პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სკოლის სევდა

იმ ზამთარს უთოვლოდ არ დავრჩენილვართ. ეს ერთადერთი სიკეთე იყო, რაც ბუნებამ მოგვცა. არდადეგების შემდეგ, გადავწყვიტე ტრადიცია დამერღვია და სკოლაში დროულად მივსულიყავი. კორპუსიდან გამოსულმა აღმოვაჩინე, რომ ყველა მოსწავლე ასე მოიქცა. ჩვენ, ზამთრის უშნო ფეხსაცმელების ძირებით, ერთად ვაფუჭებდით ვაზისუბნის გზებზე დაფენილ თეთრ საფარს, რომელიც ასფალტის უსწორმასწორობას დროებით აპატიოსნებდა. ვინმეს ამ მოვლენისთვის ვერტმფრენიდან რომ შეეხედა, იფიქრებდა, რომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში სადილის მანიშნებელი საყვირი გაისმა და ხალხი შენობისკენ დაიძრა. შორეულ საკნებში გამომწყვდეული პატიმრები კი დროდადრო ერთმანეთს ხელს ესალმებიან. ზეციდან ეს ყველაფერი შენელებულ კადრად გამოჩნდებოდა. ზუსტად ისე, როგორც მიდიოდა ცხოვრება ჩვენს უბანში. ჩვენ გვეცვა ისევე, როგორც ტუსაღებს – ძველისძველი, ნაფტალინიდან გამოღებული ქურთუკები, რომლებსაც აწყვეტილი ღილები ბარე ათჯერ მაინც ექნებოდათ დაკერებული; გვეკეთა კაშნეები, რომლებზეც სახლში გვიყვებოდნენ ათასგვარ ისტორიას, რომ მოსკოვში ან ლენინგრადში იყიდეს და ციმბირში ყოფნისას სწორედ ამ კაშნემ გადაარჩინა გაყინვისგან. დავაბიჯებდით ისეთივე შენობებს შორის, როგორც ფილმებში ნანახი კოლონიური ინფრასტრუქტურა გამოიყურება. ნაცრისფერი, დროისა და წვიმების შედეგად გამოფიტულ, ჩამომხმარ კორპუსებს სიცოცხლის ნიშანწყალს მხოლოდ ფანჯრებიდან გამოჩრილი საკვამურებიდან ამოსული კვამლი და მათში გახვეული რუხი სარეცხი აძლევდა.

მივდიოდი და ვხვდებოდი, რომ არცერთ შეკითხვაზე არ მქონდა პასუხი. უფრო ზუსტად კი – უღიმღამო პასუხები მონდა. რა მომიტანა თოვლის ბაბუამ? ამაზე პასუხად ვიხსენებდი, როგორ გამოვიღვიძეთ მე და ვახომ 1-ელ იანვარს, ჭინკებით სავსე თვალებით შევხედეთ ერთმანეთს და ბალიშების გვერდით მუყაოს ყუთები შევნიშნეთ, რომელიც უკვე ბევრჯერ გვენახა. თითქოს ჩვენი თვალების რენტგენის აპარატებად გადაიქცნენ და ყუთების გაუხსნელადაც მივხვდით, რომ შიგნით მხოლოდ შოკოლადები იყო. თუმცაღა, უნდა ვაღიარო, რომ „დათუნია”-ზე ვერასოდეს ვამბობდი უარს. სად გავატარე ზამთრის არდადეგები? – ამაზე უფრო მოკლე, სხარტი და სევდანარევი პასუხი მქონდა – არსად, ანუ აქ. ან, პირიქით: აქ, ანუ არსად.

ჩვენი საკლასო ოთახი ისე იყო გამთბარი, რომ ჩვენი სიკვდილის მიზეზად მოყინვა არ ჩაწერილიყო. არამედ, რაიმე სხვა. გამათბობლის მილზე ხელის დადებისას მხოლოდ ერთი ფიქრი გაგიელვებდა თავში – აქ ვიღაც იყო. იმას, რომ ახალი წელი დაიწყო, ახალ სინამდვილეში გადავედით, ახალი გამოწვევების წინაშე დავდექით, მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტის თავზე, პატარა ლურსმნებითა და სკოჩით მიმაგრებული წითელ-მწვანე წვიმა გვატყობინებდა.

მე ყოველთვის თანავუგრძნობდი იმ მასწავლებლებს, რომლებსაც არდადეგების შემდეგ პირველი გაკვეთილის ჩატარება უწევდათ. ისინი იძულებულნი იყვნენ ჯერ უამრავი ბიუროკრატიული საკითხი მოელიათ და მხოლოდ ამის შემდეგ უშუალოდ ახალ მასალასა თუ ძველის გამეორებაზე გადავიდოდნენ. ესაუბრათ სხვათა საახალწლო განწყობაზე მაშინ, როცა თავად საახალწლო განწყობა არ ჰქონდათ.

საკლასო ოთახში სითბო ნელ-ნელა ძლიერდებოდა. შეიძლება, უბრალოდ, ჩვენ ვეჩვეოდით სიცივეს და ნელ-ნელა ვიხდიდით ნაფტალინიდან გამოღებულ ქურთუკებს. მასწავლებელი სტანდარტული სიტყვებით გვილოცავდა ახალ წელსა და შობას. სტანდარტულადვე გვლოცავდა და სურვილებიც, რომლებიც მართლაც გულწრფელი იყო, სტანდარტული გახლდათ.

აბა, ვინ სად დაისვენეთ? – იკითხა მასწავლებელმა და ამ კითხვის რიტორიკულობა თავს უნიჭოდ მალავდა. წამიერად, ოთახში გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მომენტალურად დაარღვია ქართლოს მეურმიშვილის ხველამ, რომელიც ექოსავით ისმოდა გაყინულ კედლებში; ხველა ირაკლი ისაკაძის კალმის ხმამ ჩაანაცვლა, რომელიც პირველ მერხზე იჯდა და 48 ფურცლიანი რვეულის ბოლო გვერდზე ადამიანი ობობას გამოსახულებას ხატავდა; ისაკას კალმის ხმას რამდენიმე კლასელის სრუტუნი აჰყვა, რასაც 2 Pac-ის რეპივით დაერთო უკანა მერხებიდან წამოსული ხმაური.

ამ დროს, მე ნინო ჭიღლაძის მეგობრობის დღიურს ვავსებდი და კითხვაზე „შენი საყვარელი გადაცემა”, ვპასუხობდი თამაზ კვაჭანტირაძის სატელევიზიო ლექციები – მეთქი.

ეს უნებლიე, კუსტარული მუსიკა გუგა ასანიშვილის არცთუ ძალიან ხმამაღალმა წინადადებამ შეწყვიტა. „მე ბახმაროში დავისვენე” – თქვა მან და თითოეული ჩვენგანი გვაიძულა ჩვენ-ჩვენი საქმე – წერა, ხველა, ხატვა, ლაპარაკი შეგვეწყვიტა და სმენად მოვმსხდარიყავით.

შევბრუნდით და მოვუსმინეთ გულისყურით. მოსწავლეებმაც და მასწავლებელმაც, რადგანაც ისიც, ჩვენ მსგავსად, ახალ წელს არსად არ იყო.

ახალ წელს გილოცავთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი