პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასწაული ორღობის ბოლოს

ორი კვირის წინ საქართველოს ერთ-ერთ არაჩვეულებრივ, ბევრისგან დავიწყებულ პროვინციულ ქალაქში გახლდით. ქვემო ქართლის ყველაზე ლამაზ დასახლებაში გასაოცარ მოულოდნელობას გადავეყარე. ძველი გერმანული არქტიტექტურით ნაგებ სახლებსა და ბოლნისის უნიკალურ ტყე-პარკს ერთმანეთისაგან ერთი თითქოს არაფრით გამორჩეული ორღობე ჰყოფს. თუ არ დაიზარებთ და ორღობეს ბოლომდე ჩაუყვებით, თქვენც სახტად დარჩებით. შარაგზა დიდი საბჭოთა ალაყაფის კარებით სრულდება. ჭიშკარზე კი ფერადი, მთავრული ასოებით აწერია „არტ რეზიდენცია”. ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ბედნიერების განცდა შენობაში შესვლის შემდეგ გაგიორკეცდებათ კიდეც. ცენტრალური სართულისკენ მიმავალ პირველსავე საფეხურზე შეამჩნევთ რამდენიმე საპროტესტო გრავიურას. ნიჭიერ მხატვარს საკმაოდ სამართლიანად ადგილობრივი ოქროს მომპოვებელი და ექსპლუატატორი ფირმა ადამიანების უბედურებაზე მომუშავე ხორცის საკეპი მანქანისათვის მიუმსგავსებია. ოთახების კედლებიც მოხატულია. მრავალფეროვანი კომპოზიციების საფუძველზე ჩვენი საზოგადოების მესიანიზმი, ავტორიტეტებისადმი უსიტყვო მორჩილება, სოციალური უსამართლობა და სახელმწიფოს ეკოლოგიური უპასუხისმგებლობაა გაკრიტიკებული და გაპროტესტებული. სახლის ერთ-ერთ კუთხეში მოხალისეების მიერ შეგროვილ ძალიან საინტერესო და შეიძლება ითქვას მრავალფეროვან ბიბლიოთეკასაც გადააწყდებით. ბრძნული წარწერების ამოკითხვა უზარმაზარ აივანზე შეგიძლიათ. აქ რევოლუციონერი ემა გოლდმანი და მერაბ მამარდაშვილი არიან პოპულარულნი. რეზიდენციის ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე კი სარდაფშია განლაგებული. მასპინძლებს მიწისქვეშ სტუმრებისათვის ძველი, მაგრამ შესანიშნავი ჟღერადობის მქონე ფორტეპიანო და კინოჩვენებებისათვის განკუთვნილი დიდი თეთრი კედელი ეგულებათ.

მოულოდნელობის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ რეზიდენციის მუშაობის სპეციფიკით დავინტერესდი.

ბოლნისის „არტ რეზიდენცია” არაკომერციული დაწესებულებაა. მისი მიზანი შემოსავლების მოპოვება და ქირის ხარჯზე სიმდიდრის დაგროვება არ არის. საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლების მოტივაცია პროვინციული ქალაქის გამოცოცხლება, ჩამკვდარი დასახლებისათვის დამატებითი ფუნციების შეძენა, ცენტრსა და პერიფერიას შორის ინტენსიური კავშირების დამყარება გახლავთ. რეზიდენცია წარმოადგენს საერთო თავისუფალ სამუშაო სივრცეს ხელოვანებისა და რიგითი მოქალაქეებისათვის. ორსართულიან სახლში ადამიანებს ერთად შეკრება და მსჯელობა შეუძლიათ. გარემო შესანიშნავ პირობებს ქმნის საერთო ინოვაციური პროექტების შემუშავებისა და ხანგრძლივი თანამშრომლობისათვის. აღნიშნულ სივრცეს უკვე არაერთხელ უმასპინძლია საჯარო ლექციების, ექსპერიმენტული საღამოების, კინოჩვენებების, ალტერნატიული მუსიკალური ღონისძიებებისა და მრავალკვირიანი პროფესიული შეკრებებისათვის. რაც მთავარია, რეზიდენცია ძალიან ხშირად გამხდარა რეგიონში სხვადასხვა მიზნით ჩამოსული ახალგაზრდული აქტივისტური ჯგუფების თავშესაფარი და ღამის გასათევი მყუდრო ადგილი.

ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ამ ოაზისის შემქმნელის ისტორია გახლავთ. რეზიდენციის დამფუძნებელი კინომცოდნეა, რომელსაც დედაქალაქში ან საზღვარგარეთ ცხოვრების შესანიშნავი შანსები დღემდე აქვს. თუმცა, მან ყველაფერს საკუთარ მხარეში დაბრუნება ამჯობინა. მეტიც, გამორჩეულმა მოქალაქემ კეთილი საქმისათვის მშობლიური სახლი, მშობლიური კარ-მიდამო დათმო. რამდენი ჩვენგანი გაიმეტებდა საკუთარ საცხოვრებელს საჯარო სივრცედ გადაკეთებისათვის? ალბათ, ძალიან ცოტა. რა არის მისი მთავარი სურვილი? სახლის პატრონთან გასაუბრებამ დამარწმუნა, რომ საქმის წამომწყებს ორად ორი ამოცანა აქვს. უპირველეს ყოვლისა, მას სურს, რომ თავისი ქალაქის არსებობის შესახებ მთელ საქართველოს შეახსენოს. ამასთანავე, იგი საკუთარ პროფესიას ემსახურება და ფიქრობს იმ დროზე, როდესაც ბოლნისელი მასწავლებლები და მოსწავლეები კინოს სწავლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეთოდად აღიარებენ.

მე რომ რომელიმე მილიონებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყო, უარს ვიტყოდი ფეშენებელურ სასტუმროებში ნაკლებად ეფექტიანი შეკრებების განხორციელებაზე და მინიმალური დანახარჯებით ბოლნისში, ადგილობრივი სახელოვნებო და სამოქალაქო პლატფორმის განვითარებისათვის გავეშურებოდი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი