დღეს, ციფრული ინფორმაციის ჭარბი ნაკადის პირობებში, მოზარდებისთვის დიდ გამოწვევად იქცა ყურადღების მობილიზება და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. სადავო არ არის, რომ მათ უჭირთ ყურადღების ხანგრძლივად შეჩერება არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ სენსაციურ თემებზეც კი. ინფორმაციის გაფილტვრა და მნიშვნელოვან საკითხებზე ფოკუსირების უნარის განვითარება სწავლების განსხვავებულ, ინტერაქციულ მიდგომებს საჭიროებს.
ოქტომბერში, როდესაც მსოფლიო მედია აქტიურად აშუქებდა ნობელის პრემიის ახალი ლაურეატების დასახელების პროცესს, უცნაურ პარადოქსს წავაწყდი: მოზარდები, რომლებიც თვალის დახამხამებაში ითვისებენ ციფრულ სამყაროში მომხდარ ნებისმიერ სიახლეს, ამ გლობალური მოვლენის მიმართ სრულიად გულგრილები იყვნენ. ტრადიციული თხრობა და სტანდარტული აქტივობები აქ ვერ იმუშავებდა – საჭირო იყო მიდგომა, რომელიც მათ ინფორმაციის პასიური მომხმარებლებიდან პროცესის აქტიურ შემოქმედებად აქცევდა. არჩევანი როლურ თამაშსა და იმიტირებულ პრესკონფერენციაზე შევაჩერე.
პროექტის ეტაპები და როლური განაწილება (მე-11 კლასი)
პროექტი რამდენიმე თანმიმდევრულ ფაზად დაიყო, რაც მოსწავლეებს ინფორმაციის ეტაპობრივ ათვისებასა და როლში ორგანულად შესვლაში დაეხმარა.
ფაზა I: იდეის პრეზენტაცია და პროვოცირება
მშრალი ფაქტების მოსმენის ნაცვლად მოსწავლეებმა უყურეს სატელევიზიო საინფორმაციო გამოშვების მოკლე ვიდეოჩანაწერს, სადაც ნობელის პრემიის ლაურეატებს აცხადებდნენ. ამან წარმოშვა პირველი კოგნიტიური კონფლიქტი და კითხვები: „ვინ არიან ეს ადამიანები?“, „რატომ მიიღეს მათ მსოფლიოს უმაღლესი ჯილდო?“. განსაკუთრებული გამოცოცხლება გამოიწვია ფინანსურმა მხარემ: „რა მოცულობისაა ჯილდო? მუდმივია ეს თანხა თუ წლების მიხედვით იცვლება (ინფლაციისა და ფონდის კაპიტალის გათვალისწინებით)?“
ფაზა II: სტრატეგიული როლების განაწილება
კლასი დაიყო სამ ძირითად ფუნქციურ ჯგუფად; თითოეულ მოსწავლეს კონკრეტული პასუხისმგებლობა დაეკისრა:
„ნობელიანტები“ (მეცნიერები/ლაურეატები). ჯგუფი დაკომპლექტდა როგორც საბუნებისმეტყველო (ფიზიკა, ქიმია, მედიცინა/ფიზიოლოგია), ისე ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური (ლიტერატურა, ეკონომიკა, მშვიდობის პრემია) დარგების „სპეციალისტებით“. მოსწავლეებს უნდა შეესწავლათ არა მხოლოდ საკუთარი „სამეცნიერო მიღწევები“, არამედ მათი პრაქტიკული და გლობალური გავლენა კაცობრიობაზე.
„საერთაშორისო ჟურნალისტები“. მოსწავლეები მოქმედებდნენ წამყვანი მედიასაშუალებების (BBC, CNN, Discovery) სახელით. მათ დაევალათ მეცნიერებისთვის მწვავე, კრიტიკული, ანალიტიკური და შემეცნებითი კითხვების დასმა.
„სატელევიზიო მიმოხილველები“. „სპეციალური კორესპონდენტების“ ამ მცირე გუნდმა უზრუნველყო ღია ეთერის იმიტაცია. მათ გააკეთეს მცირე შესავალი (ანონსი) ღონისძიების დასაწყისში, პრესკონფერენციის მიმდინარეობისას აფასებდნენ მთავარ აქცენტებს, ხოლო დასასრულს შეაჯამეს სამეცნიერო დისკუსიის შედეგები.
ფაზა III: კვლევა და ინფორმაციის ფილტრაცია
ეს იყო პროექტის ყველაზე შრომატევადი ნაწილი. მოსწავლეებმა მოიძიეს ვალიდური წყაროები, გაფილტრეს მონაცემების უზარმაზარი მასა და გამოკვეთეს მთავარი მიგნებები. „ჟურნალისტები“ ეუფლებოდნენ ინტერვიუს აღების ხელოვნებასა და მკაფიო მეტყველებას, ხოლო „მეცნიერები“ – რთული სამეცნიერო ტერმინოლოგიის მარტივი, საზოგადოებისთვის გასაგები ენით ახსნას (ტრანსფერისა და პოპულარიზაციის უნარი).
კულმინაცია: პრესკონფერენციის სიმულაცია და კულტურული კონტექსტი
პროექტის პრეზენტაცია გაიმართა სკოლის სააქტო დარბაზში, მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე. სცენა მოეწყო ნამდვილი პრესკონფერენციის პრინციპით: შუაში განთავსდა „ნობელიანტების“ სამუშაო მაგიდები, მათ პირისპირ ადგილები „საერთაშორისო ჟურნალისტებმა“ დაიკავეს, ხოლო „ტელემომხილველები“ მოშორებით იდგნენ და იქიდან აკვირდებოდნენ პროცესს ანალიტიკური რეპორტაჟისთვის.
ვიზუალურმა და ტექნიკურმა ატრიბუტებმა (მიკროფონები, ბეიჯები, გუნდების სტრატეგიული განლაგება) დიალოგს ფორმალურობა მოუხსნა და ნამდვილ სამეცნიერო დისკუსიად აქცია.
მოულოდნელი კოგნიტიური გამოწვევა
განსაკუთრებით ინტერაქციული აღმოჩნდა მომენტი, როდესაც მსმენელებმა დასვეს მოულოდნელი კითხვა: „რატომ არ დააწესა ალფრედ ნობელმა პრემია მათემატიკაში?“ ამ კითხვამ მოსწავლეებში უდიდესი გამოცოცხლება გამოიწვია. როლში შეჭრილმა მოზარდებმა ენთუზიაზმით განიხილეს არსებული ვერსიები და ლეგენდები, რითაც აუდიტორიას დაანახეს, რომ მეცნიერების ისტორია სავსეა დრამატული, ადამიანური მოვლენებით.
აქცენტი მხოლოდ ვიწრო სამეცნიერო მიმართულებებზე არ დასმულა – მიზანი თემის სრული კულტურული კონტექსტის გაცოცხლება იყო. მონიტორზე გადაიცემოდა დოკუმენტური ფილმი გრანდიოზული ბანკეტისა და დაჯილდოების ცერემონიალის შესახებ (რომელიც ყოველწლიურად, 10 დეკემბერს, სტოკჰოლმში იმართება). „ჟურნალისტებმა“ დეტალურად განიხილეს ისტორიული წვეულების ეტიკეტი, მენიუ, ტრადიციული „ნობელის ნაყინი“ და მუსიკალური გაფორმება, რითაც ხაზი გაესვა მეცნიერებისა და ხელოვნების უწყვეტ კავშირს.
ძირითადი მიგნებები და მიღწეული შედეგები (შედეგების მატრიცა)
განვითარებული უნარები |
პედაგოგიური მიღწევა და ტრანსფერი |
კრიტიკული აზროვნება და კვლევა |
ზედაპირული აღქმა საფუძვლიან სამეცნიერო ძიებად იქცა; მოსწავლეებმა ისწავლეს ვალიდური წყაროების შერჩევა და დიდი მოცულობის ინფორმაციის ფილტრაცია. |
არგუმენტირებული კომუნიკაცია |
„ჟურნალისტებმა“ აითვისეს მწვავე, პროვოკაციული კითხვების დასმის კულტურა, ხოლო „მეცნიერებმა“ – საკუთარი პოზიციის არგუმენტირებული, მკაფიო დაცვა. |
ანალიზი და იმპროვიზაცია |
„ტელემიმომხილველებმა“ ისწავლეს მოვლენების სწრაფი ანალიზი, დიდი მოცულობის ინფორმაციის ლაკონურ ტელერეპორტაჟად ქცევა და პირდაპირ ეთერში იმპროვიზება. |
სოციო-ემოციური ინტელექტი |
სხვადასხვა დარგისა და ეპოქის მეცნიერთა როლების მორგებით მოზარდებმა მოვლენები მრავალმხრივი პერსპექტივიდან დაინახეს, რაც ხელს უწყობს ემპათიისა და ინტელექტის განვითარებას. |





