პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ასეთი „ნაცნობი და უცხო“ – ბულინგი

„ძვირფასო მეგობრებო, თუ თქვენ ამ წერილს კითხულობთ, მაშინ დიდია ალბათობა, რომ თქვენ სასკოლო ბულინგს პირისპირ შეეჩეხეთ. ვინც არ უნდა იყოთ თქვენ – სკოლის მოსწავლე, რომელიც დევნის მსხვერპლი გახდით, თუ საკუთარი შვილების ბედ-იღბლით შეწუხებული მშობელი; ან იქნებ თქვენ ხართ პედაგოგი, რომელსაც საკლასო ოთახში არსებული გარემო გაშფოთებთ; ან იქნებ სულაც ზრდასრული ადამიანი ხართ, რომელიც სკოლის ასაკში თავად გახდა ბულინგის მსხვერპლი და ახლაც ვერ ახერხებთ მაშინ განცდილი შეურაცხყოფის დავიწყებას? ნებისმიერ შემთხვევაში მინდა იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. სამყაროში მილიონობით ადამიანია, რომელთაც ზუსტად იგივე კითხვა აწუხებს“, – აი ასე იწყება ამერიკელი ავტორის Jodee Blanco-ს წიგნი, რომლის სათაურია: „გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩემი დაცინვა“. ჩიკაგოში მცხოვრები ქალბატონი, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა სასკოლო ბულინგი არა მხოლოდ ბესტსელერების ავტორია, არამედ ის ძალზე აქტიურად ეხმარება ანტიბულინგ კამპანიებს. ჯოდი ბლანკო წლების განმავლობაში აქტიურად იბრძვის ამერიკულ სკოლებში სოციალური კლიმატის შესაცვლელად. მან შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც სკოლებში ბულინგის თემას ეხება. საერთო ჯამში მან ნახევარ მილიონზე მეტ სკოლის მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგს მიაწვდინა ხმა და შეძლო აეხსნა, რომ „ბულინგი – სულაც არ არის უწყინარი ხუმრობა“.

ამერიკელი ავტორი, რომელმაც გადაწყვიტა საკუთარი ნეგატიური გამოცდილება საჯარო განხილვის საგნად ექცია, ამბობს, რომ ასეთი რთული არჩევანი მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთხელ მოუსმინა CNN-ის პირდაპირ ეთერში როგორ საუბრობდნენ „ექსპერტები“ ერთ-ერთ უმძიმეს ტრაგედიაზე, რომელიც სკოლის მოსწავლეების ცეცხლსასროლი იარაღიდან მიზანმიმართულ დახოცვას ეხებოდა. ეს სისასტიკე ამავე სკოლის ორმა უფროსკლასელმა ჩაიდინა. მას შემდეგ, რაც მათ 13 ადამიანი მოკლეს და 23 დაჭრეს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

„ვუსმენდი ექსპერტების ფუჭ საუბარს – განმარტავს ჯოდი ბლანკო – და ვფიქრობდი, რომ ამერიკას არ ესმის პრობლემის არსი, თუ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი იარაღთან ადვილი წვდომის შედეგია – ვფიქრობდი მე და ისევე თანავუგრძნობდი იმ ორ ბიჭს, რომლებმაც ეს საშინელება დაატრიალეს, როგორც უდანაშაულო მსხვერპლებს. მინდა ვაღიარო, რომ მხოლოდ მაშინ მივხვდი ჩემი წარსული ცხოვრების ტრავმა ჯერაც არ მქონდა „გადახარშული“, რაც ნამდვილად სერიოზული პრობლემა იყო. ფსიქოლოგებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ დაუსრულებელი ცხოვრებისეული განცდები ადამიანებისთვის მუდმივი ნერვიულობის, შფოთვის, დისკომფორტის წყარო ხდება. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მძიმე ბავშვობისა და მოზარდობის ასაკისთვის რაღაც აზრი მიმეცა. მე მინდოდა, ბულინგის მსხვერპლი ბავშვებისთვის მეთქვა, რომ ისინი მარტონი არ არიან და რომ არსებობენ ზრდასრული ადამიანები, რომლებმაც მათ ასაკში იგივე განიცადეს. მოძალადე ბავშვებისთვისაც მაქვს სათქმელი და ეს ასე ჟღერს: ბულინგი, დევნა, ძალადობა, დაცინვა სულაც არ არის სახუმარო ამბავი. მსგავსი ქცევებით, მოძალადეები თანატოლებს მთელ ცხოვრებას უმახინჯებენ.

ბულინგი – ვიღაცისთვის არის საზიზღრობების კეთება; თანაკლასელის მარტო დატოვება, ანუ სხვა თანაკლასელების იძულება, არ იმეგობრონ მასთან, არ ჩართონ კოლექტიურ აქტივობებში, არ დაპატიჟონ დაბადების დღეზე, არ ილაპარაკონ მისი თანდასწრებით. ამ და სხვა არაეთიკურ, უსამართლო, უზრდელ საქციელს შეუძლია ფიზიკურ ძალადობაზე მეტი ზიანი მოუტანოს დაჩაგრულს. დევნისა და შევიწროების მსხვერპლი იწყებს არა მჩაგვრელების დადანაშაულებას ძალადობაში, არამედ საკუთარ თავს ამუნათებს, ფიქრობს, რომ მასში რაღაც „ისე არ არის“ და რომ შეიძლება ის თავად „იწვევს“ ბულერებს და „პროვოცირებას უკეთებს“ მათ საქციელს. შედეგად, შესაძლოა დაჩაგრულ ადამიანს საკუთარი პიროვნების მიმართ უნდობლობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვეს და მისი ცხოვრება კოშმარად აქციოს. მე შევხვედრივარ უამრავ ადამიანს, რომლებიც ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი გახდნენ და ძალიან მძიმედ განიცდიან ამას უკვე ზრდასრულ ცხოვრებაშიც. ზოგ შემთხვევაში, ისინი საკუთარი შვილების სკოლაში მიყვანისგანაც კი იკავებდნენ თავს“.

„უნდა ვაღიარო, – განაგრძობს ავტორი, – ჩემი საქმიანობის ყველაზე რთული მომენტი იყო, საკუთარი მოგონებებისთვის თვალის გასწორება. მართალია, სკოლის წლები უკვე დიდი ხანია, წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ ყოველ ჯერზე იმ მოვლენების ხელახლა გახსენებისას კვლავ მწვავე ტკივილს განვიცდიდი. მე ისე ძლიერ მინდოდა სასკოლო ბულინგის საწინააღმდეგო კამპანიის წარმართვა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ყოველთვის ვპოულობდი ძალას, გამეგრძელებინა ბრძოლა. ჩემი სიძლიერის წარმმართველი ხშირად ის წერილები ხდებოდა, რომლებსაც შეხვედრების შემდეგ ვიღებდი მსმენელებისგან. ის სულის შემძვრელი ტექსტები დანამდვილებით მაფიქრებინებდა, რომ უმნიშვნელოვანეს საქმეს ვაკეთებ და ბულინგის წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის წარმოება არ უნდა შევწყვიტო. წიგნის დაწერაც ამ ბრძოლის ნაწილი გახდა“.

ჯოდი ბლანკოს მიაჩნია, რომ ხშირად თავად მოძალადეებსაც სჭირდებათ დახმარება, რადგან მათი გარკვეული ნაწილი, მათივე თქმით, ვერც კი ხვდება, რა სისასტიკეს სჩადის. ამ შემთხვევაში სწორედ, მშობლები და მასწავლებლები უნდა გახდნენ მოძალადეების დამხმარეები, რათა მათ შეძლონ იმის გაცნობიერება, რა სავალალო შედეგები მოჰყვება მათ საქციელს. ახლა ერთ მცირე ნაწყვეტს გაგაცნობთ იმ მრავალრიცხოვანი წერილებიდან, რომლებსაც „ყოფილი მოძალადეები“ მიგზავნიან:

„გამარჯობათ! დღეს თქვენ ჩვენს სკოლაში სტუმრად იყავით მოწვეული. თქვენმა ისტორიამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე ახლა სულ სხვა თვალით შევხედე მათ, ვისაც ადრე დავცინოდი, ვეცდები იმ თანაკლასელების მიმართ სიკეთე გამოვიჩინო და აღარ გავხდე მათი ტანჯვის მიზეზი. მთელი ჩემი კლასის სახელით ვამბობ, რომ თქვენ ჩვენ ძალიან დაგვაფიქრეთ. ჩემი მეგობრები სულ თქვენს მონათხრობს განიხილავენ, ისინი სულის სიღრმემდე შეაძრწუნა თქვენ მიერ ჩვენს ასაკში გადატანილმა სასკოლო ბულინგმა. გეფიცებით, მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ, დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება“.

„მე ყოველთვის ვიცოდი – უზიარებს საკუთარ გამოცდილებას ჯოდი ბლანკო მკითხველს – რომ ჩემ მიერ სკოლის ასაკში გადატანილი ბულინგი, გავლენას იქონიებდა მომავალში ზრდასრულ ცხოვრებაზე. შიშები, საკუთარ თავში დაურწმუნებულობა ყოველთვის მიწამლავდა ცხოვრებას. ჩემს ფიქრებში განუწყვეტლივ ტრიალებდა მოსაზრება, რომ კვლავაც შეიძლება გამრიყონ, არ მიმიღონ. ეს ფიქრები სულ ჩემთან იყო, მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში დგებოდა. დარწმუნებული ვარ, ჩემს მსგავსად ბევრი ადამიანი ცდილობს, როგორმე დაძლიოს იმ მძიმე ტრავმების შედეგები, რომლებიც მას სკოლის ასაკში თანატოლებმა მიაყენეს. მას შემდეგ, რაც წიგნი დავწერე და ის ბევრმა ადამიანმა წაიკითხა, ხშირად მომმართავენ ბულინგის მსხვერპლი ბავშვები და ზრდასრულები. ისინი საკუთარ ისტორიებს მიყვებიან, რითაც ცდილობენ, როგორმე თავადაც დაძლიონ ის მარტოსულობა, რომელსაც გადატანილი ძალადობის გამო განიცდიან. ჩვენ მონათესავე სულები ვართ. ჩვენ გვაკავშირებს უხილავი ძაფები, რადგან ვიცით, რას ნიშნავს, იყო სკოლის მოსწავლე, რომელიც თანაკლასელებმა გარიყეს, უგულებელყვეს, დასცინეს და არაფრად ჩააგდეს. ჩემი ავტორობით შექმნილი ფრაზა: „ზრდასრული, რომელმაც ბავშვობაში ბულინგი გადაიტანა“ – თანდათან დამკვიდრდა. ჩემი წიგნი ეხმარება ამ ადამიანებს, თავი მარტოსულად არ იგრძნონ, იბრძოლონ დევნისა და ძალადობის წინააღმდეგ“.

ძვირფასო მკითხველო, ამერიკელი ავტორის წიგნიდან ნაწყვეტის გაცნობის მიზანი ის გახლავთ, რომ ქართველი აუდიტორიაც დაფიქრდეს, რაოდენ რთულ შედეგებს იწვევს ბულინგი ადამიანებში. მოზარდებსა და თინეიჯერებში დაგროვილი აგრესია, დაუნდობლობა, მიტევების და თანაგრძნობის უნარის დეფიციტი, სხვა შესაძლო მიზეზებთან ერთად, მათ მიერ სკოლის პერიოდში გადატანილი ბულინგის გამოძახილი ხომ არ არის.

 

სტატია თარგმნა და მცირე კომენტარი დაურთო

  ქეთევან კობალაძემ         

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი