პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

სააზროვნო უნარებზე ორიენტირებული დავალებები

კომპლექსური დავალებების მიმართ საზოგადოებრივი აზრი დღეს არაერთგვაროვანია. ზოგისთვის მისაღები და საინტერესო აღმოჩნდა ახალი სკოლის მოდელის მიერ შემოთავაზებული აქტივობები, ზოგისთვის კი – პირიქით. თუმცა ფაქტია, რომ ინტერესი დიდია ახალი გამოწვევის მიმართ და რაც უფრო გამართული და პროდუქტიული აღმოჩნდება კომპლექსური დავალებები, მით უკეთესი ყოველი პედაგოგისთვის, რომელიც ჩართულია სწავლა-სწავლების პროცესებში.

მეც, ერთ-ერთ რიგით მასწავლებელს, მინდა, საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ. თუ რამდენად არის შესაძლებელი, კომპლექსურის მეშვეობით, მოსწავლემ შეასრულოს კრეატიული და მაღალ სააზროვნო უნარების შემცველი სამუშაო, ხალისით და წარმატებული შედეგით.

კომპლექსური განვახორციელე საბაზო საფეხურზე, VIII კლასში. თემაზე: ბიზანტიის იმპერიის განადგურება და ანტიოსმალური კოალიცია“. სამიზნე ცნება – ისტორიული მოვლენა/ პროცესი;(შედეგი: 4, 5, 6, 8, 9).

კომპლექსურის პირობა შემდეგში მდგომარეობდა: მოსწავლეს ევალებოდა, XV საუკუნეში მოღვაწე ქართველ სწავლულად წარმოედგინა თავი და 1453 წლის კონსტანტინოპოლში დატრიალებული მოვლენები, წერილობით გაეცნო ქართული პოლიტიკური თუ რელიგიური საზოგადოებისთვის. კომპლექსურის პირობა საშუალებას იძლეოდა წერილში, ქართულ ინტერესებთან ერთად, პირადი ემოციები და განცდებიც ჩაედო ავტორს.

კომპლექსურის პირობა, თითქოს მარტივი და საინტერესოა იყო, მაგრამ მუშაობის პროცესში, მოსწავლეების მიერ დასმულმა კითხვებმა მიმახვედრა, რომ, თუ პირობა უცვლელი დარჩებოდა, საბოლოოდ, წერილები ერთფეროვანი და მოსაწყენი გამოვიდოდა. რაც ჩემს ინტერესში საერთოდ არ შედიოდა.

გადავწყვიტე პირობა შემეცვალა. თანაც ისე, რომ კომპლექსურის სტრუქტურა და შეფასების კრიტერიუმი უცვლელი დარჩენილიყო, ხოლო მოსწავლეთა მოტივაცია და კრეატიული მიდგომები წამეხალისებინა.

 პრობლემა შემდეგნაირად გადავჭერი: ორი რამ, რაშიც მოსწავლეები არ შევზღუდე და ჩემი ამ გადაწყვეტილებით, კომპლექსურის თავდაპირველი პირობა შეიცვალა იყო შემდეგი. 1. მოსწავლეს მივეცი საშუალება წერილის ადრესატი აერჩია თავისუფლად, სურვილისამებრ (კომპლექსურით მხოლოდ პოლიტიკური ან რელიგიური პერსონაჟი იყო განსაზღვრული) 2. მოერგო ის როლი, რომელსაც საკუთარი წარმოსახვითი სამყარო უკარნახებდა (კომპლექსური დავალება, ქართველი სწავლულის როლს გვთავაზობდა მხოლოდ).

ამასთან, იმისათვის, რომ თხრობა შაბლონური არ ყოფილიყო, მოსწავლეებს შევთავაზე – წერილში მოვლენები აესახათ სურვილისამებრ. გაბმულად მთელი პროცესი (კონსტანტინოპოლის ალყიდან, მისი დაცემით და ანტიოსმალური კოალიციის შექმნით დამთავრებული), ან ფრაგმენტულად, ამ პროცესებიდან ერთი რომელიმე მონაკვეთი გადმოეცათ (მხოლოდ ალყა, კონსტანტინოპოლის დაცემა, ამნიოსმალური კოალიცია).

თავად კომპლექსურით განსაზღვრული პროდუქტი, ანუ წერილი თავისთავად უცვლელი სახით დარჩა, რომელიც მოსწავლეებს უნდა შეესრულებინათ.

პრეზენტაციების წარმოდგენის პირველ ეტაპზე, იყო შემთხვევები, რომ მოსწავლეებმა წერილის ნაცვლად დღიური ან საისტორიო მატიანის მსგავსი ჩანაწერი წარმოადგინეს. აღნიშნული ცვლილება, რაღა თქმა უნდა, არ დავუშვი. მოსწავლეებს ავუხსენი, რომ პროდუქტის ჩანაცვლება გამოიწვევდა კომპლექსურის სტრუქტურის შეცვლას. ხოლო ჩვენი შესასრულებელი სამუშაოს მიზანი და დანიშნულება, სწორედ წერილის შექმნას, მისი მნიშვნელობის გააზრებას გულისხმობდა.

– რა შედეგზე გავიდნენ მოსწავლეები და რა დასკვნა გავაკეთე მათი წერილების საფუძველზე

  ყველა მოსწავლემ გაიგო დავალების არსი და დაწერა „წერილი“. წერილებში ზოგი მოსწავლე შეეცადა მთელი პროცესი აესახა (კონსანტინოპოლის დაცემიდან ანტიოსმალური კოალიციის ჩათვლით), ზოგმაც ფრაგმენტულად მაგ.: ალყის პერიოდი, უშუალოდ ბიზანტიის დაცემის ტრაგიკული მოვლენები, ან მეჰმედის ტრიუმფალური გამარჯვება და ანტიოსმალური კოალიციის შექმნის აუცილებლობა ასახა.

 ყველა მოსწავლე შეეცადა, განსხვავებული როლი მოერგო. ზოგი სწავლულის პოზიციიდან აშუქებდა მოვლენებს, ზოგიც პილიგრიმის ან ტყვედ ჩავარდნილი მოქალაქის, ზოგმა აღნიშნული მოვლენა გამარჯვებული მეომრის ან სულთნის სასახლის პოზიციიდან გააცოცხლა.

 

მოსწავლეებმა იზრუნეს წერილის, როგორც ვიზუალურ ასევე შინაარსობრივ მხარეზეც. ასე მაგ.: უმრავლესობამ კალიგრაფიული ნიმუშებით იხელმძღვანელა, ასევე გამოიყენეს დაშიფრული წერილი, ე.წ. ანჩინური შრიფტი, ქართულში ნასწავლ მასალასთან ინტეგრირების საფუძველზე, ასევე იყო, ე.წ s.o.s განგაშის ხასიათის წერილი. გრაგნილები, დაძველებული თაბახის ფორმატში და ტყავზე ეტრატის მსგავსად შექმნილი.

 და რაც ყველაზე მთავარია, არ დარჩა მოსწავლე, რომელმაც მასალა თემატურად ვერ გაიაზრა ან კრეატიული წერილის შექმნას მაინც არ შეეცადა, მათ შორის ისეთი მოსწავლეები აქტიურობდნენ, რომლებიც ჩვეულებრივ დიდად არ ერთვებიან ხოლმე სასწავლო საგაკვეთილო პროცესში. რამაც ძალიან საინტერესო და სახალისო გახადა მუშაობის პროცესი. საბოლოოდ, მოსწავლეებმა შეძლეს ცოდნის არა მხოლოდ მიღება-გააზრება, შესაბამის ეპოქასთან დაკავშირებით, არამედ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაც.

მეტი სიცხადისთვის, გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს მოსწავლეთა ნამუშევრებიდან:

 „წერილი ზარდახშაში “

 ….თქვენო ბრწყინვალებავ, ჩემთვის დიდი პატივია გაცნობოთ ახალი ამბავი. ვიმყოფები კონსტანტინოპოლში. თურქ-ოსმალთა სულთნის, მეჰმედის ბრძანებით, 6 აპრილს დაიწყო ალყა, რომელსაც მეციხოვნეები 7 კვირის განმავლობაში იგერიებდნენ. ოსმალები იყენებენ ჩვენთვის უცხო იარაღს. ზღვაზე უპირატესობა მოიპოვეს. ყველაფერი მათ კონტროლქვეშაა. დაირღვა ძველი წესრიგი, დაიწყო ახალი ეპოქა…

ამონარიდი ამ წერილიდან ნათლად გვიჩვენებს, რომ მოსწავლემ შეძლო პროცესის არა მხოლოდ გააზრება, არამედ მისი ლაკონურად გადმოცემა და ეპოქის მნიშვნელოვანი ასპექტის ერთ სტრიქონში ჩამოყალიბება. ამასთან მეტი ინტერესის გამოსაწვევად, იზრუნა წერილის ვიზუალურ მხარეზეც და ზარდახშაში მოათავსა. ვგონებ, ჩანაფიქრი კარგად განახორციელა.

მეორე მოსწავლის, ნააზრევი კიდევ უფრო საინტერესოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მან პრობლემა უფრო ემოციურად განიცადა და პროდუქტიც განსხვავებული, გამაფრთხილებელი, ე. წ. S.O.S სახით წარმოგვიდგინა.

„S.o.s წერილი“

თუ ამ წერილს კითხულობ, უფალმა ინება, რომ შენც გაგეგო უბედურების შესახებ, რომელიც ოსმალებმა დაატრიალეს კონსტანტინოპოლში. ყველაფერი ბოსფორზე ციხეების მშენებლობით დაიწყო, ჭორები დადიოდა, ოტომანები ომისთვის ემზადებიანო. სულთანმა უნგრელებს უცნაური იარაღის დამზადება შეუკვეთა, რომელიც უზარმაზარ ლოდებს 2 კილომეტრზე ისვრის… 7 კვირა ისე გავიდა, გამარჯვების იმედი არცერთი წუთით არ დაგვიკარგავს, მაგრამ 29 მაისი, თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე, უკანასკნელი აღმოჩნდა კონსტანტინოპოლელთათვის, დაეცა მართლმადიდებელ ქრისტიანთა იმედი, ბრძოლის ველზე დაეცა იმპერატორიც.

 მე და მთელი ჩემი ოჯახი: ცოლი და ჩემი ქალ-ვაჟი ტყვედ ჩავვარდით. როგორ ვოცნებობდი მათ მომავალზე… ახლა არ ვიცი. სულთანი ქრისტიანებისგან გამუსლიმანებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში დევშირმეს გადახდა მოგვიწევს _ ბავშვებს აარჩევენ და თუ გაგვიმართლა იანიჩარად ან რომელიმე სამსახურისთვის შეარჩევენ ჩემს ვაჟსაც. არ ვიცი… აწმყო ტრაგიკულია, მომავალი ბუნდოვანი… მთელი ხმით მინდა, ვიყვირო, სასოწარკვეთილმა – დ ა გ ვ ე ხ მ ა რ ე თ!

 

სრულიად განსხვავებული მიდგომა წარმოგვიდგინა ერთ-ერთმა მოსწავლემ. რომლებმაც მოვლენები განსხვავებული მხრიდან, ოსმალთა პოზიციიდან გააშუქა და სათქმელი ორ წერილად ჩამოაყალიბა, მის ნაშრომს პირობითად „ოსმალი მეომრის წერილი ვუწოდეთ“.

 

 

 ოსმალი მეომრის წერილი

საყვარელო ძმაო, გესალმები მონატრებული. ჩვენ ვემზადებით გადამწყვეტი შეტევისთვის. ჩვენი კოშკები ბოსფორზე და ბომბარდები, მზად არის ბრძოლისთვის. სულთანი მეჰმედი გამარჯვების შემთხვევაში დიდ გასამრჯელოს გვპირდება, სიცოცხლის ბოლომდე. ორჯერ მეტ ჯამაგირს, ვიდრე ახლა გვაქვს და სრულ თავისუფლებას ქალაქზე 3 დღის განმავლობაში. ამაზე მეტი რა უნდა ინატროს მეომარმა, რომელსაც ბრძოლა და გამარჯვება სწყურია.

 1453 წლის 4 აპრილი

ძვირფასო ძმაო, 7-კვირიანი ალყის შემდეგ, ალაჰმა მოწყალე თვალით გადმოხედა დიდ სულთანს. ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩემს დაბრუნებამდე გიგზავნი სალამს და ძვირფას ძღვენს, ომში დამსახურებულად მოპოვებულს.

1453 წლის 31 მაისი

შემდეგი წერილიც სხვა პოზიციიდან აშუქებს მოვლენებს და მას პირობითად „სასახლის წერილები“ ვუწოდეთ.

 „სულთნის სასახლის წერილები“

ჩემო, ბავშვობის მეგობარო, ჭირისა და სიხარულის გამზიარებელო, რამდენი სევდიანი და ნათელი დღე გვაჩუქა შემოქმედმა, როგორი შავ-ბნელი გვეჩვენებოდა სამყარო, როცა მეჰმედის ჰარემში მოვხვდით… 7 წელი მიილია, დღეს სხვა რეალობაა, ჩემმა სულთანმა ის შეძლო, რაც ვერცერთმა მისმა წინამორბედმა. უმდიდრესი და ულამაზესი სტამბული, რომელსაც კონსტანტინოპოლს ეძახდნენ ოსმალთა დედაქალაქია. იზრდება ოსმალთა სამკვიდრო და ეს პროცესი შეუქცევადია. დასავლეთისა და აღმოსავლეთის სიმდიდრე, „ოსმალთა ტბის“ წყალობით ახლა ჩვენ ხელთ არის. მენატრები, შენი ემინე გიულბაჰარ ხათუნი.

როგორც ვნახეთ, ეს ემოციური წერილი მოსწავლემ სულთნის პირადი, ოჯახური გარემოცვიდან წარმოიდგინა. ამისთვის მას დამატებითი ინფორმაციის მოძიება დასჭირდა და წერილის პერსონაჟად, ჰარემის რეალური ისტორიული პირებიდან, ემინე გიულბაჰარ ხათუნი, წარმოშობით ალბანელი ქალბატონი აირჩია.

 

წერილი, რომელსაც „დაშიფრული“ ან „საიდუმლო“ ვუწოდეთ, ასევე განსხვავებულია თავისი შინაარსით, რადგან მოსწავლემ წერილი ისე შეადგინა, რომ ტექსტის ის ადგილები, სადაც ოსმალთა ახალი საბრძოლო იარაღის აღწერაა, ე. წ. ანჩინური ანბანით დაშიფრა. როგორც თავად ახსნა, იმ შემთხვევაში, თუ წერილი მტრის ხელში მოხვდებოდა, საიდუმლო ადგილების წაკითხვას ვერ შეძლებდა. აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ აღნიშნული საიდუმლო ანბანის გამოყენების იდეა, მას ქართულ ენაში შესწავლილმა მასალამ „უკარნახა“, რითაც შედგა საგანთა შორის ინტეგრირება.

დაშიფრული წერილი „ანჩინური“ ანბანით შესრულებული

 

 

 

მოსწავლეთა აქ წარმოდგენილმა ნიმუშებმა, დამარწმუნა, რომ თუ კომპლექსური დავალებების მიმართ ჩვენი მიდგომები შემოქმედებითი ხასიათის იქნება, მოსწავლეებისგანაც ასევე კრეატიულ უკუკავშირს მივიღებთ. ამასთან, შევძლებთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მათი ცოდნის რეალიზებას. მარტივად, ხალისით და თანაც, ზედმეტი დროის დაუხარჯავად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი