პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გასაჩივრებას ექვემდებარება

სექტემბრიდან მოყოლებული, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში შემოქმედებით წერას ვასწავლი. შემოთავაზებას სწრაფადვე დავთანხმდი, რადგანაც მინდოდა კიდევ ერთხელ გამეცნო საკუთარი თავი, ოღონდ ისეთი, როგორიც წლების წინ ვიყავი. კურსის მიზანია, რომ ჩემნაირმა მოსწავლეებმა, რომლებსაც წერის დაუძლეველი, თუმცა ბოლომდე ჯერაც გაუცნობიერებელი სურვილი სტანჯავთ, თავიანთი შესაძლებლობების, იდეებისა და აზრების დალაგება შეძლონ. შექმნან სრულფასოვანი პერსონაჟები, დააყენონ ისინი პრობლემის წინაშე და შეძლონ ამ პროცესის საინტერესოდ აღწერა.

მივხვდი, რომ ამ მიზნის შესრულება შეუძლებელი იქნება, თუკი მათთან ემოციური კავშირი არ დავამყარე. მივხვდი, რომ ვერ ავუხსნი რისი თქმაც მსურს, თუკი მაგალითებით არ ველაპარაკე.

ერთ შეხვედრაზე, როცა მათთან მაგიური რეალიზმის ირიბ ელემენტებსა და მოთხრობის უბადლო დასასრულებზე მინდოდა საუბარი, ვთხოვე წაეკითხათ გაბრიელ გარსია მარკესის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ტექსტი „პოლკოვნიკს არავინ სწერს”, რომელიც გაბომ თერთმეტჯერ გადაწერა, რათა სათქმელის სნაიპერული სიზუსტისთვის მიეღწია. თავად მარკესი ამბობდა, რომ „მარტოობის 100 წელიწადი” მხოლოდ იმიტომ დაწერა, რომ ხალხს წაეკითხა „პოლკოვნიკს არავინ სწერს”.

მომდევნო შეხვედრაზე, როცა მოსწავლეების აპლოდისმენტებსა და ემოციათა ზღვას ველოდი, სრულიად საპირისპირო ვითარება დამხვდა. მათი უკმაყოფილება თითქოს დერეფანშივე ვიგრძენი, სანამ საკლასო ოთახში შევიდოდი.

-აბა? – მოუთმენელი ინტონაციით ვიკითხე.

-არ მომეწონა – მომახალა ლიზამ.

მოულოდნელმა პასუხმა ყბა ჩამომიგდო, მაგრამ შევეცადე გაკვირვება არ დამტყობოდა და ყალბი ღიმილით ჩავეკითხე:

-როგორ, საერთოდ არაფერი მოგეწონა?

-ვერ ვიტყვი რომ საერთოდ არაფერი, უბრალოდ, დასასრული ისე დაგვიხატეთ, მეტს ველოდი და არც მაგიური რეალიზმი ყოფილა საჩემო საქმე.

სწორედ მაშინ, როცა შეკამათებას ვაპირებდი, მივხვდი, რომ სინამდვილეში ძალიან დროული და სწორი რამ მოხდა. გამახსენდა, რომ ხელოვნებასა და მათ შორის ლიტერატურას, ადამიანი სუბიექტურად აღიქვამს. როცა მკითხველს, განსაკუთრებით კი მოზარდს, ვაქცევთ ლიტერატურული დოგმების ჩარჩოებში, რომ ესა თუ ის წიგნი აუცილებლად კარგი ან აუცილებლად ცუდია, მას შანსს ვართმევთ ლიტერატურისგან მიიღოს მთავარი – იმუნიტეტი. შანსს ვუკარგავთ არ დარჩეს მარტო იმ პერსონაჟებთან ერთად, რომლებშიც საკუთარ თავს ხედავს ან უნდა, რომ დაინახოს. ვპარავთ სიამოვნებას შეიქმნას თავისი სამყარო, სადაც საკუთარი კონტურებით მოხაზული მაკონდო ან საიდუმლო კუნძული ექნება და არა ისეთი, როგორიც მას ავტორებმა შესთავაზეს.

ქართული სკოლების უმეტესობაში, ლიტერატურის გაკვეთილებზე, სამწუხაროდ, აზრების ნაძალადევად დაკანონება ხდება. მასწავლებლების დიდი ნაწილი, ყოველ მომდევნო ავტორზე გადასვლისას, მასზე საუბარს მსგავსი სიტყვებით იწყებს: უდიდესი ან გენიალური ქართველი მწერალი/პოეტი.

რა თქმა უნდა, ეს მთლად სწორი არ არის. ყველა ის ავტორი, რომელიც ქართული ლიტერატურის პროგრამაშია შეტანილი, გენიოსი არ გახლავთ. ბოლო-ბოლო, განა შეიძლება ერთნაირად წარვუდგინოთ ბავშვებს ნიკოლოზ ბარათაშვილი და მირზა გელოვანი? ამ უკანასკნელისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ტატო მაინც სხვა კალიბრის პოეტია, მაგრამ მოსწავლეს უფლება აქვს მირზა უფრო მოსწონდეს, ვიდრე ტატო.

ზუსტად არ მახსოვს, მგონი მარკ ტვენს აქ ნათქვამი (ან ჰემინგუეის): „კლასიკურად ითვლება წიგნი, რომელსაც ყველა აქებს და არავინ კითხულობს”. დოგმების შექმნით, რომელიმე ნაწარმოების კლასიკად ან პირიქით, მაკულატურად შერაცხვით, ჩვენ ვდგებით რისკის წინაშე, რომ წაუკითხავად განვადიდოთ ან დავაკნინოთ ტექსტი. ვთქვათ, რომ „მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი” შედევრია და ამავდროულად წარმოდგენაც კი არ გვქონდეს რა ხდება ამ წიგნში. ვიყვიროთ, რომ „სატანური სტროფები” ცუდი ტექსტია და არ ვიცოდეთ რა უწერია სალმან რუშდის.

სინამდვილეში, მასწავლებლები თავადაც ვერ აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ უდიდესი მიწიერი ძალაუფლება, კომიქსების ენაზე რომ ვთქვა – სუპერ ძალა, რომლის დახმარებითაც შეუძლიათ მოზარდს შეაყვარონ ან პირიქით, შეაძულონ ლიტერატურა. ამისთვის საჭიროა, რომ კითხვაზე გადასვლამდე, მათ გაიარონ ოქროს ხაზზე, მოერიდონ მაღალფარდოვან სიტყვებს, დატოვონ ადგილი შეკითხვებისთვის, არ გამოააშკარაონ ყველა საიდუმლო, მიუთითონ კარებზე, მაგრამ თავად არ შეაღონ ისინი.

და, თუკი მოსწავლე გამოთქვამს აზრს, რომ არ მოეწონა, მაგალითად, „ნატვრის ხე”, აუცილებელი არ არის, რომ ანათემას გადავცეთ ის, შეშფოთებული სახით, აწეული წარბითა და მაღალი ტონით ვუმტკიცოთ, რომ ცდება, გამოვიყვანოთ ქართული საგანძურის მტრად, ქართველობის პოტენციურ ქურდად. არა. წამით მაინც დაუშვით, რომ ბავშვს, უბრალოდ არ მოეწონა.

დანიელ პენაკი, საკუთარ წიგნში „რომანივით საკითხავი”, სწორედ ამ პრობლემას ეხება. დასასრულს ის სვამს კითხვას, რომელსაც ბევრისთვის ცალსახა და გაუსაჩივრებელი პასუხი აქვს: „განა შეიძლება „ანა კარენინა” არ მოგწონდეს?” და იქვე, მკვახე და მოჭრილ პასუხს იძლევა: „შეიძლება”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი