ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026
14 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

როგორ ვაქციოთ მოქალაქეობის პირველი გაკვეთილი სასწავლო წლის პრაქტიკულ გზამკვლევად

სიმულაციური თამაში მეშვიდეკლასელებისთვის მოქალაქეობის პირველ გაკვეთილზე
სასწავლო წლის დასაწყისი მეშვიდეკლასელებისთვის ახალ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. საგან „მე და საზოგადოების“ (III-IV კლასები) შემდეგ მათ ცხოვრებაში შემოდის ახალი საგანი სახელწოდებით „მოქალაქეობა“. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა პირველივე გაკვეთილზე გაიაზრონ ამ საგნის მთავარი მიზნები, ამოცანები და მნიშვნელობა, საუკეთესო გზაა თამაშით სწავლება.
თამაში სახელწოდებით „საერთო ნადავლი“: მისი მიზანია, მოსწავლეებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით საგაკვეთილო პროცესშივე აღმოაჩინონ, რომ საზოგადოებაში საერთო წესების გარეშე ქაოსი, უსამართლობა და დაპირისპირება ჩნდება, ხოლო სამართლიანი შეთანხმებები მშვიდობასა და თანასწორობას უზრუნველყოფს.
თამაშისთვის საჭიროა: ქაღალდის პატარა ფურცლები (ყოველი ფურცელი სიმბოლურად განასახიერებს ნანადირევს). გაითვალისწინეთ: ფურცლების რაოდენობა კლასში მოსწავლეთა რაოდენობაზე ნაკლები უნდა იყოს, რათა რესურსის დეფიციტი ხელოვნურად შეიქმნას.
თამაშის ეტაპები:
პირველ ეტაპს შეიძლება ვუწოდოთ „ქაოსიდან წესებამდე“. მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის კონტექსტს: „წარმოიდგინეთ, რომ ხართ უძველესი თემის წევრები და ბრუნდებით ნადირობიდან. ეს ფურცლები თქვენი ნადავლია, რომელიც ოჯახის წევრებს უნდა მიუტანოთ. თამაშის დაწყებისას თქვენ უნდა მოხვიდეთ მაგიდასთან, რომელზეც „საკვები“ აწყვია და აიღოთ“. მასწავლებელი არ ამბობს, როგორ უნდა გაიყოს ფურცლები – რა პრინციპით უნდა განაწილდეს ნანადირევი. ბუნებრივად იქმნება სიტუაცია, სადაც ზოგს მეტი შეხვდება, ზოგს – ნაკლები, ზოგს კი არაფერი.
მეორე ეტაპი – დისკუსია
მასწავლებელი აჩერებს პროცესს და სვამს სადისკუსიო კითხვებს:
  • ვის რამდენი ნანადირევი შეგხვდათ?
  • კმაყოფილი ხართ ნანადირევით?
  • რას გრძნობთ ისინი, ვისაც არაფერი შეგხვდათ?
  • შეიძლება, ასეთ გარემოში დიდხანს იცხოვროთ?
  • რა მოხდება, თუ ის მონადირეები, რომლებსაც არაფერი შეხვდათ, საერთოდ უარს იტყვიან მომავალში ჩვენთან ერთად სანადიროდ წასვლაზე?
  • როდის გრძნობთ თავს უფრო უსაფრთხოდ: როცა ყველაფერს ძალა წყვეტს თუ როცა წესი ყველას ერთნაირად იცავს?
  • როგორ ჯობია ახალი წესის შემუშავება – მასწავლებელმა მოიფიქროს, ერთმა მოსწავლემ გადაწყვიტოს თუ ყველამ ერთად ვიმსჯელოთ და კენჭი ვუყაროთ?
  • რისი დათმობა მოუწევს თითოეულ ჩვენგანს იმისთვის, რომ ისეთი წესი შევქმნათ, რომელიც კლასის ყველა წევრს გამოადგება?
  • რეალურ ცხოვრებაში რა არის ის საერთო რესურსი, რომელსაც თუ გაუფრთხილებლად მოვეპყრობით, ამოიწურება?
  • როგორ მოვიხმაროთ არსებული რესურსები დღეს ისე, რომ მომავალშიც გვეყოს და გარემოც არ დავაზიანოთ?
მესამე ეტაპზე ხდება მასწავლებლის ფასილიტაციით წესების ერთობლივი შემუშავება.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ალტერნატივას: „ახლა ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავყოთ ნადავლი სამართლიანად“. მოსწავლეები იწყებენ წინადადებების წამოყენებას. მაგ.: „ყველას ცოტ-ცოტა თანაბრად“, „რიგრიგობით“, „კენჭისყრით“ და ა.შ.. მასწავლებელს დაფაზე გადააქვს მოსწავლეთა მიერ შემოთავაზებული წესები და მთელი კლასი მსჯელობს თითოეული წესის სავარაუდო შედეგზე.
მოსწავლეთა მიერ დასახელებული წესები დავუკავშიროთ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მოდელებს და შევიტანოთ წინასწარ შედგენილ ცხრილში:
მოსწავლეთა მიერ შემოთავაზებული წესი
მოსალოდნელი შედეგი
დაკავშირება დემოკრატიასა და მონაწილეობასთან
თანაბრად გაყოფა: ყველას ხვდება თანაბარი წილი.
ყველა დაკმაყოფილებულია, დაპირისპირება მცირდება.
თანასწორობა, სამართლიანობა, ყველას უფლების გათვალისწინება.
რიგრიგობით გაყოფა: დღეს – ერთს, ხვალ -მეორეს.
ყველას ეძლევა შანსი, ყალიბდება ნდობა.
თანმიმდევრულობა, ნდობა, საერთო გადაწყვეტილებაში მონაწილეობა.
მხარდაჭერა: პატარებს/სუსტებს – მეტი წილი.
სუსტი დაცულია, ჯგუფი ინარჩუნებს ერთიანობას.
ზრუნვა სუსტზე, სოციალური სამართლიანობა, სოლიდარობა.
შრომის დაფასება: ვინც ინადირა, მას – მეტი,  სხვებს – ნაკლები.
შრომა ფასდება, თუმცა ერთიანობაც არ ირღვევა.
კომპრომისი, შრომის დაფასება, სამართლიანი გადანაწილება.
კენჭისყრა: საერთო შეთანხმებით.
ყველა მონაწილეობს, წესს უფრო მეტად სცემენ პატივს.
დემოკრატია, დიალოგი, კოლექტიური პასუხისმგებლობა.
კლასში გაჟღერდება ისეთი წესებიც, რომლებიც ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს. ეს წესებიც ჩავიწეროთ და იმავე პრინციპით ავაგოთ ცხრილი.
არადემოკრატიული / უთანასწორო მოდელების გააზრება:
უარყოფითი წესი/სიტუაცია
მოსალოდნელი შედეგი
დაკავშირება არადემოკრატიულ მოდელებთან
ეკუთვნის მას, ვინც ძლიერია.
სუსტები იჩაგრებიან, წარმოიშობა კონფლიქტი.
ძალადობა, უთანასწორობა.
ვინც პირველი მიასწრებს.
წარმოიშბა ქაოსი, უსამართლობა, უკმაყოფილება.
არადემოკრატიული გარემო, ქაოსი.
ლიდერმა გადაწყვიტოს.
სხვებს ხმის უფლება არ აქვთ, იზრდება დაძაბულობა.
ჩაგვრა, მონაწილეობის შეზღუდვა.
ვისაც მასწავლებელი აირჩევს.
დაუსაბუთებელი უპირატესობა, უსამართლობა.
ნეპოტიზმი, კორუფცია, მიკერძოება, უთანასწორობა.
თამაშის დასასრულს შეგვიძლია, რეფლექსიის კითხვებიც გამოვიყენოთ:
  1. როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყეს ადამიანებმა ნადავლის თანაბრად გაყოფა?
  2. რა მოხდებოდა, წესები რომ არ შეემუშავებინათ?
  3. რისთვის სჭირდებოდათ ადამიანებს ერთმანეთის დახმარება და დაცვა?
  4. როგორ ფიქრობთ, დღესაც გვჭირდება საერთო წესები? რა მოხდებოდა, ქუჩაში ან სკოლაში წესები რომ არ გვქონდეს?
  5. შეგიძლიათ, გაიხსენოთ შემთხვევა, როცა თქვენც დაგჭირდათ მეგობრებთან ან კლასელებთან შეთანხმება?
თამაშის დასრულების შემდეგ მასწავლებელი ახდენს შეჯამებას მოსწავლეებთან ერთად: სწორედ ასე ისწავლეს ადამიანებმა საუკუნეების განმავლობაში, რომ ცალ-ცალკე და წესების გარეშე ვერ იცხოვრებდნენ, საჭირო იყო საერთო შეთანხმებები, სამართლიანი წესები და ერთმანეთის პატივისცემა. ნელ-ნელა ეს წესები გადაიქცა კანონებად, ხოლო ადამიანები – მოქალაქეებად, რომლებიც ერთად ქმნიან საზოგადოებას ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობებით.
თამაშის როგორც სწავლების მეთოდის აქტუალურობა ფასდება იმით, რომ მოსწავლე განმარტებას კი არ ისმენს იმის შესახებ, რა არის კანონი, არამედ თვითონვე ქმნის მას. ისეთი აბსტრაქტული ცნებები, როგორებიცაა სამართლიანობა, დემოკრატია, სოლიდარობა, დისკრიმინაცია, ხდება ხელშესახები და გასაგები. პირველივე გაკვეთილზე ყალიბდება ღია დიალოგისა და ჯანსაღი დისკუსიის კულტურა.
როდესაც მეშვიდეკლასელები თამაშის დროს პირველად ეჯახებიან რესურსების განაწილების პრობლემას, ისინი პრაქტიკულად აღმოაჩენენ 5 საკვანძო ღირებულებას:
სამართლიანობა
თანასწორობა
სოლიდარობა
ტოლერანტობა
თემის ერთობა
როდესაც ხვდებიან, რომ წესების გარეშე განაწილება უსამართლოა.
როდესაც ითხოვენ, რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი უფლება და წილი.
როდესაც ზრუნავენ მათზე, ვინც სუსტია ან ვისაც ნადავლი საერთოდ არ შეხვდა.
როდესაც ისმენენ სხვის განსხვავებულ აზრს წესების შემუშავებისას და იღებენ კომპრომისს.
როდესაც აცნობიერებენ, რომ ცალ-ცალკე ვერ გადარჩებიან და საჭიროა ერთად მოქმედება.
ეს გამოცდილება პირდაპირ უკავშირდება VII კლასის 5 ძირითად თემატურ ბლოკს მთელი წლის განმავლობაში.
ქვემოთ გთავაზობთ მოსწავლეთა მიერ გაკეთებულ კომენტარებს თამაშზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სასწავლო თემებს.
1. თემა: „სასკოლო გარემო და სასკოლო საზოგადოება”
თამაშიდან მიღებული გამოცდილება:
მოსწავლის კომენტარი:
„თავიდან, წესები რომ არ გვქონდა, საშინელი ხმაური და ნადავლის წართმევა დაიწყო. ყველა ერთმანეთს ეჯახებოდა, ფურცელი საერთოდ რომ არ შემხვდა, გული დამწყდა. მერე მივხვდი, სკოლაშიც ან ეზოშიც რომ არ გვქონდეს წესები, ერთმანეთს გადავუვლიდით. ახლა უფრო მეტად მივხვდი, რომ წესები რომ გვქონოდა, ყველა მშვიდად ვიგრძნობდით თავს“.
2. თემა: „თემი, რომელშიც ვცხოვრობთ
თამაშიდან მიღებული გამოცდილება:
მოსწავლის კომენტარი:
„როცა დავინახე, რომ ჩემ გვერდით მჯდომმა კლასელმა საერთოდ ვერაფერი აიღო და მოწყენილი იჯდა, ჩემი ნადავლიდან ნახევარი ვაჩუქე. თამაშში ხომ ერთად ვიყავით სანადიროდ? თუ სუსტს ან ვინც ვერ მოასწრო იმას არ დავეხმარეთ, რა გუნდი ვართ?
 ჩვენს უბანშიც ასეა, მე და ჩემი მეგობარი ჩემი კორპუსიდან ხანდაზმულ მეზობელს ვეხმარებით მარკეტიდან პროდუქტების მოტანაში, ეგეც ხომ სოლიდარობაა!“
3. თემა: „ეკონომიკური ურთიერთობები თემში
თამაშიდან მიღებული გამოცდილება:
მოსწავლის კომენტარი:
„მასწავლებელმა ფურცლები რომ დააწყო მაგიდაზე, ძალიან ცოტა იყო და მივხვდი, რომ ყველას მაინც არ ეყოფოდა. აი, მაშინ მივხვდი, რატომ ჩხუბობენ ხოლმე დიდები ფულისთვის ან რესურსებისთვის.
თუ ნადავლი ცოტაა, ან ძლიერმა ყველაფერი წაიღო, სხვები მშივრები რჩებიან. აუცილებელია, წინასწარ შევთანხმდეთ, ვინ რას აკეთებს და როგორ ვინაწილებთ შრომას და დოვლათს“.
4. თემა: „ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“
თამაშიდან მიღებული გამოცდილება:
მოსწავლის კომენტარი:
„ჩვენ რომ პირველივე წუთს ყველაფერი ერთიანად ავკრიფეთ და ზოგმა ქაღალდები დაკუჭა კიდეც, მასწავლებელმა გვითხრა: „მეორე დღეც დადგა და ჭამა ისევ გინდათ, ბუნებაში კი აღარაფერი დარჩა“. აი, მაშინ შემეშინდა! მივხვდი, რომ
თუ ნადავლს ასე ქაოსურად, განუზომლად და უწესოდ მოვიხმართ, მომავალში აღარაფერი დარჩება“.
5. თემა:
ჯანსაღი ცხოვრება
თამაშიდან მიღებული გამოცდილება:
მოსწავლის კომენტარი:
„მივხვდი, რომ ჩხუბი, ხმაური, ქაოსი, ჩაგვრა და უსამართლობა ადამიანს ფიზიკურადაც და ემოციურადაც აავადებს. ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ ვარჯიში კი არა, არამედ მშვიდი, უსაფრთხო და სამართლიანი გარემოც ყოფილა. მივხვდი, რომ ჯანსაღ და
უსაფრთხო
გარემოში
ცხოვრება
ყველას
უფლებაა“.
მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ სკოლა არის მიკრო საზოგადოება. სასკოლო წესები და ქცევის კოდექსი შეზღუდვა კი არ არის, არამედ სამართლიანობისა და თანასწორობის გარანტორი.
მოსწავლეები ხვდებიან, რომ თემში სოფელში/ქალაქში ცხოვრობენ განსხვავებული საჭიროების მქონე ადამიანები: ხანდაზმულები, შშმ პირები, მოწყვლადი ჯგუფები, რომელთაც სჭირდებათ მხარდაჭერა.
მოსწავლეები უახლოვდებიან სოლიდარობისა და თემის ერთობის ცნებებს.
 მოსწავლეები გაიაზრებენ, როგორ იქმნება დოვლათი, რატომ არის მნიშვნელოვანი შრომის დაფასება და რას ნიშნავს რესურსების მდგრადი/გონივრული/სამართლიანი მართვა თემში.
თამაშის ეს ასპექტი უკავშირდება მდგრად განვითარებასა და გარემოზე ზრუნვას. ბუნებრივი რესურსები (წყალი, ტყე, ნიადაგი, სუფთა ჰაერი) არის საერთო რესურსები, რომელსაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის სამართლიანად შენარჩუნება სჭირდება.
 უსაფრთხოება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა შეუძლებელია ქაოსურ, მოძალადეობრივ გარემოში.
მოსწავლეები იაზრებენ ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის როლს ჯანსაღი, სტრესისგან თავისუფალი გარემოს შექმნაში.
სამომავლო დაფიქრებისთვის
როგორ შევქმნათ კლასში ისეთი წესები, რომ არავინ იგრძნოს თავი დაჩაგრულად ან გარიყულად?
სამომავლო დაფიქრებისთვის: როგორ გავააქტიუროთ თამაშის სოლიდარობის წესი ჩვენი თემის რეალურ ცხოვრებაში?
სამომავლო დაფიქრებისთვის: როგორ უნდა გადანაწილდეს სკოლისა თუ თემის ბიუჯეტი ისე, რომ ყველა მოქალაქის ინტერესი იყოს გათვალისწინებული?
სამომავლო დაფიქრებისთვის:
არის თუ არა ბუნება ჩვენი საერთო რესურსი და რა წესები გვჭირდება მის დასაცავად?
სამომავლო დაფიქრებისთვის: როგორ უწყობს ხელს ურთიერთპატივისცემა და ძალადობის პრევენცია ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობას?
ამ მეთოდის წყალობით მასწავლებელს შეუძლია, მთელი წლის განმავლობაში, ყოველი ახალი თემის ახსნისას, მოსწავლეებს შეახსენოს: „გახსოვთ ჩვენი პირველი გაკვეთილის თამაში? აბა, გაიხსენეთ, როგორ გადავჭერით მაშინ ეს პრობლემა და როგორ შევუსაბამოთ ის დღევანდელ თემას?“
მოსწავლეები საგანს აღიქვამენ არა მშრალ თეორიად ან წესების კრებულად, არამედ საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებულ საინტერესო თავგადასავლად. სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, არგუმენტირებულ მსჯელობას, სხვისი პოზიციის გაგებას (ტოლერანტობა) და საერთო სიკეთისთვის თანამშრომლობას (სოლიდარობა და თემის ერთობა).
მე ეს თამაში 2 საგაკვეთილო საათზე გავანაწილე. მან მოსწავლეებს საშუალება მისცა, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რეფლექსიით და დასკვნების გამოტანით აღმოეჩინათ თანასწორობის, ტოლერანტობის, თემის ერთობის, სოლიდარობისა და სამართლიანობის ფუნდამენტური ცნებები. რაც მთავარია, ეს თამაში გახდა წამყვანი სტრატეგია, რომელიც მთელი წელი გაჰყვათ მოსწავლეებს და მე როგორც მასწავლებელს ყოველი ახალი თემის ახსნისას წინარე გამოცდილების ეფექტიანად გაცოცხლებაში დამეხმარა.
აი, როგორ უკავშირდება თამაშის გამოცდილება VII კლასის 5 თემატურ ბლოკს პრაქტიკულად:
  1. „სასკოლო გარემო, სასკოლო საზოგადოება“ – გახსოვთ, რა მოხდა თამაშის პირველ ეტაპზე, როცა წესები არ გვქონდა? სკოლის წესები და ქცევის კოდექსი შეზღუდვა კი არ არის, არამედ ქაოსისგან საზოგადოების დაცვისა და მისი თითოეული წევრის უსაფრთხოების გარანტორია.
  2. „თემი, რომელშიც ვცხოვრობთ“ – გახსოვთ, რატომ გადავწყვიტეთ, ნანადირევის ნაწილი სუსტებისა და პატარებისთვის გადაგვეცა? თემის სიძლიერე იზომება იმით, თუ როგორ ზრუნავს იგი მოწყვლად ჯგუფებზე (სოლიდარობა, ტოლერანტობა და ერთობა).
  3. „ეკონომიკური ურთიერთობები თემში“ – გახსოვთ, საკვები რომ ცოტა იყო და ყველას არ ეყო? რესურსები შეზღუდულია, დოვლათის შექმნა შრომას მოითხოვს, ხოლო მისი განაწილება – სამართლიანობასა და ბიუჯეტირებას.
  4. „ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ – რა მოხდებოდა, პირველივე დღეს მთელი ნადავლი განუზომლად და უწესოდ რომ მოგვეხმარა? ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება დღეს აუცილებელია, რათა ხვალ უზრუნველყოფილები ვიყოთ (მდგრადი განვითარება).
  5. „ჯანსაღი ცხოვრება“ – როდის გრძნობდით თავს უფრო მშვიდად – ქაოსისა და ყვირილის დროს თუ შეთანხმების შემდეგ? ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ არის; ეს არის მშვიდი, უსაფრთხო, ემპათიური და სტრესისგან თავისუფალი სოციალური გარემო.
ასე რომ, ყოველი ახალი თემის შემოტანისას აღარ ვხარჯავ დროს აბსტრაქტული ცნებების ხელახლა განმარტებაზე. უბრალოდ ვუბრუნდები მოსწავლეთა ამ პირველად გამოცდილებას, რომელიც მათ ცნობიერებაში თამაშით შემოვიდა.
თამაშის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე რეფლექსიის ბარათები, რომლებიც ინდივიდუალურად შეავსეს შინ. მომდევნო გაკვეთილზე ეს ნამუშევრები განვიხილეთ და მოსწავლეებმა ისინი თავიანთ პორტფოლიოში მოათავსეს როგორც წლის პირველი ოფიციალური ნაშრომი.
რეფლექსიის ბარათი ეხმარება მოსწავლეს, გაიაზროს და საკუთარ თავზე მოირგოს მიღებული გამოცდილება.
 
მოსწავლის რეფლექსიის ბარათი პორტფოლიოსთვის
საგანი: მოქალაქეობა
თემა: თამაში „საერთო ნადავლი“
მოსწავლის სახელი, გვარი: —————————-
კლასი: VII (—–)
თარიღი: ——————-
  1. რას გრძნობდი თამაშის პირველ ეტაპზე, როდესაც წესები არ არსებობდა და ნადავლი უთანასწოროდ განაწილდა?
  2. შენი აზრით, რატომ არის აუცილებელი საზოგადოებაში საერთო წესებისა და კანონების არსებობა?
  3. თამაშის დროს შემოთავაზებული წესებიდან რომელი მიგაჩნია ყველაზე სამართლიანად და რატომ?
  4. დააკავშირე თამაში რეალურ ცხოვრებასთან:
შეგიძლია, გაიხსენო სკოლაში, ეზოში ან ოჯახში მომხდარი შემთხვევა, როდესაც წესის/შეთანხმების დარღვევამ უსამართლობა გამოიწვია? როგორ მოაგვარეთ ეს პრობლემა?
  1. შენი დაპირება საკუთარ თავსა და კლასელებს:
როგორ შევუწყობ ხელს ჩემს კლასსა და სკოლაში სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის დაცვას ამ სასწავლო წელს?
თამაში „საერთო ნადავლი“ მოსწავლეებს მატებს მოტივაციას და სძენს უნივერსალურ გამოცდილებას. მოსწავლე თამაშით სწავლობს, რა არის დემოკრატია და მოქალაქეობა და პირველივე გაკვეთილიდან თავად ხდება აქტიური, პასუხისმგებლობიანი და ემპათიური მოქალაქე.
 
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, საგნობრივი სტანდარტები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. 2018-2019
  2. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში: გზამკვლევი პედაგოგებისთვის. ევროპის საბჭო და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო. (2020).
  3. J. L. Epstein. School, Family and Community Partnerships: Your Handbook for Action (4th ed.) (სკოლის, ოჯახისა და თემის პარტნიორობის ფუნდამენტური გზამკვლევი). Thousand Oaks, CA: Corwin Press. 2018
  4. J. Westheimer, J. Kahne. What Kind of Citizen? The Politics of Educating for Democracy (კვლევა – როგორ აყალიბებს სასკოლო გარემო პასუხისმგებლიან და თემზე ორიენტირებულ მოქალაქეს). American Educational Research Journal, 41(2), 237–269. 2004

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“