პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩვენ უჩინონი

(ნიკო ლორთქიფანიძის ,,საბადა მიხეილ ჯავახიშვილის ,,ყბაჩამ დაიგვიანა“)

ამ ციტატის ჩემეული კონსტატაცია ასეთია:

ა) ჩვენ- ბრმანი _ ერთმანეთის ან თუნდაც ჭეშმარიტებისადმი, საკუთარი ,,სიმართლეების” ტყვეობაში;

ბ) ჩვენ-ჩინ-მედლების გარეშე _ ვინც ,,ჩინიანთა ბუზად გგონივართ”; ვინც ასეთები წარმოვჩნდებით ღვთის წინაშე (თუმცა ადამიანები სწორედ ,,ჩინ-მედლებზე” აგებენ საკუთარ წარმოდგენებს). არადა, ნეტა, ერთმანეთის ღვთის თვალით დანახვა შეგვეძლოს _ ერთმანეთის სულებისა, ყალბი ნიღბებისა თუ ცხოვრების ,,ხორცმეტი”პირობითობების გარეშე…

გ) ჩვენ- შეუმჩნეველნი _ ვიღაცა ვერ გვხედავს, ზემოთქმულის გათვალისწინებით, რადგან ამქვეყნად ის ფასობს უფრო, რაც თვალს ჭრის. ზღაპრის საკრალური, ჯადოსნური უბრალოების სიბრძნეც უჩინოა და ხშირად მიუწვდომელი კაცთათვის.

ცხოვრების გერებზეა ეს ლიტერატურული წერილი, _ თვალისჩინიან ბრმებსა თუ თვალახელილ უსინათლოებზე, როგორც თუნდაც მოთხრობის, ,,ყბაჩამ დაიგვიანა”, გმირი თინაა.

დავიწყოთ ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობით ,,საბა”, რომელიც ქართულ ლიტერატურაში დამკვიდრებული ,,მართლის თქმის” პრინციპის ტრადიციის გაგრძელებაა, როგორც იმპრესიონისტულ-რეალიტურ სტილთა ორიგინალური შერწყმა მწერლის შემოქმედებაში. ორიგინალურობა კი შემდეგია: ნიკო ლორთქიფანიძის რბილი, დახვეწილი ლირიზმი არაა ხელისშემშლელი იმისა, რომ მან გამჭრიახი სიმკაცრით დახატოს ცხოვრება თუ ინდივიდი. ვერცერთი შემოქმედი გვერდს ვერ აუვლის წუთსოფლის ოქსიმორონთანაგან ერთ-ერთს: რაც უფრო ფაქიზია და წმინდა სული, მით მეტი დრამატულობით ,,ებრძვის”, უფრო მძიმედ ეკიდება ყელზე, თეიმურაზ ხევისთავის მძორივით, მას ყოფიერება. თუ ამას გაუძლებს კაცი, ის ცხოვრების ,,გრდემლგამოვლილია”.

ნიკო ლორთქიფანიძე დიდ პიროვნებებზე შესანიშნავად წერს (მაგალითად, ,,რაინდები”), მაგრამ არც უბრალო ადამიანები ავიწყდება. იგი ყოველთვისაა ე.წ. ,,პატარა ადამიანის”, დაჩაგრული კაცის, ქომაგი, დიდ ჰუმანისტებს რომ სჩვევიათ. ასეთ ადამიანებს წუთისოფელი ვერ ამჩნევს თუ არ აღიარებს, მაგრამ მწერალი მათზე ამბობს, რომ ისინი ,,უძეგლოდ იკარგებიან” (,,თავსაფრიანი დედაკაცი”)… ან საკუთარი ნოველით უდგამს მათ უბრალოებასა და სათნოებას ძეგლს.

დიდი მწერლის სტილისთვის, ვიცით, მინიმალიზმია დამახასათებელი, მაგრამ ეს ხელისშემშლელი ფაქტორი როდია, მან უბადლო ფსიქოლოგიური პორტრეტები შექმნას, რომლებიც უკვე მკითხველის ფანტაზიაში განაგრძობენ სიცოცხლეს. აი, როგორ გვიხასიათებს იგი თავისი მოთხრობის მთავარ გმირს, რომელიც საოცარი სიცხადით წარმოგვიდგება თვალწინ (არა მარტო მისი გარეგნობა, მისეული ცხოვრების სტილი თუ ისტორია) – ,,საბა უხერხულად შექმნილი ადამიანია, თავი დიდი აქვს. ტანი ფეხებზე ბევრად გრძელი. მსხვილი მკლავ-ბარკალი და დაბალი კისერი. მაგიერათ ღონიერია დათვივით…და დაუღალავი მეძებასავით” (84). გამწევი ხარივით, პირუტყვივით ექცევიან საბას თვით ყველაზე ახლობლებიც კი. ის კი სათუთია და უბოროტო, უშურველი, მეოცნებე (,,ბიჭო, ასე ბაღნათ დაბერდები”). იგი ყველას მაგივრად შრომობს დაუმადლებლად, მისი პოეტური სული (,,საბას ფერმკრთალმა მნათობმა უნებურათ მარინე გაახსენა”) გრძნობს საკუთარი უშნო სხეულის საკანს კვაზიმოდოსავით, მას პირში აგონებენ, რომ მახინჯია (,,ბეჩა, სალომე, აბა ვინ წაყვება…მაგას?…”). საბაც შესდგომია მწუხარებისა და ტკივილის ბილიკს: ,,ბაბუა ილანძღება – კაი…ბებერია და ,,ჰაუ, ჰაუს” იძახის, თუნდაც ქორის არსად იყოს. ქალებს არ მოვწონვარ, – კაი, ვერა ვარ ლამაზი, მარა ბიძაჩემი ჩემთან მუშაობს, საკოცნელად რავალი ვარ, რა მისი საქმეა! და მუშაობას მაინც რატომ არ მიფასებს?…” (87).

საბას სრულფასოვან ადამიანად, პატივისცემის ღირსად არ მიიჩნევს უფროსი ძმა, თევდორე, როგორც მეზობელი სალომე მიმართავს მას: ,,ნამუსი მე კი არა, თქვენ არ გაქვთ, თქვე უნამუსოებო…მაგის ნამუშევარზე ხართ ყველა მიჩერებული და საწყალს ჭადსაც კი ამადლით”(90). შვილს არც დედა ინდობს, ,,გლახას”, ,,ლენჩსა” და ,,დედ-მამის შემარცხვენელს” ეძახის გესლიანად.  ,,ყველა, ყველა, მარა დედა?…მე არ ვარ შვილი თუ? ავიღებ და არ ვიმუშავებ, მარა რომ არ მაჭამონ!! გამლახონ…თუ აქანეი დედას არ ვეცოდები, ვინ შემიცოდებს?…ქუთაისს წავალ, ვიმათხოვრებ…სირცხვილია!…” – დიდი დარდი აქვს ყველასგან განწირულ საბას, მაგრამ მისი ხსნა შრომაშია და ისიც დაუღალავად, ქანცგაწვეტამდე მუშაობს, შრომის მადლს ეფარება წუთისოფლისგან უარყოფილი. თუმცა მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი: ,,შე ძაღლო, შენ!” – ხარის ორადგაკეცილი საბლით უმწოყალოდ სცემს თევდორე საბას. თავს ვერ იკლავს საბა, გზაზე დაჯდება, იქნებ ვინმე ქრისტიანმა წამიყვანოსო. ასეთი ღვთისნიერიც ეიშვიათება წუთისოფელს, საბასაც დაყვავებით (თვალებში სისხლი რომ დაეწმინდებათ) ისევ სახლში აბრუნებენ.

,,მაგის ტანჯვა მოგეცათ” – მწარე სინანულით ამბობს სალომე. მართლაც, რატომ არავის მოეკითხება ხოლმე საბასნაირების სულის ტრაგიზმი თუ იარები? იქნებ ჩვენ, ყველანი, უდანაშაულო დამნაშავენი ვართ მის წინაშე? ამსოფლად ამ მარად კითხვებს პასუხი არ აქვს. იქნებ იმიტომ, რომ რიტორიკულია?…

მიხეილ ჯავახიშვილი სიუჟეტის განვითარების, შეკრული კომპოზიციის დიდოსტატია და მისი ,,ყბაჩამ დაიგვიანა”, დანარჩენების მსგავსად, სულმოუთქმელად იკითხება. რკინიგზის დარაჯი თომა თავის თვრამეტი წლის უსინათლო ქალიშვილს, თინას, უმარტივეს ჭეშმარიტებებს უხსნის: რა ფერია ცა, რას ნიშნავს სიყვარული, რა ფერისაა არაფერი? და ჰყვება ამას, როგორც ათასჯერ მოყოლილ, განცდილ თუ ნანახ ზღაპარს. ,,ვის შესცოდეს, ვის დაუშავეს უწყინარმა თომამ და უცოდველმა თინამ ისეთი შეუნდობარი, რომ ორივენი ამ ქვეყნიდან გამოითიშნენ და ჭირიანებივით მოსწყდნენ თავიან ტოლებსა და მეზობელებს?!” (50) – ეს, ზოგადად, წუთისოფლის ,,წყევლა-კრულვიანი” საკითხავია. ,,განუჭვრეტელია” თინას წყვდიადი, როგორც მისი შემდგომი ცხოვრება. კეკეს შვილი ყბაჩა, ,,სხვებზე უფრო მოზრდილი, ღონიერი და მხიარული ვაჟკაცი”, სხვაგან წავიდა მოჯამაგირედ და მასზე გულშევარდნილი თინა გაურკვევლობაშია, ელის მას.

ძალიან შთამბეჭდავია თინას საბედისწერო ცეკვა ეკლესიის ზარების ხმაზე (,,ხან ალვის ხესავით აისვეტება და ხელებს ისე გაიშვერს განზე, რომ ჯვარცმულს ემსგავსება”), როცა მას გონჯი მუშა სოლო კაჭარაშვილი დაინახავს (,,სოლო თინასავით უპატრონოა, მარტოა…”). ასე გადაიკვეთება სოლოსა და თინას ბედისწერა, ყბაჩას გვერდის ავლით. სოლო ავად გახდება და თინა საქმროს სანახავად მარტო, მამის გაუფრთხილებლად მიდის ქალქში, სადაც მას თვალის ახელა და ცხოვრებისა თუ საკუთარი წუთისოფლის მომავალი თანაგზავრის, გონჯი სოლოს, ნამდვილი სახის დანახვა, იმედგაცრუების ტკივილი ელის. მანამდე კი ქალაქში, გზაში დაკარგული მოსთქვამს: ,,მიშველ-ეთ…წამიყვანე-თ…გზა მაჩვენეთ” _ ასეთი უცხო სივრცეა მისნაირებისთვის წუთისოფელი. ჩვენთვისაც, ყველასთვის, მაგრამ ჩვენ ფიზიკური მონაცემი მაინც გვიწყობს ხელს, ასე თუ ისე, ჩვენ გზის დანახვა და გაკვლევა მაინც შეგვიძლია, რომ გავიდეთ ,,ბოლოში” და მივიღოთ მისაგებელი – სიხარულის, ტკბობის, ტკივილის, მტანჯველი სინანულისა თუ ცოდვის წილ…ილუზიებისა და რეალობის მკვეთრ შეუთავსებლობაზე, ცხოვრების ადამიანის მიმართ დაუნდობელ ირონიულობაზე, როგორც გაურკვეველ ,,საზრისზე”, საოცარი ექსპრესიით, მხატვრულობითა და ვნებით მოგვითხრობს ეს მოთხრობა, რომლის მარგინალური პერსონაჟ(ებ)ის ბედი წარმოაჩენს ზოგადადამიანურ ხვედრს – ილუზორული სამყაროდან უშეღავათო რეალობაში მტკივნეულ გადასახლებას. იქნებ პირიქითაც?

ყბაჩა ყოველთვის იგვიანებს ან საეთოდ არც გამოჩნდება გოდოსავით კაცთა სიცოცხლეში, _ ასეთია ამქვეყნიური სამართალი, უფრო სწორად, უსამართლობა.

ვიღაცას ვიღაც უყვარს უშედეგოდ (მას სხვა და სხვას _ იგი), ტრაგიკულად, ერთად ყოფნის ბედისწერას მოკლებულად. იშრიტება, ცვდება, ყავლი გასდის ამ გრძნობასაც, როგორც ყველაფერს ამ წუთისოფელში, რომელშიც იმ გზის ბოლოს, რომლის დასაწყისში ყველა ღირსია და მზადაა კუთვნილი ბედნიერებისთვის, ზოგჯერ ექოსავით აღმოხდებათ ხოლმე:

,,არცა შიოლა ყოფილა…ილა…ლა…ააა…”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი