უმცროს წევრებს, ისინი კი იზრდებიან და ხშირად დეპრესიული ფონი უვითარდებათ?

მოზარდებში გახშირებულმა სუიციდის ფაქტებმა ეს პრობლემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა.

ამ საკითხზე თანამედროვე მსოფლიო აქტიურად ფიქრობს. ფიქრობენ ფსიქოლოგები, პედაგოგები, ექიმები – რატომ იმატებს დეპრესიისა და თვითმკვლელობების რიცხვი ისეთ ოჯახებშიც კი, სადაც თითქოს „არავის არაფერი აკლია“?

 

ხშირად ვკითხულობ უახლეს კვლევებს, რჩევებს, რეკომენდაციებს. ვიაზრებ მათ კლასიკური ფსიქოლოგიის პრიზმაში. ვადარებ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მაგალითებს და შესაძლოა, ერთგვარი სურათის დახატვაც შევძლო, რაც, ცხადია, მთის წვერის ცალი მხრიდან დანახვის მცდელობა იქნება, მაგრამ მაინც.

 

რატომ არიან ჩვენი ნალოლიავები შვილები უბედურები?

 

რას აკეთებს მშობელი, როდესაც ბავშვი მიწაზე ეცემა?

ამ კითხვაზე პასუხი იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ ჩვენ მანამდე ვწუხვართ, სანამ პატარა წაიფორხილებს. მშობლებს არ გვსურს (რაც ლოგიკურია), შვილმა ხანდახან უსიამოვნებაც ნახოს ცხოვრებაში და ამისთვის ვებრძვით ყველა არსებულ თუ შესაძლო განსაცდელს.

არადა, წარმოიდგინეთ, რომ გაუვალ ჯაგნარში, რომელსაც დასასრული არ აქვს, მიგვყავს შვილები. წლები გადის, ჩვენ კი მივდივართ, მივდივართ, მივდივართ. ვცდილობთ, გზა იმგვარად გავკაფოთ, რომ ჯერ პატარა, მერე კი უკვე ზრდასრული ჩვენი შვილები ეკლებმა არ დაკაწროს. დრო მიდის, ისინი არხეინად მოგვყვებიან უკან და უცებ ჩვენ სადღაც ვქრებით, ისინი კი შუაგულ ტყეში, გაუვალ ეკალ-ბარდებში თავიანთ შვილებთან ერთად რჩებიან…

მშობლებს შვილებისთვის უსიამოვნებების არიდება საკუთარ მოვალეობად მიგვაჩნია, არადა, უსიამოვნებაც ხომ ისეთივე ნაწილია ცხოვრებისა, როგორიც სიამოვნება. ის უნარ-ჩვევები, რომლებიც პატარ-პატარა პრობლემების გადაჭრისას გამოუმუშავდება მოზარდს, ზრდასრულობაში დიდ უსიამოვნებებთან გამკლავებაში ეხმარება. ვისაც ჩაქუჩით ლურსმნის დაჭედებას არ ვასწავლით, სახლს თავისით ვერასოდეს ააშენებს. ამიტომ ასაკისთვის შესაფერისი პრობლემების წინაშე შვილების მარტო დატოვება ლოგიკური და აუცილებელიც კია.

ცნობილი ამერიკელი ფსიქიატრი პოლ ბონი ასეთ საინტერესო რამეს ამბობს: „მშობელი ცდილობს, შვილი დისკომფორტს აარიდოს და ამ დროს ხელიდან აცლის მას სიამოვნების ჰორმონებს, სიამოვნებისა, რომელსაც ორგანიზმი პრობლემის გადაჭრისას განიცდის!“

 

დიახ, ჩვენი ჰიპერმზრუნველობით, ხელის ჩაჭიდებითა და შიშით, რომ „ეს თაობა“ დაუხმარებლად ვერ გადარჩება, ბავშვებს რაღაც მნიშნელოვანს ვაცლით ფეხქვეშ და ერთ დღესაც ისინი მტკივნეულად ეცემიან.

 

მაშ ასე, რომელია ათი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც მშობელი უშვებს? საკუთარი გამოცდილებით და მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული შემთხვევების შეჯამებით დავწეროთ:

 

შეცდომა N1 – ჩემი შვილი ჩემი ღმერთია!

ვის არ უყვარს, როცა უყვართ? მეტიც: ერთი ჩემი მეგობარი მღვდლის, გიორგი წეროძისა არ იყოს, ხანდახან ადამიანისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, უყვარდეთ, ვიდრე თავად უყვარდეს, რათა ფიზიკურად გადარჩეს.

შვილებს ჩვენი სიყვარული წყალივით სჭირდებათ, მაგრამ როგორც კი მათ ვაკერპებთ, მათ სულში ჭია იწყებს ძრომიალს და რაღაც ყროლდება. ეს პატარა საყვარელი ადამიანები თავს სამყაროს ცენტრად წარმოიდგენენ და, როგორც ყველა კერპს სჩვევია, ზრდასრულობაშიც ითხოვენ თაყვანისცემას – მეუღლისგან, თანამშრომლისგან, შვილებისგან, უცხოებისგანაც კი. კაცობრიობა კი ასე არ არის მოწყობილი. აბა, დაფიქრდით, რამდენ თქვენგანს უხარია, როდესაც ვიღაც უცხო ადამიანი უპირობო თაყვანისცემას ითხოვს? რას პასუხობთ? სწორედ ამ პასუხს მიიღებენ ჩვენი შვილებიც, რადგან დასაწყისში ისინი დავაზიანეთ.

 

შეცდომა N2 – ჩემი შვილი უნაკლოა.

ჩემი სამასწავლებლო გამოცდილებიდან ვიცი, რომ მშობლებს შვილები ხშირად უნაკლოებად წარმოუდგენიათ.

უნაკლო ადამიანები არ არსებობენ – ეს აქსიომაა. არც ისეთი ნაკლი არსებობს, რომელიც გამოსწორებას არ ექვემდებარება, მაგრამ როგორც ნაკლოვანებებზე ჩაციკვლა და ამით თვითგვემა იწვევს ბავშვის შინაგან ნგრევას (ხშირად ეს შედეგია ჩვენი, მშობლების, არაცნობიერი პრობლემების სხვაში მოგვარების მცდელობისა, რასაც ფროიდი გადატანას უწოდებს), ასევე რეალურ პრობლემაზე თვალის დახუჭვას მძიმე შედეგებამდე მივყავართ.

მე ვიცნობ ბავშვებს, რომლებსაც აშკარა პრობლემა აქვთ – სხვა ბავშვებს აბულინგებენ. მშობლები ამ პრობლემას ვერ ხედავენ, უარყოფენ და მძიმედ განიცდიან საგანმანათლებლო დაწესებულებისა თუ დაბულინგებული ბავშვების მშობლებისგან მიწოდებულ ინფორმაციას.

ვიცი ასეთი შემთხვევა – ბავშვი დანას ატარებდა და სკოლამ საქმის კურსში ჩააყენა მშობელი, რომელმაც კატეგორიულად უარყო მსგავსი ფაქტის არსებობა და პრობლემის ცივილიზებულად გადაჭრის ნაცვლად შვილს სკოლა შეუცვალა.

მეორე ამბავი მოზარდებში ადრეული დეპრესიის ნიშნებია, რასაც მშობელი პრობლემად კი არა, სასირცხვილო ამბად მიიჩნევს და უარყოფს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

 

შეცდომა N3 – ჩემი შვილის საუკეთესო მეგობარი მე ვარ!

ხშირად მშობელი არაცნობიერად ცდილობს, შვილისგან აღიარება მოიპოვოს და ამისთვის მასთან „თანასწორი“ ურთიერთობის ფიქციას მიმართავს, რითაც უარს ამბობს თავისი ბუნებრივი ფუნქციის შესრულებაზე. არადა, მშობელი მაინც მშობელია. პატივისცემა, გულახდილობა და პრობლემების დროს გვერდით დგომა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ შვილების საუკეთესო მეგობრები ვერ გავხდებით და არც უნდა ვიყოთ. რატომ? – ეს ძალადობის ერთგვარი ფორმაა. ასე გვსურს, ისინი მუდმივად საკუთარ ორბიტაზე გვყავდნენ და ვაკონტროლოთ. ამას შვილები ხვდებიან და არაცნობიერი პროტესტის განცდა უჩნდებათ, კარგავენ ჩვენდამი პატივისცემას და როცა „ნამდვილ საუკეთესო მეგობარს“ პოულობენ, სრულიად გვშორდებიან.

მეგობრობა არჩევანის ნაწილია, პიროვნული გადაწყვეტილებაა და ვალდებულებასთან კავშირი არ აქვს. მშობელი და შვილი შეიძლება ძალიან კარგი მეგობრებიც იყვნენ, მაგრამ როლური ურთიერთობა ასევე მნიშნელოვანია. მამისა და დედის ხატი მთელი ცხოვრება თან დაჰყვება ადამიანს და მის ბევრ გადაწყვეტილებაზე ახდენს გავლენას. თუ მშობელი შვილის პიროვნებას თრგუნავს, რა ილეთებიც არ უნდა გამოიყენოს, მისი მცდელობა, გახდეს შვილის საუკეთესო მეგობარი, წარუმატებლობისთვისაა განწირული. ჩვენსა და შვილებს შორის, სულ მცირე, თაობა დგას, თაობათა შორის ღირებულებითი სხვაობა თავისას შვრება. ის, რაც ჩემი შვილისა და მისი გარემოცვისთვის სასაცილოა, მე აღარ მაცინებს და რაზეც მე მეღიმება, მათთვის გაუგებარია. როგორც არ უნდა ვეცადო, ცხვრის ტყავი გადავიცვა, ცხვარი ვერ გავხდები და სიმართლე სადღაც გამოაშკარავდება.

იყავით შვილის მეგობარიც, მაგრამ საუკეთესო მეგობარი თუ თქვენ ხართ, იცოდეთ, რომ სადღაც შეცდომა დაუშვით.

 

შეცდომა N4 – რასაც მე ვერ მივაღწიე, ის იზამს.

ერთხელ ერთ ნაცნობს, ყოფილ მოჭიდავეს, ვკითხე: როგორ მოიქცევი, შენმა ერთადერთმა ვაჟმა ჭიდაობას თავი რომ დაანებოს და ბალერონობა გადაწყვიტოს-მეთქი? ჯერ დაიბნა, გაუკვირდა კიდეც, რადგან არასოდეს დაუშვია მსგავსი ფიქრი, ჩემმა კითხვამ კი აამღვრია და ცხოვრება გაუმწარა, შუბლი დაეღარა და ბევრი გინება ამოუშვა პირიდან საკუთარი შვილის მიმართ.

შვილს კი სრულიად სხვა ინტერესები ჰქონდა. მაგრამ მამას, ვერშემდგარ მოჭიდავეს, შვილის მიღწევებით სურდა იმის კომპენსაცია, რაც თავად არ გამოუვიდა.

ეს ამბავი სევდიანად, თუმცა კლასიკურად დასრულდა: ბევრი იჭიდავა, ბევრი სცადა შვილმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ახლა ერთი დაბნეული ახალგაზრდა კაცია, რომელიც 32 წლისა ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს. ძალიან კი უჭირს.

მშობლებს ძალიან გვიჭირს იმის განსაზღვრა, სად ვმთავრდებით ჩვენ და სად იწყება ჩვენი შვილი. ჩვენი ვერრეალიზებული და გაზრდილი ეგოს სხვა ადამიანით რეალიზება შეუძლებელია და შედეგი რომც მოიტანოს (ასეთებიც ხდება – გავიხსენოთ ბეთჰოვენის მაგალითი), კაცმა არ იცის, რა ჯობია პიროვნებისთვის: იყოს ბედნიერი თუ ვიღაცის სურვილების ასრულებას შეეწიროს.

მშობლის მოვალეობა უფრო მეტად შვილის ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში მის გვერდით დგომა მგონია. რასაც მე ვერ მივაღწიე, სხვა მიაღწევს, მაგრამ ეს სხვა შეიძლება ჩემი შვილი არ იყოს.

 

შეცდომა N5 – ვერავინ უნდა გაჯობოს!

სადაც კი მისწავლებია, ყველგან მოსულა ერთი მშობელი მაინც, შეშინებული, განწირული ადამიანის თვალებით და უკითხავს: რას შვრება ჩემი შვილი? პასუხი დიდად არც აინტერესებთ, რადგან კითხვის განმარტება ტუჩის კუთხეზე ადგათ და ამატებენ ხოლმე: ისეთი მორცხვია, ყველა თავზე გადასდის და ჯაბნის. არ მინდა, უკანასკნელი იყოს კლასში.

„არ მინდა, უკანასკნელი იყოს!“ – ამ სიტყვების მიღმა ბევრი მშობელი სინამდვილეში იმას გულისხმობს, რომ სურს, მისი შვილი ყოველთვის და ყველგან იყოს პირველი, რაც ყველას ხასიათის ნაწილი არ არის. ზოგი ბუნებრივად ცდილობს, ჩრდილში დარჩეს და ასე დაიმკვიდროს თავისი ადგილი მზისქვეშეთში.

 

შეცდომა N6 – გამოიცვალე ასაკი, სამოსივით!

მახსოვს, ბავშვობაში ძილის წინ ოცნება მიყვარდა. უშუქობაში, რომელიც მაშინდელ თბილისს არ უკვირდა, ძლივს ჩამთბარ ლოგინში, თავზე საბანგადაფარებული რაღაცებზე ვოცნებობდი. ეს იყო სრულიად ბავშვური და სასაცილო ოცნებები, რომლებსაც კეთილი სიზმრები მოჰქონდა. ტყეში ხეტიალი, თანატოლებთან ერთად გართობა – უფროსების გადმოსახედიდან, უაზროც კი – ჩემთვის ახალი დღის სიხარულით გათენების საწინდარი იყო.

ჩემს მოსწავლეებს რომ ვეკითხები, რით ერთობიან, პასუხი გულს მიკლავს, რადგან მათ ხშირად არც კი აქვთ საამისო დრო, ან მათი ერთადერთი გასართობი „გაჯეტია“, რომელსაც მაშინვე მოიგდებენ ხოლმე ხელში, როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავენ. ვინ წაართვა ბავშვს თავისუფალი დრო? მშობელმა, ვისაც კარგის მეტი ალბათ არაფერი სურს შვილისთვის. როგორ? ისე, როგორც თავად წარმოუდგენია: ცეკვა, ხატვა, უცხო ენები… სპორტიც ხომ უნდა ბავშვს? ტყეში სეირნობის ნაცვლად – რეპეტიტორიდან რეპეტიტორის კარზე ხეტიალი, შაბათ-კვირას – საკვირაო სკოლა… მერე თვითონ სკოლაც რამდენ დავალებას იძლევა? ბავშვს ამოსუნთქვის საშუალება არ აქვს, ვერ ერთობა, ვერ თამაშობს, როცა სწორედ თამაშში უნდა გაიზარდოს და განვითარდეს როგორც ინდივიდი. ლომიც კი უტოვებს ბოკვერს თამაშისა და გართობის საშუალებას, რადგან იცის, რომ ასე სწავლობს პატარა ცხოვრებას, ასე ემზადება დაუნდობელ გარემოსთან პირისპირ დასარჩენად და ასე შეიძლება გამოიწრთოს ნამდვილი მონადირე.

ბავშვობა ჩვენი ცხოვრების ის მონაკვეთია, რომელიც აღარასოდეს განმეორდება. თუ პატარაობაშიც ისე ვაცხოვრებთ შვილს, როგორც დიდს, მას მალე მობეზრდება ყველაფერი, რადგან ორჯერ მოუწევს იმ გზის გავლა, რომელიც ერთხელ უნდა გაიაროს ადამიანმა. ორჯერ შუახანი, ორჯერ სიბერე, თუნდაც ორჯერ ახალგაზრდული მსუბუქი ტვირთი – როგორი გადასატანია? იქნებ ამიტომ იღლება ადამიანი მალე და ეკარგება ცხოვრების ინტერესი?

რაც გავიზარდე, ვაკვირდები თავს და აღარ ვოცნებობ. ის დრო კეთილ მოგონებად დამრჩა. მადლობის მეტი რა მეთქმის ჩემი მშობლებისთვის – ყოველთვის მიტოვებდნენ თამაშის დროს და ეს წლები ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი მგონია.

 

შეცდომა N7 – „რა შევუკვეთე და რა ჩამომივიდა“

მშობლების ნაწილი შვილის ჩასახვის დღიდან გეგმავს მის მომავალს. წარმოუდგენია მისი თვალის ფერიც, ხასიათიც და პროფესიაც კი და მოულოდნელად აღმოჩნდება ხოლმე, რომ „ჩვენი სისხლი და ხორცი“, ჩვენი ნაწილი სულ სხვანაირია. სხვანაირი გარეგნობით თუ სურვილებით, ჩვევებით და წესებით. მაგრამ ჩვენ ხომ ასე არ დაგვიგეგმავს, სხვანაირად წარმოგვედგინა და სხვანაირად გვინდოდა, რადგან არაცნობიერად საკუთარი ეგოსთვის მოედანს ვამზადებდით შვილების სახით.

თუ პიროვნების უნიკალურობას ვადასტურებთ, პატივიც უნდა ვცეთ ამას. თუ ვფიქრობთ, რომ საკუთარი ასლი გვჭირდება, რომელიც ისეთი იქნება, როგორიც ჩვენ ვერ გავხდით, გვახსოვდეს, რომ, ცხოვრების კანონების მიხედვით, ყველაფერი თავდაყირა დადგება.

 

შეცდომა N8 – დამიჯერე, შვილო!

როგორც ბევრი სხვა მშობელი, მეც ვუშვებ ამ შეცდომას – შვილს ვეუბნები ერთს და ვაკეთებ მეორეს.

ამას, ცხადია, ვერ ვამჩნევ, მაგრამ ბავშვებს არაფერი გამოეპარებათ, რადგან ჩვენ გვერდით იზრდებიან და ყველაფერს ლუპით აკვირდებიან. რამდენიც უნდა შეაგონო შვილს, ერთი საპირისპირო მოქმედება ყველაფერს წყალში ჩაყრის და შეიძლება უარესიც მოხდეს, რადგან ბავშვი თავს მოტყუებულად ჩათვლის და ეცდება, სწორედ ის გააკეთოს, რასაც მთელი ცხოვრება უკრძალავდნენ.

 

შეცდომა N9 – მეზვერისა და ფარისევლის იგავი

ჩვენ არ ვიცით, რას უმზადებს ცხოვრება ჩვენს შვილებს, რა შეცდომას დაუშვებენ და როგორ წარიმართება მათი ბედი. პროგრამა, რომელსაც მშობელი დებს საკუთარ შვილში, ხანდახან ისეთი ძლიერია, რომ ბევრ რამეს განსაზღვრავს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კოდების მოფიქრება ან კოდებზე საერთოდ უარის თქმა.

როდესაც შვილის თანდასწრებით სხვა მოზარდს ან მის მშობელს განვსჯით, სწორედ ასეთი კოდები იწერება ბავშვის არაცნობიერში. კრიტიკულ ვითარებაში, იმავე შეცდომის დაშვების მომენტში (და ამისგან არავინაა დაზღვეული) ჩვენი შვილი ასეთი პროგრამირების წყალობით შესაძლოა უფსკრულის პირას აღმოჩნდეს, უკანასკნელი დასაყრდენის იმედი აღარ დარჩეს და უბედურებაც მოხდეს.

პრაქტიკაში (ვმართავ წერითი თერაპიის ჯგუფს) მქონია შემთხვევა, როდესაც მონაწილემ სუიციდური ფიქრების შესახებ ილაპარაკა, რომლებიც თინეიჯერობისას ჰქონდა. მიზეზი ბანალური, მაგრამ მისთვის ძალიან მტკივნეული იყო. თინეიჯერობისას ნაადრევი სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა შეყვარებულთან, რომელსაც მიზეზთა გამო დაშორდა. თვითმკვლელობაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფაქტი გააანალიზა და წარმოიდგინა, რას იტყოდა მამამისი, ეს რომ გაეგო. კაცი ხომ მთელი ცხოვრება „გარყვნილ“ გოგოებს და მათ მშობლებს ლანძღავდა. საბედნიეროდ, გოგონამ სიცოცხლეზე უარი არ თქვა, მაგრამ ტრავმებს დღემდე ებრძვის.

 

შეცდომა N10 – წაიკითხე პერსონაჟი სწორად!

მხატვრული ნაწარმოების აგებისას ერთ-ერთი უმთავრესი რამ, რაც ავტორმა უნდა მოახერხოს, პროტაგონისტის სრულყოფილად დანახვაა. იმის გაგება, ვინ არის ის რეალურად, როგორი ხასიათი აქვს, როგორ მოქმედებს და რითია უნიკალური, საშუალებას გვაძლევს, დამაჯერებელი და საინტერესო ტიპაჟი შევქმნათ.

შვილებთან ურთიერთობისას ერთ-ერთი ფუნდამენტური შეცდომა მათი ამგვარად გააზრების უუნარობაა.

მშობელი თითქოს კარგად იცნობს – ან უნდა იცნობდეს – საკუთარ შვილს, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, მის წინაშე სრულიად უცნობი ადამიანია, რომელსაც იმ თვისებებს მიაწერს, რაც თავად წარმოუდგენია ან უნდა, რომ მას ჰქონდეს.

შვილის შემყურე, ბევრი მშობელი წუხს, რადგან „რაღაც ვერ არის რიგზე მის თავს“ და მოზარდს ასაკისთვის შეუფერებლად აფასებს, ავიწყდება, რომ 7-8 წლის ბავშვი სურვილების მოკლევადიან დაკმაყოფილებაზე ბუნებრივად ზრუნავს (წარმოიდგინეთ პატარა, კომუნალურ გადასახადებზე ფიქრით ნაყინზე უარს რომ ამბობდეს). ეს ტრაგედია არ არის და თავს ტყუილად ნუ აიტკივებთ.

დაბადებიდან მოყოლებული, კარგი იქნება, თუ დაწვრილებით შეისწავლით შვილის ჩვევებს, ხასიათს, მიდრეკილებებს და მათ გარდაქმნას კი არა, გამოყენებას ეცდებით. არ არსებობს ცუდი და კარგი თვისება – არსებობს თვისებები, რომლებიც ცუდად ან კარგად განვითარდა და ამაში მშობელს არცთუ უკანასკნელი წვლილი შეაქვს.

შვილების შეცდომებისთვის თვალის გასწორება ძნელია. ძნელია ამ დროს თავის ხელში აყვანაც. მაგრამ, ისევ ლიტერატურის კანონებს და ერთ ჩინურ ანდაზას თუ მოვიხმობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო დიდია მარცხი, მით მეტად გვმართებს ძვირფასი ღვინის გახსნა, რადგან სადღაც იქვე დიდი წარმატება მომდგარა კარს.

ასეა ლიტერატურაშიც – მხოლოდ დიდი ქარტეხილების შემდეგ ხდება უბრალო პერსონაჟი დაუვიწყარი გმირი, რადგან თუ მის პრობლემებს სულ სხვა მოაგვარებს, ვიღაზე დაწეროს მწერალმა?

ალბათ ღირს დახსომებად, რომ სანამ შვილის პრობლემის მოგვარებას შევუდგებოდეთ, თავს ვკითხოთ: შეძლებს ჩვენი შვილი მის დაძლევას? იქნებ ჯერ ადრეა ხისტად ჩარევა? იქნებ მხოლოდ გვერდით დგომა და გამხნევებაც საკმარისია, იქნებ ვაცადოთ, თავადვე გაძლიერდეს?

ხანდახან ხანმოკლე ტკივილი ხომ დიდი და ხანგრძლივი სიხარულის საწინდარია! აარიდებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და შეიძლება ცხოვრება წაართვა ადამიანს.

ზღაპრებშიც ხომ ასეა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი