შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მოტორის „გოჭი“

არ იფიქროთ, რამეს ვაჭარბებდე. სწორედ ასე ქვია მანქანის მოტორის გვერდით განთავსებულ იმ ნაწილს, რომელიც ზეთის აქეთ-იქეთ უმისამართოთ გადასვლა-გადმოსვლას უშლის ხელს და შესაბამისად მანქანის მოტორს იცავს. მანქანას თუ „გოჭი“ ყავდა (ვიცი, რომ ქონდა უნდა დავწერო, მაგრამ „გოჭს“ სიტყვა ყავდა უფრო უხდება), ნამდვილად არ ვიცოდი. არადა, სულ სამიოდე დღის წინ, არა მხოლოდ ეს ამბავი გავიგე, მის საძებნელად მთელი აგლაძე-ელიავას ქუჩა შემოვირბინე და საბოლოოდ ქუთაისის ქუჩის ბოლოში ერთ-ერთ მაღაზიაში მივაგენი.

„გოჭის“ ძებნაში ერთ ჩემს ახლობელს ვეხმარებოდი, რომელიც თურქეთიდანაა ჩამოსული, ამიტომ, არც ენა იცის და ჯერჯერობით არც თბილისს იცნობს მთლად კარგად. მანქანა ფორდია, შესაბამისად ფორდის „გოჭს“ ვეძებდით, რომელიც  დეფიციტში ყოფილა.

აგლაძე-ელიავას მაღაზიებში კითხვა თავიდან მორიდებით დავიწყე:

-იცით, უკაცრავად, ჰეჰე, „გოჭი“ ყოფილა ასეთი ნაწილი…აი, მოტორის „გოჭი“, ზეთს რომ…აა, გასაგებია? ააა, არ გაქვთ? კეთილი, რა გაეწყობა. და… ისა… საით წავიდე? ვინმეს ხომ არ აქვს?

რატომღაც სულ ვანიჩკა საყვარელიძე მახსენდებოდა „ცისფერი მთებიდან“. ოღონდ, ის შექანების ადგილს ეძებდა, მე კიდევ „გოჭს“.

ბოლოს, ვიღაცამ მირჩია, ქუთაისის ქუჩაზე მოიკითხეთ მაგი, იქ თუ  ექნებათო. თბილისში დაბადებულ-გაზრდილი კი ვარ, მაგრამ ჩავფიქრდი, ეს ქუთაისის ქუჩა სადღაა ნეტავ თქო.

იქვე ყოფილა საბედნიეროდ. ჰოდა, ჩვენც იქეთ გადავინაცვლეთ.

აგლაძე-ელიავაზე თუ ვმორცხვობდი, ქუთაისზე გადასული რაღაც გამოვყოჩაღდი და მაღაზიებში თავის შეყოფით და შეძახებით ვკმაყოფილდებოდი. შევყოფდი თავს და შეუძახებდი:

-უკაცრავად, ფორდის „გოჭი“ გააქვთ?

თუ ვინმე კითხვას შემომიბრუნებდა, რაო, რა იკითხეთო? მე საქმეში ჩახედული ადამიანივით აქეთ უტრიალებდი კითხვას:

-„გოჭი“ ბატონო, არ მითხრათ ახლა, არ ვიციო.

„გოჭი“ არც ქუთაისის ქუჩაზე ქონდათ. ბოლო მაღაზიაში მითხრეს, აი, იქეთ სულ ნაპირას, მანქანის აქსესუარებიც, რომ აწერია, აბა, იქაც იკითხეთო.  სიმართლე გითხრათ, ამდენი სირბილისგან ფეხები უკვე აღარ მემორჩილებოდა, მაგრამ „აიშეს“ ხათრით წავლასლასდი.

დამავიწყდა მეთქვა, „აიშე“ მანქანას ქვია. მფლობელის უფროსი დის სახელია. ნამდვილი აიშე ძალიან სერიოზული და ბრძენი ქალი გახლავთ და მანქანასაც „აიშე“ ერქვას, სერიოზული და გამძლე იქნებაო. ჰოდა, „აიშე“ ზეთში იხრჩობოდა, ახალი „გოჭი“ ჭირდებოდა და მის გადასარჩენად წავედი იმ ბოლო მაღაზიაშიც. თავი შევყავი და თითქოს პაროლს ვეუბნებოდი, მოკლედ მოვჭერი:

-„გოჭი“?!

პასუხიც საქმიანი მივიღე:

-რისი „გოჭი“?

-ფორდის…

-გვაქვს!

-რაო??? ფორდის „გოჭი“ გაქვთ? არ მეხუმრებით? ვაჰ, თქვენ რა კარგი ხალხი ყოფილხართ? რა ღირს? ორიგინალია? გარანტია აქვს?

ვისაც „გოჭი“ არ გინახავთ, აგერ წერილზე თანდართული სურათი ნახეთ. „აიშეს“ ძველი „გოჭია“, კოროზიისგან შეჭმული და წერილშიც კოროზიაზე ვისაუბრებ, თორემ გოჭებზე საუბარი ძალიან გამიგრძელდა.

ადამიანები უძველესი დროიდან ცდილობენ მეტალების დაცვას ატმოსფერული ზემოქმედებისგან. ამისთვის იყენებდნენ ცხიმებს, მცენარეულ წებოვან საპოხ ნივთიერებებს, მოგვიანებით სხვა მეტალების , მაგ. კალის გამოყენება დაიწყეს.

რკინა საშუალო აქტივობის მეტალია. ჰაერის, წვიმის, ნიადაგის და სხვა ფაქტორების მოქმედებით ადვილად იჟანგება და წარმოქნის ფხვიერ მასას:

4Fe+2H2O+3O2=2Fe2O3·H2O

რკინის მავთული სუფთა ჟანგბადის გარემოში აქტიურად, ნაპერწკლებით იწვის. დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადი მხოლოდ მეხუთედ ნაწილს შეადგენს, ამიტომ რკინის და ფოლადის ნაკეთობების „წვა“ ძლიერ შენელებულია, თუმცა შეწყვეტილიც არ არის. ქიმიკოსები ამ პროცესს „უხილავ ხანძარს“ უწოდებენ, სამეცნიერო ტერმინი კი კოროზიაა. კოროზიის შედეგად, ყოველწლიურად ათეულ მილიონობით ტონა ლითონი იშლება.

გარემო პირობების გავლენით მეტალების და მათი შენადნობების დაშლას კოროზია ეწოდება. ლათინურად კოროზია ამოჭმას ნიშნავს.

კოროზიას ხშირად მხოლოდ მეტალებთან აკავშირებენ, თუმცა ქვები, პლასტმასები, პოლიმერული და სხვა მასალებიც განიცდიან დაშლის პროცესს.

სხვათა შორის, რკინა დაუჟანგავ მდგომარეობაში აღმოჩენილია მთვარეზე. ეს მთვარეზე ატმოსფეროს არ არსებობით არის გამოწვეული. გამოდის, რომ კოროზიისგან დასაცავად რკინა მშრალ ადგილას უნდა ინახებოდეს, რაც ფაქტიურად შეუძლებელია.

ზოგიერთი მეტალი კოროზიისადმი მედეგია. მაგალითად, ალუმინი კოროზიას არ განიცდის, რადგან მის ზედაპირზე ჰაერის ჟანგბადთან შეხებისას ოქსიდური ფენა წარმოიქმნება, რომელიც აბრკოლებს მეტალში აირების და სითხეების შეღწევას. შესაბამისად, იცავს შემდეგი დაჟანგვისგან. მსგავსი დამცავი აპკები წარმოიქმნება ბერილიუმის, ქრომის, თუთიის და ტანტალის ზედაპირზე.

თუ მეტალის ზედაპირი მაინც დაიჟანგა, დაზიანებული ნაწილი საპნიან წყალში ან ტუტის წყალხსნარში დასველებული ქსოვილის ნაჭრით გავწმინდოთ. შემდეგ ეს ადგილი წყლით მოვრეცხოთ და ბოლოს მარილმჟავაში დასველებული ქსოვილით გავწმინდოთ. ამ უკანასკნელთან ფრთხილად, რომ უნდა მოვიქცეთ, დარწმუნებული ვარ, გეცოდინებათ.

წარიმართება შემდეგი რეაქცია:

Fe2O3+6HCl=2FeCl3+3H2O

რკინის (III) ქლორიდი წყალში ხსნადია და ლითონის ზედაპირიდან ადვილად სცილდება.

გაკვეთილზე შეგიძლიათ შემდეგი ექსპერიმენტი დაგეგმოთ. ორ სინჯარაში რკინის თითო ლურსმანი და 10-10მლ განზავებული მარილმჟავას ხსნარი მოვათავსოთ. პირველ სინჯარას დავამატოთ აფთიაქში ნაყიდი უროტროპინის ¼ ტაბლეტი და სრულად გავხსნათ. თუ დავაკვირდებით, პირველ სინჯარაში წყალბადის გამოყოფის სიჩქარე ნელ-ნელა მცირდება და რამდენიმე წამის შემდეგ რთული შესამჩნევი ხდება.

მეორე სინჯარაში, იქ სადაც უროტროპინი არ არის, რკინა მარილმჟავასთან ენერგიულად იმოქმედებს.

შესაბამისად, მეტალებს და მათ შენადნობებს კოროზიისგან დაცვის მიზნით ფარავენ ჰაერის მიმართ მდგრადი საღებავით, ლაქით ან ასფალტით. ქრომის, ვანადიუმის, ვოლფრამის, სილიციუმის, ნიკელის ან კობალტის დამატებით ამზადებენ, ე.წ. უჟანგავ ფოლადებს.

 

გახსოვთ ხომ, წერილის თემა საიდან ვიპოვე. „აიშე“ მანქანის მოტორის „გოჭს „ მთელი კიდეები კოროზირებული გაუხდა, ზეთის წყალთან შერევა და მოტორის გაფუჭების მცდელობა დაიწყო. ოსტატმა თქვა, კოროზია ასე ძლიერად, რომ წავიდა ცუდი ხარისხის ანტიფრიზის ბრალიც იქნებოდაო. ანუ, ეს ძველი ანტიფრიზი კოროზიის საწინააღმდეგო აგენტს, სავარაუდოდ არ შეიცავდაო.

ჰმმ… არადა, „აიშეს“ მფლობელი ირწმუნებოდა, ძვირად ღირებული სითხე ჩავასხიო. გამოდის, რომ მოატყუეს.

სახელწოდება ანტიფრიზი აერთიანებს ისეთ სითხეებს, რომლებიც დაბალ ტემპერატურაზე არ იყინება.

თავდაპირველად, შიდა წვის ძრავების გამაგრილებლად, ბუნებრივია წყალს იყენებდნენ. იაფია, არატოქსიკური და მაღალი სითბოტევადობა აქვს. თუმცა, ის გაყინვისას ფართოვდება და ტემპერატურული დიაპაზონიც შეზღუდული აქვს. ეს პრობლემა ალტერნატიული გაგრილების სითხეების შემუშავებით მოგვარდა, რომლებსაც გაუმჯობესებული ფიზიკური თვისებები ჰქონდათ. ხსნარის გაყინვის და დუღილის ტემპერატურა მათში გახსნილი ნივთიერებების კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მარილები წყალხსნარების ლღობის ტემპერატურას ამცირებენ. მარილებს ხშირად იყენებენ მოყინვის საწინააღმდეგოდ, თუმცა, მარილთა ხსნარები გამაგრილებელ სისტემებში არ გამოიყენება, რადგან ისინი მეტალთა კოროზიას იწვევენ.

დაბალმოლეკულურ ორგანულ ნაერთებს (მაგ. ეთილენგლიკოლს) წყალთან შედარებით ლღობის დაბალი ტემპერატურა ახასიათებთ, ამიტომ მათი, როგორც ანტიფრიზის გამოყენება სავსებით შესაძლებელია. 1920 წლიდან სპირტებს ანტიფრიზის წარმოებაში აქტიურად იყენებენ.

ახლა როგორ არის საქმე?

დღეისათვის „აიშე“ თავს კარგად გრძნობს. ახალ „გოჭსაც“ მშვენივრად შეეგუა და ახალი ანტიფრიზის დამატებას ელოდება.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი