აუცილებელი მუზეუმი

კი მოვიდნენ საუკუნის დასაწყისში ფუტურისტები და თქვეს – მუზუემები უნდა გადავაწვათო – ფერფლს უნდა მიეცესო წარსულის ყოველგვარი ნაშთი, მაგრამ მერე სულ სხვაგვარად მოხდა. ამ ფუტურისტთა და სხვათა ნაღვაწიც დღეს სწორედ მუზეუმებშია დაცული. დრომ და ყოფამ დაამტკიცა, რომ ადამიანები დიახაც დიდად ვებღაუჭებით მეხსიერებას. მაგრამ ხანდახან ისე გამოდის, რომ ჩვენი მეხსიერება უკიდურესად შერჩევითია და რაღაც უცნაური, გაუგებარი ლიმიტი აქვს. ამგვარი ხედვით, ჩვენთან თუნდაც ხელოვანებს ვირტუალურ საფეხურებს ვუწესებთ და მერე არაერთი გვავიწყდება. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ივანე მაჩაბელზე მოგახსენებთ. თუკი ვინმეა გამოსაყოფი მეცხრამეტე საუკუნის ქართველ მოღვაწეთაგან, ერთ-ერთი სწორედ ეს კაცია. თუკი ვინმეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ მთარგმნელობით სკოლას საფუძველი ჩაუყარა, ათონელთა შესანიშნავი პერიოდიდან დიდხნიანი წყვეტის შემდეგ, ივანეა. და ამავე გზით, თუკი ვინმემ გაჭრა ფანჯარა ევროპისკენ, დასავლური აზროვნებისკენ, ეს, სხვათა შორის, ივანეზეც ითქმის.

  თან ძალიან თამამად.

ამიტომაც – ჩვენ გვჭირდება მისი მუზეუმი, განახლებული და სხვაგვარი. საერთოდაც, უნდა არსებობდეს აუცილებელი მუზეუმების სია და შეგვიძლია ამაზე წერაც დავიწყოთ. ივანე მით უფრო დიდი თემაა – მთელი თავისი ურთულესი ბიოგრაფიით – მრავალმხრივი მოღვაწეობით და ტრაგიკული აღსასრულით. ჰოდა, უნდა მივხედოთ ივანეს, აღვადგინოთ მისი პოლემიკის დეტალები ილიასთან – ამისთვის არის შესაბამისი მასალა, გამოვფინოთ ოჯახის წევრთა სურათები, პუბლიკაციები, მიმოწერები, ნივთები – ისე არ დავკარგოთ ეს კაცი, როგორც თვითონ დაიკარგა ფიზიკურად. მე პირადად სიამოვნებით და უანგაროდ ჩავერთვები ამ საქმეში.

  ეს ამბავი იმან მიკარნახა, რომ მაჩაბლის მუზეუმი თბილისს გარეთაც არსებობს. წეროვანში. ლტოლვილი მუზეუმია. არცთუ ოდესღაც თამარაშენში იდგა, ძალიან ლამაზ ეზოში. ორ ომში მოყვა. დღეს არავინ იცის ჯერ კიდევ არსებობს თუ არა – ეგებ გადაწვეს თანამედროვე ,,ფუტურისტებმა’’. აქ კი მართლაც მხრებით გადმოიტანეს, რაც გადმოიტანეს და წეროვანში, აწ გარდაცვლილი დირექტორის კოტეჯში დაფუძნდნენ. მათაც ჭირდებათ მიხედვა.

 მაჩაბლის სახელს, მისი თარგმანიდან რომ ვისესხოთ – ,,ყოფნა, არ ყოფნა’’ არ უნდა დასტრიალებდეს თავზე.

კომენტარები

comments