(სტატია ეფუძნება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის მოქალაქეობის მიმართულების სტუდენტების მიერ განხორციელებულ კვლევებს 15-კვირიანი სასკოლო პრაქტიკის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას. მიგნებები და რეკომენდაციები მომზადებულია სტუდენტთა საკონფერენციო ნაშრომების, პრაქტიკული საქმიანობის, საკლასო დაკვირვებებისა და მცირე მასშტაბის კვლევების ანალიზის საფუძველზე)
XXI საუკუნის განათლების სისტემის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოსწავლეებში იმ ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების განვითარება, რომლებიც მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური, პასუხისმგებლობიანი და დემოკრატიული მონაწილეობისათვის მოამზადებს. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება მოქალაქეობის განათლებას, რომელიც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, თანამშრომლობისა და სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებას.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაში მოქალაქეობის კურსი 2025-26 სასწავლო წელს პირველად დაინერგა, რამაც სტუდენტების მხრიდან მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია. პროგრამაზე ჩაირიცხა 24 სტუდენტი, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკულ და კვლევით საქმიანობაში.
სტატიის მიზანია წარმოაჩინოს, რა მნიშვნელობა აქვს 15-კვირიან სასკოლო პრაქტიკას მომავალი მოქალაქეობის მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესში. სტატია ყურადღებას ამახვილებს იმ გამოცდილებაზე, რომელსაც სტუდენტები რეალურ სასკოლო გარემოში იღებენ, იმ გამოწვევებზე, რომლებსაც სწავლა-სწავლების პროცესში აწყდებიან და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც პრაქტიკა სთავაზობს მათი პროფესიული კომპეტენციების განვითარებისთვის.
სტატიაში აღწერილია მოქალაქეობის საგნის სწავლების პროცესში განხორციელებული პრაქტიკული კვლევები, მიგნებები და პროფესიული რეკომენდაციები. წარმოდგენილი მაგალითები აჩვენებს, როგორ ეხმარება სასკოლო პრაქტიკა სტუდენტებს სწავლების, კვლევის, რეფლექსიისა და პროფესიული გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებაში. ამასთან, გამოკვეთილია ის ძირითადი აქცენტები, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია პრაქტიკის ეფექტიანობის, მისი გრძელვადიანი შედეგებისა და მომავალი მასწავლებლების კვლევაზე დაფუძნებული პროფესიული კულტურის ფორმირებისათვის.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამის ფარგლებში მოქალაქეობის დამწყებმა მასწავლებლებმა 15-კვირიანი სასკოლო პრაქტიკა გაიარეს იმერეთის სხვადასხვა საჯარო სკოლაში. პრაქტიკის პროცესში ისინი დააკვირდნენ სასწავლო პროცესს, დაგეგმეს და ჩაატარეს აქტივობები ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით, განახორციელეს მცირე კვლევები, გააანალიზეს სასწავლო პროცესი და საკუთარი გამოცდილება წლის ბოლოს გააზიარეს აწსუ-ს პედაგოგიური ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ XIV საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციაზე „სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“.
ქვემოთ წარმოდგენილია სასკოლო პრაქტიკის ფარგლებში განხორციელებული კვლევების მოკლე მიმოხილვა, ძირითადი მიგნებები და ანალიზი. აღნიშნული კვლევები ასახავს მოქალაქეობის სწავლების პროცესში გამოვლენილ აქტუალურ საკითხებს, პრაქტიკულ გამოცდილებასა და იმ რეკომენდაციებს, რომლებიც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს როგორც მოქმედი, ისე მომავალი მასწავლებლებისთვის.
-
საკვლევი თემა: მედიაცია, როგორც სამოქალაქო კომპეტენციების განვითარების ინსტრუმენტი საჭიროებების კვლევა და პერსპექტივები. ავტორი – დემეტრე ქვარიანი-ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესი’’, სამოქალაქო განათლების მოწვეული მასწავლებელი; ადვოკატი; მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სამოქალაქო განათლების სტუდენტი;
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს ხშირად უჭირთ კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანი გზით მოგვარება. ხშირ შემთხვევაში ისინი ან თავს არიდებენ პრობლემის განხილვას ან მიმართავენ აგრესიულ ქცევას.
კვლევის ფარგლებში სოციალური ქსელის მეშვეობით გამოიკითხნენ სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები. კვლევა ორი ძირითადი მიმართულებით წარიმართა: პირველ რიგში, შესწავლილ იქნა, ფუნქციონირებდა თუ არა სკოლებში მედიაცია, როგორც არჩევითი კურსი ან არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობა; მეორე მხრივ, გამოიკვეთა პედაგოგების დამოკიდებულება მედიაციის დანერგვის პერსპექტივების მიმართ და მათი რეკომენდაციები აღნიშნული მიმართულების გასაძლიერებლად.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მედიაცია, როგორც დამოუკიდებელი არჩევითი კურსი, უმეტეს სკოლებში არ ფუნქციონირებს. თუმცა, რესპონდენტთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ კონფლიქტების მართვისა და მშვიდობიანი კომუნიკაციის საკითხები ინტეგრირებულია როგორც კლასგარეშე საქმიანობებში, ისე სხვადასხვა პროექტსა და ტრენინგში. განსაკუთრებით გამოიკვეთა თანატოლთა მედიაციის, მოსწავლეთა კლუბების, დებატებისა და დემოკრატიული კულტურის მიმართულებით განხორციელებული არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების მნიშვნელობა.
კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
-
სკოლების უმეტესობაში მედიაცია არ არის დანერგილი, როგორც დამოუკიდებელი არჩევითი კურსი;
-
მედიაციის ელემენტები ძირითადად წარმოდგენილია არაფორმალური განათლების აქტივობების ფარგლებში ფრაგმენტულად;
-
პედაგოგები აღიარებენ მედიაციის მნიშვნელობას უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემოს შექმნისათვის;
-
არსებობს სურვილი და მზაობა როგორც მასწავლებელთა, ისე მოსწავლეთა გადამზადების პროგრამებზე მედიაციის მიმართულებით.
რესპონდენტთა რეკომენდაციების საფუძველზე კვლევის ავტორი მიზანშეწონილად მიიჩნევს სკოლებში თანატოლთა მედიაციის პროგრამების, მედიაციის კლუბებისა და შესაბამისი სასწავლო მოდულების დანერგვას, რეალური ქეისების სიმულაციების; გამოცდილ მედიატორებთან კონსულტაციებსა და ქოუჩინგ-სესიებს; ინტერვიუებს მედიატორებთან, პოდკასტებსა და რეპორტაჟებს.
რესპონდენტთა რეკომენდაციების საფუძველზე კვლევის ავტორი მიზანშეწონილად მიიჩნევს სკოლებში თანატოლთა მედიაციის პროგრამების, მედიაციის კლუბებისა და შესაბამისი სასწავლო მოდულების დანერგვას, ასევე მედიაციის საკითხების უფრო ფართოდ ინტეგრირებას მოქალაქეობის განათლების შინაარსსა და არაფორმალური განათლების პროგრამებში.
-
საკვლევი თემა: სათემო პრობლემების მოგვარება და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები მოქალაქეობის გაკვეთილზე. ავტორი – ნონა ქათამაძე. შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მასწავლებელთა 60-კრედიტიანი პროგრამის სტუდენტი; იურისტი. სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მოწვეული მასწავლებელი
კვლევის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რამდენად აცნობიერებენ მოსწავლეები საკუთარ თემში არსებულ პრობლემებს, რამდენად იცნობენ მათი გადაჭრის მექანიზმებს და რა გამოცდილება აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის მიმართულებით.
ავტორმა სასკოლო პრაქტიკის პერიოდში მე-8 კლასის მოსწავლეებთან განახორციელა კვლევითი და პროექტული აქტივობები, რომელთა მიზანი იყო თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, მათი პრიორიტეტიზაცია და შესაბამისი სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების გაცნობა. პარალელურად, სოციალური ქსელების მეშვეობით გამოიკითხნენ მოქალაქეობის მასწავლებლები, რათა შესწავლილიყო, რამდენად ხშირად მიმართავენ მოსწავლეები ან სკოლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რა შედეგებს აღწევენ და რა გამოწვევებს აწყდებიან ამ პროცესში.
კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეებს აქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ჩაერთონ პრობლემების მოგვარების პროცესში, თუმცა უმეტეს შემთხვევაში არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიმართონ, როგორ შეადგინონ ინიციატივა ან რა პროცედურებია საჭირო საკითხის ადვოკატირებისთვის.
გამოკითხულ მასწავლებელთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ სკოლების მხრიდან ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაცია უმეტესად ერთჯერადი აქტივობებით შემოიფარგლება და იშვიათად იღებს სისტემურ ხასიათს. რესპონდენტების შეფასებით, მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელებას ხშირად აფერხებს:
-
ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ არასაკმარისი ცოდნა;
-
მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების ნაკლებად გაცნობა;
-
მოსწავლეთა ნიჰილიზმი და გამოცდილების ნაკლებობა;
-
სკოლისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის არასისტემური პრაქტიკა;
-
პროექტების განხორციელებისთვის დროითი და ორგანიზაციული რესურსების შეზღუდულობა.
კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენდა იმის შესწავლა, თუ როგორ სრულდება სათემო პრობლემების იდენტიფიცირების პროცესი. გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები პრობლემის აღმოჩენითა და განხილვით შემოიფარგლებიან, მაშინ როდესაც რეალური მოქალაქეობრივი კომპეტენციის განვითარებისთვის აუცილებელია პრობლემის გადაჭრის გზების დაგეგმვა, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია და მიღებული შედეგების შეფასება.
კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
-
მოსწავლეები ადვილად ახდენენ თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, თუმცა უჭირთ მათი გადაჭრის მექანიზმების განსაზღვრა;
-
მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების შესახებ ცოდნა ფრაგმენტულია;
-
სკოლებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული;
-
პროექტული სწავლება ზრდის მოსწავლეთა ინტერესსა და პასუხისმგებლობის განცდას;
-
პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვნად აძლიერებს მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებას.
სხვა მასწავლებლებისთვის კვლევის ავტორი რეკომენდაციას იძლევა, რომ სათემო პრობლემებზე მუშაობა ოთხეტაპიან მოდელს დაეფუძნოს: პრობლემის იდენტიფიცირება, მიზეზების კვლევა, შესაბამის ინსტიტუტებთან კომუნიკაცია და შედეგების შეფასება. აღნიშნული მიდგომა მოქალაქეობის გაკვეთილს რეალურ ცხოვრებასთან აკავშირებს და მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, დემოკრატიული მონაწილეობის პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.
კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ მოქალაქეობის განათლების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად იზრდება მაშინ, როდესაც სწავლება სცდება საკლასო სივრცეს და მოსწავლეებს რეალურ საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.
-
საკვლევი თემა: მოქალაქეობის საგნობრივი სტანდარტის ანალიზი – მესამე თაობის ესგ. ავტორი – ნინა მიქიაშვილი. დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი.
განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეობის საგნის თანამედროვე სტანდარტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული სწავლების მიდგომებისგან.
სტანდარტის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ყურადღება გადატანილია:
-
ინფორმაციის დამახსოვრებიდან მის პრაქტიკულ გამოყენებაზე;
-
მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლიდან მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლაზე;
-
თეორიული საკითხების სწავლიდან რეალური ქეისების, ავთენტური სიტუაციებისა და ცხოვრებისეული მაგალითების ანალიზზე;
-
ფრაგმენტული ცოდნიდან ფუნქციური უნარების განვითარებაზე, რომლებიც მოსწავლეს რეალურ სოციალურ, ეკონომიკურ და სამოქალაქო კონტექსტში გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება;
-
მზა ინფორმაციის მიღებიდან კვლევაზე, პრობლემების გადაჭრასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მსჯელობაზე.
კვლევა არ შემოიფარგლა მხოლოდ დოკუმენტების ანალიზით. სასკოლო პრაქტიკის ფარგლებში ავტორმა მეშვიდე კლასში დაგეგმა და ჩაატარა გაკვეთილი საკითხზე ეკონომიკური ურთიერთობები თემში – ბაზარი, რომლის მიზანი იყო მოქალაქეობის საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნების პრაქტიკაში განხორციელება და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან მისი დაკავშირება.
გაკვეთილი სპეციალურად დაიგეგმა იმისათვის, რომ პრაქტიკაში შემოწმებულიყო სტანდარტის მოთხოვნების განხორციელების შესაძლებლობა და მათი კავშირი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები მუშაობდნენ რეალურ და სიმულაციურ სიტუაციებზე, აანალიზებდნენ ბაზრის ფუნქციონირების პრინციპებს, მომხმარებლისა და მეწარმის პასუხისმგებლობებს, სამართლიანი ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობასა და თემის ეკონომიკურ ცხოვრებაში მოქალაქის როლს. აქტივობები დაკავშირებული იყო დემოკრატიული კულტურის ისეთი კომპეტენციების განვითარებასთან, როგორიცაა – თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა, განსხვავებული პოზიციების პატივისცემა, არგუმენტირებული მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება.
პრაქტიკული გამოცდილების ანალიზმა აჩვენა, რომ კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და ეხმარება მათ თეორიული საკითხების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებაში. განსაკუთრებით ეფექტიანი აღმოჩნდა რეალური ცხოვრებისეული მაგალითებისა და პრობლემური სიტუაციების გამოყენება, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა ეკონომიკური საკითხები მხოლოდ თეორიულ ჭრილში კი არა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის კონტექსტშიც განეხილათ.
კვლევის ავტორი ასკვნის, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის წარმატებული განხორციელება მოითხოვს არა მხოლოდ სტანდარტის ცოდნას, არამედ მისი პრაქტიკაში გადატანის უნარს, რაც განსაკუთრებით ეფექტიანად ვითარდება სასკოლო პრაქტიკისა და კვლევითი საქმიანობის ინტეგრირების გზით.
-
საკვლევი თემა: შემოქმედებითი ტიპის დავალება, როგორც კონფლიქტების პრევენცია. ავტორი ანანო ბრელიძე სამართალმცოდნეობის ბაკალავრი. სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მოწვეული მასწავლებელი
თემის ფარგლებში ავტორმა ჩაატარა მცირე მასშტაბის კვლევა, რომლის მიზანი იყო დაედგინა, როგორ იყენებენ მოქალაქეობის მასწავლებლები შემოქმედებით დავალებებს სასწავლო პროცესში, რა გამოწვევებს აწყდებიან მათი დაგეგმვისა და განხორციელებისას და რა რეკომენდაციებს ხედავენ მათი ეფექტიანობის გასაზრდელად.
კვლევის კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავტორი თავადაც დროებით ასწავლის სკოლაში და სასკოლო პრაქტიკის ფარგლებში უფროსკლასელებთან დამოუკიდებლად ჩაატარა მოქალაქეობის გაკვეთილები. სწორედ ამ პრაქტიკულმა გამოცდილებამ მისცა შესაძლებლობა, უშუალოდ გამოეცადა შემოქმედებითი ტიპის დავალებები რეალურ საკლასო გარემოში და დაეკვირვებინა მათი გავლენა მოსწავლეთა ჩართულობასა და ქცევაზე.
კვლევის ფარგლებში სოციალური ქსელების მეშვეობით გამოიკითხნენ მოქალაქეობის საგნის მასწავლებლები სხვადასხვა სკოლიდან. გამოკითხვა ფოკუსირებული იყო შემოქმედებითი აქტივობების გამოყენების პრაქტიკაზე, მათ ეფექტიანობაზე მოსწავლეთა ჩართულობისა და ქცევის რეგულირების კუთხით, ასევე იმ რისკებსა და სირთულეებზე, რომლებიც აღნიშნული მეთოდების გამოყენებას ახლავს თან.
მიღებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ მასწავლებლები აქტიურად იყენებენ მეთოდებსა და აქტივობებს, როგორებიცაა – როლური თამაშები, პოსტერების შექმნა, დებატები, სიტუაციური ამოცანები და სოციალური პრობლემების მოდელირება. რესპონდენტთა შეფასებით, აღნიშნული აქტივობები მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ქმნის უფრო ინკლუზიურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს.
ამავდროულად, კვლევამ გამოავლინა რიგი გამოწვევები და რისკები, რომლებიც ზღუდავს შემოქმედებითი დავალებების ეფექტიან გამოყენებას. მათ შორის ყველაზე ხშირად დასახელდა:
-
დროის არასაკმარისი რესურსი გაკვეთილის ფარგლებში;
-
კლასის მართვის სირთულეები აქტიური ჯგუფური მუშაობისას;
-
შეფასების კრიტერიუმების არაერთგვაროვნება;
-
მოსწავლეთა განსხვავებული აქტივობის დონე ჯგუფურ დავალებებში;
-
მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეზღუდულობა.
რესპონდენტთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ შემოქმედებითი დავალებების არასწორმა დაგეგმვამ შესაძლოა, გამოიწვიოს ქაოსური საკლასო გარემო, ზედაპირული ჩართულობა ან სასწავლო მიზნებიდან გადახვევა, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკს სწავლების პროცესში.
გამოკითხვის შედეგად ასევე გამოიკვეთა მასწავლებელთა რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია აღნიშნული მეთოდის ეფექტიანობის გაზრდისკენ. კერძოდ, რესპონდენტები ხაზს უსვამდნენ:
-
მკაფიოდ განსაზღვრული სასწავლო მიზნების აუცილებლობას ყოველი შემოქმედებითი აქტივობისთვის;
-
შეფასების ერთიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმების შემუშავებას;
-
ჯგუფური მუშაობის წინასწარ სტრუქტურირებასა და როლების განაწილებას;
-
დროის ეფექტიან დაგეგმვასა და აქტივობების ეტაპობრივ ორგანიზებას;
-
რესურსების მრავალფეროვნების უზრუნველყოფას (ვიზუალური, ციფრული და პრაქტიკული მასალები).
კვლევის მიგნებების მიხედვით, შემოქმედებითი ტიპის დავალებები მოქალაქეობის საგანში წარმოადგენს მნიშვნელოვან პედაგოგიურ ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ ცოდნის გააქტიურებას, არამედ სოციალური და ემოციური უნარების განვითარებას. თუმცა მისი ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მასწავლებლის მეთოდურ მზადყოფნაზე, კლასის მართვის უნარებზე და სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვაზე.
-
საკვლევი თემა: იმიტირებული სასამართლო პროცესი, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების სწავლების მეთოდი. თანაავტორი: დიმიტრი ქვარიანი-ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესი’’, სამოქალაქო განათლების მოწვეული მასწავლებელი; ადვოკატი; მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სამოქალაქო განათლების სტუდენტი. თანაავტორი – ნანა ტუკვაძე – სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატური; იურისტი; მაგისტრი; მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სამოქალაქო განათლების სტუდენტი
კვლევის შედეგების მიხედვით, მოსწავლეები გაცილებით უკეთ იაზრებენ სამართლებრივი სახელმწიფოს არსს, როდესაც ისინი თავად მონაწილეობენ სასამართლო პროცესის მოდელირებაში და ასრულებენ სხვადასხვა როლს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, მოწმის ან ბრალდებულის.
დამწყები მასწავლებლების შეფასებით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობას.
თემის – „იმიტირებული სასამართლო პროცესი, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების სწავლების მეთოდი“ – ფარგლებში ავტორმა შეისწავლა აღნიშნული მეთოდის გამოყენების პრაქტიკა მოქალაქეობის განათლების სწავლების პროცესში. კვლევის მიზანი იყო, დაედგინა, რამდენად ხშირად იყენებენ მოქალაქეობის მასწავლებლები იმიტირებულ სასამართლო პროცესს, რა სირთულეებს აწყდებიან მისი განხორციელებისას და რა პირობებს მიიჩნევენ საჭიროდ მეთოდის ეფექტიანობის გასაზრდელად.
კვლევის ფარგლებში სოციალური ქსელების მეშვეობით გამოიკითხნენ მოქალაქეობის საგნის მასწავლებლები სხვადასხვა რეგიონიდან. მიღებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ რესპონდენტთა ნაწილი აქტიურად იყენებს იმიტირებული სასამართლო პროცესის მეთოდს სამართლებრივი საკითხების სწავლებისას, თუმცა მეთოდის გამოყენება ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა.
კვლევამ გამოავლინა რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლებიც ზღუდავს მეთოდის უფრო ფართო გამოყენებას. მათ შორის ყველაზე ხშირად დასახელდა:
-
სასწავლო დროის სიმცირე;
-
შესაბამისი მეთოდური რესურსებისა და სცენარების ნაკლებობა;
-
მასწავლებელთა არასაკმარისი გამოცდილება სიმულაციური სწავლების მეთოდების გამოყენებაში;
-
მრავალრიცხოვანი კლასები და ორგანიზაციული სირთულეები;
-
სამართლებრივ საკითხებზე დამატებითი პროფესიული მხარდაჭერის საჭიროება.
მომავლის პერსპექტივებთან დაკავშირებით რესპონდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ხელმისაწვდომი გახდეს უფრო მეტი პრაქტიკული რესურსი, სცენარი და გზამკვლევი, რომლებიც დაეხმარება მასწავლებლებს იმიტირებული სასამართლო პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ასევე გამოიკვეთა ინტერესი პროფესიული განვითარების ტრენინგების, გამოცდილების გაზიარების შეხვედრებისა და სკოლებს შორის თანამშრომლობითი პროექტების მიმართ.
-
საკვლევი თემა: მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება მოქალაქეობის კურიკულუმში. ავტორი: ნათია ცინცაძე. სპეციალობა – სამართალმცოდნეობა; minor-სპეციალობა – ეკონომიკა და ბიზნესის მართვა. მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელე – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სპეციალისტი.
ერთ-ერთი სტუდენტის კვლევა შეეხებოდა თემას „მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება მოქალაქეობის კურიკულუმში. კვლევის მიზანი იყო დაედგინა, რამდენად არის წარმოდგენილი მდგრადი განვითარების მიზნები მოქალაქეობის სწავლების პროცესში, როგორ აღიქვამენ მათ მასწავლებლები და რა შესაძლებლობები არსებობს აღნიშნული საკითხების უფრო ეფექტიანად ინტეგრირებისთვის.
კვლევის ფარგლებში განხორციელდა მოქალაქეობის მასწავლებლების გამოკითხვა და სასწავლო რესურსების ანალიზი. შესწავლილ იქნა, რომელი მდგრადი განვითარების მიზნები აისახება ყველაზე ხშირად სასწავლო პროცესში და რა მეთოდებით ხდება მათი დაკავშირება მოქალაქეობის საგნის თემებთან.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოქალაქეობის საგანი მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის მოსწავლეებში ისეთი საკითხების გააზრებისთვის, როგორებიცაა – ხარისხიანი განათლება, თანასწორობა, მშვიდობა, ძლიერი ინსტიტუტები, გარემოს დაცვა და პასუხისმგებლობიანი მოქალაქეობა. თუმცა, რესპონდენტთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება უმეტესად ცალკეული აქტივობებისა და პროექტების სახით ხორციელდება და ნაკლებად აქვს სისტემური ხასიათი.
კვლევის ფარგლებში სტუდენტმა შეისწავლა მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირების შესაძლებლობები მოქალაქეობის საგანში და სასკოლო პრაქტიკის პერიოდში თავად გამოცადა PESTEL ანალიზის მეთოდი მოსწავლეებთან მუშაობისას.
კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენდა ის, რომ მოსწავლეებს ხშირად შეუძლიათ პრობლემის დანახვა, თუმცა უჭირთ მისი გამომწვევი ფაქტორების მრავალმხრივი ანალიზი და პრობლემის სისტემური გააზრება. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ პრაქტიკაში გამოყენებულ იქნა PESTEL ანალიზის მეთოდი, რომელიც პრობლემის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ტექნოლოგიური, ეკოლოგიური და სამართლებრივი ფაქტორების მიხედვით შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.
სასკოლო პრაქტიკის დროს მოსწავლეებმა აღნიშნული მეთოდის გამოყენებით შეისწავლეს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი აქტუალური საკითხი ნარჩენების მართვა. მათ პრობლემა სხვადასხვა პერსპექტივიდან გააანალიზეს, დაადგინეს გამომწვევი მიზეზები, დაინახეს დაინტერესებული მხარეები და შეიმუშავეს შესაძლო გადაწყვეტილებები.
კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ PESTEL ანალიზი:
-
ხელს უწყობს კრიტიკული და სისტემური აზროვნების განვითარებას;
-
აძლიერებს კვლევით უნარებს;
-
ეხმარება მოსწავლეებს პრობლემის მრავალმხრივ გააზრებაში;
-
ეფექტიანად აკავშირებს მოქალაქეობის განათლებასა და მდგრადი განვითარების მიზნებს;
-
ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას რეალური პრობლემების განხილვის პროცესში.
სტუდენტის პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ PESTEL ანალიზი შეიძლება იქცეს მოქალაქეობის საგანში სათემო პრობლემების, გარემოსდაცვითი საკითხების, დემოკრატიული მონაწილეობის, ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების მიზნების სწავლების ერთ-ერთ ეფექტიან ინსტრუმენტად.
მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები:
-
მოქალაქეობის საგანი ბუნებრივად უკავშირდება მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვან ნაწილს და ქმნის მათზე მსჯელობისა და პრაქტიკული საქმიანობის ფართო შესაძლებლობებს;
-
პროექტული სწავლება, სათემო კვლევები და საზოგადოებრივ პრობლემებზე დაფუძნებული აქტივობები ეფექტიანი საშუალებაა მდგრადი განვითარების საკითხების სწავლებისა და მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებისათვის;
-
მოსწავლეები უფრო მეტად ინტერესდებიან გლობალური გამოწვევებით, როდესაც ისინი ადგილობრივ პრობლემებთან და საკუთარ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული;
-
PESTEL ანალიზის გამოყენებამ აჩვენა, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ პრობლემების მრავალმხრივი შესწავლა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ტექნოლოგიური, ეკოლოგიური და სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვნად ავითარებს მათ კრიტიკულ და სისტემურ აზროვნებას;
-
PESTEL მეთოდი ეფექტიანად ეხმარება მოსწავლეებს მდგრადი განვითარების მიზნების რეალურ გამოწვევებთან დაკავშირებაში და პრობლემის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეულ გააზრებაში;
-
კვლევისა და ანალიზის ინსტრუმენტების გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, გადაწყვეტილების მიღების უნარსა და პასუხისმგებლობის განცდას ადგილობრივი და გლობალური პრობლემების მიმართ;
კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ PESTEL ანალიზი მოქალაქეობის საგანში შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც უნივერსალური კვლევითი ინსტრუმენტი, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება სათემო და გლობალური პრობლემების კომპლექსურ გააზრებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო გადაწყვეტილებების მიღებაში.
-
საკვლევი თემა: პირადი ფინანსების მართვისა და გონიერი დაზოგვის სწავლების სტრატეგიები მოქალაქეობის გაკვეთილზე. ავტორი – სალომე გირგვლიანი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, დოქტორანტი
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის სტუდენტი
კონფერენციაზე წარმოდგენილ ერთ-ერთ კვლევას წარმოადგენდა თემა „პირადი ფინანსების მართვისა და გონიერი დაზოგვის სწავლების სტრატეგიები მოქალაქეობის გაკვეთილზე“. კვლევის მიზანი იყო იმის შესწავლა, თუ რამდენად მზად არიან მოსწავლეები ყოველდღიურ ცხოვრებაში ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად და რა მეთოდები შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა ფინანსური წიგნიერების განვითარებისთვის მოქალაქეობის საგნის ფარგლებში.
კვლევის ფარგლებში ავტორმა შეისწავლა მოქალაქეობის საგნობრივი სტანდარტი, ფინანსური განათლების კომპონენტების ინტეგრირების შესაძლებლობები და სოციალური ქსელების მეშვეობით გამოკითხა მოქმედი მასწავლებლები. კვლევა ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ რა გამოწვევებს აწყდებიან პედაგოგები პირადი ფინანსების საკითხების სწავლებისას და რომელი მეთოდები მიაჩნიათ ყველაზე ეფექტიანად.
კვლევის პარალელურად, სასკოლო პრაქტიკის ფარგლებში ავტორმა თავად დაგეგმა და ჩაატარა გაკვეთილი ფინანსური პასუხისმგებლობისა და გონიერი დაზოგვის საკითხებზე. გაკვეთილის დროს გამოყენებულ იქნა რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ქეისები, პირადი ბიუჯეტის შედგენის სავარჯიშოები, სიტუაციური ამოცანები და ჯგუფური მსჯელობა, რაც მოსწავლეებს დაეხმარა საკუთარი ფინანსური ქცევის გააზრებასა და გადაწყვეტილებების შეფასებაში.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით ერთვებიან ისეთ აქტივობებში, რომლებიც მათ ყოველდღიურ გამოცდილებას უკავშირდება. პირადი ბიუჯეტის დაგეგმვის, საჭიროებებისა და სურვილების ერთმანეთისგან გამიჯვნის, დანაზოგისა და პასუხისმგებლობიანი ხარჯვის საკითხებმა მოსწავლეებში აქტიური დისკუსია გამოიწვია და ხელი შეუწყო პრაქტიკული უნარების განვითარებას.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები:
-
ფინანსური წიგნიერების საკითხები მოქალაქეობის საგნის მნიშვნელოვან და პრაქტიკულად ორიენტირებულ მიმართულებას წარმოადგენს;
-
მოსწავლეებს უჭირთ ფინანსური გადაწყვეტილებების გრძელვადიანი შედეგების შეფასება, თუმცა რეალურ მაგალითებზე დაფუძნებული სწავლება ამ უნარის განვითარებას ხელს უწყობს;
-
პირადი ბიუჯეტის დაგეგმვისა და დაზოგვის თემები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და ჩართულობას;
-
ქეისებზე, სიმულაციებსა და პრობლემურ სიტუაციებზე დაფუძნებული სწავლება უფრო ეფექტიანია, ვიდრე მხოლოდ თეორიული ინფორმაციის მიწოდება.
კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა მასწავლებლებმა რეკომენდაციად დაასახელეს ფინანსური განათლების საკითხების უფრო აქტიური ინტეგრირება მოქალაქეობის სასწავლო პროგრამაში, პრაქტიკული დავალებების, ოჯახური ბიუჯეტის მოდელირების, ფინანსური თამაშებისა და რეალური ცხოვრებისეული ქეისების გამოყენება.
კვლევის ავტორი ასკვნის, რომ პირადი ფინანსების მართვისა და გონიერი დაზოგვის სწავლება მხოლოდ ეკონომიკური ცოდნის გადაცემას არ ემსახურება. იგი მოქალაქეობის განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობიანი არჩევანის გაკეთების, რესურსების მართვისა და საკუთარი მომავლის დაგეგმვის უნარს, რაც აქტიური და პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
აწსუს მასწავლებლის მომზადების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა 15-კვირიანმა სასკოლო პრაქტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოქალაქეობის განათლების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პრაქტიკულ, მოსწავლეზე ორიენტირებულ და რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ სასწავლო გამოცდილებაზე. თუმცა აღნიშნული პრაქტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენდა არა მხოლოდ სწავლების პროცესში ჩართვა, არამედ კვლევითი კომპონენტის ინტეგრირება მომავალი მასწავლებლების პროფესიულ მომზადებაში.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები არ შემოიფარგლნენ მხოლოდ გაკვეთილებზე დაკვირვებითა და სწავლების პრაქტიკით. მათ გაიარეს მცირე მასშტაბის კვლევის ძირითადი ეტაპები: საკვლევი პრობლემის იდენტიფიცირება, კვლევის მიზნისა და კითხვების განსაზღვრა, მონაცემთა შეგროვება, რესპონდენტებთან მუშაობა, მიღებული შედეგების ანალიზი და პროფესიული რეკომენდაციების შემუშავება. კვლევები უკავშირდებოდა როგორც მოქალაქეობის საგნის სწავლების მეთოდებს, ისე სასკოლო ცხოვრებაში არსებულ აქტუალურ გამოწვევებსა და მოსწავლეთა სამოქალაქო კომპეტენციების განვითარებას.
ამ პროცესმა სტუდენტებს საშუალება მისცა, პრაქტიკა აღექვათ არა მხოლოდ სწავლების, არამედ კვლევისა და პროფესიული თვითრეფლექსიის სივრცედ. მათ საკუთარი გამოცდილება დააკავშირეს რეალურ მონაცემებთან, შეისწავლეს მოქმედი მასწავლებლების გამოცდილება, გამოავლინეს გამოწვევები და შესთავაზეს პრაქტიკული რეკომენდაციები როგორც სკოლებს, ისე კოლეგებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეობის მომავალი მასწავლებლებისთვის კვლევითი კომპეტენციის განვითარება პროფესიული საქმიანობის განუყოფელ ნაწილად იქცეს. მოქალაქეობის განათლება ეფუძნება დემოკრატიული კულტურის, მონაწილეობის, კრიტიკული აზროვნებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის პრინციპებს, რაც მასწავლებლისგან მოითხოვს მუდმივ დაკვირვებას, ანალიზს, პრობლემების კვლევასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.
სასურველია, მასწავლებლის მომზადების პროგრამებში სასკოლო პრაქტიკა განიხილებოდეს არა მხოლოდ სწავლების უნარების განვითარების, არამედ პრაქტიკულ კვლევებზე დაფუძნებული პროფესიული სწავლების სივრცედ. როდესაც სტუდენტი სასწავლო პროცესში არსებულ კონკრეტულ პრობლემას იკვლევს, აანალიზებს მის მიზეზებს და ეძებს გაუმჯობესების გზებს, ის უკვე იწყებს ფუნქციონირებას როგორც მკვლევარი მასწავლებელი პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია საკუთარი პრაქტიკის შეფასება და განვითარება.
სწორედ ამგვარი მიდგომა ქმნის წინაპირობას ისეთი მასწავლებლების მომზადებისთვის, რომლებიც მომავალში მხოლოდ ცოდნის გადამცემები კი არ იქნებიან, არამედ სასკოლო განვითარების აქტიური მონაწილეები, ცვლილებების ინიციატორები და განათლების სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის დამკვიდრების მხარდამჭერები. მოქალაქეობის განათლების კონტექსტში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დემოკრატიული საზოგადოების განვითარება იწყება სკოლიდან, ხოლო სკოლის განვითარება რეფლექსიური, კვლევაზე ორიენტირებული და პროფესიულად მოაზროვნე მასწავლებლისგან.
გამოყენებული ლიტერატურა:
-
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. (2018). ეროვნული სასწავლო გეგმა (III თაობა). თბილისი.
-
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. მოქალაქეობის საგნობრივი სტანდარტი.
-
ევროპის საბჭო. (2018). დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების საცნობარო ჩარჩო (Reference Framework of Competences for Democratic Culture – RFCDC). სტრასბურგი.
-
(2015). Global Citizenship Education: Topics and Learning Objectives. Paris: UNESCO.
-
(2018). The Future of Education and Skills: Education 2030 Framework. Paris: OECD Publishing.
-
მოქალაქეობის მიმართულების სტუდენტების მიერ 2024–2025 სასწავლო წელს განხორციელებული:
-
სასკოლო პრაქტიკის ანგარიშები;
-
რეფლექსიური დღიურები;
-
საკონფერენციო ნაშრომები;
-
მცირე მასშტაბის კვლევების ანგარიშები.


