ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
10 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2026

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს ლექსიკონის ფუნქციური გამოყენება

,,თუ ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა არ იცით, შეგიძლიათ ლექსიკონი დაიხმაროთ“ – ზოგჯერ ასეთ, თითქოსდა მარტივ ინსტრუქციას აძლევს მასწავლებელი კლასს. მოსწავლე იღებს ლექსიკონს, პოულობს სიტყვას, მაგრამ იცის კი რეალურად მან ლექსიკონის სწორად გამოყენება? თუ მას სიტყვის მოძებნა შეუძლია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ლექსიკონის გამოყენება იცის.
ლექსიკონში სიტყვის პოვნა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. გაცილებით მნიშვნელოვანია, მოსწავლემ შეძლოს გაარკვიოს, რა სახის ინფორმაცია სჭირდება, რომელ ლექსიკონს მიმართოს, როგორ გაიაზროს მოძიებული ინფორმაცია და როგორ გამოიყენოს იგი მეტყველებისა და წერის დროს.
თანამედროვე მოსწავლისთვის ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია. მას შეუძლია ინფორმაცია რამდენიმე წამში მოიძიოს ელექტრონულ ლექსიკონში, საძიებო სისტემაში ან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ამიტომ ლექსიკონთან მუშაობის სწავლება დღეს მხოლოდ ბეჭდური წიგნის გამოყენების ტექნიკა აღარ არის, იგი ინფორმაციის მოძიების, შეფასებისა და გააზრებული არჩევანის უნარის განვითარებასაც გულისხმობს.
მოსწავლემ შეიძლება იცოდეს, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის ლექსიკონი, ამიტომ ლექსიკონის სახეები მოსწავლეს გავაცნოთ არა როგორც დასამახსოვრებელი ჩამონათვალი, არამედ კონკრეტულ ენობრივ საჭიროებებთან დაკავშირებულ რესურსი. მნიშვნელოვანია, მან დაინახოს: რომ ამა თუ იმ ენობრივი პრობლემის გადასაჭრელად შეიძლება განსხვავებული ტიპის ლექსიკონი დასჭირდეს.
რომელი ლექსიკონირა შემთხვევაში?
რა მინდა გავიგო?
ლექსიკონის ტიპი
სიტყვის მნიშვნელობა
განმარტებითი
სიტყვის სწორი ჩაწერა
ორთოგრაფიული
სიტყვის მნიშვნელობით ახლო სიტყვა
სინონიმთა ლექსიკონი
ფრაზეოლოგიზმის მნიშვნელობა
ფრაზეოლოგიური ლექსიკონი
უცხო სიტყვის მნიშვნელობა
უცხო სიტყვათა ლექსიკონი
დარგობრივი ტერმინის განმარტება
ტერმინოლოგიური ლექსიკონი
ცხრილის გაცნობის შემდეგ სასურველია მოსწავლემ ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს. მაგალითად, მასწავლებელმა შეიძლება შესთავაზოს რამდენიმე სიტუაცია, მოსწავლემ კი აირჩიოს შესაბამისი ლექსიკონი და დაასაბუთოს არჩევანი. ამ დროს იგი უკვე ლექსიკონის სახეებს კი არ იმახსოვრებს, მათ ფუნქციურ გამოყენებასაც სწავლობს.
განმარტებითი ლექსიკონისიტყვის მნიშვნელობის აღმოჩენა
განმარტებითი ლექსიკონი, ბუნებრივია, ერთ-ერთი პირველი რესურსია, რომელსაც მოსწავლე უნდა იცნობდეს. თუმცა მისი გამოყენება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობის გაგებით, მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს:
  • რამდენი მნიშვნელობა აქვს სიტყვას?
  • რომელია აქედან პირდაპირი და რომელი – გადატანითი?
  • იცვლება თუ არა სიტყვის მნიშვნელობა კონტექსტის მიხედვით?
ამგვარი მუშაობა მას აჩვენებს, რომ სიტყვის მნიშვნელობის ცოდნა მისი მხოლოდ ერთი განმარტების დამახსოვრება კი არა, სხვადასხვა კონტექსტში მნიშვნელობის ამოცნობა და გამოყენებაა. ამისთვის კარგი მასალაა მრავალმნიშვნელობიანი სიტყვები.
ორთოგრაფიული ლექსიკონითვითშემოწმების საშუალება
ორთოგრაფიული ლექსიკონი მოსწავლისთვის მხოლოდ მართებული ფორმების მოძებნის საშუალება არ უნდა იყოს. მას შეიძლება მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდეს რედაქტირების პროცესშიც. მაგალითად, წერითი დავალების დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეიძლება ვუთხრათ, იპოვოს საკუთარ ნაწერში სამი სიტყვა, რომელთა მართლწერაშიც ბოლომდე დარწმუნებული არაა და გადაამოწმოს მართებულობა ორთოგრაფიულ ლექსიკონში. ამ დროს ლექსიკონი რედაქტირების პროცესის დამხმარედ იქცევა.
თანამედროვე სასწავლო გარემოში განსაკუთრებით მოსახერხებელია ელექტრონული ლექსიკონების გამოყენება, ქართული ენის პორტალზე ხელმისაწვდომია ელექტრონული ორთოგრაფიული და განმარტებითი ლექსიკონები, რაც ლექსიკონთან მუშაობის შესაძლებლობას ციფრულ გარემოშიც ქმნის.
სინონიმთა ლექსიკონისიტყვების ჩანაცვლებაზე მეტი
მოსწავლეს შეუძლია სინონიმთა ლექსიკონის დახმარებით მოძებნოს კონკრეტული სიტყვის სინონიმი და განსაზღვროს:
  • რომელი სინონიმი იქნება კონკრეტულ კონტექსტში ყველაზე ზუსტი?
  • ყველა მათგანი ერთნაირად ბუნებრივად ჟღერს?
  • იცვლება თუ არა წინადადების ემოციური ან სტილისტური ფონი?
ასეთი მუშაობით მოსწავლე ხვდება, რომ სინონიმების ცოდნა მხოლოდ ლექსიკის გამდიდრება კი არა, სიტყვის სწორად შერჩევის უნარიცაა.
ფრაზეოლოგიური ლექსიკონიროცა ცალკეული სიტყვების მნიშვნელობის ცოდნა საკმარისი აღარ არის
ფრაზეოლოგიზმების სწავლებისას ლექსიკონი მოსწავლეს აჩვენებს, რომ ზოგჯერ მთლიანი გამოთქმის მნიშვნელობის გასაგებად მისი შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობის ცოდნა არ კმარა. მაგალითად: მოსწავლემ შეიძლება იცოდეს სიტყვების „გული“ და „გატეხვა“ მნიშვნელობები, მაგრამ ფრაზეოლოგიზმის – „გული გაუტყდა“ – მნიშვნელობა მაინც ვერ გაიგოს. ამ შემთხვევაში იგი ლექსიკონში პოულობს გამოთქმას, ეცნობა მის მნიშვნელობას და იყენებს. შემდეგ შეიძლება დავალება გართულდეს: მოძებნოს ორი ფრაზეოლოგიზმი, რომლებიც მსგავს აზრს გამოხატავს და შეადაროს მათი გამოყენების შემთხვევები. ამგვარი დავალება ეხმარება მოსწავლეს ფრაზეოლოგიზმის მნიშვნელობის გააზრებაში.
უცხო სიტყვათა და ტერმინოლოგიური ლექსიკონებიროცა პასუხს თავად ვეძებთ
სასწავლო ტექსტებში მოსწავლეებს ხშირად ხვდებათ უცხო სიტყვები და დარგობრივი ტერმინები. უცხო სიტყვის მოძიებისას კარგი სტრატეგიაა:
მოსწავლის ვარაუდი → მოძიება → შედარება → საკუთარი სიტყვებით ახსნა → გამოყენება. ამგვარი გზით მას შეუძლია უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გაგება, ამავდროულად საკუთარი თავდაპირველი ვარაუდის გადამოწმება. დარგობრივი ლექსიკონი მოსწავლეს ეხმარება კონკრეტული სასწავლო სფეროსთვის დამახასიათებელი ტერმინების ზუსტი მნიშვნელობის გარკვევაში.
პრაქტიკული მუშაობა ლექსიკონებთან:
  • ერთი სიტყვარამდენიმე ლექსიკონი
ლექსიკონის ფუნქციის გასაგებად ერთ-ერთი ეფექტური აქტივობაა ერთი სიტყვის სხვადასხვა ლექსიკონში მოძიება. მოსწავლეს შეუძლია, მაგალითად, სიტყვა „გული“ იპოვოს: განმარტებით, ორთოგრაფიულ, სინონიმთა, ფრაზეოლოგიურ ლექსიკონებში და შემდეგ, უკვე მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე, დაასკვნას, რომ ეს ლექსიკონები სიტყვის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის.
  • ლექსიკონის დღიური“ – ცოდნის დაგროვება ყოველდღიური პრაქტიკით
ლექსიკონთან მუშაობის ჩვევის ჩამოსაყალიბებლად მოსწავლემ შეიძლება შექმნას „ლექსიკონის დღიური“. კვირის განმავლობაში იგი ირჩევს რამდენიმე სიტყვას, რომლებიც მისთვის ახალია ან მნიშვნელობაში ეჭვი ეპარება და გამოყენება სურს. თითოეულ მათგანზე იღებს საჭირო ტიპის ინფორმაციას და თანდათან ქმნის საკუთარ პირად ლექსიკურ რესურსს.
  • ონლაინლექსიკონები და ხელოვნური ინტელექტიახალი რეალობა
დღეს ლექსიკონთან მუშაობის სწავლება ციფრული გარემოს გათვალისწინების გარეშე არასრული იქნება, თუმცა ინფორმაციის სწრაფად მიღება ავტომატურად არ ნიშნავს მის სანდოობას. ამიტომ შეიძლება საინტერესო აქტივობა იყოს, მოსწავლეს მიეცეს ერთი სიტყვა და სამი წყარო: განმარტებითი ლექსიკონი, ონლაინრესურსი, ხელოვნური ინტელექტის მიერ მოცემული განმარტება.
მისი ამოცანაა: შეადაროს განმარტებები, იპოვოს მსგავსება და განსხვავება და დაასაბუთოს, რომელ წყაროს გამოიყენებდა სასწავლო დავალების შესრულებისას. ამ შემთხვევაში იგი ივითარებს მნიშვნელოვან უნარს, კრიტიკულად შეაფასოს მოძიებული ინფორმაცია და არ მიიღოს ნებისმიერი ნაპოვნი პასუხი გაუაზრებლად.
  • მოძიებიდან გამოყენებამდე
ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია ლექსიკონების ფუნქციური გამოყენება, რამდენად იყენებს მიღებულ ინფორმაციას მოსწავლე:
  • ზუსტი სიტყვის შესარჩევად;
  • მართლწერის შესამოწმებლად;
  • ტავტოლოგიის შესამცირებლად;
  • ფრაზეოლოგიზმის სწორად გამოსაყენებლად;
  • ახალი სიტყვის საკუთარ მეტყველებაში დასამკვიდრებლად.
ლექსიკონის ფუნქციური გამოყენების სწავლების მიზანი არ არის, მოსწავლემ ბევრი ლექსიკონის სახელი დაიმახსოვროს. მთავარია, მან იცოდეს, რა ტიპის ინფორმაცია რომელ ლექსიკონში მოიძიოს, როგორ შეარჩიოს შესაბამისი რესურსი, როგორ შეამოწმოს მიღებული ინფორმაცია და როგორ გამოიყენოს ახალი ცოდნა. საბოლოოდ, ლექსიკონის ფუნქციური გამოყენება მოსწავლეს უვითარებს დამოუკიდებელი ძიების, ინფორმაციის შეფასებისა და გამოყენების უნარს. სწორედ ამ დროს ლექსიკონი მოსწავლისთვის აღარ არის უბრალოდ ინფორმაციის წყარო. იგი იქცევა რესურსად, რომელსაც მოსწავლე საკუთარი ენობრივი საჭიროების მიხედვით დამოუკიდებლად მიმართავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“